დარგებიმებაღეობა

მსხლის წარმოება – ტენდენციები, ჯიშები, პერსპექტივები

მსხალი (Pyrus com­mu­nis) ერთ-ერთი უძველესი და ფართოდ გავრცელებული ძვირფასი თესლოვან-ხეხილოვანი კულტურაა, რომელსაც ზომიერ სარტყელში გავრცელების მიხედვით ვაშლის შემდეგ მეორე ადგილი უკავია.

მსხალი მაღალი კვებითი და დიეტური ღირებულებით გამოირჩევა, მისი ნაყოფები მდიდარია ნახშირწყლებით, ორგანული მჟავეებით, უჯრედისით, ვიტამინებით, იოდით, ბორით და ჯანმრთელობისათვის სასარგებლო სხვა ნივთიერებებით. მსხლის ნაყოფები შეიცავს გლიკოზიდებს არბუტინს, ქლოროგენის მჟავას და კვარცეტინს (ძირითადად კანში), რომლებიც ანტიოქსიდანტური თვისებებით ხასიათდებიან. სამეცნიერო კვლევებით დადასტურებულია, რომ მსხლის რეგულარული მოხმარება აძლიერებს იმუნურ სისტემას, ამცირებს სისხლის არტერიულ წნევას და ინფარქტის ალბათობას, აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას და ემსახურება ალცჰეიმერის დაავადებისა და სიბერესთან დაკავშირებული სხვა დაავადებების პრევენციას.

მსხლის ვარჯი ვაშლის ვარჯთან შედარებით ნაკლებად ჩახშირებულია, მტკიცეა და კარგად განათებული. მსხლის უმეტესი ჯიშები უპირატესად მსხმოიარობს მეჭეჭა ტოტებზე და სანაყოფე ჩანთებზე. ზრდისა და მსხმოიარობის თავისებურებით წააგავს ვაშლს. მეწლეობა მსხლის ჯიშებში უფრო ნაკლებად არის გამოხატული ვიდრე ვაშლის ჯიშებში. მაღალი აგროტექნიკის ფონზე ყოველწლიურად შეიძლება უხვი მოსავლის მიღება.

კვირტების გაღვიძების, ყლორტების წარმოქმნისა და მსხმოიარობის ტიპის მიხედვით გამოიყოფა მსხლის ჯიშების შემდეგი ჯგუფები:

ჯიშები, რომლებიც მსხმოიარობს წკეპლებზე და ნაწილობრივ ერთწლიანი საზრდელი ტიპის ტოტების ბოლოებზე -ალექსანდროვკა და სხვა.

ჯიშები, რომლებიც უმეტესად მსხმოიარობს მარტივ და რთულ მეჭეჭებზე, აგრეთვე შუბებზე — მსხლის უმეტესი ჯიშები.

ჯიშები, რომლებიც უმეტესად მსხმოიარობს თითქმის ყველა ტიპის სანაყოფე ტოტებზე, რომლებიც ახასიათებს თესლოვნებს (ვილიამსი, ბერე-ბოსკი, ხეჭეჭური და სხვა)

მსხლის მსხმოიარობის დაწყება დამოკიდებულია საძირებზე, ჯიშების უმეტესი ნაწილი იწყებს დარგვიდან მე-3-5 წელს. საშუალო მოსავლიანობა შეადგენს 18 — 25 ტონა\ჰა, თუმცა ინტენსიურ ბაღებში მისი მოსავლიანობა 40 ტონა/ჰა-ზე აღწევს. ნარგაობის საექსპლოატაციო ხანგრძლივობა 20-30 წელია.

მსოფლიოში მსხლის ფართობი მოიცავს 1 500 000 ჰა-ს, ხოლო წარმოება შეადგენს 22 644 000 ტონას (2010 წელი).

ქვემოთ მოცემულია მონაცემები მსხლის ყველაზე მნიშვნელოვანი მწარმოებელი ქვეყნების შესახებ.

