ფითრი _ პარაზიტი მცენარეა თუმცა მას სასარგებლო თვისებებიც გააჩნია
ფითრი, კერძოდ თეთრი ფითრი (Viscum album L.) – მარადმწვანე, პარაზიტი ბუჩქოვანი მცენარეა ფითრისებრთა ოჯახიდან. მისი ბუჩქები ბურთისებრი ფორმისაა, დატოტვილი. იგი ძირითადად მსხლის ტოტებზე გვხვდება, არცთუ იშვიათად ვერხვზე, ვაშლზე, აკაციაზე, ცაცხვზე, სოჭზე და სხვა მერქნიან მცენარეებზე. 70-მდე სახეობა ბუნებრივად არის გავრცელებული ევროპაში, აზიაში, აფრიკასა და ავსტრალიაში. საქართველოში მხოლოდ ერთი სახეობა გვხვდება — თეთრი ფითრი.
ფითრის სამკურნალოდ გამოყენების შესახებ ცნობები ჯერ კიდევ პლინიუსის შრომებში გვხვდება. ის ფითრს აღწერდა, როგორც ეპილეფსიური შეტევებისა და თავბრუსხვევის საწინააღმდეგო საშუალებას. შუა საუკუნეებში მას იყენებდნენ, როგორც ეფექტურ საშუალებას ჭრილობების, კანის წყლულოვანი დაზიანებების სამკურნალოდ, ასევე სისხლდენის შესაჩერებლად.
ამასთან, ფითრის შემადგენლობაშია მრავალი ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერება, რომლებსაც ძლიერი სამკურნალო თვისებები ახასიათებს. აზოტის შემცველი ნაერთები – გამა–ამინოცხიმოვანი მჟავა, აცეტილქოლინი, ქოლინი; ტერპენოიდები – ალფა–ამირინები, ბეტა–ამირინები, ბეტულინის მჟავა, ურსულინის მჟავა; ტრიტერპენული საპონინები – ემუთეროზიდი; ალკალოიდები – ტირამინი, ლუპანინი; ფლავონოიდები – იზორამნეტინი, კვერცეტინი, რამნეტინი; ჰისტამინები, ორგანული მჟავები – ყავის, ქლოროგენული, მანიტი; ვიტამინები, მინერალური ნივთიერებები.
ფითრის მიღება არ შეიძლება ინდივიდუალური აუტანლობის, ორსულობის დროს. ფითრის შემადგენლობაში არის შხამიანი ნივთიერებები, ამიტომ ამ მცენარის გამოყენებისას აუცილებელია დოზის დაცვა.
მოწამვლის ნიშნებია პირღებინება, გულისრევის შეგრძნება, დიარეა.
ფითრი პარაზიტი მცენარეა და დიდ ზიანს აყენებს იმ მცენარეს, სადაც სახლდება.
ფითრის თესლი მაისის თვიდან იწყებს გავრცელებას. სხვა მცენარის ქერქზე მოხვედრის შემდეგ წებოვანი გარსით ემაგრება მას და ხელსაყრელ მომენტს ელოდება. თესლში რამდენიმე ჩანასახია, საიდანაც ღივი გამოდის, ღივი სქელი და მწვანეა. ღივის წვერი შემდეგ თანდათან ქერქისაკენ იხრება, ფარივით ბრტყელდება და წვერით ქერქს ეკვრის. რამდენიმე დღის შემდეგ გაბრტყელებული წვერის ცენტრიდან იწყება ფითრის პირველადი ფესვის განვითარება, რომელიც უშუალოდ ქერქის ქსოვილებში იჭრება.
ქერქში შეჭრილი პირველადი ფესვის ფუძიდან ქერქში ფესვის დამატებითი მორჩები წარმოიქმნება, რომლებიც ქერქში ზემოდან ქვემოთ ვერტიკალური მიმართულებით ვრცელდებიან. ამ ვერტიკალური მორჩებიდან შემდეგ მეორეული ფესვები ვითარდებიან, რომლებიც ქერქს არღვევენ და უშუალოდ მერქანში იჭრებიან. ასეთ მეორეულ ფესვებს პარაზიტი ყოველ წელს იძლევა. მეორეული ფესვები სისქეში არ იზრდება, მაგრამ მერქნის სიღრმეში კი აღწევენ. იმის გამო, რომ მისი მკვებავი მცენარე ყოველწლიურად სისქეში მატულობს, ახალ წლიურ რგოლებს აჩენს. მეორეული ფესვი ხანდახან საკმაოდ ღრმად რჩება მერქანში.
მცენარეში შეჭრილი ფესვებით ფითრი მას ართმევს წყალსა და მინერალურ ნივთიერებებს, შემდეგ კი ქლოროფილისა და მზის სხივების დახმარებით მის ასიმილაციას ახდენს. მცენარეში შეჭრილი ფითრი თავის პირვანდელ ფოთლებს იძლევა რამდენიმე წლის შემდეგ (2-დან 10 წლამდე).
ვინაიდან ფითრი მრავალწლოვანი მცენარეა, იგი უმრავლესად საშუალო და ხნოვანი ხეების დაავადებას იწვევს. ტოტების ის ადგილი, რაზედაც ფითრია განვითარებული, გასიებულია. ფითრის ზედაპირული ტოტების მოცილებას აზრი არ აქვს, ვინაიდან მისი ღეროს ფუძე და საწოვრები ისევ ტოტებში, მერქანში რჩება და შემდეგ წელს იმავე ადგილზე ახალი ღერო-ფოთოლი უვითარდება. უმჯობესია დაავადებული ტოტების მოჭრა.
მომზადდა sputnik-georgia.com მასალის მიხდევით