აგრარული განათლებადარგებიმედია ფერმერებისთვის TVმცენარეთა დაცვა

ფქვილისებრი ცრუფარიანა და მასთან ბრძოლის ეფექტიანი მეთოდები

მევენახეობა საქართველოს ეკონომიკისა და კულტურის ერთერთი უმნიშვნელოვანესი დარგია, თუმცა მაღალი და ხარისხიანი მოსავლის მიღება მუდმივ ზრუნვასა და მავნებლების წინააღმდეგ დროულ ბრძოლას მოითხოვს.

განსაკუთრებულ საფრთხეს წარმოადგენს ვაზის ფქვილისებრი ცრუფარიანა, რომელიც მნიშვნელოვნად აზიანებს, როგორც აღმოსავლეთ, ისე დასავლეთ საქართველოს ვენახებს და აუარესებს ყურძნის სასაქონლო ღირებულებას.

გავრცელება და ბიოლოგიური თავისებურებები

ვაზის ფქვილისებრი ცრუფარიანა (Planococcus citri Risso) ფართოდაა გავრცელებული საქართველოს მევენახეობის ძირითად რაიონებში. განსაკუთრებით გვხვდება შემდეგ რეგიონებში:

  • კახეთი: გურჯაანის, სიღნაღის, ყვარლისა და თელავის რაიონები;
  • იმერეთი: ზესტაფონისა და ბაღდათის რაიონების ვენახები.

გარემო პირობების მიხედვით, მავნებელი სეზონზე 34 თაობას იძლევა. ზამთარს იგი ვაზის შტამბის ამსკდარი ქერქის ქვეშ და ფუღუროებში ატარებს, ხოლო გაზაფხულზე, ტემპერატურის მატებასთან ერთად, სწრაფად აქტიურდება.

დაზიანების ზონა და გავლენა მოსავალზე

ცრუფარიანა იკვებება მცენარის ქსოვილების წვენით და აზიანებს ვაზის შტამბს, ყლორტებს, ფოთლებსა და მტევნებს.

  • დაზიანების შედეგად ფოთლები ყვითლდება, ჭკნება და ცვივა, რაც ასუსტებს მთლიან მცენარეს.
  • მავნებლის მიერ გამოყოფილ ტკბილ, წებოვან სითხეზე ვითარდება სიშავის გამომწვევი სოკო – კაპნოდიუმი. შედეგად, მტევნები შავდება, ყურძნის ხარისხი ფუჭდება და მკვეთრად მცირდება მისი სასაქონლო ღირებულება.

ბრძოლის დაცვითი ღონისძიებები

მოსავლის გადასარჩენად აუცილებელია კომპლექსური აგროტექნიკური და ქიმიური ღონისძიებების გატარება:

  1. საშემოდგომო სამუშაოები _ რეკომენდებულია ვაზის შტამბის ამსკდარი ქერქისგან გაწმენდა, მისი ვენახიდან გატანა და სრულად განადგურება. ეს მნიშვნელოვნად ამცირებს როგორც ცრუფარიანას, ისე შტამბზე მოზამთრე სხვა მავნებლების რაოდენობას;
  2. ადრე გაზაფხულის დამუშავება _ კვირტების დაბერვამდე (როდესაც ჰაერის ტემპერატურა 5°C-ზე მეტია), ვენახი მუშავდება მინერალური ზეთის შემცველი პრეპარატებით;
  3. ვეგეტაციის პერიოდის მონიტორინგი _ საჭიროა ვენახის რეგულარული შემოწმება, განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს ფოთლების ქვედა მხარესა და ახალგაზრდა ყლორტებს;
  4. ქიმიური დაცვა _ ივნისის ბოლოსა და ივლისის პირველ დეკადაში, მატლების ინტენსიური განვითარების პერიოდში, ვენახი საჭიროების შემთხვევაში მუშავდება შესაბამისი ინსექტიციდებით (გამოიყენება სპიროტეტრამატი, პარაფინის მინერალური ზეთი და სხვა მოქმედი ნივთიერებები).  ინსექტიციდები უნდა შესხურდეს დილის ან საღამოს საათებში.

მნიშვნელოვანია  იცოცეთ! მცენარეთა დაცვის საშუალებების გამოყენებისას მკაცრად უნდა დავიცვათ საქართველოში რეგისტრირებული პრეპარატების სია, ეტიკეტზე მითითებული დოზები, გამოყენების ვადები და უსაფრთხოების წესები.

ვაზის ფქვილისებრი ცრუფარიანა თანამედროვე მევენახეობის ერთერთი სერიოზული გამოწვევაა, რომელსაც შეუძლია მნიშვნელოვნად დააზიანოს როგორც მოსავლის რაოდენობა, ისე მისი ხარისხი. თუმცა, პროფილაქტიკური ღონისძიებების დროული გატარება: შემოდგომის დასუფთავება, გაზაფხულზე მინერალური ზეთებით დამუშავება და ვეგეტაციის პერიოდში მიზნობრივი მონიტორინგი მევენახეს აძლევს საშუალებას, საიმედოდ დაიცვას ვენახი და მიიღოს უხვი, ჯანსაღი მოსავალი.

მოამზადა გიორგი მაისურაძემ