მედიარუბრიკები

მიტროფანე ლაღიძე და ბრენდი “ლაღიძის წყლები”

 1907 წელს, თბილისში, რუსთაველის გამზირზე ქართული უალკოჰოლო სასმელების პირველი კაფე-მაღაზია „ლაღიძის წყლები“ გაიხსნა და ის ძალიან მალე იქცა დედაქალაქის სავიზიტო ბართად. უნიკალური რეცეპტით დამზადებული სასმელის დასაგემოვნებლად აქ შეხვდებოდით ყველას: მოხუცს და ახალგაზრდას, მწერალს და მსახობს, სტუდენტსა და პროფესორს, ტურისტს და ადგილობრივს… „ლაღიძის წყლების“ სახელი ძალიან მალე გასცდა საქართველოს ფარგლებს და მისი უნიკალური რეცეპტისა და გემოს შესახებ მსოფლიომ გაიგო.
„ლაღიძის წყლებს“ დღეს საქართველოს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი აქვს მინიჭებული. 21-ე საუკუნეში, გლობალიზაციის პირობებში, მაშინ როცა მსოფლიო ბაზარზე ძალიან ბევრი სახეობის უალკოჰოლო სასმელი არსებობს, „ლაღიძის წყლებმა“ წარმატებით გაართვა თავი კონკურენციას და საუკუნეზე მეტია ინარჩუნებს თავის  ინდივიდუალურობას.

„ლაღიძის წყლების“ ბრენდის ისტორია დაახლოებით 100 წლის წინ დაიწყო, მე-19 საუკუნის ბოლოს, როცა 14 წლის მიტროფანე ლაღიძე ქუთაისში, პოლონელი წარმოშობის აფთიაქარის, ცეზარ ივანოვსკის მოწაფე გახდა.  ივანოვსკის აფთიაქის გარდა ქუთაისში ლიმონათის წარმოება ჰქონდა, სწორედ აქ მუშაობის დროს შეისწავლა მიტროფანე ლაღიძემ ხილეული წყლების წარმოების მეთოდი და ივანოვსკის გარდაცვალების შემდეგ წარმოებას თვითონ ჩაუდგა სათავეში. ახალგაზრდა მიტროფანეს მაშინ გაუჩნდა იდეა,  დაემზადებინა ლიმონათი ნატურალური ხილის, ბალახისა და კენკრის გამოყენებით. 1887 წელს მიტროფანე ლაღიძემ  შექმნა ნატურალური ხილისა და პროდუქტებისგან დამზადებული წყლების უნიკალური რეცეპტი, რომელიც „ლაღიძის წყლების“ სახელით გახდა ცნობილი.

 

1900 წელს მიტროფანე ლაღიძემ ქუთაისში გახსნა გამაგირელებელი სასმელების მწარმოებელი მცირე ზომის ქარხანა. გახსნის ღონისძიებაზე აკაკი წერეთელმა მიტროფანე ლაღიძის უალკოჰოლო სასმელებს ექსპრომტად მიუძღვნა ლექსი:

„სასმელების მეტოქე ვარ,

ღვინის, ლუდის, წყლის და რძისა –

ხილეულთა ესენცია –

მიტროფანე ლაღიძისა.

გემოცა მაქვს, სუნიცა მაქვს,

გთხოვთ, ორივე გამისინჯოთ,

თორემ ისე რად მინდიხართ

მოხვიდეთ და გადიბრინჯოთ“.

1907 წელს ილიასა და აკაკის შუამდგომლობით  თბილისში  გამაგრილებელი სასმელების წარმოება და მაღაზია „ლაღიძის წყლები“ გაიხსნა, რომელიც  რუსეთის იმპერატორსა და ირანის შაჰის კარს ამარაგებდა.

1927 წელს,  საბჭოთა კავშირის გადაწყვეტილებით,  „ლაღიძის წყლების“ ახალი ქარხანა აშენდა (1921 წელს შენობა ხანძრის გამო დაიწვა)  და მის დირექტორად მიტროფანე ლაღიძე დაინიშნა. იმ დროს  ქარხანა მაღალტექნოლოგიური დანადგარებით  იყო აღჭურვილი და საქართველოში პირველად, წყლების ჩამოსასხმელად გამოიყენეს  ნახშიროჟანგით გაზიფიცირების მეთოდი. 

