აგრარული განათლებამცენარეთა დაცვარუბრიკები

მცენარეთა ინტეგრირებული დაცვა ორგანულ  სოფლის მეურნეობაში

მცენარეთა დაცვაში გულისხმობენ მცენარეთა მავნებლებისა და დაავადებების წინააღმდეგ ბრძოლას. ორგანულ მეურნეობაში მცენარეთა დაცვა გულისხმობს არა მხოლოდ ქიმიური საშუალებების შეცვლას ბიოლოგიური საშუალებებით, არამედ თვით ბრძოლის მიმათ განსხვავებულ დამოკიდებულებას. ორგანულ მეურნეობაში მთავარია არა მცენარის დაავადებებთან ან მავნებლებთან ბრძოლა, არამედ ისეთი ღონისძიებების გატარება, რაც ხელს შეუშლის მავნებელ–დაავადებათა  ძლიერ გავრცელებას.

ბუნებაში ძირითადად ავადდებიან სუსტი მცენარეები, რაც ევოლუციის მთავარ მამოძრავებელ ძალას წარმოადგენს. ძლიერი, საღი ორგანიზმები გადარჩებიან და მრავლდებიან, სუსტი კი ავადდება და იღუპება.

სოკოები, ბაქტერიები, ვირუსები, ტკიპები, მწერები– მცენარეთა სამყაროში სანიტარული პოლიციის როლს ასრულებენ. მაგრამ როცა ეს ორგანიზმები ძალზე მრავლდებიან და კულტურული მცენარეების მოსავლიანობას ამცირებენ,  გვევლინებიან მავნებლებად და მათ მავნებლებს უწოდებენ.

ველურ ბუნებაში ჩვეულებრივ არ ხდება მავნებლების მასიური გამრავლება. მათი რიცხოვნობა რეგულირდება მათივე ბუნებრივი მტრების საშუალებით, ხოლო ადამიანის  მიერ ბუნებრივი კანონზომიერებების გაუთვალისწინებლად ჩარევის შემდეგ მავნე ორგანიზმების  ძლიერი გამრავლება უპირველეს პრობლემად იქცევა. ბოლო ნახევარი საუკუნის განმავლობაში მეცნიერულ-ტექნიკური პროგრესის განვითარებამ, ორგანული ქიმიის მიღწევებმა  ქიმიური მრეწველობის სწრაფი ზრდა განაპირობა, რამაც გამოიწვია სინთეზური ქიმიური საშუალებების რაოდენობრივი და ხარისხობრივი სიუხვე. მავნებლებისა და დაავადებებისაგან მცენარეთა დაცვის მიზნით შეიქმნა უამრავი ქიმიური საშუალებები, რომლებიც შედარებით იაფი, ხელმისაწვდომი და რაც მთავარია ეფექტური აღმოჩნდა მცენარეთა დასაცავად მავნე ორგანიზმებისაგან. მაგრამ ქიმიური ნაერთების გამოყენებამ დადებით მხარეებთან ერთად უარყოფითი შედეგებიც გამოიწვია. კერძოდ დაირღვა ბუნებრივი წონასწორობა ბიოცენოზებში, შემცირდა ან სრულებით განადგურდა უამრავი სასარგებლო ორგანიზმები, რამაც  გამოიწვია მავნე ორგანიზმთა გამრავლება და მათი რიცხოვნობის ზრდა. ნიადაგში, წყალსა და ჰაერში დაგროვდა დიდძალი რაოდენობით ქიმიური ნივთიერებები, რომლებიც ხვდებიან საკვებ პროდუქტებში და განაპირობებენ მისი ხარისხის გაუარესებას, მიიღება ეკოლოგიურად არაჯანსაღი საკვები. აკადემიკოს მალცევის განმარტებით „ დღევანდელი მოსავლის გულისათვის მივდიოდით ნიადაგის, მთლიანად დედამიწის მოწამვლაზე,“   უკანასკნელ პერიოდში, ამ მიზნით ცდილობენ გარემოზე ზემოქმედების გათვალისწინებას,  იქმნება ახალი ტიპის პრეპარატები, რომლებიც ნაკლებად ტოქსიკურ ნაერთებად  გარდაიქმნებიან  ნიადაგში და მცენარეში, მაგრამ ეს მავნებელ– დაავადებათა გავრცელების პრობლემას ვერ წყვეტს. ვინაიდან მავნე ორგანიზმები გამოიმუშავებენ რეზისტენტობას( გამძლეობას, შემგუებლობას), ან ჩნდება მავნებლის ახალი ფორმა, აქედან გამომდინარე მავნებელ–დაავადებათა წინააღმდეგ ბრძოლის ქიმიური მეთოდების გამოყენება მათ რიცხოვნობას კი არ ამცირებს, არამედ პირიქით, მნიშვნელოვნად ზრდის. ამასთან ისიც უნდა აღინიშნოს, რომ  სასარგებლო და სასურველია მცირე ოდენობით მავნებლის არსებობა, რადგან ისინი ხშირად სპეციფიკური სასარგებლო ორგანიზმებისათვის საკვებ ბაზას წარმოადგენენ.        

ორგანული სოფლის მეურნეობის მიზანია ისეთი პირობების შექმნა, როცა მცენარის დაზიანება მავნებელ–დაავადებებით მინიმუმამდე იქნება დაყვანილი. ამ მიზანს ემსახურება ისეთი ღონისძიებების გატარება, როგორიცაა: ჯიშების სწორად შერჩევა, თესლბრუნვა, ნიადაგის სწორი დამუშავება, ხარისხიანი ორგანული სასუქების გამოყენება, სასარგებლო ორგანიზმების განვითარების ხელშეწყობა, მცენარის ფიტოსანიტარული მდგომარეობის გაუმჯობესება, ბალანსირებული კვება და ა.შ. აღნიშნული  ღონისძიებების გატარება დაფუძნებულია აგროტექნიკური, მექანიკური, ფიზიკური, სანიტარულ– ჰიგიენური, ბიოლოგიური, ბიოტექნიკური, ქიმიური მეთოდების შეთანაწყობილ გამოყენებაზე.    

საღი ნიადაგი ჯანმრთელი მცენარის განვითარების წინაპირობაა. აქტიურ, ცოცხალ ნიადაგს ე. წ. ანტიპათოგენური პოტენციალის გამო  დაავადების დათრგუნვის მაღალი უნარი აქვს. ამ თვისების რეალიზაციისათვის ნიადაგს სჭირდება დიდი რაოდენობით ორგანული ნივთიერებები, აერაციისა და წყალმომარაგების ოპტიმალური რეჟიმი.

მავნებელ-დაავადებების მიმართ მცენარის გამძლეობის გამომუშავებისათვის მისი სწორი კვება ერთ–ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია, ამიტომ სასუქების შეტანისას საჭიროა სიფრთხილის დაცვა. ეს განსაკუთრებით ეხება აზოტოვან სასუქებს, რომელთა მაღალი კონცენტრაციით შეტანისას მცენარე სწრაფად ითვისებს, მაგრამ სხვა საკვები ნივთიერებების შეთვისება, რომლებიც საჭიროა მცენარის უჯრედის მტკიცე გარსის ფორმირებისათვის, იმავე სისწრაფით არ ხდება. შედეგად მცენარე სწრაფად იზრდება, მაგრამ მცენარეული უჯრედი დაუცველია სხვადასხვა მავნებელ– დაავადებებისაგან, მაგალითად ნაცრით დაზიანების მიმართ. მეორეს მხრივ, აზოტის ნაკლებობის დროს მცენარე ნაკლებ გამძლეა დაავადებების მიმართ, ამიტომ აუცილებელია მცენარის კვების ოპტიმალური რეჟიმის შერჩევა.   მცენარის დაავადებებისაგან დაცვა შესაძლებელია დასათესი ფართობის, მინდვრის და შესაფერისი ჯიშის  სწორად შერჩევით. მაგალითად კარტოფილის დაავადება–ფიტოფტოროზი ნაკლებად გვხვდება ისეთ  ნაკვეთებზე, სადაც  აერაცია კარგია, რადგანაც  ამ დაავადების გავრცელების ერთ-ერთი ხელშემწყობი ფაქტორი ზედმეტი ტენია. ხოლო  კარგი აერაციის პირობებში ფოთოლი სწრაფად შრება. 

ადგილის გარდა უდიდესი მნიშვნელობა აქვს მცენარის ჯიშის სწორად შერჩევას. უპირატესობა ენიჭება ისეთი ჯიშების შერჩევას, რომლებიც გამძლეობის ფართო დიაპაზონით ხასიათდება და არა რომელიმე კონკრეტული დაავადებისა და მავნებლის მიმართ გამძლე  ჯიშებს, რადგან ცალკეული გამომწვევის მიმართ გამძლეობა მალე ქრება, ვინაიდან იცვლება გამომწვევის ბუნება. ყურადღება უნდა მიექცეს პირველ რიგში იმ დაავადებისა და მავნებლის მიმართ გამძლეობას, რომლებიც კონკრეტულ ადგილზე განსაკუთრებით ხშირად გვხვდება. ორგანულ სოფლის მეურნეობაში დიდი ყურადღება ექცევა ჯიშების შერჩევისას ადგილობრივ ჯიშებს და თვით მეურნის, როგორც სელექციონერის  გამოცდილებას.

მცენარეთა დაცვის პროფილაქტიკურ ღონისძიებებს მიეკუთვნება თესლბრუნვა და შერეული კულტურების თესვა. აღნიშნული ღონისძიება ეფუძნება იმ პრინციპს, რომ მრავალფეროვანი სისტემა უფრო გამძლეა, ვიდრე ერთფეროვანი. ბუნებრივი სისტემები, როგორც წესი, სახეობათა დიდი მრავალფეროვნებით ხასიათდება და შენარჩუნებულია ბუნებრივი წონასწორობა.  

მავნებლების რიცხოვნობის რეგულირებაში მნიშვნელოვანი როლი ენიჭებათ სასარგებლო ორგანიზმებს. ისინი, ისე როგორც მავნებლები, მუდმივად განიცდიან ცვალებადობას და მათაც სჭირდებათ გარკვეული სასიცოცხლო არეალი, რაც გათვალისწინებულ უნდა იქნას ორგანულ მეურნეობაში.

