ფერმერების დასახმარებლად სახელმწიფო პროგრამებს მნიშვნელოვანი კომპონენტები დაემატა
„ანტიკრიზისული გეგმის ფარგლებში, ფერმერების დახმარებისთვის სახელმწიფო პროგრამებში მნიშვნელოვანი დამატებითი კომპონეტები გაჩნდა” _ განაცხადა ლევან დავითაშვილმა
“ჩვენ სოფლის მეურნეობის დახმარების პროგრამებს ვაგრძელებდით მთელი ამ რთული პერიოდის განმავლობაში; ანტიკრიზისული გეგმის ფარგლებში კი, დახმარებისთვის დამატებითი კომპონეტები გაჩნდა. პირველ რიგში, აღსანიშნავია სამელიორაციო მომსახურების საფასურისგან გათავისუფლება, რაც 1 ჰექტარზე 70 ლარს გულისხმობს და არის ყველა იმ ფერმერისთვის, ვინც სარგებლობს ირიგაციით და დრენაჟის მომსახურებით. ეს არის მნიშვნელოვანი შეღავათი. მეორე და ძალიან მნიშვნელოვანი ახალი შესაძლებლობები ჩვენი ფერემერებისთვის უკავშირდება ერთწლიანი კულტურების მოყვანას – ეს არის ბოსტნეული და მარცვლოვანი კულტურები. აქ საბრუნავ საშუალებებზე წვდომის შესაძლებლობა მივეცით ფერმერებს.
აგროკრედიტის ფარგლებში გაჩნდა ახალი კომპონენტი, რომელიც ითვალისწინებს სრულ თანადაფინანსებას საბანკო პროცენტის 5-დან 100 000 ლარამდე სესხებზე. ფაქტობრივად, ეს არის ფერმერებისთვის უფასო ფული ერთწლიანი პროდუქტების მოყვანისთვის. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ აქ სახელმწიფო, უზრუნველყოფის ნაწილში, 50 %-ით თავდებად უდგება ფერმერებს იმისათვის, რომ მარტივი იყოს ფინანსურ ინსტიტუტებთან ურთიერთობა და მათ ადვილად შეძლონ კრედიტების აღება.
მნიშვნელოვანია, რომ ანტიკრიზისული გეგმის ფარგლებში, არსებულ სესხებზე საპროცენტო განაკვეთები შევცვალეთ, კონკრეტულ შემთხვევებში მიზნობრიობა გაიზარდა იმისათვის, რომ უფრო მეტი საქმიანობა დაიფაროს საკრედიტო რესურსით და ფერმერებისთვის უფრო მეტად ხელმისაწვდომი გახდეს ფინანსები”.-განაცხადა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა.