აგრარული განათლებააგროტექნოლოგიებიმებოსტნეობა

ორგანული სუბსტრატები _ ბოსტნეულის წარმოება ჰიდროპონიკურ სათბურებში 

ჰიდროპონიკურ სათბურებში ბოსტნეულის წარმოებას ჩვეულებრივ გრუნტთან შედარებით მრავალი უპირატესობა გააჩნია. ჰიდროპონიკის შემთხვევაში (ხელოვნურ სუბსტრატზე წარმოება ნიადაგის გარეშე) რაციონალურად ვიყენებთ ტერიტორიას, უმჯობესდება მცენარის ფესვთა სისტემის კვების პირობები, იქმნება წყლისა და ჰაერის ხელსაყრელი რეჟიმი.
მებოსტნეობაში ეს მეთოდი უდიდეს შესაძლებლობებს იძლევა წარმოების მექანიზაციისა და ავტომატიზაციისთვის. ჰიდროპონიკურ სათბურებში ჩვეულებრივ გრუნტთან შედარებით, შესაძლებელია 25-30 % -ით მეტი მოსავლის მიღება
დღევანდელ მსოფლიოში, სოფლის მეურნეობის ყველა მოწინავე ქვეყანაში სასათბურე მეურნეობების უდიდესი ნაწილი ჰიდროპონიკურია. ჰიდროპონიკურ სათბურებში, ნიადაგი როგორც მცენარის განვითარების არე, შეიძლება შეცვლილი იქნეს სხვადასხვა მასალებით, რომელიც უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ მოთხოვნებს:
• არ უნდა გამოყოფდნენ ტოქსიკურ ნივთიერებებს;
• არ უნდა არღვევდნენ მცენარეთა კვების რეჟიმს და ძლიერ არ უნდა ცვლიდნენ ხსნარის რეაქციას;
• უნდა ხასითდებოდნენ მაღალი ფორიანობით, რაც განაპირობებს კარგ აერაციას და წყალშეკავების უნარს;
• გააჩნდეთ მაღალი შთანთქმის უნარი, რომელიც განისაზღვრება გაცვლითი კათიონების ჯამით, იგი გამოისახება მილიექვივალენტებში 100 გ სუბსტრატზე;
• გამოყენებისას ახასიათებს მედეგობა, რაც განაპირობებს დრენაჟის გაუმჯობესებას და ფესვთა სისტემის აერაციას;
• გააჩნია კარგი სითბოტევადობა;
• არ შეიცავდეს სარეველების თესლებს და პათოგენურ მიკრო ორგანიზმებს;
• გააჩნდეს დაბალი კუთრი წონა
სუბსტრატის შერჩევისას გათვალისწინებულია მისი ღირებულება, ხელმისაწდომობა და ჰიდროპონიკური მეთოდის ტიპი, რომლისთვისაც განკუთვნილია კონკრეტული სუბსტრატი.
წყალი
ჰიდროპონიკური მეთოდით ბოსტნეულის წარმოებისას, წყალი გვევლინება ერთდროულად როგორც საკვები ელემენტების გამხსნელად, ასევე ფესვთა სისტემის განვითეარების არედ, ამიტომ მისი ხარისხი ამ მეთოდის ერთ-ერთი მთავარი ფაქტორია. უმჯობესია გამოყენებული იყოს წვიმის, წყალსაცავის ან გრუნტის წყალი.
გრუნტის გარეშე ბოსტნეულის წარმოებისას, ორგანული სუბსტრატებიდან ყველაზე ფართოდ გამოიყენება ტორფი, ხის ქერქი, ნახერხი. ისინი ხასიათდება ექსპლოატაციის ხანგრძლივის პერიოდით, კარგი ჰაერტევადობითა და ტენტევადობით. რითაც იქმნება ხელსაყრელი პირობები მცენარეთა ნორმალური განვითარებისთვის.
ტორფი
ტორფი წარმოიქმნება მცენარეებისგან, რომელიც ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში ვითარდებიან ჭაობის ზედაპირზე. არასრული დაშლის შედეგად ჭარბი ტენისა და ჰაერის უკმარისობის პირობებში, ორაგანული მასალა გარდაიქმნება ტორფად. ტორფის ხარისხი დამოკიდებულია მცენარეებზე, რომლებისგანაც ის წარმოიქმნა, ასევე მათი დაშლის პირობებზე და ხარისხზე. არსებობს ტორფის სამი სახესხვაობა: ქვეური, გარდამავალი და ზეური. ქვეური ტორფი შეიცავს ყველაზე მეტ ნაცროვან ელემენტებს და ხასიათდება დაბალი მჟავიანობით.
ზეური ტორფი გამოირჩევა ნაცროვანი ელემენტების დაბალი შემცველობითა და ძლიერი მჟავე რეაქციით, იგი ღარიბია საკვები ელემენტებით
გარდამავალ ტორფს ნაცრის, საკვები ელემენტების შემცველობით და მჟავიანობით შუალედური ადგილი უკავია.
სათბურებში ტორფის გამოყენების განმასხვაებელი ნიშანია – დაბალი კუთრი წონა, კარგი ფორიანობა, მაღალი შთანთქმადობა. ერთ – ერთ საუკეთესოდ ითვლება სფაგნუმის (ხავსის) ტორფი.
ხის ქერქი და ნახერხი
ხის ქერქი და ნახერხი ხე-ტყის გადამუშავების ნარჩენებია. მათ იყენებენ ნიადაგის მულჩირებისთვის, ორგანული სასუქებისა და კომპოსტის დასამზადებლად, აგრეთვე სუბსტრატად ჰიდრიპონიკურ სათბურებში. ქერქისა და ნახერხის გამოყენება აიხსნება ამ მასალების კარგი ფიზიკური და ქიმიური თვისებებით. ნახშირბადის მაღალი შემცველობა განაპირობებს მიკროფლორის აქტიურ განვითარებას და შეტანილი აზოტის შთანთქმას. ჩვეულებრივ ხის ქერქს და ნახერხს ახასიათებს PH 5,5-5,6, ამიტომ მათ კომპოსტირებისას ამატებენ კირს. წიწოვანი ხეების ნახერხის გამოყენებისას ხშირად მჟავიანობა უფრო მაღალია, ამიტომ მათ უფრო დიდი რაოდენობით უმატებენ კირს 3,5 კგ/მ3 -ზე.

წყარო: მებოსტნეობა -ი. მჭედლიძე

ჟურნალი „ახალი აგრარული საქართველო“