მავნებელთა დაავადებები–სოკოები, რომლებიც ცხოვრობენ დაავადების გამომწვევის ან მავნებლის ხარჯზე, ხელს უშლიან  მათ გავრცელებას–აფეთქებას. სოკო ტრიქოდერმა კარტოფილის დაავადების–ფიტოფტოროზის გამომწვევის გავრცელებას აფერხებს. ქიმიური პრეპარატების–ფუნგიციდების გამოყენება დაავადების გამომწვევთან ერთად ზიანს აყენებს სოკოსაც.

    სასარგებლო პარაზიტების უმრავლესობა მავნებლის სხეულის პარაზიტი მწერებია. მათ რიცხვში არიან ე.წ. მხედრებიც, რომლებიც პრაქტიკულად ყველა მავნებელზე პარაზიტობენ და დიდ ზიანს აყენებენ მათ. ბუგრის პარაზიტი მხედრები კვერცხს დებენ ფოთლის ბუგრის სხეულში, რამდენიმე საათში იქიდან იჩეკება ლარვა და ბუგრი იღუპება. ერთ პარაზიტს 200-დან 1000- მდე ბუგრის განადგურება შეუძლია. ამ პარაზიტის საცხოვრებელი გარემოა აყვავებული მდელო, მამრები კი იზამთრებენ ხე მცენარეების მერქანში. ამდენად ყვავილოვანი და ხე მცენარეების მოშენება მეურნეობაში ხელს უწყობს ამ სასარგებლო პარაზიტის სიცოცხლისუნარიანობას.   

მტაცებლების ჯგუფში ორი ტიპის სასარგებლო ორგანიზმები ერთიანდებიან: ერთნი, რომლებიც მხოლოდ ერთ რომელიმე მავნებელს ემტერებიან და მეორენი, რომლებიც სხვადასხვა მავნებლით იკვებებიან.  ერთ მავნებელზე სპეციალიზირებული მტაცებლის გამრავლებას ამ მავნებლის გარკვეული ოდენობის არსებობა სჭირდება, რაც გასათვალისწინებელია ორგანული მეურნეობის ლანდშაფტის დაგეგმვისას.

ფართო სპექტრის მტაცებლებს მიეკუთვნება: ობობა, ჭიამაია, ნეხვის ჭია, ნახევრადხეშეშფრთიანთა მატლები და სხვა. ისინი უნივერსალური მტაცებლები არიან. ბუგრების   არარსებობისას იკვებებიან  კოლორადოს ხოჭოს მატლებით, ლოკოკინას კვერცხებით და სხვა მავნებლებით, რითაც დიდ ზიანს აყენებენ მათ. ჭიამაია ფოთლის მავნებლის ცნობილი მტერია. წელიწადში იგი ერთ თაობას იძლევა და შეუძლია დაახლოებით 200-600 ბუგრის განადგურება.  მინდვრად ცხოვრობენ აგრეთვე შედარებით დიდი ზომის სასარგებლო ცხოველებიც, როგორიცაა ზღარბი, გომბეშო, ბაყაყი, ხვლიკი და სხვები, რომლებიც მავნებლებით იკვებებიან. ბაღში ბინადრობენ სასარგებლო ფრინველები, რომლებიც ძირითადად მწერებით იკვებებიან.  როგორც ცხოველებს, ასევე ფრინველებსაც სჭირდებათ საცხოვრებელი გარემო, რაც გათვალისწინებულ უნდა იქნას ორგანული მეურნეობის დაგეგმვისას.   

ორგანულ მეურნეობაში მცენარის  ბრძოლისუნარიანობის ამაღლებისათვის მიმართავენ სამკურნალო საშუალებების გამოყენებას, მაგრამ ეს ღონისძიება გამოიყენება იმ შემთხვევაში, როცა მცენარეთა დაცვის სხვა ღონისძიებები ამოწურულია და პრობლემა მაინც არსებობს. მცენარეთა მკურნალობა ხდება მცენარეული ან ბუნებრივი მინერალური პრეპარატებით, რომელთა დამზადება შესაძლებელია მეურნეობის პირობებში ან ზოგიერთი მათგანის შეძენა შესაძლებელია მზა ფორმით.

 ბუნებაში არსებობს შხამიანი ე.წ. პესტიციდური აქტივობის მცენარეები, რომელთაგან დამზადებული ნახარშები, ნაყენი, ფხვნილი ტოქსიკურად მოქმედებს მთელ რიგ ორგანიზმებზე, მაგრამ ნაკლებ ზიანს აყენებს სასარგებლო ორგანიზმებს და მათ შორის ადამიანს. მათი გამოყენება შესაძლებელია ნაყოფის სიმწიფის პერიოდშიც, ისინი არ ანაგვიანებენ გარემოს, ვინაიდან ბუნებაში არსებობს მათი სწრაფად დაშლის მექანიზმები. პესტიციდური აქტივობის მცენარეები ბუნებაში დიდი რაოდენობითაა და შესაძლებელია მათი კულტივირება, თვისებების გაუმჯობესება სელექციისა და აგროტექნიკის გზით. ამასთან ზოგიერთ პესტიციდური აქტივობის მცენარეს ახასიათებს კომპლექსური მოქმედება–მათი გამოყენება შესაძლებელია ერთდროულად რამდენიმე მავნე ორგანიზმის წინააღმდეგ. მცენარეების პესტიციდური აქტივობა განპირობებულია მათში სხვადასხვა შენაერთების არსებობით, როგორიცაა: ალკალოიდები, საპონინები, რთული ეთერები, ეთერზეთები და ა.შ. ამ ნივთიერებების შემცველობა მცენარეში მრავალ ფაქტორზეა დამოკიდებულია, კერძოდ მცენარის განვითარების ფაზებზე, ნიადაგურ–კლიმატურ პირობებზე, მცენარეთა კვების რეჟიმზე და ა.შ. მცენარე „შხამა“ სომხეთის რესპუბლიკის პირობებში ცხოველების მიმართ ტოქსიკურობას არ ამჟღავნებს, მაგრამ საქართველოს პირობებში  მაღალტოქსიკურია ცხოველებისა და სხვადასხვა მწერების მიმართ.  საყურადღებოა ის ფაქტიც, რომ პესტიციდური აქტივობის მქონე მცენარეების ნაყენში, ნახარშსა და ფხვნილში სხვადასხვა ფაქტორების მოქმედებით ხშირად იცვლება მათ შემცველობაში არსებული ნივთიერებების რაოდენობა და ხარისხობრივი მაჩვენებლები, ამიტომ სასურველი ეფექტის მისაღებად აუცილებელია გათვალისწინებულ იქნას დამზადების პირობები, დოზები და   შესხურების ვადების ზუსტი დაცვა.  

ორგანულ სოფლის მეურნეობაში მნიშვნელოვანი როლი ენიჭება აკარიციდული (მავნე ტკიპების), ინსექტიციდური (მავნე მწერების), რეპლენტური (მწერების დამაფრთხობელი), როდენტიციდური (მავნე მღრღნელების), ნემატიციდური (მრგვალი ჭიების), ფუნგიციდური ( სოკოვანი დაავადების), ჰერბიციდური (სარეველა მცენარეების) აქტივობის მცენარეების გამოყენებას მავნებელ– დაავადებების წინააღმდეგ საბრძოლველად.

ინსექტოაკარიციდული აქტივობის მცენარეებია:

აბზინდა, ავშანი, ამორფა, ანწლი, შხამა, იელი, ხარისთვალა და სხვები.

ნემატიციდური აქტივობის მცენარეებია:

აბუსალათინი, ბაღის სატაცური, გულყვითელა, მთის ჩადუნა, ქრიზანთემა, ხავერდა, ზაფრანა და სხვები.    ფუნგიციდური აქტივობის მცენარეებია: მთის ღანძილი, ნიორი, ღანძილი, ღორისქადა და სხვა.   ფიტონციდური აქტივობის მცენარეებია: ნიორი, პირშუშხა, შოთხვი, ხახვი და სხვა.

რეცელენტური აქტივობის მცენარეებია:

გლედიჩია, დიდგულა, თეთრი მდოგვი, ქაფურა, ჩვეულებრივი კანაფი, ძაღლის ენა და სხვა.  ჰერბიციდული აქტივობის მცენარეა ხემყრალი.

A-124-11 Artemisia absinthium

ავშანი, აბზინდა (Artemisia) – მრავალწლოვან, იშვიათად ერთწლოვან, ბუჩქ-ბალახოვან მცენარეთა გვარი რთულყვავი– ლოვანთა ოჯახისა. ავშნის გვარის 500-მდე სახეობიდან კავკასიაში გვხვდება 27, ხოლო საქართველოში – 12 სახეობა. აქვს სწორმდგომი ღერო, ფესვები, ზოგს (ტარხუნა – Artemisia dracunculus) – კარგად განვითარებული ფესურები. ფოთლები დანაკვთულია და უმეტესად ლეგა. პატარა კალათები რთულ საგველანაირ ყვავილედს ქმნის. ნაყოფი თესლურია. ავშნის სახეობათა უმრავლესობა შეიცავს ეთეროვან ზეთებსა და გლიკოზიდებს, რომლებიც მედიცინაშიც იხმარება. ავშნის ზოგიერთი სახეობა (ავშანი–Artemisia fragrans) გავრცელებულია აღმოსავლეთ საქართ– ველოს ველებსა და ნახევრად უდაბნოებში და ქმნის ცხვრის ზამთრის საძოვრებს. ზოგი სახეობა (Artemisia taurica) შხამიანია, განსაკუთრებით ცხენებისათვის. არის აგრეთვე ავშნის დეკორატიული სახეობები-გიეში (Artemisia caucasica) და სარევე– ლები (უჯანგარი-Artemisia annua, მამულა- Artemisia vulgaris, სამწვანე – Artemisia scoparia და სხვა). ავშნის ზოგი სახეობა უდაბნოებში მოძრავ ქვიშებს ამაგრებს. ანწლი (Sambucus)-ყვავილოვან მცენარეთა გვარი ცხრატყავისებრთა ოჯახისა. ბუჩქები ან მცირე ზომის ხეებია, იშვიათად კი მრავალწლოვანი ბალახები. ანწლის ფოთლები ფრთისებრია, მოპირისპირედ განლაგებული, ყვავილები ხუთწევრიანი, აქტინომორფული, ფარის ან ქოლგის მსგავსად შეკრებილი. ნაყოფი წვნიანი, შავი ან წითელი კენკრაა. გავრცელებულია ორივე ნახევარსფეროს ზომიერ და სუბტროპიკულ ზონებში (გარდა ცენტრალურ და სამხრეთ აფრიკისა). ცნობილია 40 სახეობა. მათ შორის საქართველოში 2 – დიდგულა (Sambucus nigra) და საკუთრივ ანწლი (Sambucus ebulus), რომელიც მყრალი ბალახოვანი მცენარეა. აქვს სწორი 0,5-1,5 მ სიმაღლის დაღარული ღერო, საგველასებრ ყვავილედებად შეკრებილი ყვავილები, მრგვალი შავი ნაყოფი. იზრდება ტყის სარტყელში – ფოთლოვან ტყეებში. ტყის პირებზე და სხვა ადგილებში, ზოგჯერ ქმნის რაყას. ყვავილი შეიცავს ეთეროვან ზეთს; ნაყენს მედიცინაში იყენებენ.

