ნიუ-იორკში ქართული ღვინის წარდგენა გაიმართა
ნიუ-იორკში, ქართულ რესტორანში Chama Mama-ში გამართულ ღონისძიებაზე, ღვინის ეროვნული სააგენტოს ორგანიზებით ქართული ღვინის წარდგენა გაიმართა.
10 ადგილობრივმა იმპორტიორმა მომხმარებელს 120 ქართული ღვინო დააგემოვნებინეს, რომელებიც აშშ-ის ბაზარზე უკვე წარმატებით იყიდება.
აქვე, პოტენციურ იმპორტიორებს შესაძლებლობა ჰქონდათ, გაცნობოდნენ 118 ღვინის ისეთ ნიმუშს, რომელსაც ამერიკელი მომხმარებელი ჯერ არ იცნობს.
ღვინის ეროვნული სააგენტოს კონტრაქტორი მარკეტინგული კომპანიის ,,Marq Energie Consulting’’ ორგანიზებით გამართულ ღონისძიებას, ღვინით ვაჭრობის სფეროსა და მედიის 100-ზე მეტი წარმომადგენელი დაესწრო.
ქართული ღვინის საექსპორო პოტენციალის გაზრდის მიზნით, ბოლო ერთი თვის განმავლობაში, დეგუსტაციები ვაშინგტონსა და სან-ფრანცისკოშიც გაიმართა.
ამერიკის შეერთებული შტატები ქართული ღვინის სტრატეგიულ ბაზარს წარმოადგენს, სადაც, ღვინის ეროვნული სააგენტოს მიერ განხორციელებული მარკეტინგული ღონისძიებების შედეგად, ექსპორტი ბოლო 7 წელია სტაბილურად მზარდია.
მიმდინარე წლის იანვარ-სექტემბერში, საქართველოდან აშშ-ში ექსპორტირებულია 807 ათასი ბოთლი ღვინო. ზრდამ გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 18% შეადგინა.