მულჩირება
დღეს, როდესაც მსოფლიოში აქტუალური ხდება წყლის რესურსების დაზოგვა, შხამ-ქიმიკატების გამოყენება და შრომითი დანახარჯების შემცირება, ახალ ტექნოლოგიებს სულ უფრო მეტი ფერმერი იყენებს. ერთერთი ასეთი მეთოდია მულჩირება, რომელიც მოწინავე ქვეყნების სოფლის მეურნეობის პროდუქტების, განსაკუთრებით ბოსტნეულისა და კენკრის წარმოებაში აქტიურად გამოიყენება.
მულჩი ეს არის მასალა, რომლითაც ნიადაგის ზედაპირი იფარება. არსებობს მულჩის ორი ძირთადი სახეობა: ორგანული და არაორგანული.
მულჩირება საშუალებას იძლევა მინიმალურ დონემდე შევამციროთ წყლის მოხმარება და აორთქლება, ეს გასაკუთრებით იმ რეგიონებისთვისაა მნიშვნელოვანი, რომლებიც კულტურული მცენარეების აქტიური ვეგეტაციის პერიოდში წყლის ნაკლებობას განიცდიან (მაღალი ტემპერატურებისა და საირიგაციო წყლის სიმცირის გამო).
მულჩირება აჩერებს ნიადაგის ეროზიის პროცესებს, არეგულირებს ნიადაგის ტემპერატურას (დილით იგი თბება უფრო ადრე, ხოლო საღამოს ცივდება უფრო გვიან, დღე-ღამის მანძილზე ნიადაგის გათბობისა და გაცივების პროცესი ხდება უფრო თანაბარი), აჩერებს სარეველების განვითრებას და შესაბამისად სამუშაოთა სიიდან აგდებს ისეთ შრომატევად და რთულ პროცესებს, როგორიცაა თოხვნა და მარგვლა, გამორიცხავს ჰერბიციდების გამოყენებას და შესაბამისად ამცირებს გარემოს ქიმიურ დაბინძურებას.
ორგანული მულჩი ნიადაგს ამდიდრებს საკვები ელემენტებით და ჭიაყელების ცხოველქმედებისათვის ხელსაყრელ პირობებს ქმნის, რომლებიც ნიადაგს ჰუმუსით ამდიდრებენ.
მულჩირება აფერხებს ნიადაგის სტრუქტურის გაუარესებას და მის დატკეპვნას.
მულჩირებულ ნაკვეთზე, კულტურული მცენარეები უფრო მძლავრ ფესვთა სისტემას ივითარებენ, ვიდრე მულჩირების გარეშე.
მრავალი ფერმერი იყენებს სპეციალური შავი ფერის პოლიეთილენის ფირს, რომლის სისქე მერყეობს 20 მიკრონიდან 50 მიკრონამდე. ერთწლოვანი ბოსტნეულის წარმოებაში მიმართავენ თხელი 20-30 მიკრონიანი პლასტიკური ფირის გამოყენებას, რომლის ექსპლუატაციის ხანგრძლივობა 6-8 თვიდან ერთწლამდე განისაზღვრება, ხოლო კენკროვან კულტურებში უფრო სქელი პოლიეთილენის ფირი, ან სხვა მასალისაგან დამზადებული ფირები გამოიყება (ეს ფირები დამზადებულია განსხვავებული ტექნოლოგიით და შესაბამისად მათ აქვთ წყლის და ჰაერის გატარების უნარი), რომელთა ექსპლოატაციის ხანგრძლივობა რამდენიმე წელია.
დიდ ფართობებზე მულჩირებას სპეცილური მულჩის დამგები მანქანებით აკეთებენ. მულჩირების დროს, გაზაფხულზე ნიადაგს ჩვეულებრივად აფხვიერებენ, აკეთებენ შემაღლებულ კვლებს, რომელთა სიგანე ტექნიკაზეა დამოკიდებული, თუმცა მისი კლასიკური ზომები 0,9მეტრიდან 1,1-1,2 მეტრამდე მერყეობს. წინასწარ კვლებზე ათავსებენ ერთ ან ორ წვეთოვანი მორწყვის მილს. დღესდღეობით მსოფლიოში და საქართველოშიც არსებობს აგრეგატები, რომლებიც ყველა ზემოთ ჩამოთვლილი ოპერციას ერთდროულად ასრულებს (ფრეზავს, აფხვიერებს ნიადაგს, ასწორებს მის ზედაპირს, აკეთებს შემაღლებულ კვალს, რომლის სიმაღლეც შეიძლება 10 სმ-დან 30 სმ-მდე დარეგულირდეს (ცალკეულ დანადგარებს შეუძლიათ უფრო მაღალი კვლების გაკეთებაც 30-50 სმ, რაც ძალზედ მნიშვნელოვანია ჭარბტენიანი რეგიონებისათვის და კენკროვანი კულტურებისათვის), შლის წვეთოვან მორწყვის მილებს და აგებს სხვადასხვა სიგანის პოლიეთილენის ფირს.
მულჩის დაგებისას განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს ფირის კიდეების მიწით თანაბრად დაფარვას, თუ რაიმე მიზეზის გამო (ტენიანი ნიადაგი, დამრეცი ნაკვეთი, ნიადაგის მძიმე სტრუქტურული შემადგენლობა, ქარიანი ამინდი და ა.შ.) ფირის კიდეები რამდენიმე ადგილას არ დაიფარა ქარიან ამინდში შეიქმნება საშიშროება, რომ ქარმა ააძროს ფირი, ან დააზიანოს მასზე გადარგული მცენარეები. მულჩირების ფირს ჩითილების გადარგვის წინ ამოჭრიან დანით ან მაკრატლით, ამოჭრილი ნახვრეტი უნდა იყოს ზომიერი, მცირედით უნდა აღემატებოდეს გადასარგავი ჩითილის სუბსტრტის დაიმეტრს, წინაამღდეგ შემთხვევაში შიქმნება იმის საფრთხე, რომ დიდი ნახვრეტიდან კულტურული მცენარის განვითარებამდე ამოაღწიონ სარეველებმა და მათი მოშორება დამატებით შრომით დანახარჯებს გამოიწვევს. დღესდღეობით არსებობს ჩითილის სარგავი მანქანები, რომლებიც თვითონვე ჭრიან ფირს და რგავენ ჩითილს. ჩითილის გადარგვის წინ შემაღლებულ კვლებს რწყავენ.
გარკვეულ პრობლემებს ქმნის მოსავლის აღების შემდეგ ფირის ნარჩენების გაწმენდა, ამის გამო უკანასკნელ წლებში ევროპაში და ამერიკაში სხვადასხვა ორგანული მასალების ნაზავისაგან დამზადებული მულჩირების ფირები ინერგება, რომლებიც კულტურული მცენარეების ვეგეტაციის ბოლოსათვის თვითონვე იწყებენ დაშლას.
მცირე და საკარმიდამო ნაკვეთებში უფრო მნიშვნელოვანია და უპირატესობა უნდა მივანიჭოთ ორგანული მასალებისაგან დამზადებულ სამულჩე მასალას. ამისათვის შეიძლება გამოვიყენოთ თივა, კარგად გადამწვარი ნაკელი, ბალახის განათიბი, მოთიბული სარეველები (ისინი უნდა მოითიბოს თესლების წარმოქმნამდე), ნახერხი ან ხის ბურბუშელა, მუყაო და ა.შ.
ილია მჭედლიძე
ჟურნალი „ახალი აგრარული საქართველო“