იელი (Rhododendron luteum) _ზაფხულმწვანე ბუჩქი როდოდენ– დრონის გვარისა. სიმაღლე 2 მ აღწევს. აქვს სურნელოვანი დიდი, წინწკლებიანი ყვითელი ან ნარინჯისფერი ყვავილები. გავრცელებულია ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში, ბალკანეთსა და მცირე აზიაში, კავკასიასა და უკრაინაში. თითქმის მთელ საქართველოში გვხვდება, უფრო კოლხეთში. იზრდება ზღვის დონიდან 2000 მ-მდე ქვეტყედ, ტყის პირებზე. სუბალპურ სარტყელში ქმნის ბუჩქნარს–იელიანს. ყვავილობს ფოთლის გამოტანამდე ან მასთან ერთად აპრილ-ივნისში. დეკორატიულია, ყვავილობისას ან შემოდგომაზე თავისი კაშკაშა წითლად შეფერილი ფოთლების გამო. მისი ყველა ნაწილი შხამიანია. კულტურაში ცნობილია იელის მრავალი ჰიბრიდული ჯიში.

გულყ ვითელა

გულყვითელა (Calendula) – მრავალწლოვანი ან ერთწლოვანი ბალახოვანი, იშვიათად ბუჩქ-ბალახა მცენარეების გვარი რთულყვავილოვანთა ოჯახისა. აქვთ ჯირკვლოვანი ბუსუსებით შემოსილი 5-60 სმ სიმაღლის ღერო, მოგრძო, ლანცეტა ფოთლები, დიდი ზომის კალათა ყვავილედებად შეკრებილი მოყვითალონარინჯისფერი ყვავილები. ევროპასა და აზიაში გვხვდება გულყვითელას 20-ზე მეტი სახეობა. ძველთაგანვე ცნობილია დეკორატიული სახეობა Calendula officinalis, რომელსაც სამკურნალოდაც იყენებენ. საქართველოში იზრდება გულყვითელას 2 სახეობა: Calendula arvensis და Calendula gracilis.

 ქრიზანთემა (Chrysanthemum) — ერთ და მრავაწლოვან მცენარეთა გვარი რთულყვავილოვანთა ოჯახისა. მათი სიმაღლე 50 – 150 სმ აღწევს. ფოთოლი მუქი მწვანეა, კიდემთლიანი ან კიდენაკვთული, ყვავილები შეკრებილია სხვადასხვა ზომის კალათა ყვავილედად, ნაყოფი თესლურაა. ქრიზანთემის 180 სახეობა გავრცელებულია ევროპაში, აზიასა და აფრიკაში. საქართველოში ველურად არსად არ არის. ბევრი სახეობა გამოყენებულია დეკორატიულ მებაღეობაში. მეყვავილეობის პრაქტიკაში მათ ყოფენ დიდყვავილა და წვრილყვავილა ქრიზანთემებად. ჩინეთში, იაპონიაში, კორეასა და აზიის სხვა ქვეყნებში ქრიზანთემის ღეროს, ფოთოლსა და ყვავილედს იყენებენ საჭმელად, როგორც ბოსტნეულს. შუა აზიაში, ყირიმსა და კავკასიაში ღია გრუნტის მცენარეა. ქრიზანთემა მრავლდება თესლით (უმთავრესად სასელექციო დანიშნულებით) და ვეგეტატიურად.

ზაფრანა

 ზაფრანა, კროკო (Crocus) — მრავალწლოვან ბალახოვან მცენარეთა გვარი ზამბახისებრთა ოჯახისა. გორგლ-ბოლქვიანი მცენარეა. მიწისზედა ღერო არა აქვს და ყვავილი პირდაპირ გორგლისებრი ბოლქვიდან ამოდის. 80-მდე სახეობა გავრცელებულია ევროპასა და სამხრეთ-დასავლეთ აზიაში. საქართველოში 5 სახეობაა. ისინი ძირითადად ალპური მდელოს კომპონენტებია. მხოლოდ 2 სახეობა Crocus adamii და შემოდგომაზე მოყვავილე Crocus speciosus გვხვდება შუა სარტყელში. Crocus autranii ვიწრო ენდემური სახეობაა და მარტო აფხაზეთში იზრდება. Crocus scharojani კი — კავკასიის ენდემია. ზაფრანის ყველა სახეობა ლამაზყვავილიანი, ამიტომ აშენებენ დეკორატიულ მებაღეობაში. Crocus sativus მხოლოდ კულტურაშია ცნობილი და იყენებენ სუნელსანელებლად; მისი წითელი დინგები შეიცავს ძვირფას საღებავს — კროცინს.

მთის ღანძილი (Allium victorialis)  მრავალწლოვანი ბოლქვიანი ბალახოვანი მცენარე შროშანისებრთა ოჯახისა. მისი ღეროს სიგრძე 30-70 სმ აღწევს. ბოლქვი ირიბ ფესურაზე ზის და შემოხვეული აქვს რუხმურა ბადისებრი გარსი. გავრცელებულია ევროპაში, ხმელთაშუაზღვისპირეთსა და ჩრდილოეთ ამერიკაში. საქართველოში იზრდება ტყეებსა და ტყისპირებზე, მდელოებზე, ძირითადად მთის ზედა სარტყელში. იჭმევა მოხარშული და დამწნილებული, გამოიყენება სურავანდის საწინააღმდეგოდ.

ნიორი (Allium sativum) – ერთწლოვანი ბოლქვიანი მცენარე შროშა– ნისებრთა ოჯახისა. ველურად გვხვდება შუა აზიის მთებში, სამხრეთ ყაზახეთში, კავკასიაში. აქვს მუქი მწვანე, ვიწრო და ლანცეტისებრი ფოთოლი. ბოლქვი 2-50-მდე კბილისაგან შედგება. კბილი დაფარულია თხელი აპკით, ხოლო მთლიანად ბოლქვი 2-8 მბზინავი აპკით ან ქერქლით. ნიორის ზოგი ჯიში ივითარებს 60150 სმ სიმაღლის საყვავილე ყლორტს, ყვავილში 60-450-მდე პატარა საჰაერო ბოლქვაკია. ნიორი თესლს არ იძლევა, მრავლდება კბილით და ბოლქვაკით. ბოლქვსა და მწვანე მასას იყენებენ საჭმელად, კულინარიასა და საკონსერვო მრეწველობაში. ნიორის კბილი შეიცავს 35-42% მშრალ ნივთიერებას, 6,0-7,9% ნედლ ცილას, 7,0-28,8 მგ C ვიტამინს, 0,5% რედუცირებულ შაქარს, 20-27% პოლისაქარიდებს და სხვა. ნიორს სპეციფიკურ გემოსა და სუნს აძლევს ეთერზეთი (0,23-0,74%), რომელიც ფიტოციდს შეიცავს (ამიტომ მას იყენებენ ფარმაკოლოგიაში). საქართველოში ნიორის ჯიშია გორული, იმერული და იმერული.

ღორისქადა

 ღორისქადა (Lactuca) — მცენარეთა გვარი რთულყვავილოვანთა ოჯახისა. ერთ, ორ ან მრავალწლოვანი ბალახებია, იშვიათად ნახევრად ბუჩქები. ასზე მეტი სახეობა გავრცელებულია ევრაზიასა და აფრიკაში, მცირე რაოდენობა – ამერიკაში. საქართველოში 8 სახეობა იზრდება უდაბნოსა და ნახევრად უდაბნოს ფორმაციებში, დამლაშებულ ნიადაგზე, ტყისპირებზე, ბუჩქნარებში, მშრალ ფერდობებზე, ნათესებში როგორც სარეველა. ზოგიერთი სახეობა შეიცავს რძეწვენს, რომელიც ჰაერზე მაგრდება.

 

 პირშუშხა (Armoracia) — მრავალწლოვან ბალახოვან მცენარეთა გვარი ჯვაროსანთა ოჯახისა. მოიცავს 2 სახეობას, რომელიც იზრდება ევროპასა და აზიაში. საქართველოში გვხვდება მხოლოდ 1 სახეობა — ჩვეულებრივი პირშუშხა (Armoracia rusticana). მოჰყავთ ბოსტანში. ხშირად ველურდება. ფესვსა და ფოთოლში არის ვიტამინები, ეთეროვანი ზეთები, მინერალური მარილები, ფიტონციდები და ფერმენტი ლიზოციმი. ფესვის ცხარე გემო და სპეციფიკური სუნი გამოწვეულია მასში მდოგვის ზეთისა და გლიკოზიდ სინიგრინის არსებობით. ფესვი იჭმება (ნედლი, მოხარშული), ფესვის გამონაწური კი სურავანდის საწინააღმდეგო საუკეთესო საშუალებაა. მრავლდება ვეგეტატიურად. მოსავალს იღებენ (100-300 ც/ჰა) გვიან შემოდგომაზე.

 შოთხვი (Prunus padus, Padus racemosa) — მცენარის სახეობა ვარდისებრთა ოჯახისა. ზოგი ქლიავს მიაკუთვნებს, ზოგიც — ალუბლის სექციას. ტანდაბალი ხე ან იშვიათად ბუჩქნარია. სიმაღლე 0,6-10 მ. აქვს წაგრძელებული და ხშირი ვარჯი. ქერქი მქრქალია, მოშავო-მონაცისფრო. ფოთლების სიგრძე 3-10 (იშვიათად 15) სმ აღწევს. ყვავილები თეთრი ან ვარდისფერი აქვს. ნაყოფი შავია და სფეროსებრი მოყვანილობის, დიამეტრი — 8-10 მმ. გავრცელების ბუნებრივი არეალია: ჩრდილოეთი აფრიკა (მაროკო), სამხრეთი, ცენტრალური, დასავლეთი, ჩრდილოეთი და აღმოსავლეთი ევროპა, მცირე, ცენტრალური და აღმოსავლეთი აზია, სამხრეთი კავკასია. უპირატესობას ანიჭებს ნოყიერ ნიადაგს. უმეტესწილად იზრდება მდინარეთა ნაპირებზე, მდინარისპირა ტყეებში, ბუჩქნარებში და სხვ. მრავლდება ვეგეტატიურად, ზოგჯერ თესლით. კულტივირებულია როგორც დეკორატიული მცენარე.

 ხახვი ( Állium) — ორწლოვან და მრავალწლოვან მცენარეთა გვარი,  მეცნიერული ლათინური სახელი მისცა კარლ ლინემ, ლათ. allium — წარმოშვებულია ლათინული სიტყვა ნიორისაგან, რომელიც თავის მხრივ, ალბათ დაკავშირებულია  კელტურ სიტყვასთან all — მშუშხავი; მეორე ვერსიით–წარმოშობილია ლათ. halare – სურნელება. ცნობილია რამდენიმე ასეული სახეობა, რომელნიც ჩვეულებრივ იზრდება ჩრდილო ნახევარსფეროში.  ხახვის სამშობლოდ ითვლება სამხრეთ-დასავლეთი აზია. ამ გვარის სხვადასხვა სახეობები იზრდებიან მინდვრებზე, სტეპებში, ტყეებში.

 გლედიჩია (Gleditsia) – ფოთოლმცვენი ხეების გვარი ცეზალპინი– ასებრთა ოჯახისა. ღეროსა და ტოტებზე აქვთ მარტივი ან დატოტვილი ეკლები: ფოთლები ფრთართულია, პატარა მომწვანო ყვავილები მტევნებად არის შეკრებილი. ნაყოფი ბრტყელი პარკია. გლედიჩიას 12 სახეობა გავრცელებულია ჩრდილოეთ და სამხრეთ ამერიკაში, ზომიერსა და სუბტროპიკულ აზიაში, ტროპიკულ აფრიკაში. თალიშში (აზერბაიჯანი) ველურად იზრდება მხოლოდ ერთი

 კასპიური გლედიჩია (Gleditsia caspia) _ კავკასიაში შემორჩენილი მესამეული პერიოდის ფლორის რელიქტია. კულტივირებულია 7 სახეობა. მათგან ძვირფასმექნიანი ჩრდილოამერიკული ჩვეულებრივი გლედიჩია (Gleditsia triacanthos) ძველთაგანვეა მოშენებული ყირიმის, კავკასიის (კერძოდ, საქართველოს) და შუა აზიის ბაღებსა და პარკებში. გლედიჩია სინათლისა და სითბოს მოყვარული, გვალვაგამძლე მცენარეა; იტანს ნიადაგის სუსტ დამლაშებას. იყენებენ ცოცხალ ღობედ, მინდორსაცავი ტყის ზოლების გასაშენებლად და სხვა მერქნისაგან ამზადებენ სხვადასხვა ნაკეთობებს, ნაყოფისაგან – ყავის სუროგატს. თაფლოვანია.

დიდგულა დიდგულა (Sambucus nigra) – მაღალი (3-6 მ) ტოტებგაშლილი ბუჩქი ან დაბალი ხე ცხრატყავასებრთა ოჯახისა. ტოტების გული რბილი და თეთრია. აქვს თეთრი ან მოყვითალო-მოთეთრო ფარისებრსაგველა კენწრულ ყვავილედებად შეკრებილი ყვავილები, მოშავომოიისფრო კენკრასებრი ნაყოფი. გავრცელებულია ჩრდილოეთ და შუა ევროპაში, ხმელთაშუაზღვისპირეთსა და მცირე აზიაში; ყირიმსა და კავკასიაში; საქართველოში -თითქმის ყველგან; იზრდება ტყეში, ტყისპირებსა და ხევებში მთის შუა სარტყლამდე. უმთავრესად ტენიან ფერდობებზე. დიდგულას ქერქს, ყვავილსა და ნაყოფს იყენებენ მედიცინაში. ფოთოლი შეიცავს A ვიტამინს, ნაყოფს იყენებენ საჭმელად და საღებავის დასამზადებლად.

კანაფი

კანაფი (Cannabis) – ერთწლოვანი ბოჭკოვანი მცენარის გვარი კანაფისებრთა ოჯახისა. ცნობილია 3 სახეობა: ჩვეულებრიცი კანაფი (Cannabis sativa), ინდური კანაფი (Cannabis indica) და ველური კანაფი (Cannabis ruderalis). ჩვეულებრივი კანაფი ორსახლიანია (მამრობითი და მდედრობითი კანაფი), ღერო სწორია 0,5-4მ სიმაღლის. ფესვი მთავარღერძიანია, ფოთოლი დანაკვთული, მწვანე. მამრობითი კანაფის ყვავილები საგველა ყვავილედია, მდედრობითი კანაფისა–თავაკისებრი. ნაყოფი ერთთესლიანი კაკლუჭაა. კანაფი იზრდება ჭარბტენიან ნიადაგზე, მოჰყავთ ბოჭკოსათვის. მამრობითი კანაფისგან და ტექნიკური სიმწიფის პერიოდის მდედრობითი კანაფისგან ღებულობენ ბოჭკოს (ქერელს), რომლისგანაც ამზადებენ ქსოვილს. კანაფის სამშობლოა ცენტრალური აზია, მოჰყავთ მრავალ ქვეყანაში; რუსეთის ცენტრალურ შავმიწა ზონაში, სამხრეთ უკრაინაში, ბელორუსიაში, ვოლგისპირეთში, ჩრდილოეთ კავკასიასა და დასავლეთ ციმბირში.

ძაღლის ენა, ოსერო (Cynoglossum) – ორ ან მრავალწლოვან (იშვიათად ერთწლოვან) ბალახოვან მცენარეთა გვარი ლაშქარასებრთა ოჯახისა. გვარში 60 სახეობაა, გავრცელებულია ზომიერ და ტროპიკულ სარტყლებში. საქართველოში 4 სახეობა იზრდება, მეტწილად მშრალ ადგილსამყოფელზე.

სამკურნალო ძაღლის ენა

სამკურნალო ძაღლის ენა (Cynoglossum officinale) _  ისე როგორც სხვა სახეობები, შხამიანია, ფესვი და თესლი შეიცავს ალკალოიდებს (ცინოგლოსინს, ცინოგლოსეინსა და სხვა), გლიკოალკალოიდებს. ფესვსა და ფოთოლს ხალხურ მედიცინაში იყენებენ ტკივილგამაყუჩებელ საშუალებად, ხველების დასაწყნარებლად, საფენებად, აგრეთვე მავნე მწერებისა და მღრღნელების წინააღმდეგ.

შხამიანი მცენარეების გამოყენებაზე რომ ნათელი წარმოდგენა გვქონდეს განვიხილავთ რამდენიმე მაგალითს მათი გამოყენების შესახებ. კვიპაროსის დაქუცმაცებული ფოთლები იცავს მარცვლეულს სხვადასხვა მწერის მატლებისაგან; თამბაქოს ექსტრაქტს ჯერ კიდევ 300 წლის წინათ იყენებდნენ მავნე მწერების წინააღმდეგ; ანწლის ფოთოლი ადვილად ათავისუფლებს კომბოსტოს მწერების მავნე ზემოქმედებისაგან; ნივრის პრეპარატი აფრთხობს ჩრჩილს და მავნე მწერებს.

მავნებელ – დაავადებათა წინააღმდეგ საბრძოლველად მცენარეული პრეპარატების გარდა გამოიყენება მზა ბიოლოგიური პრეპარატები. ქარხნული წესით დამზადებული ბიოპრეპარატების უპირატესობა დამზადების ტექნოლოგიის ზუსტ დაცვაში მდგომარეობს. შინაურ პირობებში პრეპარატის მომზადებისას შეცდომის დაშვების ალბათობა მეტია და შესაბამისად, შესაძლოა საჭირო შედეგი ვერ მივიღოთ. ახალი თაობის ბიოპრეპარატები კი სრულიად უსაფრთხოა გარემოსა და ადამიანისათვის. გამოყენების ინსტრუქციის ზუსტი დაცვის შემთხვევაში გარანტირებულ ეფექტს იძლევა.         უცხოეთის ბაზარზე ბიოპრეპარატების დიდი არჩევანია, თუმცა ბოლო წლებში საქართველოშიც გამოჩნდა ზოგიერთი მათგანი, რომლებიც წარმატებით გამოიყენება რიგი კულტურებისათვის. ეს პრეპარატებია: ფიტოვერმი, ბიტოქსიბა– ცილინი, ნიმ–აცალი, კუპროქსატი, ფიტოლავინ–300.

