ფერმერი მესტიიდან – კოშკიდან დანახული სვანეთის სოფლის მეურნეობის პერსპექტივა
ახალგაზრდა ქალბატონი სვანეთიდან გვწერს, რომ ფერმერია. ეს იმ დროს, როდესაც მაღალმთიანი რეგიონები მოსახლეობისგან იცლება, სახლებს ნასახლარები ცვლის და დაუმუშავებელ მიწას ბარი არ ეკარება. რატომ ირჩევს ახალგაზრდა რუსკა კვიციანი ფერმერულ გზას, რა უბიძბებსს, მაგალითად, რომ არ გახდეს ადვოკატი, მოცეკვავე, ეკონომისტი, სხვა უფრო პოპულარული პროფესის ნაცვლად ფერმერის გზა რთული გზა აირჩიოს, ამას თავად გვიამბობს.
_ რას საქმიანობ სვანეთში რუსკა?
_ რამდენიმე წლის წინ მე და მამაჩემმა გადავწყვიტეთ სვანეთში, სოფელ ბეჩოში ჩამოგვეყალიბებინა კოოპერატივი, რომელსაც ჩვენი სოფლის სახელი – „ბეჩო“ დავარქვით. თავიდან დავიწყეთ ლობიოს, კარტოფილის, ხილ-კენკროვნის წარმოება, რაც ძალიან დიდ შრომასთან იყო დაკავშირებული, ყველაზე მთავარი კი არის ის რომ წარმოების პროცესში ორგანიზმისთვის არასასურველ კონსერვანტებს, პესტიციდებს და სხვა ქიმიურ დანამატებს არ ვიყენებთ, სწორედ ამიტომ, სრული პასუხისმგებლობით ვამბობ, რომ ჩვენი პროდუქტი სრულიად ჯანსაღია.
რა თქმა უნდა, დასაწყისში გამირთულდა ამხელა საქმესთან გამკლავება, რადგან, ფაქტობრივად, ყველაფერი თავიდან დავიწყე, მაგრამ დღეს უკვე ვფიქრობ ჩვენი მეურნეობის გაფართოებაზე და პირველი ნაბიჯებიც გადავდგი.
რამდენიმე თვის წინ „პრო მესტია საქართველოს” დახმარებით ავაშენეთ სათბური, რომლის ფართობიც 180 კვ მეტრია. მარტიდან დავიწყებთ ყველანაირი ბოსტნეულის მოყვანას, რომელიც ჩვენს შესაძლებლობებში ჩაჯდება. ასევე გვყავს 50 ოჯახი ფუტკარი, „კოოპერატივების განვითარების სააგენტოს“ თანადაფინანსებით დამატებით შევიძინეთ 50 სკა, მომავალი წლიდან კი შევუდგებით სვანური თაფლის რეალიზაციას როგორც საქართველოს ფარგლებში, ასევე მის გარეთაც. ჩემი დიდი სურვილია და გეგმაშიც მაქვს უკვე სვანური მარილისა და აჯიკის წარმოება, რომელიც კოოპერატივ „ბეჩოს“ დასახელებით გამოვა ბაზარზე.
ის პროდუქტი, რომელიც დღეისობით ჩვენ გვაქვს საკმაოდ მოთხოვნადია ადგილობრივ ბაზარზე და ჩვენმა მომხმარებელმა იცის, რომ ის, რასაც ვაწარმოებთ ნატურალური, სუფთა და გემრიელია. სწორედ ეს არის ჩემთვის ბედნიერება და სიამაყე.
_ რატომ გადაწყვიტე სწორედ ამ საქმის კეთება და არა სხვა პროფესიის არჩევა?
_ თავიდან ყველაფერი ჩემი სოფლის სიყვარულით დაიწყო, ყოველთვის მინდოდა დავბრუნებულიყავი იქ სადაც დავიბადე, ჩემი მოტივაცია კი მამაჩემი გახდა, რომელიც ბავშვობიდან მინერგავდა სვანეთისა და ჩემი სახლის სიყვარულს, რომ არა ის, დღეს აქამდე მოსვლას ვერ შევძლებდი. მახსოვს, ბავშვობაში მეუბნებოდა, სვანეთზე კარგი ადგილი არ არსებობს და რომ გაიზრდები შენით მიხვდებიო. ასეც მოხდა. 18 წლიდან დავიწყე აქტიურად ჩართვა სოფლის მეურნეობაში და დღეს, 21 წლის ასაკში, საკმაოდ წარმატებულად ვუძღვები ჩვენს საქმეს.
