აგროსიახლეები

მინისტრი კომპანია „ახალ ზეკარს“ ეწვია

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი დავით სონღულაშვილი, იმერეთის რეგიონში ვიზიტის ფარგლებში ბაღდათის მუნიციპალიტეტში სოფლის განვითარების სააგენტოს მხარდაჭერით შექმნილ შპს „ახალ ზეკარს“ ეწვია.

მინისტრი საწარმოს ინფრასტრუქტურას, მეღვინეობის, ხილისა და დაფნის გადამუშავების პროცესს და თანამედროვე საწარმოო შესაძლებლობებს ადგილზე გაეცნო.

„იმერეთი აგროსასურსათო წარმოების ერთ-ერთი გამორჩეული რეგიონია, სადაც იქმნება მაღალი ხარისხის ქართული პროდუქცია. სწორედ ამიტომ განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს ადგილზე გაცნობას იმ პროცესებისა და ადამიანების, რომლებიც ამ წარმატების საფუძველს ქმნიან”,  – აღნიშნა დავით სონღულაშვილმა.

შპს „ახალი ზეკარი“ მეღვინეობის, ხილისა და დაფნის გადამუშავების მიმართულებით საქმიანობს. საწარმოს წლიური წარმადობა 200 ტონა დაფნის, 30 ტონა ხილისა და 10 000 ბოთლი ღვინის წარმოების შესაძლებლობას იძლევა. წარმოებული პროდუქცია რეალიზდება როგორც ადგილობრივ ბაზარზე, ისე ექსპორტზე გადის ჩინეთში. საწარმოში მუდმივად 8-10 ადამიანია დასაქმებული.

შპს „ახალი ზეკარი“ სოფლის განვითარების სააგენტოს ბენეფიციარია. 2022-2023 წლებში კომპანიამ, ხილის გადამმუშავებელი საწარმოს მშენებლობის მიზნით, სააგენტოს შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტით ისარგებლა. 2024 წელს კი ტექნიკური მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში სააგენტოს თანადაფინანსებამ 11 500 ლარი შეადგინა.

მინისტრთან ერთად კომპანიაში „ახალი ზეკარი“ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე გიორგი წკრიალაშვილი, ტყიბულის, თერჯოლის, ზესტაფონისა და ბაღდათის მუნიციპალიტეტების დელეგატი საქართველოს პარლამენტში ზვიად შალამბერიძე,  სოფლის განვითარების სააგენტოს დირექტორი ზურაბ გოზალიშვილი, სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსი გიორგი იაკობაშვილი და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები იმყოფებოდნენ.