 ფიტოვერმი – ინსექტოაკარიციდული პრეპარატია სხვადასხვა მავნებლების, მათ შორის ტკიპების საწინააღმდეგოდ, რომელიც მოქმედების ფართო სპექტრით ხასიათდება. იგი ეფექტურია მცენარის ყველა სახის მღრღნელის, ტკიპების, კომბოსტოსა და ბოლოკის თეთრულას, კომბოსტოს ხვატარის, ნაყოფჭამიების და ყველანაირი ბუგრების წინააღმდეგ. უვნებელია ადამიანის, შინაური ცხოველებისა და ფუტკრებისათვის, არ აბინძურებს გარემოს. სწრაფად იშლება ნიადაგსა და წყალში. ფიტოვერმის მიმართ მავნებლები შემგუებლობას არ ამჟღავნებენ. ამდენად დოზების გაზრდაც საჭირო არაა. მისი გამოყენება შეიძლება შემდეგი კულტურებისათვის: კარტოფილი, პომიდორი, ბადრიჯანი, კომბოსტო, ბოლოკი, სხვადასხვა ხილი, ციტრუსები და ვაზი.

ბიტოქსიბაცილინი _ ინსექტოაკარიციდული პრეპარატია, რომელიც მავნებლების საჭმლის მომნელებელ სისტემაზე მოქმედებს. მავნებლის მატლები იკვებებიან შეწამლული ფოთლებით და 2-3 დღეში იღუპებიან. ბიტოქსიბაცილინი ეფექტურია კომბოსტოს ხვატარების, კომბოსტოსა და თალგამის თეთრულას, კოლორადოს ხოჭოს, აბლაბუდიანი ტკიპის და ყურძნის ხოჭოს წინააღმდეგ. უვნებელია ადამიანების, შინაური ცხოველებისა და ფუტკრებისათვის, არ აბინძურებს გარემოს. გამოიყენება აგრეთვე კარტოფილის, პომიდორის, ბადრიჯანის, ვაზისა და სხვა კულტურების მიმართ.

ნიმაცალი – ინსექტოაკარიციდული პრეპარატია, რომელიც მიღებულია ინდოეთში მოზარდი ტროპიკული მცენარიდან. ეფექტურია კომბოსტოს ბუგრისა და ხვატარას, კომბოსტოს და თალგამის თეთრულას, ამერიკული თეთრი პეპელას, ფარიანების, კოლორადოს ხოჭოს წინააღმდეგ საბრძოლველად. გამოიყენება აგრეთვე მეკარტოფილეობაში, მებოსტნეობაში და დეკორატიულ მებაღეობაში.    კუპროქსატი–ეს არის განეიტრალებული შაბიამანი თხევად მდგომარეობაში. არ საჭიროებს კირის დამატებას, შესაძლებელია მისი შერევა მრავალ ფუნგიციდთან და ინსექტიციდთან ერთად. გამოიყენება ვენახში, კარტოფილის, პომიდვრის ნაკვეთებზე, ვაშლისა და ატმის ბაღებში, ჭრაქის, ფიტოფტოროზის, სოკოვანი დაავადების, მიკროორგანიზმების, ქეცის საწინააღმდეგოდ საბრძოლველად.

ფიტოლავინ 300 – ფუნგიციდური აქტივობის პრეპარატია, რომელიც ძირითადად გამოიყენება მებოსტნეობაში ბაქტერიოზების, შავფეხას, ფიტოფტოროზის, ანტრაქნოზის წინააღმდეგ. გარდა ამისა რეკომენდებული დოზებით გამოყენებისას დადებით გავლენას ახდენს მცენარის ზრდაგანვითარებაზე.

 “ელკანას“ სტანდარტი

მავნებლების, დაავადებებისა და სარეველებისაგან მცენარეთა დაცვა დასაშვებია მხოლოდ აგროტექნიკური, მექანიკური, თერმული და ბიოლოგიური მეთოდებით. ასევე ნებადართულია პრეპარატებით, თუმცა დაავადებებისა და სარეველების წინააღმდეგ საბრძოლველად ნიადაგის თერმული სტერილიზაციის მეთოდის გამოყენება შეზღუდულია. – აკრძალულია მცენარეთა დაცვისათვის ქიმიური პესტიციდების გამოყენება, აგრეთვე ისეთი ბუნებრივი შხამებისა , როგორიცაა დარიშხანისა და ტყვიის შემცველი მარილები, რომელთაც ხანგრძლივი მოქმედების უნარი აქვთ და დიდხანს რჩებიან გარემოში; –   აკრძალულია გენური ინჟინერიის მეთოდებით მიღებული კულტურებისა და პრეპარატების გამოყენება; – აკრძალულია ზრდის სინთეზური სტიმულატორების გამოყენება. აგროტექნიკური მეთოდი.  აგროტექნიკური მეთოდი წარმოადგენს მავნე ორგანიზმების წინააღმდეგ მიმართულ მოსპობით და პროფილაქტიკურ ღონისძიებათა კომპლექსს, რომლის მიზანია მავნებლებისა და ავადმყოფობების გამომწვევი პათოგენის არსებობისათვის არახელსაყრელი, ხოლო დასაცავი კულტურის განვითარებჩანაწერის ნახვაისათვის ხელშემწყობი პირობების შექმნა.

აგროტექნიკური მეთოდებიდან დიდი მნიშვნელობა აქვს თესლბრუნვას, ნიადაგის დამუშავებას, მოსავლის აღების შემდეგ დარჩენილი ნარჩენების მოსპობას, დროულად და ხარისხიანად რწყვის ჩატარებას, სარეველებთან ბრძოლას, სასუქების დროულ და ხარისხიანად შეტანას, თესვისა და მოსავლის აღების ვადების დაცვას.

ამ მეთოდის დადებითი მხარე ისაა, რომ  იგი არ   მოითხოვს დამატებით ხარჯებს და სპეციალურ ტექნიკურ შეიარაღებას, საკმარისია მეურნეობაში გამოყენებული აპარატები და ხელსაწყოები. მავნე ორგანიზმების წინააღმდეგ გამოყენებული აგროტექნიკური მეთოდები ეფექტური, მაგრამ არა უნივერსალურია, ვინაიდან ზოგჯერ მისი განხორციელება შეუძლებელია, მაგალითად საძოვრებზე, დაჭაობებულ, მიუვალ ადგილებში  ზოგიერთი სახეობის მოულოდნელად გამრავლებისა და გავრცელებისას. მავნე მწერების უცხოეთიდან შემოტანისას, სარეველებიდან კულტურულ მცენარეებზე გადასვლისას.   სელექციური მეთოდი. მეთოდი დამყარებულია სასოფლო– სამეურნეო ორგანიზმების ახალი ჯიშების გამოყვანაზე, რომლებიც გამძლენი არიან მავნე ორგანიზმების მიმართ. ამის კლასიკური მაგალითია ევროპული და ადგილობრივი ვაზის მყნობა ამერიკულ საძირეზე. მიღებული ჰიბრიდი გამძლეა ვაზის ფილოქსერას მიმართ. ბაქტერიული კიბოს გამძლე კარტოფილის ჯიშების გამოყვანა, მზესუმზირას ალურას წინააღმდეგ მზესუმზირის ჯავშნიანი ჯიშების გამოყვანა და ა.შ.

ბრძოლის ბიოლოგიური მეთოდი 

მავნე ორგანიზმებთან ბრძოლის ბიოლოგიური მეთოდი დაფუძნებულია მათი ბიოლოგიური მტრების–პარაზიტი და მტაცებელი მწერების, ტკიპების, მიკროორგანიზმების (ბაქტერიები, ვირუსები, სოკოები), მწერიჭამია ცხოველების გამოყენებაზე. მეთოდი ითვალისწინებს ერთის მხრივ ენტომოფაგების და აკარიფაგების, ხოლო მეორეს მხრივ ენტომოპათოგენური მიკროორგანიზმების გამოყენებას.

საქართველოში მიმართავენ ხოჭო კრიპტოლემუსის სეზონურ კოლონიზაციას სუბტროპიკული კულტურების, ნაწილობრივ ვაზის, მავნე ფქვილისებრი ცრუფარიანების წინააღმდეგ საბრძოლველად. ჩაის ბუჩქის მავნე ბალიშა ცრუფარიანებს მტაცებელი ხოჭო ჰიპერასპირის გამოყენებით.

ჩვენ პირობებში დადებითადაა გადაჭრილი კომსტოკის ცრუფარიანას პარაზიტი ფსევდოფიკუსის, ბურტყლა ბუგრის პარაზიტი აფელინუსის და ავსტრალიური ღარებიანი ცრუფარიანას მტაცებელი ხოჭოს როდოლიას აკლიმატიზაცია. ფართოდ გამოიყენება მღრღნელი ტიპის პირის ორგანოების მქონე მავნებლების წინააღმდეგ. ბაქტერიების საფუძველზე დამზადებული ბაქტერიული პრეპარატები-ენტობაქტერინი და დენდრობაცილინი.

ასევე რეკომენდებულია პრეპარატი ბოვერინი, რომელიც  წარმოადგენს კაოლინზე დამზადებულ სოკო თეთრი მუსკარდინის სპორების სველებად ფხვნილს და ეფექტურია კოლორადოს ხოჭოს მიმართ.  ციტრუსების ფრთათეთრას წინააღმდეგ ეფექტური საშუალებაა პათოგენი სოკო აშერსონიას სპორების საფუძველზე დამზა– დებული სუსპენზია. მარცვლეული კულტურების თაგვისებრი მღრღნელების მასობრივი გამრავლების წინააღმდეგ ფართოდ გამოიყენება ბიოპრეპარატი ბაქტოროდენციდი. მცენარეთა ავადმყოფობების მიმართ ბიოლოგიური მეთოდით ბრძოლისათვის რეკომენდებულია გამოყენებულ იქნას ანტაგონიზმისა და ჰიპერპარაზიტიზმის მოვლენები, რომელიც გვხვდება ნიადაგში მობინადრე სოკოებს შორის და მათი გავლენით ადგილი აქვს ნიადაგის თვითგაწმენდას. პათოგენური სოკოების რიზოქტონიასა და ფუზარიუმის აქტივობა საგრძნობლად მცირდება ნიადაგის სოკო ტრიქოდერმას მიერ. მისივე გავლენით  მცირდება კომბოსტოს შავფეხას მავნეობაც.

