დარგებიმეფუტკრეობა

„ნინოწმინდის თაფლი“

გეოგრაფიული აღნიშვნების სახელმწიფო რეესტრში, სამცხე ჯავახეთის რეგიონიდან, „ტენილის“, „მესხური ჩეჩილის“, „ბორჯომის“, „მიტარბის“ და „ახალქალაქის კარტოფილის“ შემდეგ ახალი გეოგრაფიული აღნიშვნა დაემატა – „ნინოწმინდის თაფლი“. ეს ნიშნავს, რომ აღნიშნული პროდუქტის განსაკუთრებული ხარისხი, თვისებები და რეპუტაცია, რომელიც განპირობებულია სამცხე-ჯავახეთის რეგიონისთვის დამახასიათებელი გარემოპირობებით და აღიარებულია სახელმწიფოს მიერ.
საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის _ საქპატენტის თავმჯდომარემ მინდია დავითაძემ, 2020 წლის 1 ოქტომბერს, საზეიმო ვითარებაში მოაწერა ხელი „ნინოწმინდის თაფლის“ რეგისტრაციის მოწმობას. ახალციხეში, რაბათის ციხის ტერიტორიაზე, დამადასტურებელი დოკუმენტი გადაეცათ მწარმოებელი კოოპერატივი „კოდი“/ Cooperative KODY წევრებს, რომლებმაც  „ნინოწმინდის თაფლის“ გეოგრაფიულ აღნიშვნად რეგისტრაციაზე განაცხადი შემოტანეს.

ნინოწმინდის  თაფლი კვების პროდუქტია, რომელსაც  მეთაფლია ფუტკრები (Apis mellifera aucasica) ამზადებენ ჯავახეთის ზეგანზე, ნინოწმინდის მუნი­ციპა­ლი­ტეტის საზღვრებში მოქცეულ ტერიტორიაზე არსებული მცენარეების ყვავილე­ბიდან,   „ნინო­წმინდის თაფლი“ გროვდება ივნისი-ივლისის პერიოდში სუბალპურ და ალპური ზონის ველის მცენარეებიდან. ამ პერიოდში შესაძლებელია საფუტ­კრის ერთი განლაგების წერტილიდან მოსავალი მივიღოთ 2-3 ჯერ, რის გამოც თაფლი შეიძლება იყოს სხვადასხვა შეფერილობის.  

„ნინოწმინდის თაფლი“ ხასიათდება:

  • საშუალოდ გამოხატული ზომიერი არომატით;
  • ზომიერად ტკბილი, სასიამოვნო და დამახასიათებელი გემოთი;
  • შეგროვების დროიდან გამომდინარე, არის ღია მოყვითალო, ან თითქმის უფერო,  იშვიათ  შემთხვევაში წაბლისფერი.

კონსისტენციის მიხედვით, „ნინოწმინდის თაფლი“ შეიძლება იყოს ბლანტი, კრემისებრი, სრულად ან ნაწილობრივ დაკრისტალებული.

„ნინოწმინდის თაფლს“ გააჩნია კრისტალიზაციისადმი ბუნებრივი მიდრეკილება, რაც განპირობებულია მისი სიწმინდითა და ხარისხით, ამიტომ იგი შეიძლება გაიყი­დოს თხევადი  და გამყარებული (კრისტალიზებული) სახით.

კრისტალი­ზაცი­ისას  ნინოწმინდის  თაფლი გარდაიქმნება თეთრი ფერის ან სპილოსძვლისფერ, წვრილ­კრის­ტა­ლიზი­რებულ, კრემისებრ ან მყარ  მასად. ის შეიცავს 72%-ზე მეტ ინვერ­სი­რე­ბულ  შაქრებს და  გამოირჩევა „დიასტაზის რიცხვის“  დაბალი მაჩვენებ­ლით 8-10 შადეს შკალის მიხედვით. თაფლში წყლის დასაშვები ოდენობა არ უნდა აღე­მატებოდეს 19.5%, ხოლო ელექტრო­გამტარობა არ უნდა აღემატებოდეს 0,8 მლს/სმ.

