აგრარული განათლებააგროტექნოლოგიებიმებოსტნეობა

მწვანე ხახვი _ მოვლა-მოყვანის ტექნოლოგია

ხახვი სიცივის ამტანი მცენარეა და ამის გამო მისი მოყვანა მთიან ზონაშიც შეიძლება.

ხახვის უხვი და ხარისხიანი მოსავლის მოსაყვანად მსუბუქი, ნოყიერი და სარეველებისგან სუფთა ნიადაგია საჭირო. მთიან ზონაში მიზანშეწონილია შეირჩეს სამხრეთის დაქანებული ნაკვეთი და ადრე გაზაფხულზე დამუშავდეს, ხოლო დაბლობ ზონაში სასურველია, ნაკვეთი ანარჩენებისგან გასუფთავების შემდეგ, შემოდგომაზე დამუშავდეს.

შემოდგომაზე სახახვე ნაკვეთში ნიადაგის დამუშავების წინ უნდა შევიტანოთ საქონლის 50-60 ტ/ჰა გადამწვარი ნაკელი და მოვფანტოთ, ანუ ყოველ 10 კვადრატულ მეტრ ფართობზე, ნიადაგის ნოყიერების მიხედვით, უნდა დაეყაროს — 4-6 ვედრო, ასევე უნდა შევიდეს სულფატამონიუმი 150-250 გრ. სუპერფოსფატი 350-450 გრამი და კალიუმის მარილი 100-200 გრამი. მინერალური სასუქების უქონლობის შემთხვევაში ნაკელის დოზა უნდა გაიზარდოს.

შემოდგომის მზრალი ადრე გაზაფხულზე უნდა დაიფარცხოს, ხოლო თესვის წინ უნდა გადაიხნას და გაითოხნოს, გაიწმინდოს სარეველებისაგან, ქვებისაგან და ფოცხით გასწორდეს.

მთის ზონაში საჭიროა ნიადაგის დაფარცხვა, ან ჩათოხნა, გაწმენდა, ფოცხით გადასწორება.

სარწყავ ნაკვეთებზე ზოლებს შორის უმჯობესია სარწყავი კვლების მოწყობა.

ხახვისათვის საუკეთესო წინამორბედად კომბოსტო, კიტრი და სათოხნი პარკოსანი კულტურები ითვლება.

მწვანედ გამოსაყენებლად მთიან ზონაში ხახვი ითესება ივლის-აგვისტოში. მებოსტნეობის პირველ ზონაში (კახეთის დაბლობი და ქვემო ქართლი ზღვის დონიდან 500 მეტრ სიმაღლეზე) მწვანედ მოსახმარად ხახვი ითესება შემოდგომაზე, სექტემბერ-ოქტომბერში და ზამთარში. ფართომწკრივიან და ოთხმწკრივიან ზოლებად. ფართო მწკრივებად თესვისას მწკრივთა შორის მანძილი უნდა იყოს 45 სმ.  ხოლო ოთხმწკრივიან ზოლებად თესვის შემთხვევაში ზოლში მწკრივებს შორის მანძილი — 20 სმ, ხოლო ზოლებს შორის 60 სმ. უნდა იყოს.

ხახვის ფართო მწკრივებად თესვის ნორმა ჰა-ზე — 4-6, ხოლო ვიწრო მწკრივებად ჰა-ზე 8-10 კილოგრამია. აღმოცენებისთანავე საჭიროა ნიადაგის გაფხვიერება, რაც უნდა განმეორდეს ნიადაგზე ქერქის გაჩენის და სარეველების გამოჩენის შემთხვევაში.

როცა მცენარეს 2-3 ფოთოლი განუვითარდება, საჭიროა პირველი გამოხშირვა ისე, რომ მცენარეები ერთმანეთისაგან 2-3 სმ. იყოს დაშორებული. მეორე გამოხშირვა ტარდება პირველი გამოხშირვიდან 20-25 დღის შემდეგ და მცენარეთა შორის მანძილი 5-6 სმ. რჩება. მესამე გამოხშირვა ტარდება მეორე გამოხშირვიდან 15-20 დღის შემდეგ და მცენარეებს შორის მანძილი 8-10 სმ. რჩება. მეორე და მესამე გამოხშირვის დროს ამოღებული მწვანე ხახვი კონებად იკვრება და მომხმარებელს მიეწოდება.

სამწვანილე ხახვი ძირითადად ბოლქვებით მოჰყავთ. ბოლქვები მიიღება თავიანი ხახვის მოსავლის აღებისა და დახარისხების დროს. ცალკე გადაირჩევა 30-40 გრამამდე წონის ბოლქვები, რომელთა დარგვის შემდეგ მიიღება საუკეთესო სამწვანილე ფოჩი. ამ მიზნით ასევე შესაძლებელია სასურსათედ შენახული და უკვე საკვებად გამოუსადეგარი ბოლქვებიც.

ხახვის ბოლქვების დარგვა ფოჩის მისაღებად სათბურებსა და კვალსათბურებში წარმოებს, როგორც წინამორბედი ან შემამჭიდროებელი კულტურა, ანუ ხახვი ძირითადი კულტურის მწკრივთაშორისებში ირგვება და მანამადე რჩება, ვიდრე ძირითადი კულტურები მათთვის განკუთვნილ კვების არეს დაიჭერს.

ხახვის დარგვამდე ნაკვეთი წინასწარ ერთი მეტრის სიგანის ზოლებად უნდა მოინიშნოს ისე, რომ მათ შორის მანძილი 40-50 სმ. დარჩეს.

ბოლქვები 4-5 სანტიმეტრის სიღრმეზე ხელით ირგვება. საფოჩე ხახვი კვების არით: მწკრივებს შორის 20-25 სმ, ზოლში ერთმანეთისგან 10-15 სმ. დაცილებით ირგვება.

მას შემდეგ, როცა ნარგავი 5-6 ცალ მწვანე, გარკვეული სიმაღლის ფოთოლს განივითარებს, ამოღება შეიძლება. სასურველია ეს ოპერაცია მშრალ ამინდში ჩატარდეს, ხახვი კონებად შეიკრას და სარეალიზაციოდ გაიგზავნოს.

ნატო კაკაბაძე

სმმ დოქტორი, ბოსტნეულ-ბაღჩეული კულტურების

ნაციონალური კოორდინატორი საქართველოში

ჟურნალი „ახალი აგრარული საქართველო“ #11