ნიადაგის დამუშავების სისტემა საგაზაფხულო კულტურებისათვის
საგაზაფხულო კულტურებისათვის ნიადაგის სწორად (მეცნიერულად დასაბუთებულ), აგროტექნიკურ ვადებში დამუშავებას, გლობალური დათბობისა და კლიმატის მკვეთრად ცვალებადობის გამო, კიდევ უფრო მეტი ყურადღება უნდა მიექცეს.
საქართველოს ერთმანეთისაგან მკვეთრად განსხვავებულ ნიადაგურ-კლიმატურ პირობებში სახნავი მიწების ნახევარზე მეტი, საშემოდგომო თავთავიანი კულტურების შემდგომ, საგაზაფხულო კულტურების დასათესად გამოიყენება. აქედან ყველაზე დიდ ფართობზე ითესება სიმინდი, სოია, ბოსტნეულ-ბაღჩეული, კარტოფილი, საგაზაფხულო თავთავიანი კულტურები, მრავალწლიანი და ერთწლიანი საკვები ბალახები და სხვა.
აღნიშნულიდან გამომდინარე საგაზაფხულო კულტურებისათვის სწორედ აგროტექნიკურ (კალენდარულ ვადებში) ვადებში დამუშავებას, უხვი მოსავლის მისაღებად, უდიდესი როლი ენიჭება.
ნიადაგის დამუშავების სისტემა გულისხმობს, წინამორბედი კულტურების მიხედვით, თესლბრუნვაში ან კულტურათა მორიგეობაში ნიადაგის დამუშავების ერთობლიობას.
მზრალად ხვნა გულისხმობს ზაფხულ-შემოდგომის პერიოდში ნიადაგის ძირითად დამუშავებას, ან მომდევნო წლისათვის საგაზაფხულო კულტურების დასათესად ნიადაგის მომზადებას.
მზრალად ხვნა ტარდება ნიადაგის მექანიკური შემადგენლობის მიხედვით. მაგალითად მსუბუქი თიხნარი ნიადაგების დამუშავება ხდება ნაკლებ სიღრმეზე, მძიმე ნიადაგები, იქ სადაც დასარევლიანების მაღალი ხარისხია, აუცილებელია ღრმად ხვნა.
მზრალად ხვნის სისტემით ნიადაგის დამუშავება ნაწვერლის აჩეჩვით, წინამორბედი კულტურის მოსავლის აღებისთანავე იწყება. ნიადაგის ზედაპირის გაფხვიერების შემდეგ მცირდება წყლის აორთქლება, იოლად ვითარდება სარეველები, (სარეველების გამოტყუება), ხდება მავნებელ-დაავადებების შემცირება, უმჯობესდება ნიადაგის შემდგომი ხვნის პროცესი და სხვა.
საშემოდგომო ხვნის სიღრმე დამოკიდებულია მრავალ გარემოებებზე: ნიადაგის ტიპზე, მინდვრის დასარევლიანებაზე, მოსაყვან კულტურაზე. ჩვეულებრივად ბოსტნეულ-ბაღჩეული კულტურების, კარტოფილისა და ძირხვენებისათვის აუცილებელი პირობაა ღრმად ხვნა, მარცვლეულის, სამარცვლე პარკოსნების, ტექნიკური კულტურებისათვის შედარებით უფრო ზერელედ, მაგრამ ნიადაგის დამუშავების დროს კონკრეტულ პირობებზე დამოკიდებულებით ერთი და იგივე კულტურისათვის შემოდგომაზე ყოველთვის საჭიროა უფრო ღრმად ხვნა, ვიდრე გაზაფხულზე.
თესვის წინა დამუშავებაში იგულისხმება გარკვეული თანმიმდევრობით შესასრულებელი დამუშავების წესების ერთობლიობა ნიადაგის დასათესად. (კულტივაცია, დადისკვა, ფრეზირება, ფარცხვა და სხვა), იგი უნდა ჩატარდეს მხოლოდ დათესვის წინ, წინა დღეს ან იმ დღეს, რაც შემდგომში აადვილებს სარეველების წინააღმდეგ ბრძოლის ღონისძიებებს. თუ თესვის წინა კულტივაცია წვიმის ან სხვა რაიმე მიზეზის გამო ვერ მოხერხდა თესვა, საჭიროა განმეორდეს ნიადაგის თესვის წინა დამუშავება, ასეთ შემთხვევაში თესვისწინა დამუშავებისას ნიადაგი უნდა დამუშავდეს მსუბუქად ზერელედ. რომ არ მოხდეს ტენის დანაკარგი.