გეოგრაფიული არეალი

 „ნინოწმინდის თაფლის“ წარმოების არეალს წარმოადგენს ნინოწმინდის მუნიცი­პალი­ტეტის   ტერიტორია,  რომელსაც  მოიცავს შემდეგი  სოფლების  ტერიტო­რიე­ბს: ასფარა; ახალი ხულგუმო; განძანი; გორელოვკა; დიდი არაქალი; დიდი გონდური; დიდი ხანჩალი; დილიფი; ეფრემოვკა; ეშტია;  ვლადიმიროვკა; თორია; კათნატუ; მამწვარა; ორლოვკა; ორო­­ჯოლა­რი; პატარა არაქალი;  პატარა გონდური; პატარა ხანჩალი; პატარა ხორენია;  ჟდანოვაკანი; ფარავანი; სათხე; სამება; საღამო; სპასოვკა; ტამბოვკა; უჯმანა;  ფოკა; ყაურმა;  ყულალისი; ჯიგრაშენ.

„ნინო­წმინ­დის თაფლის“ წარმოების არეალი

ნინოწმინდის მუნიცი­პალი­ტეტი მდება­რეობს ზღვის დონი­დან  1950-2200 მ სიმაღლეზე, მისი  სამხრეთ-და­სა­ვ­ლეთი საზღვარი ემთხვევა საქართველო-თურქეთის, ხოლო სამხ­რე­თი საზღ­ვარი საქართველო-სომხეთის საზღვარს. ჩრდილოეთით მას წალკის მუ­ნი­ციპა­ლიტე­ტი, დასავლეთით ახალქა­ლაქის მუნიცი­პალიტეტი, ხოლო აღმო­სავლე­თით დმანი­სის მუნიციპალიტეტი ესაზღვრება. ნინო­წმინდის მუნიციპალი­ტეტის ფართობი  1353,9კმ2  შეადგენს. (http://ninotsminda.ge/portal/alias_Ninotsminda/tabid_3491/default.aspx)

გარემოს განსაკუთრებული მახასიათებლები

ნინოწმინდის მუნიციპალიტეტი მდებარეობს სამხრეთ საქართველოში, ჯავახეთის ვულკანურ ზეგანზე, ზღვის დონიდან 1950-2200 მ სიმაღლეზე.

ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში ზეგნის კონტინენტური ჰავაა. ზამთარი აქ ცივი და მცირე თოვლიანია, ზაფხული კი – გრილი. წლის ცივი თვის, იანვრის საშუალო ტემპერატურა – მინუს 11°C-ია, თბილი თვის, აგვისტოსი კი – 13°C. ნალექების წლიური რაოდენობაა 733 მმ/ წელიწადში. მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მიედინება მდინარე ფარავანი, მცირე  შენაკა­დებითურთ.  გეოგრაფიული დასა­ხელება „ნინოწმინდის თაფლის“ ტერიტორია ცნობი­ლია ტბათა სიმრავლით, რო­მელთა შორისაა: ფარავანი, მადათა­ფა, ხანჩალის ტბა, საღამოს ტბა, ბუღდაშენის ტბა და სხვა.

მუნიციპალიტეტში მრავლადაა მიწისქვეშა წყლები, ასევე, ჭარბტენიანი ტერი­ტო­რიები. ამ უკანასკნელს 4 000 ჰა უჭირავს. ტბების და ჭარბტენიანი უბნების ნაწილი დაცულია ჯავახეთის დაცული ტერიტორიების ფარგლებში. 

ნინოწმინდის  მუნიციპალიტეტში  ფუტკრის  მიერ  ნექტრისა  და ყვავილის მტვრის  შეგროვება  იწყება ივნისში და გრძელდება სექტემბრამდე.  ამ პერიოდი­სათვის   დამახა­სიათებელია  შემდეგი ბუნებრივი  მოვლენები:

  1. დღისა  და  ღამის  ტემპერატურათა  მკვეთრი  კონტრასტი დღისით  ცხელა  ღამით  ცივა. ეს მოვლენა  ნექტრის  არომატების   და   საგემოვო  თვისებების ფორმირებას უწყობს  ხელს.
  2. დღის  სიცხე  ხელს  უწყობს  ტბათა  ზედაპირებიდან  წყლის  აორთქლებას  და  ღა­მით, როდესაც  ტემპერატურა ეცემა, აორთქლებული წყალი კონდენსი­რდება. ამის გამო გამთენიისას მინდორი ხშირად დანამულია, რაც თაფლოვან მცენა­რეებში ნექტარის ფორმირებას უწყობს ხელს. 

