კრაზანები
ბოლო პერიოდში სხვადასხვა საინფორმაციო საშუალებებით და სოციალური ქსელებით ინფორმაცია ადამიანების კრაზანებისაგან დაკბენისა და მასთან დაკავშირებული არასასურველი შედეგების შესახებ.
მოსახლეობის ინფორმირების მიზნით, ბიოლოგიის მეცნიერებათა დოქტორმა გოდერძი გოდერძიშვილმა დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრს მიაწოდა მასალა „ფრთხილად, კრაზანები“, სადაც ის რეკომენდაციას იძლევა კრაზანებისგან და მათი დაკბენისგან თავის დაცვის ღონისძიებების შესახებ.
როგორც ბატონი გორდერძი აღნიშნავს: „დასავლეთ საქართველოში, უკანასნელი ორი წლის მანძილზე შეინიშნება კრაზანების ინტენსიური გამრავლება. 2018 წელს სოფლის მეურნეობის სამეცნიერო კვლევითი ცენტრის თანამშრომელ ლ. ბალიშვილთან ერთობლივად ჩატარებული გამოკვლევით დადგინდა, რომ ჩვეულებრივმა კრაზანამ მთლიანად გაანადგურა 60 სკა ფუტკარი სოფ. ქვაყუდეში (ყოფილი გოროვანი, სამტრედიის მუნიციპალიტეტი). ამავე პერიოდში გავრცელდა ინფორმაცია საჩხერის, ჭიათურის, წალენჯიხის მუნიციპალიტეტების ზოგიერთ ტერიტორიებზე ევროპული დიდი კრაზანის გავრცელების შესახებ და მათგან დაკბენის შედეგად ჯანმრთელობის მძიმე მოშლით ადამიანის დაღუპვაზეც.
კრაზანებისგან დაკბენილი ადამიანების დაღუპვა წარსულშიც იყო აღნიშნული დასავლეთ საქართველოს მოსახლეობაში (ვ. სტეფანიშვილი). ჩვენი ორგანიზაციის („ქეა საერთაშორისო კავკასიაში“) და სურსათის ეროვნული სააგენტოს თანამშრომლების მონაწილეობით ჩატარებულმა გამოკვლევებმა ცხადყო, რომ კრაზანების რიცხოვნობა საგრძნობლადაა შემცირებული კოლხეთის დაბლობის ზღვისპირა რაიონებში (აბაშა, სენაკი, ხობი, ზუგდიდი) სამაგიეროდ, მათი პოპულაცია ძლიერაა მომატებული სამეგრელოს სხვა ტერიტორიებსა და იმერეთის მთისწინებში.
არსებული ინფორმაციით, მიმდინარე წელსაც დაფიქსირდა ონავარას (გიგანტური კრაზანა) დაკბენის შემდგომ ადამიანების გარდაცვალება. აღნიშნული გვაფიქრებინებს, რომ კოლხეთის დაბლობის ზღვისპირა რეგიონებიდან კრაზანების მიგრაცია მოხდა მის მომიჯნავე წინა მთებში. მდგომარეობას ართულებს ის გარემოებაც, რომ გიგანტური კრაზანის მასობრივი გამრავლება შეინიშნება დუშეთის რაიონის სოფლებში, თბილისშიც, ძველი იპოდრომის მიმდებარე ტერიტორიებზე, გიგანტური კრაზანის ინტენსიური ფრენის მრავალი შემთხვევაა დაფიქსირებული.
ცნობილია, რომ საქართველოში ფართოდაა გავრცელებული ნამდვილი კრაზანების (Vespoidae) ოჯახის სამი სახეობა:
- ჩვეულებრივი (Vespula vulgaris);
- გერმანული (V. germanica);
- ონავარა, იგივე ევროპული დიდი კრაზანა (Vespa crabro).
მათთვის დამახასიათებელია შემდეგი მორფოლოგიური თავისებურებანი:
- ფრთები, როგორც მთელი რაზმისათვისაა დამახასიათებელი, სიფრიფანა და გამჭვირვალეა;
- წინა ორი წყვილი ფრთა, მოსვენების მდგომარეობაში, სიგრძივად ორადაა გაკეცილი. ისინი სრული დაძარღვით ხასიათდებიან;
- ულვაშები დამუხლული აქვს;
- პირი მღრღნელი ტიპისაა;
- წინა მკერდის უკანა ნაპირი ამოჭრილია და გადაწოლილია შუა მკერდზე. მისი გვერდითი ნაპირები გრძელია და არ ქმნიან მხრის ბორცვებს;
- მუცელი კიდული ან ღერაკისებურია.
