ნივრის დარგვის დრო და წესი
ნიორი მეტად სასარგებლო ბოსტნეულია. ის გამოიყენება მედიცინაში, კულინარიაში. ნიორი დიდი რაოდენობით შეიცავს C ვიტამინს, დარიშხანოვან ნივთიერებსაც, რომელთაც სამკურნალო თვისებებიც აქვთ. ნიორი გამოიყენება როგორც ანტისეპტიკური საშუალება.
ნივრის სამშობლოდ შუა აზია, ავღანეთი და ჩრდილო ინდოეთი ითვლება. საქართველოში ნივრის კულტურას მრავალსაუკუნოვანი ისტორია აქვს. ნიორი ერთწლიანი კულტურის სახით მოჰყავთ, მისი ფოთლები ვიწროა, გრძელი თასმისგვარი, ფერით – მუქი მწვანე.
ნივრის პროდუქციული ნაწილი ბოლქვია. ფორმით მომრგვალო ან გრძელი, შეიცავს კბილებს, რომელიც დაფარულია თხელი მოთეთრო-ნაცრისფერი ქერქლით. კბილები ერთი ბოლოთი მიმაგრებულია ძირაკზე, რომლის ქვედა გახევებულ ნაწილს ეწოდება ქუსლი. კბილების ცხარე გემო და სუნი გამოწვეულია ნივრის ეთერზეთებით. ეთერზეთების შემცველობა დამოკიდებულია თავის მხრივ ბოლქვების მომწიფების ხარისხზე. რაც უფრო მომწიფებულია ბოლქვი, მით უფრო მეტ ეთერზეთებს შეიცავს.
ძირითადად არჩევენ ორ ფორმას:
- ჩვეულებრივი ნიორი, მსხვილი ბოლქვებით და გვიანი მომწიფებით ვეგეტაციის პერიოდი 110-დან 150-დღემდე;
- მოვარდისფრო წვრილი ბოლქვებით და ადრე მომწიფებით 90-120დღე.
დარგვის დრო
ნიორი შეიძლება დაირგას შემოდგომაზეც და გაზაფხულზეც. შემოდგომაზე ნიორს რგავენ, ისეთ პერიოდში, რომ დარგულმა კბილებმა სიცივის დაწყებამდე მოასწრო ფესვების გადგმა, მაგრამ აღმოცენება ვერა. შემოდგომაზე დარგული ნიორი უფრო მაღალხარისხიანია და კარგ მოსავალს იძლევა, ვიდრე გაზაფხულზე დარგული. დარგვის საუკეთესო ვადაა ნოემბერი.
საუკეთესო წინამორბედებია კომბოსტო, პომიდორი, წიწაკა, ლობიო. ნიადაგის მომზადება იწყება ნაკვეთის გასუფთავებიდან. მაღალი მოსავლის მისაღებად 1ჰა-ზე შეაქვთ გადამწვარი ნაკელი 40-50 ტონა. ნაკელი აუცილებლად გადამწვარი უნდა იყოს, წინააღმდეგ შემთხვევაში შეიძლება სიდამპლე გამოიწვიოს. ორგანული სასუქის შემდეგ ნიადაგი უნდა დაიდისკოს, დაიფრეზოს დარგვამდე. კომპლექსური მინერალური სასუქის გამოყენების შემდეგ ნიადაგი კარგად გაფხვიერდება და გაიყვანება 6-8სმ. სიღრმის კვლები, 30-35სმ დაშორებით. ნიორი ირგვება 8-10სმ. დაშორებით, მიწის მიყრის შემდეგ მსუბუქად მოიტკეპნება.
გაზაფხულზე აღმოცენებისთანავე ჩატარდება ნიადაგის ორჯერადი გაფხვიერება. სარეველების მოცილება, საჭიროების შემთხვევაში მორწყვა და აზოტოვანი სასუქებით გამოკვება. ამონიუმის გვარჯილა 200-250გ 10კვმ-ზე. მორწყვა უნდა შეწყდეს მოსავლის აღებამდე 20 დღით ადრე.
ნიორი ზიანდება ჟანგით, ხახვის ბუზით, ტკიპებით და სხვა მავნებელი დაავადებებით.
ნივრის ამოღება ხდება მშრალ ამინდში. ფოთლების შეყვითლება, შეხმობა, ბოლქვის გარეგანი აპკისებრ მფარავი ქერქლების გაჩენა სიმწიფის ნიშნად ითვლება. ამოღების შემდეგ ხდება ბოლოქვებიდან ფოჩების 5-6 სმ. დაშორებით გადაჭრა, ჭილებათ ჩამოიკიდება მშრალ ადგილას.
თამარ ვახტანგაძე
სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიური დოქტორი