დარგებიმემცენარეობა

ოლეანდრე _ შხამიანი მცენარე

ოლეანდრე (Nerium oleander) ევრაზიის სუბტროპიკული ზონის მარადმწვანე, ხეშეშფოთლიანი დიდი ბუჩქი ან პატარა ხეა. ბუნებრივად მისი ყვავილი ვარდისფერია, ზოგჯერ თეთრი.

ოლეანდრე  მთელი ზაფხულის განმავლობაში უხვად ყვავის, რაც მისი მთავარი დეკორატიული ღირსებაა. სელექციით გამოყვანილია სხვადასხვა შეფერილობის: თეთრი, კრემისფერი, ატმისფერი, ვარდისფერისა და წითლის სხვადასხვა ტონებით. არის როგორს სადა, ისე ბუთხუზაყვავილიანი ჯიშები.

781590

ოლეანდრე სითბოს მოყვარული მცენარეა. ზამთრის ხანმოკლე ყინვას კარგად უძლებს, მაგრამ თუ გახანგრძლივდა, იყინება. თოვლიანი ზამთრის პირობებში ეყინება ტოტების წვეროები და ფოთლები, თუმცა გაზაფხულზე დაზიანებებს ადვილად მოიშუშებს. გვალვის ამტანია, მაგრამ, წყლის ნაკლებობისას ყვავილობის ხანგრძლივობა მკვეთრად მცირდება. ჰაერის სიმშრალეს კარგად ეგუება, ამიტომ, ერთ-ერთია იმ მცირერიცხოვან მცენარეებს შორის, რომლებიც თბილისში ხანგრძლივად ყვავილობს.

ოლეანდრე ცნობილია, როგორც ძლიერ შხამიანი მცენარე. ისტორიული ფაქტებით დასტურდება, რომ მას იყენებდნენ მოსაწამლად, ან უნებურად იწამლებოდნენ. მაგალითად, არსებობს გადმოცემა, ნაპოლეონის ჯარი ეგვიპტეში იმიტომ დამარხცებულა, რომ ჯარისკაცებს ოლეანდრეს ტოტები ცეცხლის დასანთებად და შამფურებად გამოუყენებიათ. არაბებმა დრო უხელთებიათ და იოლად გაუსწორებიან მოწამლულ დამპყრობლებს.

ოლეანდრეს წვენი მართლაც შეიცავს ძლიერმოქმედ ნივთიერებებს (რომლებიც მოქმედებს გულზე და საჭმლის მომნელებელ სისტემაზე). ისინი, დიდი დოზით შინაგანად მიღებისას, მძიმე მოწამლას იწვევს, რაც შესაძლებელია გამოუსწორებელი შედეგით დამთავრდეს. ასეთი მოქმედება ახასიათებს მხოლოდ მის წვენს, მხოლოდ ლორწოვან გარსზე მოხვედრის შემთხვევაში. ამიტომ, ოლეანდრის მტრობა და მის მიმართ კატეგორიულად უარყოფითი დამოკიდებულება გაუმართლებელია. მხოლოდ მისი წვენის თვალში, ცხვირში და პირში (გადაყლაპვა) მოხვედრას უნდა მოვერიდოთ ჩვენც და გავუფრთხილდეც ბავშვებიც. სხვა მხრივ კი, ზოგადად, მცენარეებს ადამიანებზე სახიფათო არ არის.

ოლეანდრე მზის მოყვარული მცენარეა, ნახევარჩრდილსაც ეგუება. უყვარს მყუდრო ადგილი, თუმცა ქარსაც იტანს, თუ დაბალ ტემპერატურას, წაყინვებსაც.

მცენარე ნიადაგის ნაყოფიერების მიმართ სრულიად უპრეტენზიოა. კარგად იზრდება ფხვიერ, მსუბუქ ნიადაგებზე.  ურჩევნია ჰაერის მაღალი ტენიანობა. ზამთრის ყინვისგან დასაცავად, თუ თუ თოვლი ხანგრძლივი არ იცის, შეიძლება მისი შეფუთვა. თოვლიანი ზამთრის გადატანა უჭირს. არ უყვარს ზედმეტი წყალი.

ოლეანდრე უხვად ყვავის წინა წლის ტოტებზე, რაც ბუჩქის ფორმირების დროს გასათვალისწინებელია.

წინა წლის და უფრო ხნიერი ტოტები ისე უნდა გამოვხშიროთ ან გადავჭრათ, რომ ბუჩქს მივცეთ საშუალება, ბევრი ახალი ტოტი განივითაროს, რომელიც გაისად აყვავდება. ამიტომ ფორმირება რეკომენდებულია გადაყვავილებისთანავე.

ოლეანდრეს, სხვა დასაფასებელ თვისებებთან ერთად, აქვს ის უნარიც, რომ შეეგუოს ქოთნის პირობებს, ამიტომ აივნებისა და ტერასების გასამშვენებლადაც გამოდგება. ქოთანში ისეთი ხშირი ბუჩქი ვერ განვითარდება, როგორც ღია გუნტში, მაგრამ ზრდა-განვითარება და ყვავილობაც დამაკმაყოფილებელი აქვს.

ოლეანდრე მრავლდება თესლით, რომლის აღება შემოდგომიდან გაზაფხულამდე შეგიძლიათ, ყვავილებიდან განვითარებული ვიწრო და გრძელი კოლოფებიდან. თესავენ გაზაფხულზე. ასევე ადვილად მრავლდება ზაფხულის კალმებით და გაზაფხულზე ბუჩქის დაყოფით. კალმები ადვილად ფესვიანდება წყალშიც და ნებისმიერ დასაფესვიანებელ სუბსტრატშიც.

საპატრიარქოს დეკორატიული მებაღეობის

საზოგადოებრივი კოლეჯის პედაგოგი და სამების მებაღე მაია ქურდაძე

წყარო: https://mygarden.ge