დარგებივეტერინარია

ნოდულარული დერმატიტი

ნოდულარული (კვანძოვანი) დერმატიტი ვირუსული დაავადებაა, ხასიათდება ცხელებით, ლიმფური სისტემების დაზიანებით, შინაგანი ორგანოებისა და კანქვეშა უჯრედების შეშუპებით, ნეკროზით. ყალიბდება კანქვეშა კვანძები (ბორცვები), საქონელს უზიანდება თვალი, სასუნთქი და საჭმლის მომნელებელი სისტემის ლორწოვანი გარსი.

დაავადება მიეკუთვნება მრპ-ის განსაკუთრებით საშიშ დაავადებას. დაავადებული ცხოველი იკლებს წონაში, წყვეტს წველადობას, არ მოდის ახურებაში, ბუღები დროებით კარგავენ განაყოფიერების უნარს. დაავადება ძნელად გადააქვს სუფთა სისხლის საქონელს, მეწველებს და დასუსტებულს. დაავადების ადვილად გადამტანია ადგილობრივი ჯიშის საქონელი.

ბუნებრივ პირობებში დაავადება გრძელდება 2-დან 4 კვირამდე. მწვავე ფორმის დროს საწყის სტადიაში დაავადებას, როგორც აღვნიშნეთ, ახასიათებს ცხელება (ტემპერატურა ადის 40-410-მდე), მადა უქვეითდება, აქვს ცრემლდენა, ლორწოვანი გამონადენი ცხვირიდან, 48-72 საათის შემდეგ გამოვლინდება კვანძოვანი გამონაყარი _ ბორცვები კანზე, მრგვალი ფორმის, დიამეტრით 0.5-5 სმ. ბორცვების რაოდენობა მერყეობს რამდენიმე ერთეულიდან ასეულამდე, რომელიც შეიძლება აღმოჩნდეს კანის მთელ სიგრძეზე. ადგილობრივი ლიმფური კვანძები გამოკვეთილია, იშვიათ შემთხვევაში პირუტყვი ამჟღავნებს აგრესიულობას. შეიძლება გამოვლინდეს აბორტიც.

მძიმე ფორმის დროს აღენიშნება ხანგრძლივი ცხელება, მადის დაკარგვა, სიგამხდრე. ამონაბორცვები წარმოიქმნება მთელ ტანზე, გარეგან ლორწოვან გარსზე, შეიძლება დაზიანდეს ტრაქეა, საყლაპავი. ემართებათ ფილტვის შეშუპება და იღუპება ასფიქსიით ან ვითარდება ბრონქოპნევმონია. ქვემწვავე მიმდინარეობის დროს კანზე დაზიანება შეუმჩნეველია. დაავადება შემოიფარგლება დროებითი ცხელებით 2-5 დღე, მადა არ აქვს.

ახალდაბადებულ ხბოებში მიმდინარეობს ატიპიური ფორმა, პერიოდული დიარეით, ცხელებით, კანზე დაზიანება არ შეინიშნება. ზრდასრულ პირუტყვს აღენიშნება მადის დაკარგვა, პერიოდული ცხელება.

დაავადება შეიძლება მიმდინარეობდეს უსიმპტომოდაც, მაგრამ, პირუტყვი შეიძლება იყოს ვირუსმატარებელი.

ბორცვაკის გაკვეთისას შემაერთებელი ქსოვილი თეთრი-მორუხო ფერის არის, სქელი კონსისტენციით, კანი და კანქვეშა უჯრედები გაჯირჯვლულია მოწითალო ფერის სითხით. ბორცვაკები ასევე აღინიშნება კუნთოვან ბოჭკოებში, ფილტვებში, მაჭიკში, ფაშვში, საშვილოსნოზე, პლევრაზე, გულზე. ღვიძლში აღინიშნება სისხლჩაქცევები. პოსტმორფოლოგიური მონაცემები იცვლება დაავადების პროცესების განვითარების სტადიაზე.

ტიპიური ფორმის (ბორცვაკებით _ კვანძებით) დიაგნოზირება ადვილია, ატიპიური ფორმების _ რთული. ამ შემთხვევაში აუცილებელია გამოიყოს ვირუსი და მოხდეს მისი იდენტიფიცირება. კლინიკური დიაგნოზი ეფუძნება ეპიზოოტოლოგიურ მონაცემებს და სიმპტომებს.