არსებობს მწერების, მცენარეების და ცხოველების უამრავი სახეობები, რომელთა გამოყენებაც შეუძლია ფერმერს მავნებელი მწერების წინააღმდეგ. ასეთი სასარგებლო ორგანიზმების რაოდენობა იმდენად დიდია, რომ ყოველი 100 სახეობის მწერიდან მხოლოდ ერთია მავნებელი. ეს ფაქტი ფერმერს დანარჩენი 99 სახეობის მისი მეურნეობისათვის სასარგებლოდ გამოყენების საშუალებას აძლევს. აღნიშნულ მეთოდს ჰქვია მავნებელი მწერების ბიო-კონტროლი. მართალია იგი ვერ უზრუნველყოფს ყველა მავნებელი მწერის სრულ განადგურებას, მაგრამ ეხმარება ფერმერს მავნებელი მწერების რიცხოვნობის მნიშვნელოვან შემცირებაში.

მავნებელი მწერების ბიო-კონტროლი განსაკუთრებით ეფექტურია იმ შემთხვევაში, თუ სრულად იქნება გამორიცხული ქიმიური ნივთიერებების გამოყენება მეურნეობაში.

ეს მეთოდი არ აბინძურებს გარემოს და მისი გამოყენების შედეგად მიიღება ეკოლოგიურად სუფთა პროდუქცია.  აღსანიშნავია რომ ერთი და იგივე ქიმიური პრეპარატის (ერთი და იგივე მოქმედი ნივთიერების მქონე) სისტემატური გამოყენება ამცირებს მის ეფექტურობას, რადგან ამ შემთხვევაში მავნებელი გამოიმუშავებს იმუნიტეტს და ხდება რეზისტენტული პრეპარატის მოქმედი ნივთიერების მიმართ, რის შედეგადაც კლებულობს პრეპარატის ეფექტურობა და ამ დროს გამოსავალს წარმოადგენს ახალი, სხვა მოქმედი ნივთიერების მქონე პრეპარატის შერჩევა და გამოყენება.

ბრძოლის ბიოლოგიური მეთოდების გამოყენებისას კი მსგავსი პრობლემა გაცილებით ნაკლებ მოსალოდნელია. ამიტომ ბიო–კონტროლის გამოყენება ხშირ შემთხვევებში ხანგრძლივ პერსპექტივაში უფრო ეფექტურია, ვიდრე ქიმიურის.  ბიო-კონტროლი რეგენერაციული მეთოდია და მიმართულია იმ პროცესების გასაძლიერებლად, რომელიც ისედაც მიმდინარეობს ბუნებაში. ამიტომ მისი გამოყენებისას იქმნება სისტემა, რომელიც მოქმედებას განაგრძობს დამოუკიდებლად, რაც ზოგავს დროს და თანხას. თუმცა აუცილებელია მოთმინება იმისათვის რომ დავინახოთ ამ მეთოდის რეალური შედეგი. საჭიროა დრო იმისათვის რომ ჩამოყალიბდეს ბუნებრივი ბალანსის სისტემა მავნებელ და სასარგებლო მწერებს შორის. რაც შეეხება სასარგებლო მწერებს, არსებობს მათი სამი ძირითადი ტიპი: მტაცებელი მწერები, პარაზიტები და დაავადებების მატარებელი მიკროორგანიზმები – ვირუსები და სოკოები.

მტაცებელი მწერებია: ობობები, ჭიამაიები, კრაზანები ნემსიყლაპიები. ისინი ცხოვრების განმავლობაში ანადგურებენ ასეულობით და ათასეულობით მავნებელ მწერს და ამავე დროს არ აზიანებენ კულტურულ მცენარეებს.

პარაზიტი მწერების უმრავლესობა დებს კვერცხს მავნებელი მწერების კვერცხებში, ან თავად მავნებელი მწერების და ცხოველების სხეულში. ასეთი მწერები ცოცხლობენ და ვითარდებიან მავნებელი მწერების ხარჯზე მანამ, სანამ სრულად არ გაანადგურებენ მათ ორგანიზმს. შემდეგ კი იწყებენ ახალი მსხვერპლის ძებნას. პარაზიტების გამოყენება მავნებელი მწერების წინააღმდეგ არის ძალიან ეფექტური მეთოდი, თუმცა ეს პროცესი საკმაოდ შენელებულია.       

ბევრი ვირუსი და სოკო არის მავნებელი მწერებისათვის გამანადგურებელი დაავადების მატარებელი. მათი გავრცელება ხდება თავად მწერების მიერ და ხშირ შემთხვევაში შესაძლებელია განადგურდეს მავნებელ მწერთა მთელი პოპულაციები დროის მოკლე შუალედში.

მავნებელ მწერთა ბიო-კონტროლისათვის და იმისათვის რომ საკუთარ მეურნეობაში გაჩნდნენ ეს სასარგებლო ორგანიზმები საჭიროა გამოყენებული იქნას შემდეგი მეთოდები: 1.სხვადასხვა სახეობის კულტურების ერთმანეთში შერევა. ამის მარტივი მაგალითია სიმინდის და ლობიოს ერთდროული წარმოება;

2.კულტურათა მონაცვლეობა. იგი აფერხებს მავნებელ მწერთა გავრცელებას. ყოველწლიური კულტურათა მონაცვლეობა ხელს უშლის მავნებელ მწერებს მუდმივი საცხოვრებელი გარემოს შექმნაში;

3.დამაფრთხობელი ეფექტის მქონე კულტურათა თესვა ძირითად კულტურასთან ერთად.  მაგ. კარტოფილთან ერთად პარკოსნების შეთესვა. გარდა იმისა რომ პარკოსანი კულტურები ნიადაგს აზოტით ამდიდრებენ, მათი სუნი აფრთხობს მავნებელს. ყველა მნიშვნელოვანი სასიცოცხლო პროცესი გარკვეულ ბუნებრივ რიტმს ექვემდებარება, ამიტომაც ეს უკანასკნელი ნებისმიერი ცოცხალი ორგანიზმის ცხოვრებაში უზარმაზარ როლს თამაშობს. ორგანული მეურნეობა ცდილობს ამ რიტმებზე დაფუძნებით და მათი გონივრული გამოყენებით ხელი შეუწყოს კულტურული მცენარეების ზრდის პროცესს და გააუმჯობესოს პროდუქციის ხარისხი. ნიადაგისა და მცენარეების რიტმული სასიცოცხლო პროცესების რეგულირების

ერთ-ერთი ოპტიმალური მეთოდია ბიოდინამიური პრეპარატების გამოყენება. ბიოდინამიური პრეპარატების ეფექტურობა მოსავლიანობისა და პროდუქტის ხარისხის ზრდის თვალსაზრისით ათწლეულების მანძილზე მრავალი მკვლევარების მიერ ჩატარებული ცდებით იქნა დადასტურებული.

ძირითადი შესასხურებელი პრეპარატები. ბიოდინამიურ შესასხურებელ პრეპარატებს წარმოადგენენ ჰორნმისტ და ჰორნკიზელ პრეპარატები. (Hozen – გერმანულად რკა Mist – ნაკელი და Kiesel – კაჟი) რომლებითაც შესაძლებელია დათესვიდან მწიფობამდე მცენარეთა ზრდის პროცესის რეგულირება. ჰორნმისტ პრეპარატი ხელს უწყობს მცენარეების მიწისქვეშა ნაწილებში მიმდინარე სასიცოცხლო პროცესებს, კერძოდ ფესვის განვითარებას და მცენარის მიწისზედა ნაწილების საკვები ნივთიერებებით უკეთ მომარაგებას, აგრეთვე უადვილებს მცენარეებს ნიადაგის ღრმა ფენებიდან წყლის შეწოვას. შესასხურებელი ხსნარის მომზადება ხდება უშუალოდ შესხურების წინ, ვინაიდან 3-4 სათის შემდეგ იგი კარგავს თავის ძალას. მომზადებისას გამოიყენება ხის, თიხის, მინის ან პლატმასის ჭურჭელი. მეტალის ჭურჭლის გამოყენება დაუშვებელია. გამხსნელად გამოიყენება 30-400C-ზე გამთბარი წყალი, უმჯობესია მზეზე გამთბარი წყაროს წყალი. შესაძლებელია მზეზე გამთბარი წვიმის წყლის გამოყენებაც. პრეპარატის მომზადებისას მოსარევად გამოიყენება აგრეთვე ხის ჯოხი, რომელსაც სპირალურად ჭურჭლის კედლებიდან ცენტრისაკენ ვამოძრავებთ ერთი საათის განმავლობაში განუწყვეტლივ.

ჰორნმისტ პრეპარატით შესხურება უნდა მოხდეს უშუალოდ დათესვის წინ, დასათესად გამზადებული კვალი სამჯერ უნდა მოვრწყოთ ათწუთიანი ინტერვალით. ღონისძიების ჩატარება უმჯობესია დღის მეორე ნახევარში – საღამოხანს. სასურველია ღრუბლიან და უნალექო ამინდში.

იგი მზადდება ბიომეურნეობაში. მეწველი ძროხის ფურის რქაში ათავსებენ შიგთავსს, რომელიც წარმოადგენს საქონლის ნაკელს, ოღონდ ისეთი ცხოველებისა, რომლებიც ნახირში დადიან და არა მუდმივად ბაგიდან იკვებებიან და ბოსლიდან გარეთ არ გადიან. ოქტომბერში ნაკელით ამოვსებული რქა იფლება ნიადაგში  30-40სმ-ის სიღრმეზე. (ბოსტანში ან ყანაში, სადაც საუკეთესო ნიადაგია). ადრე გაზაფხულზე რქას ამოთხრიან და შიგთავსებიდან ამზადებენ პრეპარატს.  (30გ იხსნება 10 ლ წყალში 2500მ2). ჰორნკიზელ პრეპარატი ხელს უწყობს მცენარის მიწისზედა ნაწილების სასიცოცხლო პროცესების გააქტიურებას, ნაყოფის წარმოქმნასა და დამწიფებას.

ამ პრეპარატის მომზადება იმავე წესით ხდება, რაც ჰორნმისტ პრეპარატისა, ოღონდ დოზებია შეცვლილი, 1გ პრეპარატი იხსნება 10 ლიტრ თბილ წყალში და საკმარისია 2000მ2 ფართობისათვის.

