დარგებიმეფუტკრეობა

მრავალკორპუსიან სკებში ფუტკრის გამარტივებული ტექნოლოგიით მოვლა

მრავალკორპუსიანი სკებში მოთავსებული ფუტკრის ოჯახების მოვლისას ძირითადი შრომა, როგორც ზემოთ ვნახეთ, კორპუსების გადაადგილებაში იხარჯება. ფუტკრის ოჯახების მრავალკორპუსიან სკებში მოვლის შემდგომი გამარტივების მიზნით ჩატარდა ცდები ბუდის გაფართოებასთან დაკავშირებით კორპუსების მონაცვლეობის გარეშე. ყოფილ საბჭოთა კავშირშიც და ამერიკაშიც შედეგები მსგავსი მიიღეს. ბუდის გაფართოებაზე დახარჯული დრო შემცირდა 3-4-ჯერ, ხოლო მიღებული თაფლის რაოდენობა ან იგივე დარჩა, ან 5-10 %-ით მოიმატა.

პირველი საგაზაფხულო ხილვის შემდგომ ყველა დედიან და ნორმალურად გამოზამთრებულ ფუტკრის ოჯახს აძლევენ დამატებით საკვებს – ძირითადად ყანდს ან თაფლიან კორპუსს. კანდის მიცემა სჯობს იმიტომ, რომ ფუტკარი გადაბეჭდილ თაფლს ეკონომიურად ხარჯავს. წინა ტექნოლოგიაში თაფლის ინტენსიურ ხარჯვას კორპუსების გადანაცვლებით იწვევდნენ.

ორი კვირის შემდეგ, თუ ფუტკარი ორივე კორპუსს ავსებს, ადგამენ მესმე ძირითადად მშრალფიჭიან კორპუსს ზემოდან და აძლევენ ისევ კანდის 2-3 კილოგრამიან კვერს, ან 4-5 ლიტრ სიროფს ზედა საკვებურში. თუ ფუტკარს არ შეუვსია ორივე კორპუსი, კმაყოფილდებიან მხოლოდ საკვების მიცემით.

 ორი კვირის შემდეგ ასწევენ მეორე კორპუსს, შეუბოლებენ ქვედა თამასებზე და ეძებენ სადედეებს. თუ სანაყარე სადედეები გვაქვს, ატარებენ ნაყარობის საწინააღმდეგო რომელიმე მეთოდს. თუ სადედეები არ დაგვხვდა ჩამოშენებული და ოჯახი ბუდის გაფართოებას ითხოვს, მას ამატებენ ზემოდან ახალ კორპუსს, რომელშიც 6 მშრალი და 2 ხელოვნურფიჭიანი ჩარჩოა. თუ ამ დროს მთავარი ღალიანობა ჯერ კიდევ არ დაწყებულა, ზემოდან ისევ კანდი ან შაქრის სიროფი ეძლევა. შემდგომი გაფართოება კორპუსის ზემოდან დადგმით ხდება.

თაფლიანი კორპუსების მოხსნა წინას ანალოგიურია.

„მეფუტკრეობა“

თემურ ღოღობერიძე, გოგი მაძღარაშვილი, მაია ფეიქრიშვილი, ცირა ნაფეტვარიძე, ლიზა ბალიაშვილი, ალექსანდრე კორძახია, შალვა კვეზერელი