საბოლოო დიაგნოზი უნდა დაისვას ლაბორატორიული კვლევების საფუძველზე.

დაავადების გამოსავალი ხშირ შემთხვევაში კეთილსაიმედოა, ცხოველთა სიკვდილიანობა მერყეობს 2-10%-მდე. რაც მთავარია, არსებობს დაავადების საწინააღმდეგო ვაქცინები, რომლებიც იმუნიტეტს იძლევა 2-3 წელი. დაავადების წარმოშობის ადგილია აფრიკა.

მკურნალობის სპეციალური მეთოდი არ არის შემუშავებული. შეიძლება გამოვიყენოთ სიმპტომატური მკურნალობისათვის იმუნომოდულატორები (მაგალითად, ქართული წარმოების პრეპარატი დასი _ 25%-იანი ანტიმიკრობული, იმუნომასტიმულირებელი, ანტისტრესული საშუალება _ ჩვენი გამოცდილებით დაავადების გავრცელებას აჩერებს) ელექტროლიტები, ვიტამინების კომპლექსები და ანთების საწინააღმდეგო საშუალებები (ეფექტურია არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალება აინილი (აინილ). შეიძლება გამოიყენოთ ანტიბიოტიკთან ერთად. ასევე კომბინირებული პრეპარატები პრიმაფული, რიბაფლოქსი _ სისტემური გამოყენების ანტიბიოტიკი, ანტიბაქტერიული, ვირუსების საწინააღმდეგო საშუალება).

ძალიან მნიშვნელოვანია დაავადების განვითარების საწყის სტადიაზე დიფერენცირება სხვა დაავადებისაგან, როგორიცაა სტრეპტოტრიქოზი, ონქოცერკოზი, კანის ტუბერკულიოზი, კოღოების ნაკბენი.

აქვე მოგაწვდით ინფორმაციას ამ დაავადებების შესახებ:

სტრეპტოტრიქოზი _ დაავადება, რომელსაც იწვევს სოკო სტრეპტოტრიქოზი (ატიპიური აქტინომიკოზი). ხასიათდება მწვავე ექსუდატური დერმატიტით, პაპილომებით, სველი ეგზემით, მასიური ქერქოვანი ნადებით.

კანის ონქოცერკოზი _ ჰელმინთური (ნემატოდოზი) დაავადებაა, მიმდინარეობს სუბკლინიკური ფორმით.. ჰელმინთის ზრდასრული ფორმა აზიანებს კუჭს, ნაღველს. მატლები კანს _ გადაადგილდებიან კანში. გადაიტანება მოსკიტებით.

კლინიკური სურათი პრაქტიკულად არ ვლინდება.

კანის ტუბერკულოზი _ გავრცელების ტემპის მიხედვით გამოვრიცხავდით.

საბედნიეროდ, სახელმწიფოს მიერ გატარებულმა ღონიძიებებმა შედეგი გამოიღო და დაავადებების გავრცელება შეჩერებულია, თუმცა გაზაფხულსა და ზაფხულშიც, როდესაც გააქტიურებულია კოღოები, ბუზები და სხვა გადამტანი მწერები, დაავადების გავრცელების საფრთხე არსებობს.

ძვირფასო ფერმერებო, პირუტყვში აღნიშნული დაავადების სიმპტომების გაჩენისთანავე დაუკავშირდით ადგილობრივ ვეტსამსახურს.
ცხოველის გვამი იწვება და იმარხება მიწაში. რძე არ გამოიყენება _ არ გაყიდოთ. ხელი შეუწყვეთ დაავადების გავრცელების შეზღუდვას. არაკეთილსაიმედო ადგილებში ჩაატარეთ დეზინფექცია და დეზინსექცია.როგორც აღვნიშნეთ დაავადება გადააქვთ მწერებს, ტკიპებს და ა.შ. ნოდურალური დერმატიტით ადამიანი არ ავადდება.

ფერმერებს, რომლებსაც ჰყავთ შემოყვანილი „ევროპული“ საქონელი, ვურჩევ განსაკუთრებულ ყურადღებას და შიდა უსაფრთხოების ზომების გაძლიერებას, დეზინფექციისა და დეზინსექციის ინტენსიურ ჩატარებას.

მიხეილ ჭიჭაყუა,

„მომავლის ფერმერის” მთ. ვეტკონსულტანტი, ბიოლოგიის დოქტორი,

ჟურნალი „ახალი აგრარული საქართველო“