გერმანიასა და საფრანგეთში ყოფნისას მიტროფანე ლაღიძემ  უალკოჰოლო სასმელების წარმოების მეთოდი შეისწავლა და სამშობლოში დაბრუნდებულმა პირველმა შემოიტანა ქუთაისში მაცივარ-დანადგარები ხელოვნული ყინულის დასაზადებლად. ლიმონათის ჩამოსასხმელად მიტროფანე ლაღიძეს საქართველოში შუშის ბოთლები შემოჰქონდა და მომავალი ბრენდისთვის ეტიკეტიც შექმნა. ეტიკეტზე გამოსახული იყო ჩიხტიკოპიანი ქალი, მიტროფანეს დედა.

„ჩემი მეთოდით დამზადებული უალკოჰოლო სასმელი წყლები, მოსკოვის მიერ დამტკიცებულ რეცეპტურასთან შედარებით, გაცილებითი უკეთესი ხარისხის სასმელ წყლებს იძლევა.მის დასამზადებლად ასევე ბევრად ნაკლები ძვირფასი დეფიციტური მასალები იხარჯება, ამასთან ეკონომიას აძლევს სახელმწიფოს“. – განაცხადა მიტროფანე  ლაღიძემ 1934 წელს, კიევში, ერთ-ერთ კონფერენციაზე გამოსვლისას.

1952 წელს აშშ-ის პრეზიდენტმა  ჰარი ტრუმენმა სტალინისს 100 ბოთლი „კოკა-კოლა“ გამოუგზავნა საჩუქრად. გადაწყდა, რომ საპასუხოდ ამერიკაში „კოკა-კოლაზე“ ბევრად გემრიელი უალკოჰოლო სასმელი გაეგზავნათ. სიროფის შესაქმნელად მოსკოვში 83 წლის მიტროფანე ლაღიძე გამოიძახეს. მის ლიმონათს ამერიკაში ისეთი ფურორი მოუხდენია, რომ ტრუმენი ამერიკაში მისი შეტანით დაინტერსებულა.

ერთ-ერთ  კონფერენციაზე „ლაღიძის წყლები“  ფრანკლინ რუზველტმა დააგემოვნა და ამერიკაში 2 000 ბოთლი ქართული ლიმონათიც წაიღო.

„ლაღიძის წყლებს“ არაერთი საერთაშორისო აღიარება აქვს მიღებული ხილეული წყლების საუკეთესო ხარისხისთვის.

მიტროფანე ლაღიძე, როგორც მეცენატი

მიტროფანე ლაღიძის საქმიანობა სცდებოდა მხოლოდ კომერციულ მიზნებს. იყო ქველმოქმედი და მეცენატი, რომლის ძალისხმევითაც  აშენდა პირველი ელექტროსადგური დასავლეთ საქართველოში. 1904 წელს, მიტროფანე ლაღიძემ თავის ქარხანაში შემოიღო 8 საათიანი სამუშაო დღე, რაც იმ დროისთვის ძალიან იშვიათი მოვლენა და წინგადადგმული ნაბიჯი იყო.

მიტროფანე ლაღიძე მეგობრობდა  მწერლებთან, მსახიობებთან და ფინანსურად ეხმარებოდა მათ. იყო აკაკის შემოქმედების დიდი თაყვანისმცემელი და მისი ნაწერების გამომცემელი. ქართულ წიგნსაცავებში დღემდე ინახება მიტროფანე ლაღიძის მიერ გამოცემული წიგნები. მის მიერ დაარსებულ ტიპოგრაფიაში დაიბეჭდა არაერთი პოეტისა და პროზაიკოსის პირველი წიგნები. მაშინ ეს ძალიან სარისკო საქმე იყო, არამხოლოდ ეკონომიკური თვალსაზრისით, არამედ  მეფის ცენზურის გამოც, რაც ყოველგვარ პროგრესულ და მოწინავე აზრს დევნიდა და ავიწროებდა.  1989 წელს, მიტროფანეს ინიციატივით გამოიცა ქართველი მწერლების პოემების კრებული, მათ შორის: ილია ჭავჭავაძის „აჩრდილი“, აკაკი წერეთელის „მომაკვდავის ჩვენება“, ვახტანგ ორბელიანის „იმედი“ …

მიტროფანე ლაღიძე 1960 წელს, 91 წლის ასაკში გარდაიცვალა, რის შემდეგაც „ლაღიძის წყლების“ ქარხანას სათავეში მისი შვილიშვილი ჩაუდგა.

 სალომე მოდებაძე