ჯავახეთის ეროვნული პარკი 2011 წლის მარტში შეიქმნა. იგი მოიცავს ახალქალაქისა და ნინოწმინდის მუნიციპალიტეტების ადმინისტრაციული საზღვ­რების ფარგლებში მოქცეულ ტერიტორიას, რომლის საერთო ფართობი შეადგენს 14,206.83 ჰექტარს.

ეროვნული პარკის ტერიტორია დაცულია და იკრძალება ხვნა-თესვა, შეწამვლა, ნადირობა  და თევზჭერა.

ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის ფლორა, განსაკუთრებული ბუნებრივი პირო­ბების გამო, მეტად მდიდარი და მრავალფეროვანია.  ტერიტორიის უმეტესი ნაწილი უტყეოა, დაფარულია მთის და მდელო-ველის მცენარეულობით. ტბების ირგვლივ დაჭაობებულ ტაფობებში გავრცელებულია წყლისა და ჭაობის მცენა­რეულობა. 2000 მეტრზე მაღლა იწყება სუბალპური და ალპური მდელოები. აქაური ფლორა გამოირჩევა იშვიათი და ენდემური სახეობებით. მარტო წყალჭარბ ტერიტორიებზე ფლორის 474 სახეობაა გავრცელებული, რომელიც 235 გვარსა და 62 ოჯახში ერთიანდება.  ჯავახეთის ზეგანზე გავრცელებულია 171 ენდემური და პირობითად ენდემური სახეობა,  რაც რეგიონის მეტად მაღალი ბიომრავალ­ფეროვნებისა და განსაკუთრებით ბუნებრივი პირობების მაჩვენებე­ლია.

ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში გავრცელებული თაფლოვანი მცენა­რეებია: კავ­კა­­სიური კლდისდუმა (ლათ. – Sedum caucasicum),   ჯავახური   ხმალა  (ლათ. – Gladi­olus dzavacheticus), კურდღლისფრჩხილა (ლათ. – Lotus caucasicus), Alchemilla geor­gica, Alchemilla subsplendes, თეთრი სამყურა (ლათ. – Trifolium repens),­ ნივრის­დედა­ (ლათ. – Brassicaceae), ოროვანდი (ლათ. – Artium lappa L.), Fabaceae, ვარსკვლავა (ლათ. – Astrantia  maxima pall),  ტუჩოსანთა ოჯახის წარმომადგენლები (ლათ. –  amiaceae), მიხაკისებრთა ოჯახის წარმომადგენლები (ლათ. – Caryophyllaceae),  სკიპალო (ლათ. – Cephalaria gigantea),  ნარი (ლათ. – Cirsium simplex), ხახვისთავა (ლათ. – Centaurea macrocephala Muss.) ფარსმანდუკი (ლათ. – Achillea sedelmeyeriana), ყვითე­­ლი ძიძო (ლათ. – Melilotus officinalis (L.) pall), ჯავახური იონჯა (ლათ. – Medicago dzhawakhetica), ლურჯი წითელძირა (ლათ. – Echium vulgare) და სხვა. 

ყველა ზემოთ აღწერილი  ბუნებრივი  მოვლენა, დაცული  ტერიტორია და  მრავალ­ფეროვანი ფლორა ქმნის იმ უნიკალურ გარემოს,  სადაც მიიღება უნიკა­ლური „ნინოწმინდის  თაფლი“.