2010 წლის მონაცემებით მსოფლიოსა და აზიის მსხლის წარმოების უპირობო ლიდერს ჩინეთი წარმოადგენს (15 200 000 ტონა), აზიაში მეორე ადგილი უკავია ინდოეთს (382 000 ტონა). ევროპაში მსხლის წარმოებაში წამყვანი ადგილი უკავიათ იტალიას (736 000 ტონა), ესპანეთს (470 000 ტონა) და თურქეთს (380 000 ტონა). ასევე მნიშვნელოვანი რაოდენობის მსხალი მოჰყავთ ნიდერლანდებში, ბელგიასა და საფრანგეთში. სამხრეთ ნახევარსფეროს ლიდერებია არგენტინა (704 000 ტონა) და სამხრეთი აფრიკა (366 000 ტონა), ხოლო ჩრდილო ამერიკაში — აშშ (732 000 ტონა).

საქართველოში მსხლის წარმოებას კლების ტენდენცია აქვს. 2004 წლის აღწერის შედეგების შედეგად საქართველოს რეგიონებში აღწერილია 1324 ჰექტარი მსხლის ბაღი, ხოლო ცალკეული ხეების სახით 3718,0 ჰექტარს, სულ მსხლის ფართობები მოიცავს 5042 ჰექტარს.

მსხლის ძირითადი მწარმოებელი რეგიონებია შიდა ქართლი, სამეგრელო-ზემო სვანეთი, იმერეთი და გურია. რეგიონების მიხედვით წარმოება მერყეობს 3000 — 6000 ტონის ფარგლებში.

მსხლის ჯიშური ასორტიმენტი შედარებით კონსერვატულია და მასში ძირითადი ადგილი კარგად გამოცდილ ძველ ჯიშებს უკავიათ. ევროპაში წამყვანი ადგილი უკავია ჯიშებს „კონფერენსი”, „ვილიამსი”, „აბატი ფეტელი” და „ბერე-ბოსკი” აშშ-ში — „ვილიამსი”, „სეკლი”, „ანჟუ”, „დიუ კომისის დეჰანი”. ჩინეთში — „ია მსხალი”, სამხრეთ ნახევარსფეროში — „პაკჰამის ტრიუმფი”, „ფეტელი”, „დიუ კომისი”, „ ვილიამსი”, „რედ ვილიამსი”, ფორელი” და სხვა.

საქართველოში წარმოებისათვის რეკომენდებულია და დარაიონებულია მსხლის შემდეგი ჯიშები:

ვილიამსი — სინონიმი „სუნიანი მსხალი”, ინგლისური წარმოშობის ჯიშია, ხე საშუალო ზრდისაა, ნაყოფი იკრიფება აგვისტოს დასაწყისში. ნაყოფი მსხვილი, მოგრძო, მსხლისებრი ფორმის, კანი თხელი, სრულ სიმწიფეში იღებს ლიმონისფერ-ყვითელ ფერს. რბილობი თეთრი, მდნარი, სასიამოვნო სიტკბო-სიმჟავიანობის, ინახება 2-3 კვირა. ჯიში რეკომენდებულია აღმოსავლეთ საქართველოს სამრეწველო მეხილეობის რაიონებში გასავრცელებლად.

გულაბი — ადგილობრივი ჯიშია, აერთიანებს სხვადასხვა ფორმებს — მესხური გულაბი, ქართლური, ლეჩხუმური და ა.შ. ნაყოფი იკრიფება ივლისის ბოლოს და მაშინვე მოიხმარება. ნაყოფი საშუალო, ტიპიური მსხლისებრი ფორმის, კანი თხელი და ნაზი, მომწვანო-მოყვითალო ფერის, რბილობი წვრილმარცვლოვანი, მდნარი, სასიამოვნო სიტკბო-სიმჟავიანობის. ჯიში რეკომენდებულია აღმოსავლეთ საქართველოს სამრეწველო მეხილეობის რაიონებში და დასავლეთ საქართველოში გასავრცელებლად.

ბერე-ბოსკი — სინონიმი „ალექსანდროული”, „ალექსანდრე”, „კაიზერი” ფრანგული წარმოშობის ჯიშია, ხე საშუალო ზრდისაა, ნაყოფი იკრიფება სექტემბრის შუა რიცხვებიდან, ნაყოფი მსხვილი, მსხლისებრი ფორმის, კანი — თხელი, დაფარულია ჟანგაროთი, სრულ სიმწიფეში იღებს მუქ ყვითელ შეფერვას, რბილობი თეთრი, ტკბილი, სასიამოვნო, სურნელოვანი. ჯიში რეკომენდებულია აღმოსავლეთ საქართველოს მეხილეობის რაიონებში გასავრცელებლად.