ნიადაგის თესვისწინა დამუშავება უნდა დაიწყოს მზრალზე, ადრე გაზაფხულზე თეფშებიანი კულტივატორით თანმიყოლებული ფარცხით, ე.წ. საჩეხით სარეველების გამოტყუების მიზნით, ხოლო შემდგომ უნდა დამუშავდეს მოთხოვნილების შესაბამისად: კულტივატორით, ვერტიკალური ფრეზით, თათებიანი კულტივატორით თანმიყოლებული ფარცხით ან სხვა.
თესვის შემდგომ ნათესის დამუშავება მიმართულია სარეველების წინააღმდეგ, მცენარის მწკრივთა შორის ნიადაგის გასაფხვიერებლად, სასუქების შეტანით გამოკვებაში ერთდროულად რიგთა შორის კულტივაციის დროს და სხვა.
ნიადაგის მზრალად დამუშავების პრინციპებიდან გამომდინარე ნათლად ჩანს თუ რა მნიშვნელობა ენიჭება საგაზაფხულო კულტურებისათვის ნიადაგის აგროტექნიკურად დადგენილ კალენდარულ ვადებში სწორად მომზადებას.
როგორც წესი საგაზაფხულო კულტურები ძირითადად სარწყავ და ტენით უზრუნველყოფილ ზონებში ითესება. იქ სადაც ამის პირობები არ არის საგაზაფხულო კულტურების თესვა არ შეიძლება. ამ მხრივ აღმოსავლეთ საქართველოს რეგიონებში ძირითადად საგაზაფხულო კულტურებისათვის ნიადაგის დამუშავება ხდება მზრალად და ეს საკითხი ნაწილობრივ მოგვარებულია. ხოლო რაც შეეხება დასავლეთ საქართველოს რეგიონს, რომელიც მიჩნეულია ჭარბტენიან ზონად, აქ შედარებით რთულად გვაქვს საქმე. ბოლო წლების განმავლობაში განვითარებული კლიმატური პირობების ცვალებადობის გამო მკვეთრად შეიცვალა მდგომარეობა. ამიტომ განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება ნიადაგის სწორად (მზრალად) დამუშავებას, და ნათესის შემდგომი მოვლითი სამუშაოების დროულად შესრულებას, (განსაკუთრებით თესვის ვადების დაცვას), რათა მაქსიმალურად გამოვიყენოთ ზამთრისა და ადრე გაზაფხულზე მოსული ნალექები.
მაგრამ ისიც უნდა აღინიშნოს, რომ ხშირად, შესაძლებელია გარკვეული მიზეზების გამო, ვერ მოხერხდეს ნიადაგის (გვიან შემოდგომაზე) მზრალად დამუშავება, ამ შემთხვევაში უნდა გამოვიყენოთ თანამედროვე ნიადაგის დამამუშავებელი იარაღები.
მაგალითად, კომბინირებული ჩიზელ-კულტივატორი, მისი საშუალებით შესაძლებელია ნიადაგის დამუშავება ბელტის ამოუბრუნებლად სასურველ სიღრმეზე, ასეთი სისტემით დამუშავებულ ნიადაგში, შესაძლებელია პირდაპირ დაითესოს სიმინდი, სოია და სხვა კულტურები აგროვადებში.
მიწათმოქმედების მაღალი კულტურის შემთხვევაში, სადაც დანერგილია თესლბრუნვა ან კულტურათა მორიგეობა, მინიმუმამდეა დაყვანილი სარეველების გავრცელება, შესაძლებელია გამოყენებული იქნას ზემძიმე თეფშებიანი კულტივატორი, ნოუტილის სათესით თესვა ნიადაგის დამუშავების გარეშე და სხვა.
გაზაფხულზე მოხნულ (მარტი, აპრილი) ნიადაგზე საგაზაფხულო კულტურების თესვა მიუღებელია!
ახალმოხნული (მოუმწიფებელი) ბელტიანი ხნული ძნელად ემორჩილება ნიადაგის თესვისწინა დამუშავებას, მასში სწრაფად იკარგება ნიადაგში არსებული ტენი და სხვა. რის გამოც უმეტეს შემთხვევაში თესვის ვადები ირღვევა და გადადის მაისის მე-3 და ივნისის 1-ელ დეკადაში, შემდგომ იწყება გვალვიანი დღეები, ნიადაგში ტენიანობის უკმარისობის გამო, ხშირ შემთხვევაში გვიანდება აღმონაცენის მიღება, ან საერთოდ არ მიიღება აღმონაცენი, აღნიშნულის გამო თუ გვინდა სიმინდი, სოიას და სხვა საგაზაფხულო კულტურების მაღალი და ხარისხიანი მოსავალი მივიღოთ აუცილებელი პირობაა, ნიადაგი მოიხნას მზრალად, გვიან შემოდგომაზე ან კიდევ ცალკეულ შემთხვევაში გამოვიყენოთ ჩიზელ-კულტივატორი, მძიმე თეფშებიანი კულტივატორი, ნოუტილის სათესი და სხვა ისე, რომ არ დაირღვეს თესვის ვადები.