ჰორნკიზელ პრეპარატის შესხურება  უნდა მოხდეს ჩითილის ღია გრუნტში დარგვიდან დაახლოებთით 1-1,5 თვის შემდეგ. მცენარეებს პრეპარატი უნდა შეასხურონ 3-ჯერ 9 დღიანი ინტერვალით. ამ ღონისძიებების ჩატარება უმჯობესია მზიან ამინდში, დღის პირველ ნახევარში, მზის ამოსვლის შემდეგ. როგორც ავღნიშნეთ ფოთლის მცენარეს უნდა შესხურდეს ფოთლის დღეს და ა.შ. სხვა მცენარეებისთვის იგი მზადდება, როგორც ჰორნმისტ პრეპარატი – მეწველი ძროხის რქა და მთის ბროლის ფხნილისაგან. აღდგომის შემდეგ მთის ბროლის კრისტალებს წვრილად ფშვნიან, ასველებენ და ათავსებენ რქაში. წყლის აორთქლების შემდეგ ფხვნილი ჯდება და მაგრდება. შემდეგ რქას ათავსებენ ნოყიერ ნიადაგში  30-40 სმ-ის სიღრმეზე და ინახავენ ადრე გაზაფხულამდე. შემდეგ ამოთხრიან და მისგან ამზადებენ შესასხურებელ პრეპარატს.

სამკურნალო საშუალებებს ანუ უშუალო ბრძოლას ბიომეურნეობაში მხოლოდ მაშინ მიმართავენ, როდესაც ნიადაგისა და მცენარის  თავდაცვისუნარიანობის ღონისძიებები ამოწურულია, პრობლემა კი მაინც არსებობს.  ბიომეურნეობაში მცენარის მკურნალობა, მოვლა ან მისი ბრძოლისუნარიანობის ამაღლება მცენარეული ან ბუნებრივი მინერალური პრეპარატებით ხდება. მათი დამზადება შესაძლებელია სახლის პირობებშიც, ზოგიერთი მათგანის შეძენა მზა ფორმითაც ხდება. სახლის პირობებში პრეპარატების დამზადება ხდება შხამიანი პესტიციდური აქტივობის მცენარეების გამოყენებით, რომელთაგან დამზადებული ნახარში, ნაყენი, ფხვნილი ტოქსიკურად მოქმედებს მავნე ორგანიზმებზე და ნაკლებ საშიშია კულტურულ მცენარეებისათვის. მათი გამოყენება შეიძლება ნაყოფის სიმწიფის პერიოდშიც. მექანიკური მეთოდი.  მავნებელ–ავადმყოფობებთან ბრძოლის მექანიკური მეთოდი გულისხმობს მავნებლების სხვადასხვა დამჭერების გამოყენებას, მათი გადაადგილებისათვის ხელის შეშლას, მათი საბინადრო ადგილის მოსპობას, საჭერი სარტყლების, წებოს რგოლების გამოყენებას, დაავადებული და გამხმარი ტოტების შეჭრას, შტამბისა და დედა ტოტების გაფხეკას, ფუღუროების ამოვსებას. ფიზიკური მეთოდი.

ამ მეთოდებიდან ფართოდ გამოიყენება ხელოვნურ სინათლეზე ან ულტრაიისფერ გამოსხივებაზე მწერების, განსაკუთრებით პეპლების მიზიდვა. აღსანიშნავია დაბალი ტემპერატურის გამოყენების მეთოდი მარცვლეულისა და ხილის შენახვის პირობებში მავნებლებისაგან გასაუვნებლად, ასევე მაღალი ტემპერატურის ანუ გაცხელება სოკოვანი და ბაქტერიული ინფექციების მოსასპობად. პერსპექტიულადაა მიჩნეული რადიოაქტიური გამოსხივების გამოყენება მავნებლის სტერილიზაციისათვის, რისთვისაც ლაბორატორიაში გამრავლე-ბული მწერის ჭუპრებს ასხივებენ კობალტის რადიოიზოტოპით, რის შედეგადაც ჭუპრიდან გამოფრენილი მამრები ხდებიან უნაყოფონი და მათ უშვებენ ნაკვეთებში.

ბიოტექნიკური მეთოდი. მეთოდი გულისხმობს ისეთი საშუალებების გამოყენებას, რომელიც უშუალოდ კი არ სპობს მავნებელს, არამედ ხელს უწყობს მათი მავნეობის ლიკვიდაციას. აღსანიშნავია მიმზიდველი ნივთიერებების-ატრაქტანტების, ე.წ. ფერომონების ანუ სქესდამჭერების გამოყენება, მაგრამ ბრძოლის ეს მეთოდი ჯერ–ჯერობით პრაქტიკულად გამოუყენებელია. სარეველა მცენარეებთან  ბრძოლის ღონისძიებები. სასოფლოსამეურნეო კულტურათა ნათესების და ნარგავების დასარევლიანებასთან საბრძოლველად მიმართავენ გარკვეულ ღონისძიებათა კომპლექსს, რომელთა ჩატარება  სარეველა მცენარეთა რაოდენობის შემცირებისა და მოსავლიანობის გადიდების საწინდარია.

სარეველა მცენარეთა წინააღმდეგ ბრძოლის ღონისძიებათა სისტემის შემუშავებისათვის მნიშვნელოვანია სარეველა მცენარეთა ბიოლოგიური თავისებურებების, მათი სახეობრივი შედგენილობის, დასარევლიანების ხარისხისა და ხასიათის გათვალისწინება.

სარეველა მცენარეთა რაოდენობა, სახეობრივი შედგენილობა სისტემატიურად    იცვლება სხვადასხვა ფაქტო– რების: კლიმატის, ნიადაგის, სარწყავი წყლის, ქარის, ბრძოლის ღონისძიებათა სისტემის, ნიადაგის დამუშავების, ცხოველის, ფრინველის, გამოყენებული სათესლე მასალის და სხვათა გავლენით. ამიტომ სარეველა მცენარეთა  წინააღმდეგ ბრძოლა წარმატებული რომ იყოს, ყოველწლიურად უნდა მიმდინა– რეობდეს სარეველა მცენარეთა აღრიცხვა და მის საფუძველზე დასარევლიანების რუკის შედგენა და ბრძოლა. ყოველივე ეს საშუალებას მოგვცემს აგრეთვე განვსაზღვროთ განხორ– ციელებულ ბრძოლის ღონისძიებათა შედეგი და შევიტანოთ გარკვეული კორექტირება არსებულ ბრძოლის ღონისძიებათა სისტემაში.

ორგანული მიწათმოქმედების მიზანი არაა ნათესების მთლიანად განთავისუფლება სარეველებისაგან. პირიქით, სასურველია მინდვრად სარეველების ისეთი ოდენობით  შენარჩუნება, როგორიც ხელს შეუწყობს კულტურული მცენარის ზრდა-განვითარებას, მაგრამ არ შეაფერხებს სასოფლო-სამეურნეო ღონისძიებების ჩატარებასა და მოსავლის აღებას. მინდვრად სარეველა მცენარეთა არსებობის დადებით შედეგს წარმოადგენს ის, რომ ისინი სასარგებლო ორგანიზმების საცხოვრებელ გარემოსა და საკვებს წარმოადგენენ; ხელს უშლიან ნიადაგის ეროზიას; აუმჯობესებენ ნიადაგის სტრუქტურას; ითვისებენ ზედმეტ საკვებ ნივთიერებებს; აფხვიერებენ ნიადაგს; სიკვდილის შემდეგ ქმნიან საკვებ ბაზას მიკროორგანიზმებისათვის; წარმოადგენენ ნიადაგის შეფასების ინდიკატორებს, მაგალითად მჟავე ნიადაგებზე იზრდება მინდვრის შვიტა, მრავალძარღვა, ბოსტნის ია, დედოფლის თითა და სხვა;  სუსტ მჟავე და ნეიტრალურ ნიადაგებზე იზრდება იაჟუჟუნა, ხვართქლა, მხოხავი ჟანგა, ბაღის ნარი და ა.შ.

სარეველების ცალკეული სახეობების  დიდი  ინტენსივობით გავრცელება  შესაძლოა გამოწვეული იყოს სხვადასხვა მიზეზით. სხვადასხვა სარეველა კარგად ვითარდება, თუ მას და კულტურულ მცენარეს განვითარების მსგავსი რიტმი აქვს. ასეთ შემთხვევაში უკეთ ადაპტირებული სარეველა მცენარე ასწრებს ამოსვლას კულტურულ მცენარეს, ართმევს საკვებ ნივთიერებებს და ადვილად ჩაგრავს მას. მაგალითად ნიადაგის სტრუქტურის დაზიანება ასუსტებს კულტურულ მცენარეს, ხოლო უფრო გამძლე სარეველა მცენარე უკეთ ვრცელდება. დროულად დამუშავებული, ჰუმუსით მდიდარ ნიადაგზე კი ძლიერი კულტურული მცენარე ვითარდება, რომელიც ადვილად აძევებს სარეველა მცენარეს.

ცალკეული სარეველების გავრცელების ხელშემწყობი ფაქტორია მონოკულტურების თესვა, რაც ხელს უწყობს სპეციფიკური სარეველების გამრავლება–გაძლიერებას. მაგალითად საშემოდგომო ხორბლის ნათესებში ხშირად გვხვდება საგველა, მდელოს მელიკუდა, ყაყაჩო. საგაზაფხულო ხორბლის ნათესებში კი ბოლოკურა, შვრიუკა. კარგად დაგეგმილი თესლბრუნვა და კულტურათა მონაცვლეობა ამცირებს დასარევლიანებას. ორგანულ მეურნეობაში გატარებული ყველა ღონისძიება, რომელიც ნიადაგის სტრუქტურის გაუმჯობესებას, ჰუმუსით მის გამდიდრებას, კულტურული მცენარის გაძლიერებას და მისი კონკურენტუნარიანობის გაზრდას ემსახურება, რეალურად ამცირებს სარეველების რიცხოვნობას. ორგანულ მეურნეობაში  ძირითადად გამოიყენება სარეველებთან ბრძოლის მექანიკური მეთოდები.