ამასთან ერთად, 2014 წელს ჩავაბარე ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში ფსიქოლოგიის ფაკულტეტზე, ვარ მეოთხე კურსის სტუდენტი და ფერმერობასთან ერთად ვახერხებ ვიყო წარმატებული სწავლაშიც. ასევე ვარ “საქართველოს ფერმერთა ასოციაციაში” ფერმერთა სათათბიროს წევრი, სადაც მესტიის მუნიციპალიტეტს წარმოვადგენ. ეს ჩემთვის ერთი, ძალიან დიდი წინ გადადგმული ნაბიჯია, რისთვისაც დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ყველას, ვინც არჩევანი ჩემზე შეაჩერა. სწორედ ამის დახმარებით შევძლებ ჩემი ცოდნის თეორიულ გაღრმავებასა და რეგიონალური პრობლემების წარმოჩენას იქ სადაც ამის გადაჭრის ყველაზე რეალური შანსებია.
ვფიქრობ, ორი საქმე ერთმანეთს ვერ შეუშლის ხელს, მთავარია მონდომება და სიყვარული იმის, რასაც აკეთებ. სწორედ ამიტომ, დარწმუნებული ვარ წარმატებულ ფერმერობასთან ერთად ვიქნები წარმატებული ფსიქოლოგი.
_ ახალგაზრდა ფერმერისთვის ინფორმაციის წყარო, ასე ვთქვათ, მანათობელი შუქურა, პაპა – ბებიის გამოცდილებასთან ერთად რა არის?
_ ჩვენი წინაპრებისგან მიღებული ცოდნით ვამუშავებთ მიწას და მოგვყავს პროდუქტი, მაგრამ მოგეხსენებათ, რომ 21-ე საუკუნეში ტენდენციები იცვლება და ვითარდება, შესაბამისად, საჭიროა ახლებური მიდგომების გადმოღება ამ მხრივ განვითარებული ქვეყნებისგან. სწორედ ამიტომ, მოსახერხებელია ინტერნეტი და ინტერნეტ ტელევიზია, სადაც სხვადასხვა გადაცემებითა და სტატიებით შესაძლებლობა გვეძლევა გავიღრმაოთ უკვე არსებული ცოდნა, ეს კი გვაძლევს შესაძლებლობას რომ უფრო მეტად განვავითაროთ ცოდნა და დავუტოვოთ ის მომავალ თაობას.
იმის გათვალისწინებით, რომ სხვა სახის საინფორმაციო საშუალებები თითქმის არ არსებობს, ინტერნეტსივრცე დღეს ყველაზე პოპულარულია ახალგაზრდებში. კარგი იქნებოდა ტარდებოდეს საინფორმაციო შეხვედრები სოფელში მცხოვრები ახალგაზრდებისათვის, მხოლოდ ინტერნეტსაშუალებებზე არ ვიყოთ დამოკიდებულნი. ჩემს შემთხვევაშიც ასეა, ვინაიდან საჭირო ინფორმაცია, მაგალითად სათბურებზე, მათ მოვლასა და აშენებაზე – ლიტერატურა ქართულ ენაზე თითქმის არც არსებობს, სწორედ ამიტომ ვსარგებლობ ინტერნეტით და მინდა ყურადღება გავამახვილო, რომ „მომავლის ფერმერის“ ცხელი ხაზის დახმარებით საკმაოდ ვრცელი და ზუსტი ინფორმაცია მიმიღია, რის გამოც დიდი მადლობა მინდა გადაგიხადოთ.
_ ქართული ინტერნეტსივრცე კარგად ემსახურება ფერმერს, რათა დროულად მიიღოს საჭირო ინფორმაცია?
_ ვფიქრობ, ინფორმაციის გაცემა მის მოთხოვნაზეა დამოკიდებული, რასაც ფერმერები ვითხოვთ ვიღებთ ინტერნეტსივრცის საშუალებით. შესაბამისად, სასიხარულოა ის ფაქტი, რომ ბოლო წლებში ძალიან გაიზარდა ინფორმაციაზე მოთხოვნა, ამიტომ, მთავარია იყოს სურვილი და ინფორმაციის მიწოდებაც გაიზრდება.
_ შენი აზრით, რა გჭირდება სახელმწიფო და კერძო სექტორისგან, რათა შენი მეურნეობა უფრო წარმატებული გახადო?
_ ძლიერი სოფლის მეურნეობისათვის საჭიროა როგორც თეორიული, ასევე ფინანსური მხარდაჭერა სახელმწიფოსგან. სწორედ ამიტომ უნდა გაიცეს ფერმერებზე დაბალპროცენტიანი აგრო სესხები, ასევე მოხდეს მასტერკლასებისა და ტრენინგების ჩატარება ფერმერთათვის, რომ გაიზარდოს ჩვენი შრომისუნარიანობა და პროდუქტიულობა.
ეს იქნება როგორც ჩემთვის, ასევე ყველა დამწყები ფერმერისათვის წინ გადადგმული ნაბიჯი. რაც შეეხება კერძო სექტორის როლს ფერმერთა ცხოვრებაში, ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან კერძო სექტორმა აუცილებელია უზრუნველყოს ფერმერთა დახმარება პროდუქციის რეალიზებაში, ეს კი გულისხმობს იმას, რომ პრიორიტეტი მიანიჭოს ბიოლოგიურად სუფთა ქართულ პროდუქტს.
_ ახალი თვალი ყოველთვის განსხვავებულად აღიქვამს გარემოს. რა დადებითი და უარყოფითი ფაქტორები შეგიძლია გამოყო სოფლის მეურნეობაში და როგორ ხედავ ხარვეზების გამოსწორების გზას?
_ დამეთანხმებით, რომ საქართველოში მოსახლეობის უმეტესი ნაწილი სოფლის მეურნეობაშია დასაქმებული, თუმცა, ხშირ შემთხვევაში, ამ დარგში დასაქმება მძიმე გარემოებების შედეგია და არა ნებაყოფლობითი. ვფიქრობ, ეს არის ყველაზე დიდი პრობლემა, სწორედ ამიტომ, სახელმწიფომ უნდა უზრუნველყოს ცნობიერების ამაღლება ახალ თაობაში და არსებულის დატრენინგება, რათა ფერმერი არ ხედავდეს იძულებას საქმიანობაში, ის უნდა იყოს მოტივირებული და ორიენტირებული განვითარებაზე. სწორედ აქ ჩნდება სახემწიფოს როლი.
სახელმწიფომ უნდა უზრუნველყოს არსებულ პროექტებთან ერთად ახალი, ფერმერთა მხარდაჭერის პროგრამების შემუშავება, რაც, თავის მხრივ, გამოიწვევს ინტერესის გაზრდას ახალგზარდებში და სოფლის მეურნეობის განვითარებას.
_ აპირებთ რომელიმე Start Up კამპანიაში ჩართვას, მეურნეობის გაფართოებას?
_ მოგეხენებათ, რომ სვანეთი ტურისტული ზონაა და სოფლის მეურნეობასთან ერთად მსურს განვავითარო სხვა, ამჯერად ტურისტული ბიზნესიც, სწორედ ამიტომ, გაზაფხულზე მინდა დავიწყო კოტეჯების მშენებლობა – მოვაწყო ახალგაზრდული სივრცე, სადაც ქართველი თუ უცხოელი ტურისტები შეძლებენ განტვირთვასა და დასვენებას, ყველაზე მთავარი კი ის იქნება, რომ დამსვენებლებს გავუმასპინძლდებით სვანური, ნატურალური პროდუქტით, რომელსაც ჩვენი კოოპერატივი აწარმოებს. ეს, თავის მხრივ, გაზრდის როგორც წარმოებას, ასევე ცნობადობას. ამ იდეის განსახორციელებლად მჭირდება ფინანსები, რომელსაც, იმედი მაქვს, მივიღებ კერძო ან საჯარო სექტორისგან.
ინტერვიუ მოამზადა
მარიამ ტაკაშვილმა