რეპუტაცია

ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში მოწეული თაფლი ოდითგანვე განთქმული იყო  სამცხე-ჯავახეთის მოსახლეობაში. იგი ტრადიციულად აღიარებული თაფლია  რეგიონში. ცნობილი ქართველი თურ­ქოლოგი, „გურჯისტანის ვილაეთის დიდი დავთრის“ მკვლევარი,  პროფესორი მიხეილ სვანიძე თავის წიგნში „სამხრეთ-დასავლეთ საქართვე­ლოს სოფლის მეურნეობა XVI საუკუნეში“ 101-ე გვერდზე აღნიშნავს  „მეფუტ­კრე­ობა დიდად იყო დაწინაურებული აგრეთვე სამცხე-საათაბაგოშიც. აქ მეფუტკრეობის  განვითარებას ხელს უწყობდა ხელსაყრელი  კლიმატური და მდიდარი საკვები ბაზა ხეხილისა და მცენარეთა ფლორის სახით. სამცხე-საათაბაგოში მეფუტკრეობასთან დაკავში­რებით  ვახუშტი წერდა:  „ფუტკარნი მრავალნი და თაფლლნი კარგი და მრავალნი“ (ვახუშტი, „აღწერა სამეფოსა საქართველოის“ა. გვ745. ავტ.). საქართველოში, ამ მხარეში რომ  „უხვად იყო თაფლი“, ეს შეუმჩნეველი არ დარჩა ფრანგ მოგზაურს ჟ. შარდენს (ჟ. შარდენი, „მოგზაურობა სპარსეთსა და აღმოსავლეთის სხვა ქვეყნებში.  გვ. 270)“. მიხეილ სვანიძის კვლევით, სამცხე-საათაბაგოში 16-ე საუკუნეში,711 სოფლიდან მეფუტკრეობას  მისდევდნენ 702 სოფელში, სადაც განთავსებული იყო 91576 სკა, რომლებიდანაც წლიურად იწარმოებოდა 686820 კგ თაფლი. ერთ კომლზე საშუალოდ იწარმოებოდა 3,6 კგ თაფლი. ჩვენთვის საინტერესოა სამცხე-საათა­ბაგოს  ახალქალაქის ლივას აკშეჰირის რაიონის მონაცემები, რომელიც ასე გამოი­ყურება – 45 სოფლიდან მეფუტკრეობას მისდევდნენ ორმოცდახუთივეში, სადაც განთავსებული იყო 3239 სკა, საიდანაც წლიურად იწურებოდა 48585 კგ თაფლი, კომლთა რაოდენობა 605, ერთ კომლზე საშუალოდ 5,3 კგ თაფლი. აკშეჰირის რაიონი მოიცავდა დღევანდელი ახალქალაქისა და ნინოწმინდის მუნი­ციპა­ლიტეტების ტერიტორიას, რომელსაც „ახალქალაქი ჯავახე­თი­საი“ შემ­დეგნაირად  აღწერს „აკშეჰირის რაიონი მოიცავდა ახალქალაქის პლატოს, ჯავახეთის ქედიდან მოყოლებული ვიდრე მტკვრის კანიონამდე. ფართობის მიხედვით, ჯავახეთში ეს ყველაზე დიდი და მრავალ­სოფლიანი რაიონი იყო“.  (წყარო: dzeglebi.ge, ახალ­ქალაქი ჯავახეთისა http://www.dzeglebi.ge/statiebi/istoria/axalqalaqi_javaxetisai1.html)

თაფლის წარმოება

 ნინოწმინდის  თაფლის“ მისაღებად სკები უნდა  განთავსდეს ნინოწმინდის მუნი­ცი­პალ­ტეტის არეალში, ფუტკრის ინფექციური დაავადებების მიმართ კეთილ­­­საიმედო  ადგილას.

დასაშვებია საფუტკრის მთაბარობა სხვა მუნიციპალიტეტებიდან ნინოწმინდაში ივნის-აგვისტოს პერიოდში, ან ნინოწმინდიდან თებერვალ-მაისის განმავლობა­ში სხვა მუნიცი­პალიტეტებში, ოღონდ  ნინოწმინდის თაფლის არეალში საფუტკრის განთა­სებისას, იმ მიზნით, რომ არ მოხდეს სხვა რეგიონში მიღებული თაფლის შერევა, „ნინოწმინდის თაფლთან“ დაცული უნდა იყოს შემდეგი პირობები: 1) ყველა სკაში სკის ბუდის განყოფილებასა  და სასაქონლე თაფლის კორპუსს შორის უნდა განთავსდეს განიმანის ბადე; 2) სასაქონლე კორპუსში არსებული ყველა თაფლიანი ჩარჩოს ნაცვლად უნდა განთავსდეს მშრალი (უთაფლო) ჩარჩოები და სასაქონლე თაფლი უნდა დაიწუროს მხოლოდ ამ ფიჭებიდან. 3) დაუშვებელია მეფუტკრის მიერ რაიმე მიზნით სკის ბუდის განყო­ფილებიდან თაფლიანი ჩარჩოების გადატანა სასაქონლე კორპუსში.

სკებიდან დასაწურად განკუთვნილი ფიჭების ამოღება და საამქრომ­დე  ტრანსპორტირება უნდა განხორციელდეს  ისეთნაირად, რომ არ დაბინძურდეს ფიჭე­ბი.

საამქრო, სადაც თაფლი უნდა დაიწუროს, აღჭურვილი უნდა იყოს და უნდა აკმაყოფილებდეს კანონმდებლობით განსაზღვრულ სანიტარულ-ჰიგიენურ მოთ­ხოვნებს. საამქროში  მიღებული თაფლიანი, გადაბეჭდილი ფიჭები განიბეჭდება, თაფლი დაიწურება, გაიფილტრება, ჰომოგენიზდება  და დასაწყობდება სპეცია­ლურ  ჭურჭელში,  რომელიც  განკუთვნილია კვების პროდუქტების შესანახად.

„ნინოწმინდის თაფლის“ დაფასოება  ხდება მხოლოდ მინის ქილებში. მიღებული თაფლის ყოველი პარტია უნდა აკმაყოფილებდეს ამ სპეციფიკაციის ყველა მოთხოვნას.

წარმოშობის დადასტურება

ბიზნესოპერატორი, რომელიც დაინტერესებულია გამოიყენოს „ნინოწმინდის თა­ფ­ლი“ გეოგრაფიული აღნიშვნის   დასახელება, ვალდებულია:

  1. თაფლი აწარმოოს ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის საზღვრების პერი­მეტრის შიგნით.
  2. თაფლის  დაწურვამდე უნდა  შეავსოს დეკლარაცია ადგილზე არსებული სკების ოდენობის შესახებ, მონაცემებით თითოეულის განთავსების დროის, რაო­დენობისა და ზუსტი ადგილმდებარეობის შესახებ, აგრეთვე, მოპოვე­ბული თაფლის ოდენობის, მათ შორის, რომელიც შეიძლება კვალიფი­ცი­რებულ იქნას, როგორც გეოგრაფიული აღნიშვნა „ნინოწმინდის თაფლი“.
  3. უზრუნველყოს კოოპერატივ  „კოდის“ წარმომადგენლის მიყვანა სკების განთავსების  ადგილას, აჩვენოს  საამქრო და მისი აღჭურვილობა, წარუდ­გინოს ხარისხის შესაბა­მისობის, უვნებლობის დოკუმენტები და ჟურნალში ჩანა­წერები.
  4. თითოეული ბიზნესოპერატორი ვალდებულია ყოველწლიურად შეადგინოს დეკლარაცია თაფლის საკუთარი მარაგების შესახებ. სარეგისტრაციო ჟურ­ნალში უნდა იქნაეს მოყვანილი მონაცემები ყველა  სახის თაფლის წარმოშობის, მისი რაოდენობის,  მიწო­დების და სავაჭრო ქსელში განთავსების შესახებ.

წარმოშობის დასადასტურებლად გამოიყენება პროდუქტის ანალიზისა და ორგანო­ლეპტიკური ტესტირების შედეგებიც.

მას შემდეგ, რაც დადასტურდება „ნინოწმინდის თაფლის“ წარმომავლობა და შესა­ბამისობა, გაიცემა წერილობითი ნებართვა გეოგრაფიული აღნიშვნის „ნინო­წმინდის თაფლის“ გამოყენებისათვის, სადაც მითითებული იქნება კონკრე­ტული პარტია და თაფლის  ოდენობა.

ეტიკეტირება

მინაში დაფასოებული თაფლის ეტიკეტირება ხდება „თაფლის შესახებ  ტექნიკური  რეგლამენტისა“ და „ტექნიკური რეგლამენტი სურსათის ეტიკეტირებისადმი დამატებითი  მოთხოვნების შესახებ“-ის მოთხოვნათა სრული დაცვით.

ეტიკეტის ცენტრალურ ნაწილში უნდა მიეთითოს „გეოგრაფიული დასახელება ნინოწმინდის თაფლი“ და განთავსდეს მისი ლოგო. ლოგო უნდა განთავსდეს, აგ­რეთ­ვე, ქილის სახურავზეც.

ლათინური შრიფტით – NINOTSMINDA HONEY

რუსული შრიფტით – НИНОЦМИНДСКИЙ МЁД

კონტროლი

თაფლის „ნინოწმინდის თაფლის“ სპეციფიკაციასთან შესაბამისობის შიდა კონტროლს ახორციელებს კოოპერატივი „კოდი“, ხოლო გარე კონტროლი ხორცი­ელ­დება საქართვე­ლოში მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.