სარეველა მცენარეთა წინააღმდეგ ბრძოლის ღონისძიებები იყოფა ორ ჯგუფად: გამაფრთხილებელ  და მოსპობით ბრძოლის ღონისძიებებად. გამაფრთხილებელი ღონისძიებები. გამაფრთხილებელი ზომები წინააღმდეგობას უწევს სარეველების შემოტანასა და გამრავლებას მინდვრებზე. ასეთ ღონისძიებებს მიეკუთვნება: თესლბრუნვაში კულტურათა სწორი მორიგეობა, სათესლე მასალის გულდასმით გაწმენდა, თესვის ოპტიმალური ვადებისა და წესების დაცვა, დარაიონებული ჯიშების გამოყენება, სარეველების თავის დროზე განადგურება, მოსავლის თავის დროზე და მაღალხარისხოვნად აღება, ცხოველთა კვება დაფქული  ნარჩენებით, ნიადაგის განოყიების მიზნით მხოლოდ გადამწვარი ნაკელის გამოყენება, სარეველების საწინააღმდეგო კარანტინის დაცვა. სათესი მასალის გაწმენდა სარეველათა თესლისაგან.  სარეველებისაგან გაწმენდილი და კარგად დახარისხებული თესლი დათესილი უნდა იქნეს რაციონალური ნორმით, ოპტიმალურ ვადებში, თესვის პროგრესული წესით, ამით მივაღწევთ იმას, რომ სათეს ფართობზე კულტურის თესლთან ერთად ვეღარ შევა სარეველა მცენარეთა თესლი; კულტურა მთლიანად აავსებს სათეს ფართობს და სარეველებისათვის ადგილი აღარ დარჩება. ოპტიმალურ ვადაში დათესილი კულტურა კარგად განვითარდება და თვითონ ჩაახშობს სარეველა მცენარეებს. გზის პირების, ღობის ძირებისა და სხვა მსგავსი ადგილების წესრიგში მოყვანა-გაწმენდა სარეველებისაგან. გზისპირები, ღობისძირები და სხვა მსგავსი ადგილები  სისტემატიურად უნდა იწმინდებოდეს, ითიბებოდეს, რათა სარეველებს განვითარების საშუალება არ მიეცეს.

ვაშინგტონის შტატის ბიომეურნეობებში თხებს იყენებენ სარეველებთან ბრძოლისათვის. ამა თუ იმ კულტურის დათესვამდე თხებს ნაკვეთებში უშვებენ, სადაც ისინი სარეველა ბალახებს ძოვენ    ნაკელის სწორი შენახვა. ზოგიერთი სარეველა მცენარის თესლი ცხოველის კუჭნაწლავში  გავლის შემდეგ ინარჩუნებს აღმოცენების უნარს. ნაკელის გადაწვის პროცესში კი შესაძლებებია ყველა სარეველა მცენარის თესლმა დაკარგოს აღმოცენების უნარი, რადგან ნაკელის ბიოლოგიური წვის პროცესში გამოიყოფა ტემპერატურა, რომელიც სპობს სარეველა მცენარეთა თესლს. ნაკელი უნდა ინახებოდეს სპეციალურ სანაკელე ორმოებში, გარკვეული დროის განმავლობაში, მის სრულ გადაწვამდე.

კარანტინი.  კარანტინი ორგვარია: შიგა და გარე. შიგა კარანტინი გზას უხშობს რაიონიდან რაიონში, რეგიონიდან რეგიონში სარეველების გადატანას და მათ გამრავლებას. საგარეო კარანტინის ამოცანაა არ დაუშვას საზღვარგარეთიდან სათესი მასალის, ნერგებისა და სხვა მასალების შემოტანის დროს სარეველა მცენარეთა შემოყოლება. საკარანტინო ღონისძიებებია: საკარანტინო სარეველებით დასარევლიანებული სათესლე მასალის დასათესად გამოყენებისა და გადატანის აკრძალვა, სათესლე მასალის პარტია, რომლის გაწმენდა – გასუფთავება არ ხერხდება საკარანტინო სარეველებისაგან, უნდა მოისპოს– დაიფქვას ან დაიწვას; საკარანტინო სარეველებით დასარევ– ლიანებული კერები სასწრაფოდ უნდა განადგურდეს; მანქანა – იარაღები, ტარა, რომლებიც გამოყენებული იყო საკარანტინო სარეველებით დასარევლიანებული სათესლე მასალის გაწმენდის ან გადაზიდვისათვის, გულდასმით უნდა გაიწმინდოს; ნარჩენები, რომლებიც გამოიყოფა საკარანტინო სარეველებით დასარევლი– ანებული სათესლე მასალის გაწმენდის დროს  უნდა დაიწვას.

ფართოდაა გავრცელებული გაღივების უნარის მქონე სარეველა მცენარეთა თესლებისათვის პროვოკაციული წესი, კულტურულ მცენარეთაგან თავისუფალ პერიოდში სარეველა ბალახების გაღივებისათვის მაქსიმალურად ხელშემწყობი პირობების შექმნა. გაღივებული და აღმოცენებული სარეველები სხვადასხვა იარაღით ისპობა. ორგანულ მეურნეობაში განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს ბიოლოგიური წესით სარეველების მოსპობა. კულტურულ მცენარეთა  თვისებებისა და სარეველების სახეობრივი  შედგენილობის მიხედვით გამოიყენება რამდენიმე ხერხი:  მწერებისა და ნემატოდების გამოყენება. სარეველათა წინააღმდეგ ბრძოლის ბიოლოგიური მეთოდი გულისხმობს   მწერების,  ნემატოდების  და ფიტოპათოგენური მიკროორგანიზმების გამოყენებას.

მწარას დასათრგუნად იყენებენ მწარას ნემატოდას, ღიჭასი-ფოთოლჭამიის მწერის მატლებს, ჯვაროსანთა-რაფსის მხერხავას, ხვართქლების – ცხვირგრძელებს. მზესუმზირას ნათესებში ბუზი კელაპტარას მცენარეზე დებს კვერცხს და მისგან გამოჩეკილი მატლები 70%-მდე ამცირებს მის სათესლე პროდუქტიულობას. ავშანფოთლიანი ამბროზიის წინააღმდეგ გამოიყენება ამბროზიის ხვატარი. ფიტოგენური მიკროორგანიზმები.

ფიტოგენური მიკროორგანიზმები აზიანებენ სარეველების ვეგეტატიურ და გენერაციულ ორგანოებს. სოკო პუცინისა და ჟანგას სპორები მკვეთრად ამცირებენ ფოტოსინთეზურ ფუნქციონირებას და იწვევენ თვით მინდვრის ნარის დაღუპვას. ალტერნარიოზის სოკოს სპორები ხვდებიან რა აბრეშუმას ღეროებზე, სწრაფად ღივდებიან, მრავლდებიან და ორი კვირის განმავლობაში კლავენ მცენარე პარაზიტს. მოსპობითი ღონისძიებები. მოსპობითი ღონისძიებები მიმარ– თულია უშუალოდ სარეველების, მათი თესლების და ვეგეტატიური ნაწილების მექანიკური და ბიოლოგიური საშუალებებით მოსპობისაკენ.

ამ ღონისძიებებს მიეკუთვნება ე.წ. პროვოკაციული წესი, რომლის დროსაც დასარევლიანებულ ნაკვეთზე, კულტურულ მცენარეთაგან თავისუფალ პერიოდში ხდება სარეველათა პროვოკაციული აღმოცენება და შემდეგ მათი ჩახვნა ნიადაგში. სარეველათა მოსპობის ეს წესი გამოიყენება ნიადაგის თესვის წინა და თესვის შემდგომი დამუშავების დროს. ფესურების გამოფიტვის მეთოდი. ფესურების გამოფიტვის მეთოდის დროს ხდება ნიადაგის ზედაპირზე გამოჩენილი ფესვნაყარიანი სარეველების როზეტების მრავალჯერადი მოჭრა. ამასთან ჩქარდება კვირტების გაღვიძება და ახალი წამონაზარდის წარმოქმნა. ამ მეთოდს იყენებენ მინდვრის ნარის, ღორის ქადას, ღიჭას, მწარას, ხვართქლას და ა.შ. წინააღმდეგ. ფესურების ამოხუთვის მეთოდი.

ფესურების ამოხუთვის მეთოდი გამოიყენება გამრავლების ვეგეტატიური ორგანოების მოსასპობად, ღრმად კვალის ფსკერზე ჩახვნით. ამ შემთხვევაში ნიადაგს ჯვარედინად ამუშავებენ დისკოსებრი იარაღებით ფესვების ძირითადი მასის განლაგების 10-20სმ სიღრმეზე. ვეგეტატიური მასის დაქუცმაცების შედეგად სწრაფად იღვიძებენ  „მიძინებული“ კვირტები. წამონაზარდის გაკეთებისთანავე უნდა მოხდეს მათი ჩახვნა წინმხვნელიანი გუთნით. კვალის ფსკერზე ჩაყრილი ფესურების ნაწილაკები გაღვიძებული კვირტებით უმრავლეს შემთხვევაში არ იძლევიან აღმონაცენს, რადგან დახარჯეს კვების ელემენტების მნიშვნელოვანი რაოდენობა.

რაც უფრო წვრილად არის დაქუცმაცებული სარეველების ვეგეტატიური მასა და რაც უფრო სრულად არის ისინი ნიადაგში ჩახნული, მით მეტი სარეველა დაიღუპება. ფესურების გახმობა. ფესურების გახმობის მეთოდის გამოყენებისას გვალვიან პეროიდში ხვნისას ფესურას აშრობენ მზეზე. ისინი ამოაქვთ ნიადაგის ზედაპირთან ახლოს, სადაც 15-20 დღის შემდეგ ფესურა ხმება და ისპობა. მოსპობითი ღონისძიებებიდან მნიშვნელოვანია ნიადაგის დამუშავების სწორი სისტემის განხორციელება. ნაწვერალის გონივრული დამუშავება, კულტურული ხვნა, მზრალად ხვნის, თესვისწინა დამუშავების დროულად შესრულება, თესლბრუნვების შემოღება, რადგან კულტურათა სწორი მორიგეობის დროს ისპობა მრავალი სარეველა მცენარე.

ნუნუ ნაკაშიძე, დარეჯან ჯაში,

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტი