პეკინური იხვი _ მოშენების თავისებურებები
პეკინური იხვი მაღალი აღწარმოების უნარით გამოირჩევა და ფერმერისთვის მნიშვნელოვანი შემოსავლის წყარო შეიძლება გახდეს.
მსოფლიოში, ამჟამად, ცნობილია იხვის მრავალი ჯიში, რომელიც სხვადასხვა ქვეყანაში და განსხვავებულ კლიმატურ პირობებშია გამოყვანილი. იხვის გამოყვანილი, კულტურული ჯიშები მაღალი აღწარმოების უნარით, ადრეულობით და კარგი კვერცხმდებლობით ხასიათდებიან.
სამეურნეო თვისებების მიხედვით იხვის ჯიშები იყოფიან: მეხორცულ, მეხორცულ-მეკვერცხულ, მეკვერცხულ და დეკორატიულ ჯიშებად. დასახელებული ჯიშებიდან განსაკუთრებით დიდი გავრცელება მეხორცული მიმართულების პეკინურმა იხვმა ჰპოვა. ეს ჯიში ჩვენს ქვეყანაშიც ფართოდ არის გავრცელებული. 70-იან 80-იან წლებში პეკინურ იხვს საქართველოში სამრეწველო საფუძვლებზე სპეციალურ იხვის ფერმებში აშენებდნენ. შემდეგ განვითარებული ცნობილი მოვლენების შედეგად ეს ფერმები მთლიანად დაიხურა და ამჟამად ამ ჯიშის მოშენება წარმატებით არის შესაძლებელი საკარმიდამო ტიპის ფერმერულ მეურნეობებში.
პეკინური იხვი ჩინური წარმოშობისაა. ისტორიული წყაროების თანახმად იგი, როგორც ჯიში, სამი საუკუნის წინათ, პეკინის სამხრეთ ნაწილში გამოიყვანეს. ევროპასა და ამერიკაში XIX საუკუნეში გადაიყვანეს. ყველგან ჩამოყალიბდა რო-გორც საუკეთესო მეხორცული ჯიში, რომელსაც ახასიათებს დიდი მალმწიფადობა და ხორცის მაღალი ხაარისხი. საქართველოში გასული საუკუნის დასაწყისში შემოიყვანეს.
პეკინური იხვი:
თეთრი ფერის;
დამახასიათებელია ფართე, გრძელი და ღრმა სხეული, კარგად განვითარებული მკერდით;
ფართე, ბრტყელი, საშუალო სიგრძის თავი, კისერი ხორციანი;
განიერი და გრძელი ზურგი;
ნისკარტი მოყვითალო-ნარინჯისფერი, საშუალო სიგრძის, ოდნავ ჩაღუნული;
მოწითალო-ნარინჯისფერი, საშუალო სიმაღლის ფეხები;
სხეულზე მკვრივად განლაგებული აქვს პატარა ზომის ფრთები.
ზრდასრული იხვის ცოცხალი მასა დედლის 3,0-3,6 კგ-ია; მამლის 3,5-4,0 კგ. ერთ ციკლზე კვერცხმდებლობა 100-140 ცალია.
შესწავლილია, რომ კარგი კვება-მოვლის პირობებში მეორე წელს კვერცხმდებლობა არ მცირდება და ზოგიერთი ეგზემპლარი წლის განმავლობაში 200 ცალ კვერცხს იძლევა. კვერცხის საშუალო მასა 85 გ-ია. ჭუჭულს ახასიათებს ზრდის სისწრაფე და 50-55 დღის ასაკში, აღწევენ 2,7-3,0 კგ-მდე. ხორცი მაღალი ხარისხისაა. პეკინური იხვი ამტანია, არ საჭიროებს წყალსატევებს და ამიტომ ადვილად ეგუება ინტენსიურ გამოზრდასა და შენახვას.
