მოზარდი და ზრდასრული მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის სუქება
სასოფლო-სამეურნეო ცხოველების სუქების მიზანია სანაშენედ უვარგისი და/ან წუნდებული ცხოველების ცოცხალი მასის გაზრდა და საკლავი პროდუქტიულობის გაუმჯობესება, რაც ამაღლებს მათ სასაქონლო ღირებულებას და მნიშვნელოვანი შემოსავლების წყაროა. საქმე ის არის, რომ გასუქებული ცხოველის ტანხორცის მასა და გამოსავლიანობა, აგრეთვე ტანხორცში რბილობის („ჭამადი ნაწილის”) ხვედრითი წილი, ბიოლოგიური და ენერგეტიკული ღირებულება გაცილებით მაღალია, ვიდრე იმავე სახეობის, ჯიშის, სქესის და ასაკის გაუსუქებელი ანალოგის.
ძროხის სუქება: გასასუქებლად გამოიყენება ზესარემონტო, ანუ სანაშენედ უვარგისი მოზარდი, აგრეთვე ნახირის ძირითადი ბირთვიდან გამოწუნებული ცხოველები. შესაბამისად, განსხვავებულია მათი სუქების ტექნოლოგია;
მოზარდის გამოზრდა-სუქების ტექნოლოგიური ციკლი მოიცავს სამ პერიოდს:
I – რძის ასაკის (დაბადებიდან 6 თვემდე),
II – მოსამზადებელი (6- დან 9-10 თვემდე) და
III – ინტენსიური სუქების (9-10 თვიდან სუქების ბოლომდე).
რძის ასაკის პერიოდი, თავის მხრივ, მოიცავს ორ ფაზეს:
ა) უშუალოდ რძით კვების ფაზა, რომელიც გრძელდება დაბადებიდან 3-3,5 თვის ასაკამდე და
ბ) რძის კვების შემდგომი ფაზა.
პირველ ფაზაში ხბოს კვებავენ ნატურალური რძით ან რძის შემცვლელით (15-25 დღიდან) და აჩვევენ მცენარეული საკვების ჭამას. მეორე ფაზაში მოზარდს უწყვეტენ რძის მიცემას და მთლიანად გადაჰყავთ მცენარეულ საკვებზე. ულუფის ყუათიანობა უნდა შეირჩეს ისე, რომ საშუალო სიდიდის ჯიშების მოზარდის ცოცხალი მასის ნამატი არ იყოს 600-650 გ-ზე, ხოლო დიდტანიანი ჯიშების 700-800 გზე ნაკლები.
მოსამზადებელ პერიოდში ცხოველებს აჩვევენ დიდი რაოდენობით საკვების ჭამას. ამისათვის მოცულობიან საკვებს მათ აძლევენ ნებაზე, ხოლო ულუფის ენერგეტიკული ღირებულების 20-25% უნდა მოდიოდეს კონცენტრატებზე.
სუქების პერიოდში, განსაკუთრებით კი დამთავრებამდე 2-3 თვით ადრე, ულუფაში ზრდიან კონცენტრირებული საკვების ხვედრით წილს, რაც უზრუნველყოფს მაღალი წონამატებისა და კარგი კონდიციის გასუქებული ცხოველის მიღებას.
გამოზრდა-სუქების ყველა ეტაპზე უმჯობესია 5-6 თვის, ან უფრო ადრე ასაკში ცოცხალი მასის და სქესის მიხედვით დაჯგუფებული ცხოველები შევინახოთ გალიებში დაუბმელად.
მაგარიატაკიან სადგომებში გალიის ფართობი საშუალოდ 1 სულზე არ უნდა იყოს 2-2,2 (I პერიოდი) და 4-4,5 მ2 – ზე ნაკლები, ხოლო გრუნტის საფარის შემთხვევაში ეს მაჩვენებელი 9-12 მ2 – უნდა იყოს. მოსამზადებელ და სუქების პერიოდებში ცხოველები შეიძლება გადავიყვანოთ ღია ან ნახევრად დახურულ მოედნებზე (გალიურად შენახვისას დაუშვებელია ერთი ჯგუფიდან მეორეში ცხოველის გადაყვანა, ხოლო დასუსტებული ინდივიდები უნდა მოვათავსოთ ცალკე).
6 თვის და უფრო გვიან ასაკში წუნდებულ ცხოველებს ასუქებენ ზემოთ აღწერილი სქემით. ამ შემთხვევაში სუქების ეტაპები იქნება მოსამზადებელი და დასკვნითი სუქების.
სუქების ეფექტიანობა მით უფრო მაღალია, რაც უფრო ინტენსიურად იკვებება სასუქი პირუტყვი. საქმე ის არის, რომ: 1. რაც უფრო მაღალია მოზარდის ცოცხალი მასის სადღეღამისო ნამატი, მით უფრო ნაკლები საკვები იხარჯება ყოველ 1 კგ ნამატზე და 2. ინტენსიურად კვებისას მოზარდი 2-3 თვით ადრე აღწევს კონდიციურ ცოცხალ მასას და ნაკვებობას და, შესაბამისად, ამდენი ხნით მოკლდება სუქების ხანგრძლივობა.
ჩვეულებრივ, ძროხის მოზარდის სუქებას ამთავრებენ 16-20 თვის ასაკში. სუქების დამთავრების ვადებს ადგენენ ცოცხალი მასით, ან ბოლო 2-3 თვეში მიღებული წონამატის მიხედვით. როგორც წესი, საშუალოტანიანი ჯიშების მოზარდს ასუქებენ 300-350 კგ ცოცხალი მასის მიღწევამდე, ხოლო დიდტანიანებს _ 400-450 კგ-მდე.
იმ შემთხვევაში, როდესაც 14-16 თვის ასაკს მიღწეული სასუქი მოზარდების ჯგუფში ბოლო 1-2 თვის ცოცხალი მასის ნამატი არ შეესაბამება კვების პირობებს, როგორც წესი, ცხოველებს აბარებენ სახორცედ.
მოზარდის ინტენსიურად გამოზრდა-სუქებისას ყოველ 1 კგ ცოცხალი მასის ნამატზე იხარჯება 7,5-9,5 ენერგეტიკული საკვები ერთეული (ესე). გამოზრდა-სუქების პერიოდების მიხედვით 1 კგ წონამატზე საკვების დანახარჯი შეადგენს: დაბადებიდან 6 თვის ასაკამდე- 3,5-4,0 ესე, 6-12 თვის ასაკში- 6,0-7,0 ესე, ხოლო 12-18 თვის ასაკში 10-14 ესე;
ასაკოვან ან სხვა მიზეზით წუნდებულ პირუტყვს ასუქებენ ცოცხალი მასის და ნაკვებობის გაუმჯობესების მიზნით. მათ ათავსებენ ცალკე გალიაში და ულუფას ადგენენ ცოცხალი მასისა და სავარაუდო წონამატის გათვალისწინებით. უმჯობესია ცხოველები ვკვებოთ შედარებით იაფფასიანი საკვებით, ხოლო კონცენტრატების ხვედრითი წილი არ უნდა აღემატებოდეს 20-25%- ს.
შედარებით იაფი და მომგებიანია წუნდებული ცხოველების საძოვარზე სუქება, მაგრამ აქაც ცხოველები უნდა იმყოფებოდნენ ცალკე ჯგუფად და მათ დამატებით უნდა მივცეთ კონცენტრირებული საკვები.
წუნდებული ასაკოვანი პირუტყვის სუქება, ჩვეულებრივ, გრძელდება 2-3 თვე. ნორმირებული ულუფებით კვებისას ამ პერიოდში ცოცხალი მასის საშუალო დღეღამური ნამატი 700-800 გ და მეტია. საკვების დანახარჯი ყოველ 1 კგ ცოცხალი მასის ნამატზე შეადგენს 12-14 ესე- ს.
გიოული გოგოლი,
/ლევან თორთლაძე/,
„მეცხოველეობა“