დარგებიმებაღეობა

მსხვილნაყოფა ციტრუსი – ,,ოიუ“ (Citrus Oiu)

ჩვენი ქვეყნის მოსახლეობისათვის ციტრუსოვანი კულტურებიდან    ყველაზე მეტად ცნობილია მანდარინი, ფორთოხალი და ლიმონი, რომლებიც საუკუნეზე მეტია სამრეწველო დანიშნულებით არის გავრცელებული შავი ზღვის სანაპირო რეგიონებში.

უნდა ვაღიაროთ, რომ ნიადაგურ-კლიმატური თავისებურებებიდან გამომდინარე ჩვენთან მოწეული ციტრუსოვანთა ნაყოფი თავისი ორგანო-ლეპტიკური მაჩვენებლებით ბევრად უკეთესია სხვა ქვეყნებში წარმოებულ იგივე სახის პროდუქტებზე; რის გამოც ოდითგანვე საქართველოში წარმოებულ ციტრუსოვანთა ნაყოფზე საექსპორტო მოთხოვნილება იზრდებოდა. სამწუხაროდ ისეთი კულტურა როგორიცაა ფორთოხალი მისი სამრეწველო წარმოება ჩვენთან ყოველწლიურად მცირდება, არადა თავისი საბაზრო ღირებულებით ის გაცილებით აჭარბებს მანდარინისა და ლიმონის ფასს. თუ დღეს საქართველოში წარმოებული ციტრუსებიდან 80-85 % მანდარინზე მოდის და ფორთოხალი და ლიმონი მხოლოდ 15-20 %-ია პერსპექტივაში ეს თანაფარდობა თანდათან უნდა შეიცვალოს ფორთოხლის მეტი რაოდენობით წარმოების ხარჯზე.

რაც შეეხება ციტრუსოვანთა  სახეობებს როგორიცაა: გრეიფრუტი, პომპელმუსი, ციტრონი და სხვა, ისინი საქართველოში შემოტანილი იქნა სელექციური მუშაობის მიზნით, თუმცა ბევრი მათგანი, ნაყოფის სასარგებლო თვისებებიდან გამომდინარე, იმსახურებდა მოსახლეობის ყურადღებას. ერთ-ერთ ასეთ კულტურას წარმოადგენს მსხვილნაყოფა ციტრუსი ,ოიუ“, რომლის ნაყოფი უშუალოდ ხილის სახით არ მოიხმარება, თუმცა მისგან დამზადებული ცუკატები და მურაბები არომატული და ადამიანისათვის მეტად სასარგებლოა. ციტრუსოვანთა შორის პომპელმუსები ითვლებიან ყველაზე ახალგაზრდა კულტურად მსოფლიოს ყველა კუთხეში. მათი სამრეწველო წარმოება მიეკუთვნება მე-18 საუკუნის ბოლოს. პირველი მონაცემები მათ შესახებ გამოქვეყნებულია 1885 წლიდან. ჩვენთან ციტრუს ,,ოიუ“ შემოტანილია იაპონიიდან. ჯიშის წარმოშობა უცნობია, თუმცა მას მიიჩნევენ ციტრუს იუნოსის და პოპმპელმუსის ჰიბრიდად. ციტრუს ,,ოიუს“ სინონიმებია: ,,ჩალმისებური პომპელმუსი“, „ჩალმისებური ციტრონი“, ,,მსხვილნაყოფა ბიგარადია“ და ,,ჰიბრიდული ფორმა № 45“.

სამწუხაროდ საქართველოს სუბტროპიკებში ასეთი ჯიშები ნაკლებადაა შემორჩენილი, არადა მეციტრუსეობის განვითარების კონტექსტში ასეთი ჯიშების მოძიებას , გამრავლებას და სამრეწველოდ გამოყენებას გარკვეული პერსპექტივები გააჩნია. აქედან გამომდინარე ჩვენ მიზნად დავისახეთ მოვიძიოთ ჯერ კიდევ მე-20 საუკუნეში საქართველოში შემოტანილი ციტრუსოვანთა იშვიათი ჯიშები და მოვახდინოთ მათი გამრავლება რეაბილიტაცია.

ერთ-ერთ ასეთ კვლევით ობიექტს წარმოადგენს ციტრუსი ,,ოიუ“, რომელიც ჯერ კიდევ გასული საუკუნის 30-40-იან წლებში სელექციონერ ვ.პ. ალექსეევის მიერ იქნა გამოყენებული ჩაისა და სუბტროპიკული კულტურების საკავშირო სამეცნიერო კვლევით ინსტიტუტში სელექციური მუშაობის მიზნით. პრაქტიკულად ჩვენი დაკვირვების ობიექტი, რომელიც დაახლოებით 50-55 წლის ასაკისაა, საკმაოდ ხანდაზმული და ონტოგენეზის ბოლო სტადიაშია.