იხვები გამოირჩევიან მალმწიფადობით, საკვებისადმი ნაკლები მომთხოვნელო-ბით და გამძლეობით. ისინი თავიანთ ცოცხალ მასას 7 კვირის ასაკისთვის ზრდიან 55-60-ჯერ და 1 კგ წონამატზე 2,7-2,9 კგ საკვებს ხარჯავენ. იხვის გამოზრდა შესაძლებელია როგორც ინტენსიური, ასევე ექსტენსიური შენახვის პირობებში. ფერმერული მეურნეობის პირობებში იხვის შენახვა უმჯობესია მსუბუქი ტიპის საფრინველეში ტბის, წყალსაცავის, ან მდინარის ნაპირზე. კარგი ადაპტაციის უნარი ხელს უწყობს იხვის მოშენებას სხვადასხვა კლიმატურ ზონაში. ზრდის მაღალი ტემპი განპირობებულია გაძლიერებული ნივთიერებათა ცვლით და ჟანგბადზე დიდი მომთხოვნელობით.
იხვი მაღალი აღწარმოების უნარით გამოირჩევა – ეს არის ხანგრძლივი და ინტენსიური კვერცხმდებლობა. ნორმალური კვება-მოვლის პირობებში მისგან წლის მთელი პერიოდის განმავლობაში შესაძლებელია მივიღოთ მოზარდი.
იხვს სხვა ფრინველებისგან განსხვავებით, გააჩნია შედარებით მოკლე ნაწლავი, ამიტომ საკვები საჭმლის მომნელებელ ტრაქტში ადვილად გადის და ყოვნდება შედარებით მცირე ხნით – დაახლოებით 1,5-2 სთ-ის განმავლობაში. მათ საკვების მონელე¬ბადობა უფრო მაღალი აქვთ, ვიდრე სხვა ფრინველებს.
იხვის მოზარდის გამოზრდა ყველაზე საპასუხისმგებლოა, რადგანაც იხვს აქვს მიდრეკილება გადასუქებისკენ, ან ნაადრევი სქესობრივი მომწიფებისკენ. სანაშენე მოზარდის მიღება სასურველია მოხდეს 8 თვის ასაკის სადედე გუნდიდან, როდესაც საინკუბაციო კვერცხის მასა არ იქნება 75 გ-ზე ნაკლები. ერთდღიან ასაკში აწარმოებენ სქესზე გადარჩევას, რომლის ტექნიკაც შემდეგია: იხვს იყვანენ მარცხენა ხელისგულზე ზურგით ხელის გულისკენ და ფრთხილად ხსნიან კლოაკას. თუ მამრობითი სქესია კლოაკის ლორწოვან გარსზე შეინიშნება პატარა ბორცვაკი, რაც მდედრობით სქესს არ ახასიათებს. დახარისხების სიზუსტე 98%-ია. სანაშენე მოზარდს ზრდიან 26 კვირის ასაკამდე, შემდეგ გადაჰყავთ მშობელთა გუნდში. მუშ¬კიანი იხვის სარემონტო მოზარდის გამოზრდას აწარმოებენ 10-11 კვირის ასაკამდე.
პეკინური იხვის სანაშენე მოზარდის მამალი 6 კვირის ასაკში უნდა იწონიდეს 3,0 კგ-ს, ხოლო დედალი – 2,8 კგ-ს. მუშკიანი იხვის მამალი 11 კვირის ასაკში უნდა იწონიდეს 3,6-3,9 კგ-ს, დედალი – 2,8-3,0 კგ-ს. საკვები ფრონტი 1 ფრთაზე 9 სმ-ია, ხოლო დარწყულების ფრონტი – 7 სმ. სანაშენე მოზარდის გამოსაზრდელად საფ-რინველეში დაცული უნდა იყოს შემდეგი მიკროკლიმატი: ოპტიმალური ტემპერატურა +18-200C, შეფარდებითი ტენიანობა 70 %, ზამთარში 80 %. აუცილებე-ლია კონტროლი გაეწიოს მავნე აირების შემცველობას ჰაერში. დასმის სიმჭიდრო¬ვე უნდა შეადგენდეს 2,5 ფრთას 1 მ2-ზე. განათების რეჟიმი კი შემდეგია: პირველი 1 კვირა 24 საათიანი განათება, 6 კვირის ასაკამდე ხანგრძლიობა მცირდება 9 სთ-მდე, 7 კვირიდან 25 კვირამდე ჰყავთ სტაბილურ 8 სთ-იან განათებაზე.