ბერე-არდანპონი — სინონიმი „კომშა-მსხალი”, ძველი ბელგიური ჯიშია, ხე საშუალო ზრდისაა, ნაყოფი საშუალო, ზარისებრი ფორმის, ზედაპირი ბორცვიანი, წახნაგოვანი, კანი — თხელი და გლუვი, რბილობი — მდნარი. ნაყოფი იკრიფება ოქტომბრის დასაწყისში. ჯიში შეტანილია რეკომენდებულ სორტიმენტში.

რეგიონებში ცალკეული ხეების სახით გვხვდება ასევე ძვირფასი ადგილობრივი ჯიშები — გულაბი, ხეჭეჭური, ნანაზირი, ყაბაყ-არმუდი, სასელო, კაცისთავა და სხვა.

საქართველოში მსხლის პერსპექტიული ჯიშების გამოცდა ხხ საუკუნეში დაიწყო ადგილობრივი სამეცნიერო-კვლევითი და სასწავლო დაწესებულებების მიერ. 2002 წლიდან მებაღეობის, მევენახეობის და მეღვინეობის ინსტიტუტმა შემოიტანა და გამოსცადა მსხლის რამდენიმე პერსპექტიული ჯიში. ქვემოთ მოცემულია აღნიშნული ჯიშების მოკლე ბიოლოგიურ-სამეურნეო დახასიათება.

კონფერენსი (Conference) — ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული ჯიშია ევროპაში ხე საშუალო ზრდისაა, ნაყოფი იკრიფება სექტემბრის მეორე დეკადაში. მსხვილი, აქვს ვიწრო მსხლისებური ფორმა, კანი — საშუალო, ალაგ-ალაგ დაფარულია ჟანგაროთი, სრულ სიმწიფეში იღებს ღია ყვითელ შეფერვას, რბილობი თეთრი, წვნიანი და სურნელოვანი აქვს. მაღალი საგემოვნო თვისებების ჯიშია. მიმღებიანია ფოთლების ბაქტერიული დამწვრობის მიმართ. კომშის ნაგალა და ნახევრად ნაგალა საძირეებთან კარგი აფინიტეტით ხასიათდება.

აბატი ფეტელი (Abate Fetelle) ძველი ფრანგული ჯიშია, გამოყვანილია 1869 წელს.

მეტად ეფექტიანი სასაქონლო სახე აქვს. ხე საშუალო ან ძლიერი ზრდისაა, ჩახშირებული ვარჯით, ნაყოფი იკრიფება სექტემბრის მეორე-მესამე დეკადაში, ინახება მაცივრის პირობებში იანვრამდე. ნაყოფი მსხვილი, ვიწრო მსხლისებური ფორმის, კანი — საშუალო, ალაგ-ალაგ დაფარულია ჟანგაროთი, შეფერვა ყვითელი, წითელი ლოყით. რბილობი მოყვითალო, წვნიანი, საუკეთესო საგემოვნო თვისებების ჯიშია. კომშის ნაგალა და ნახევრად ნაგალა საძირეებთან კარგი აფინიტეტით ხასიათდება.

კარმენი (Carmen) — მაღალი სასაქონლო ღირებულების ეფექტური გარეგნულობის საზაფხულო სიმწიფის იტალიური მსხალია. იკრიფება ივლისის ბოლოს-აგვისტოს დასაწყისში და მაშინვე მოიხმარება. გამოირჩევა მსხვილი, ლამაზი ნაყოფებით, ხასიათდება ორიგინალური და გამორჩეული გემოთი.

კონკორდი (Concord) — ერთ-ერთი იშვიათი ჯიშია, რომელიც ჯვარედინ დამტვერვას არ მოითხოვს. ხასიათდება მსხვილი ნაყოფებით. შეფერვა მწვანე, სრულ სიმწიფეში ყვითელი. საშემოდგომო ჯიშია, იკრიფება სექტემბრის ბოლოს, სრულად მწიფდება ოქტომბრის თვეში.

90-იანი წლებიდან ევროპაში ფართოდ გავრცელდა მსხლის ჩინური სახეობის ახალი ჯიშები, რომლებიც აზიური მსხლების „ნაშის” სახელწოდებით არის ცნობილი, თუმცა მათი უმეტესობა იაპონიაშია მიღებული Pyrus pyrifolia, P. bretschneideri,  P. ussuriensis) ჰიბრიდიზაციის გზით. თუმცა პირველი პოპულარობის ტალღის შემდეგ მათი გაშენების ტენდენცია შემცირდა. ძირითადად ეს ჯიშები გამოიყენება ბიოპროდუქტების („ორგანული”) ხილის წარმოებისათვის. აღნიშნული ჯიშები წარმოდგენილია ორი მიმართულების მსხლის ჯიშებით, ერთი თეთრი „ია მსხალი”, რომელიც საქართველოს სუპერმარკეტებში ხშირად გვხვდება და მეორე „ნაშის”, რომელიც საქართველოში გავრცელებული ჩინური მსხლის „მიკადოს” ტიპის ჯიშებს წააგავს, რომელთაგან ყველაზე ცნობილია ჯიშები: „ჰოსუი”, „სიისეიკი” და სხვა

სიისეიკი

საქართველოში მსხლის საძირეებად რეკომენდებულია, როგორც ძლიერი, ასევე ნაგალა საძირეები: ძლიერი ზრდის საძირეებიდან რეკომენდებულია კულტურული ჯიშების ნათესარები და პანტა, ხოლო სუსტი ზრდის საძირეებად კომშისა და მსხლის სპეციალური საძირეები:

პანტა (კავკასიური მსხალი) Pyrus Caucasca. დიდი რაოდენობით გვხვდება საქართველოს ტყეებში. იგი წარმოადგენს მეტად პოლიმორფულ სახეობას. კარგად უთავსდება მსხლის თითქმის ყველა ჯიშს. მასზე დამყნობილი მცენარე იზრდება დიდი ტანის და გვიან შედის მსხმოიარობაში. ეს საძირე კარგად უძლებს გამდინარე წყლით დატბორვას.

კულტურული ჯიშების ნათესარები — ზრდის სიძლიერით ოდნავ ჩამორჩებიან პანტას. ხასიათდებიან კარგი შეთავსებულობით მსხლის ყველა ჯიშთან. გამოიყენება როგორც ადგილობრივი, ასევე ინტროდუცირებული ჯიშების ნათესარები. საქართველოში ძირითადად იყენებენ ჯიშების: ვილიამსის და ბერე-ბოსკის ნათესარებს.

კომში A (ანჟერის კომში) წარმოადგენს მსხლის ნახევრადძლიერ კლონურ საძირეს. ამჟამად, მსოფლიოში გავრცელებულია ისტ-მოლინგის სადგურში (დიდი ბრიტანეთი) გამოყოფილი კლონი — MA. შეუთავსებელია მთელ რიგ მსხლის ჯიშებთან: ბერე-ბოსკი, აბატი ფეტელი, კიფერი, ვილიამსი, კლაპის ფავორიტი და სხვა. კარგად უთავსდება შემდეგ ჯიშებს; კონფერენსი, ბერე-არდანპონი, ბერე გარდი, კიურე, სენ-ჟერმენი და სხვა. შეუთავსებლობის გადალახვის მიზნით უნდა ჩატარდეს შუალედური (ინტერკალარული) მყნობა — მასზე ჯერ ამყნობენ თავსებად ჯიშს (მაგ, კიურე), ხილო შემდეგ საჭირო ჯიშს (ბერე-ბოსკი და სხვა). იგი მოითხოვს საყრდენ სისტემას, მაღალკარბონატულ ნიადაგებზე ხშირად აღინიშნება ქლოროზის ნიშნები.

კომში BA -29 (პროვანსის კომში) წარმოადგენს პროვანსის კომშის კლონს, ხასიათდება უფრო ძლიერი ზრდით, ვიდრე კომში ა. საკმაოდ გავრცელებულია მსოფლიოში, კარგად უთავსდება კომშის საძირეებთან შეუთავსებელ ზოგიერთ ჯიშს, მაგალითად აბატი ფეტელი. სადედე ბუჩქი მაღალია, ტოტები ვერტიკალურად არის მიმართული. გამოსავლიანობა 6-8 საძირე ბუჩქიდან, კარგად ფესვიანდება მიწის შემოყრით. ზოგიერთ შემთხვევაში მოითხოვს საყრდენ სისტემას. ნაკლებად ზიანდება ქლოროზით. საქართველოში შემოტანილია XX საუკუნის დასასრულისთვის მებაღეობის, მევენახეობის და მეღვინეობის ინსტიტუტის მიერ.

კომში MC წარმოადგენს მსხლის ნაგალა საძირეს. ამჟამად, მსოფლიოში გავრცელებულია ისტ-მოლინგის სადგურში (დიდი ბრიტანეთი) გამოყოფილი კლონი — MC. სადედე ბუჩქი დაბალი და ჩახშირებულია, კარგად ფესვიანდება მიწის შემოყრით და გამერქნებული კალმებით. შეუთავსებელია მსხლის მთელ რიგ სამრეწველო ჯიშებთან: ბერე-ბოსკი, აბატი ფეტელი, კიფერი, ვილიამსი, კლაპის ფავორიტი და სხვა. მოითხოვს საყრდენ სისტემას. ნაკლებად არის გავრცელებული მსოფლიოში.

ადამსის კომში ანჟერის კომშის კლონია, რომელიც შერჩეულია ბელგიაში. ნაგალა საძირეა, ოდნავ ძლიერი ზრდისაა, ვიდრე მჩ. მოითხოვს საყრდენ სისტემას. ნაკლებად ზიანდება ქლოროზით.

უკანასკნელ ხანებში მიმდინარეობს ექსპერიმენტები მსხლის ახალი საძირეების: PyroDwarf, SYDO, FAROLD 40, FAROLD 69, FOX 11 და სხვა წარმოებაში ფართო გამოყენების პერსპექტიულობის შეფასების მიმართულებით.

აგროტექნოლოგიის თანამედროვე მიმართულებები

ამჟამად მსხლის მოსაყვანად მსოფლიოში გავრცელებულია ნაგალა ბაღების გაშენება. ევროპის სამრეწველო ბაღებში მიღებული გაშენების ინტენსიური და სუპერინტენსიური სქემები: 3,5-4,0 მეტრო X 1,0, 0,75; 0,5 მეტრი კვების არეზე; ფორმირების გავრცელებული ტიპია: ცენტრალურ ლიდერული, შპინდელი, სუპერ შპინდელი. უკანასკნელ ხანს ტარდება წარმატებული ექსპერიმენტები „ორ-ლიდერიანი” ე.წ. ბი-ბაუმის ტიპის ნერგებით ბაღების გაშენების მიმართულებით.

სამწუხარო ფაქტია, რომ მსხლის კულტურის მნიშვნელობა საქართველოში შემცირებულია და ახალი ბაღები ფაქტიურად არ შენდება, განსაკუთრებული უარყოფითი გავლენა სექტორზე მიაყენა XXI საუკუნის დასაწყისში მსხლის ნარგაობების მავნებლის — მსხლის ფსილით სამრეწველო ბაღების მასიურმა დაზიანებამ, ამიტომ, ბაღების გაშენებისა და მოვლის ღონისძიებებიდან განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს ბაღების მსხლის ფსილისგან დაცვას (რეკომენდებულია მინერალური ზეთის პრეპარატებით დამუშავება მოსვენების პერიოდში, სპილენძის შაბიამნით წამლობა კვირტის გახსნის პერიოდში, აბამექტინის (ვერტიმეკი და სხვა) შემცველი ინსექტიციდების გამოყენება ვეგეტაციის პერიოდში.

ადგილობრივ ბაზარზე მსხლის სამრეწველო ჯიშებზე — „ალექსანდრე”, „გულაბი”, „ბერე-არდანპონი” და სხვა, საბითუმო ფასი მოკრეფის პერიოდში სტაბილურად შეადგენს 0,75-1,0 ლარს კილოგრამზე, ფართო ადაპტაციური თვისებების გამო მსხლის კულტურა საკმაოდ რენტაბელური სასოფლო-სამეურნეო კულტურაა, რომლის გაშენება ფერმერულ მეურნეობებში აგროტექნოლოგიის (გასხვლა-ფორმირება, სარეველებთან ბრძოლა, მცენარეთა დაცვა) შესაბამისი შესრულების შემთხვევაში გამართლებული და ეფექტურია.

ზვიად ბობოქაშვილი

სოფლის მეურნეობის მეცნიერებათ დოქტორი

ჟურნალი „ახალი აგრარული საქართველო“