ციტრუს ,,ოიუს“ აღნიშნული ფორმა შემორჩენილია სელექციონერ ალექსანდრა ქორქიას ყოფილ საკარმიდამო ბაღში ანასეული, რომელიც ბოლო 20 წლის განმავლობაში თითქმის მოუვლელი და უყურადღებოდ იყო. ბაღის ჩვენს საკუთრებაში გადმოცემის შემდეგ ციტრუსის ამ ერთადერთ ეგზემპლარს განსაკუთრებული ყურადღება მიექცა, კვების, ვარჯის გასუფთავების, მორწყვისა და შეწამვლის ფონზე მცენარეს სიცოცხლე დაუბრუნდა და მსხმოიარობა დაიწყო.

    ციტრუს,, ოიუ“, რომლის საძირედ ,,პონცირუს ტრიფოლიატაა“ გამოყენებული დაბალმზარდია, რომლის სიმაღლე 1.5-2.0 მეტრის ფარგლებში მერყეობს, ვარჯი კარგად შეფოთლილი მოგრძო ტყავისებური ფოთლებით, მცენარე უეკლოა, ფოთლის საშუალო სიგრძე 12.5 სმ, სიგანე 5.5 სმ. კვერცხისებური ფორმის, ფოთლის წვერი წაწვეტილი, ფუძე მომრგვალო, შეფერილობა ღია-მწვანე , ყუნწი 2.5 სმ. ფრთიანია. მცენარეს ახასიათებს სუსტი ზრდა, ყლორტები მოკლე მუხლთაშორისებით, ფოთლები ყლორტზე შეკრებილია ჯგუფ-ჯგუფად. ყვავილი მსხვილი, ფართო, სქელი,  თეთრი ფერის გვირგვინის ფურცლებით, მტვრიანები შეკრებილია 2-6 ცალად, მტვერი ცხოველმყოფელი. ბუტკო მსხვილი, მოკლე. ყვავილობა დაფიქსირებულია მიმდინარე წლის ნაზარდებზე, მსხმოიარობა თითოეულ ტოტზე 1-3 ცალი ნაყოფის რაოდენობით. მცენარის ყინვაგამძლეობა დაახლოებით ფორთოხლის ყინვაგამძლეობის თანაბარია (-8-90) ნაყოფი ძალიან მსხვილი, დიამეტრი 125 მმ., ნაყოფის სიმაღლე 118 მმ., საშუალო მასა 568 გრ., ფორმა მრგვალი, თავისებურად ორიგინალური, ფუძე ბრტყელი, ყუნწი მსხვილი 6მმ. ნაყოფის ზედაპირი ძალზე ამობურცულ – დანაოჭებულია, ჩალმისებურად დახვეული, საკმაოდ ფართო, რომელიც ნაოფს თითქმის ორად ყოფს. შეფერილობა ოქროსფერ-მოყვითალო, კანი ძალზე სქელი 30-40 მმ. ფაშარი, რბილობისაგან ძნელად მოსაცილებელი. ალბედო თეთრი ფერის, ეთერზეთოვანი ჯირკვლები ძალზე მსხვილი, დიდი რაოდენობით, ძლიერ სურნელოვანი. რბილობი 33-45 მმ. ცენტრში 9-10  ცალი ლებანი, რომელიც ძნელად სცილდება რბილობს, რბილობი მარცვლისებრი, მომწვანო-მყვითალო ფერის, წვნიანი, საწვენე პარკები მსხვილი და იოლად შორდება ერთმანეთს. გემო მომჟავო-მოტკბო, სასიამოვნო არომატით. თესლი 10-20 ცალი, მსხვილი, ფართო, ბრტყელი,ჰგავს პომპელმუსის თესლებს, მოყავისფრო ერთჩანასახიანი თეთრი შიგთავსით. გვხვდება უთესლო ნაყოფებიც.

ნაყოფი ტექნიკურ სიმწიფეში შედიან ნოემბერ-დეკემბერში. ნაყოფი იკრიფება მაკრატლით, ყუნწიანად ერთად. ეწყობა გრილ სარდაფში +40-+50 ტემპერატურაზე, რაც ახანგრძლივებს ნაყოფის შენახვის უნარიანობას. ასევე მიზანშეწონილია საცხოვრებელ ბინებში ,,ოიუს“ ნაყოფის განლაგება, რაც სასიამოვნო არომატსა და სურნელებას შესძენს თქვენს ბინას. როგორც აღვნიშნეთ ციტრუს ,,ოიუ“-ს ნაყოფი საინტერესოა, როგორც პექტინის ნედლეული, რასაც ფართო გამოყენება აქვს ცუკატებისა და მურაბების დასამზადებლად. ჩვენი პრაქტიკიდან გამომდინარე მისგან დამზადებულმა მურაბამ ბევრი უცხოელი სპეციალისტის თუ მომხმარებლის განსაკუთრებული ყურადღება დაიმსახურა, რაც ერთხელ კიდევ მიუთითებს ამ კულტურის ნაყოფის ფართო სამრეწველო-საკონსერვო გამოყენების შესაძლებლობებზე.

აქვე ქთავაზობთ ციტრუს ,,ოიუ“-ს ნაყოფიდან საოჯახო მურაბის დამზადების წესს:

მოკრეფილი ნაყოფი კარგად ირეცხება გამდინარე წყლით, შეშრობის შემდეგ ნაყოფი ბასრი დანით იჭრება კუბიკებად (2×3 სმ), ეცლება გულგული თესლით, ეწყობა ემალირებულ თასზე და 2 დღის განმავლობაში ვაყოვნებთ ცივი წყლის ქვეშ და ყოველდღე უცვლით წყალს. მესამე დღეს ვრეცხავთ ცივი წყლით და ვათავსებთ ნახვრეტებიან ჭურჭელზე. პარალელურად ემალის ჭურჭელში ვაკეთებთ შაქრიან სიროფს, რისთვისაც ერთ კგ. ,,ოიუსკუბიკებზე ვიღებთ 2 კგ შაქარს და 2.5 ჭიქა წყალს. წინასწარ მომზადებულ ცხელ სიროფს ვასხამთ ,,ოიუსკუბიკებს და ვაყოვნებთ ერთ დღე-ღამეს, შემდეგ ნელ ცეცხლზე ვადუღებთ შესქელებამდე, ცხლად ვაწყობთ მინის ქილებში და ჰერმეტულად ვხუფავთ. ასეთი წესით მომზადებული მურაბის შენახვის ხანგრძლივობა 2-3 წელია.

P.S. ციტრუს ,,ოიუს“ გამრავლების მიზნით ანასეულში ჩაისა და სუბტროპიკული კულტურების კვლევის სამსახურის საკოლექციო სანერგე ნაკვეთზე 2018 წლის აგვისტოში მოეწყო ხანდაზმული ხიდან აღებული კვირტებით ტრიფოლიატის საძირეზე მყნობა. როგორც დაკვირვებები გვიჩვენებს კვირტების გახარების პროცენტი მაღალია (95%) ამასთან 2019 წლის სავეგეტაციო პერიოდში ერთწლიანი ნერგების სიმაღლემ საშუალოდ 55-60 სმ-ს მიაღწია.  3-4 გვერდითი დატოტიანებით. პერსპექტივაში ვგეგმავთ ამ ჯიშის ნერგების ფართო მასშტაბით წარმოებას და დაინტერესებული პირებისათვის შეღავათიან ფასებში მიწოდებას.

ციტრუს ,,ოიუ“ შესაძლებელია გაშენდეს სხვა ციტრუსოვნებთან ერთად პლანტაციის , ან ინდივიდუალურად ერთეული ნარგაობის სახით. რაც შეეხება მოვლა-მოყვანის აგროტექნოლოგიას იგი მთლიანად ექვემდებარება ციტრუსოვნებისათვის წაყენებულ აგროტექნიკურ მოთხოვნილებებს. მისი ჩართვა ციტრუსოვანთა ნარგაობის კომპლექსში ამავდროულად საუკეთესო ეგზოტიკურ სანახობასაც ამჟღავნებს.

ამრიგად ციტრუს ,,ოიუ“-ს გლეხურ და ფერმერულ მეურნეობებში დანერგვა – გაშენება კიდევ უფრო გაამდიდრებს მეციტრუსეობის ასორტიმენტს და მეორეს მხრივ მოგვცემს შესაძლებლობას მისი ნაყოფებიდან საკონსერვო წარმოებაში მიღებული ცუკატების თუ მურაბების სახით დამზადებული პროდუქციის საბაზრო-საექსპორტო დანიშნულებით გამოყენებაზე.

ზაურ გაბრიჩიძე ს.მ.მ. დოქტორი,

ცისანა ქაშაკაშვილი ს.მ. აკადემიური დოქტორი,

ქეთევან ჩიკაშუა ბ.მ. აკადემიური დოქტორი,

ნიკა გუნთაძე. მაგისტრანტი