გამოზრდისას განსაკუთრებული მნიშვნელობა კვებას ენიჭება. სასურველია შემდეგი საკვების სტრუქტურა (%): მარცვლოვანი საკვები-58,3, ქატო-14, კოპტონი-4, ცხოველური საკვები, ან პრემიქსი-5, ბალახის ფქვილი-15, მინერალური საკვები-3,7.
სახორცედ გამოზრდაც ღრმა ქვეშსაფენზე წარმოებს.
ერთდღიან იხვებს გამოსაზრდელად სვავენ გამოჩეკიდან არაუმეტეს 12 სთ-ის განმავლობაში. ახალგამოჩეკილი იხვი უნდა იყოს მოძრავი, რეაგირებდეს ხმაურზე, მუცელი უნდა ჰქონდეს აკრული, ბუმბული სუფთა და თანაბარი; ცოცხალი მასა არანაკლებ 45 გ-ისა. მუშკიანი იხვის გამოზრდა 10-11 კვირის ასაკამდე აწარმოებენ. პეკინური იხვი უფრო სწრაფად იზრდება, ამიტომ მათი დაკვლა მიზანშეწონილია 6-7 კვირის ასაკში. ტემპერატურული რეჟიმი მოზარდის გამოზრდის დროს უნდა იყოს შემდეგი: პირველი 1 კვირის განმავლობაში იატაკთან +33-340C, შემდეგ ტემპერატურას თანდათან ამცირებენ და მე-5 კვირისთვის დაჰყავთ +16-180C-ზე. შენობაში ფარდობითი ტენიანობა უნდა იყოს 65-75%.
3 კვირის ასაკამდე საკვების ფრონტი უნდა შეადგენდეს 1,5-2 სმ-ს, შემდეგ 2 – 4 სმ-ს, დარწყულების ფრონტი შესაბამისად 1 და 2 სმ-ს. სასურველია საიხვეში დღე-ში ორჯერ მოხდეს წყლის გამოცვლა. 1-7 კვირამდე იხვს დარწყულებისთვის ესაჭიროება 1,1 ლ წყალი ერთ ფრთაზე დღეში. წყლის ნაკლებობა ამცირებს ზრდას. 24 საათი უწყლობა ამცირებს წონამატის ზრდას, რომლის კომპენსირებას ესაჭიროება 10 დღე.
კიდევ უფრო რენტაბელურია იხვების გამოზრდა წყალსატევთან ახლოს. მაგ., მეთევზეობის წყალსაცავთან ახლოს გამოზრდა საკვების დანახარჯს ამცირებს 30-40%-ით. 1 ჰა ფართობის მქონე წყალსატევზე იხვის რაოდენობა არ უნდა აღემატებოდეს 120-150 ფრთას. ასეთი ოპტიმალური დატვირთვის შემთხვევაში ნაკელის გამოყოფის ხარჯზე იზრდება წყლის ბიომასა და იხვი წარმატებით იყენებს მასში არსებულ წყალმცენარეებს.
იხვებისთვის სახორცედ გამოზრდის შემთხვევაში აუცილებელია სრულფა-სოვანი კვება, რადგან, იხვის ბიოლოგიური თავისებურებიდან გამომდინარე, მისთ-ვის დამახასიათებელია ზრდის მაღალი ტემპი და საკვების კარგი ათვისების უნარი. პირველ კვირას აუცილებელია საკვებში იყოს პროტეინის მაღალი დონე (21%) და სამიმოცვლო ენერგია 1, 26 მჯოული. იხვის სუქების პერიოდი გრძელდება 55 დღემდე. ამის შემდეგ ორგანიზმში მცირდება ზრდის ინტენსივობა.
ამრიგად, პეკინური იხვის გამოზრდა მაღალრენტაბელურია საკარმიდამო ტიპის ფერმერული (გლეხური) მეურნეობის პირობებში, რადგან იხვს ახასიათებს სწრაფი ზრდის ტემპი, ერთ კილოგრამ წონამატზე ნაკლები საკვების დანახარჯით და დროის მოკლე შუალედში იძლევა საუკეთესო საგემოვნო თვისებების მქონე მაღალი ხარისხის ხორცს.
კობა ნაცვალაძე, სოფლის მეურნეობის მეცნიერების დოქტორი