ასევე გირჩევთ დასავლეთ საქართველოს მიწათმოქმედებაში ჩაერთოს საშემოდგომო და საგაზაფხულო თავთავიანი კულტურები, ხორბალი, ქერი, ჭვავი, შვრია, მრავალწლოვანი და ერთწლოვანი საკვები ბალახები. აღნიშნული კულტურები საუკეთესო წინამორბედებია საგაზაფხულო კულტურებისათვის და პირიქით. კულტურათა ასეთი მორიგეობით უმჯობესდება ნიადაგის სტრუქტურა მისი ნაყოფიერება, სარეველებთან ბრძოლის ღონისძიება, და რაც მთავარია, იზრდება ცალკეული კულტურების მოსავლიანობა და ხარისხი.
მართალია, მიწები დღეს კერძო საკუთრებაშია, მაგრამ ჩვენი ქვეყნის განვითარების ამ გარდამავალ ეტაპზე მოსახლეობას მეტი მხარდაჭერა სჭირდება, როგორც თანამედროვე ახალი ტექნოლოგიების (ახალი მაღალმოსავლიანი ინტენსიური ჯიშების) ცოდნის ამაღლებაში, ასევე ეკონომიური თვალსაზრისითაც, მისასალმებელია, რომ ქვეყანაში ამ მიმართულებით მუშაობს გარკვეული პროგრამები, მაგალითად დანერგე მომავალი და სხვა, მაგრამ ეს პროექტები ძირითადად მიმართულია მრავალწლოვან კულტურებზე. ხოლო რაც შეეხება ერთწლიან კულტურებს, ამ მიმართულებით ქვეყანაში არასახარბიელო მდგომარეობაა.
ღვინოს, ხილის ან სხვა დელიკატეს პროდუქტებს (ესეც აუცილებელია) თუ ვერ მიირთმევს ადამიანი, შეიძლება გადარჩეს, ხოლო თუ არ გვექნება პური, მჭადი, ხორცი, რძის პროდუქტები და სხვა არსებობა გაჭირდება, მათ გარეშე სიცოცხლე შეუძლებელია.
პატარა, მცირემიწიან ქვეყანაში, რომელსაც (თუ სწორად იქნება დაგეგმილი) 55-60 %-ით დააკმაყოფილოს მარცვლეულზე საკუთარი მოთხოვნილება, მიწათმოქმედების ამ დარგს სახელმწიფოსგან მეტი ყურადღება სჭირდება.
ასევე ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ ზემოთ ჩამოთვლილ აგროღონისძიებათა შორის სასოფლო-სამეურნეო კულტურების მაღალი და ხარისხიანი მოსავლის საქმეში უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება ქვეყანაში უხვმოსავლიანი (დარაიონებული) ჯიშების თესლის წარმოებას. აღნიშნულიდან გამომდინარე აუცილებელ პირობად მიმაჩნია ქვეყანაში, რეგიონების მიხედვით, შეიქმნას კერძო მეთესლეობის ფერმერული მეურნეობები, რაც სახელმწიფოს, კერძოდ: სოფლის მეურნეობის სამინისტროს მხარდაჭერის გარეშე ვერ განხორციელდება, დამოუკიდებლად ეს დარგი ვერ განვითარდება.
დღევანდელ პირობებში როდესაც, საგაზაფხულო კულტურების კერძოდ: სიმინდის, სოიას, და სხვა კულტურების მოვლა-მოყვანა ერთ ჰექტარზე გაანგარიშებით საკმაოდ ძვირი ჯდება, საჭიროა მკაცრად დავიცვათ მეცნიერულად დასაბუთებული აგროტექნიკით გათვალისწინებული სამუშაოები (კალენდარული ვადები) წინააღმდეგ შემთხვევაში, სასურველ მოსავალს ვერ მივიღებთ.
ადოლ ტყეშელაშვილი, სოფლის მეურნეობის მეცნიერების დოქტორი,
სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის მთავარი აგრონომი.
ტელ: 595 94 12 12.