კრაზანები მორფოლოგიურად მკვეთრად განსხვავდებიან მასთან ახლო მდგომი ფუტკრებისა და ჭიანჭველებისაგანაც, მათთვის დამახასიათებელი კიდული მუცლით და მყვირალა გამაფრთხილებელი შეფერილობით. კრაზანების ნესტარიც განსხვავდება ფუტკრის ნესტრისაგან. იგი გლუვია, ყოველგვარი ნაჭდევების გარეშე და დაკბენის შემდგომ ადვილად ამოდის თბილსისხლიანების კანიდან.
ფუტკრის ნესტარი კი ნაჭდევებიანია, რის გამოც მას უკან ამოძრობის საშუალებას არ ეძლევა. იგი შხამის გამომყოფ ჯირკვალთან ერთად ამოიგლიჯება მუცლის ბოლოდან და დანესტრილ ქსოვილში რჩება ისე, რომ თან მოყოლილი კუნთები განაგრობს ამ ჯირკვალზე ზეწოლას და შხამის გამოყოფას. ამდენად ფუტკრის ნაკბენზე დანის პირის გადასმა და ნესტრის ამოღება ამცირებს ნაკბენში შხამის ჩაღვრას, ხოლო თვით ნესტრის ნაკბენში ჩარჩენა საბოლოოდ იწვევს ფუტკრის დაღუპვას. ფუტკრისგან განსხვავებით, კრაზანას შეუძლია რამდენჯერმე დაკბინოს ადამიანი და თვითონ უვნებელი დარჩეს.
სამივე სახეობის კრაზანა იკვებება ყვავილების მტვრითა და ნექტარით, მწიფე ნაყოფებით, მწერებით, ასევე მათი მატლებით, რაც მნიშვნელოვან როლს ასრულებს სხვა მწერების რიცხოვნობის რეგულირებაში. ამ მიმართულებით, განსაკუთრებით დიდ როლს ონავარა (დიდი/გიგანტური კრაზანა) ასრულებს, თუმცა ამავე დროს მნიშვნელოვან ეკონომიკურ ზარალს აყენებს მეფუტკრეობას.
კრაზანა კლავს ფუტკარს, იწოვს ფუტკრიდან ნექტარს, მკვდარი ფუტკარი მიაქვს ბუდეში და კვებავს ბარტყებს. კრაზანები ძარცვავენ ფუტკრების დასუსტებულ ოჯახებს. ისინი სერიოზულად აზიანებენ სიმწიფეში შესულ ნაყოფს (ხილი, ყურძენი), ღრღნიან ახალგაზრდა მცენარეებს. ხის ნაღრღნი მასის შეწებებით მიიღება ქაღალდის მსგავსი მასა, რომელითაც აკეთებენ ფიჭისებურ ბუდეებს. ბუდეები ექვსკუთხედია, მასში დებენ კვერცხს და გამოჰყავთ მატლი.
ბუდეს კრაზანები აგებენ ძირითადად შენობა–ნაგებობების სხვენში, აივნების კუთხეებში, შიფერის ან ფიცრის/ფანერის გადახურვების ქვეშ. ტყეში ბუდეებს აკეთებენ ხექცეულებსა და ზეხმელებში, დაფუტუროებულ კუნძებში, ფუღუროებში, მიწაში.
ონავარას (ევროპული კრაზანა – Vespa crabro) ბუდე ჩვეულებრივ რამდენიმე იარუსადაა განლაგებული, რომელიც ქაღალდის ბურთს ან ქვის ლოდს ჰგავს. ზომით ის ხშირად ფეხბურთის ბურთის ზომისაა, მაგრამ ძლიერ კოლონიებში შეიძლება 1 მ-ზე მეტი სიმაღლისაც იყოს. ონავარას ოჯახი მდედრების, მამრებისა და მუშა კრაზანებისაგან შედგება. გვიან შემოდგომაზე და ზამთარში, მუშა და მამრი კრაზანები იღუპებიან. სხვადასხვა, ყინვისგან დაცულ ადგილებში იზამთრებენ მხოლოდ მდედრი კრაზანები.
გაზაფხულზე, აპრილის დასაწყისში მდედრები აქტიურდებიან, იწყებენ ბუდის შენებას და კვერცხდებას. უკვე ზაფხულში გამოჩეკილი მდედრები ე.წ. დამფუძნებლები არიან: აკეთებენ დამოუკიდებელ ბუდეს და იწყებენ ახალი კოლონიების დაარსებას, რა დროსაც შეინიშნება მათი რაოდენობის მკვეთრი მატება და განსაკუთრებული აქტიურობაც. აღსანიშნავია ისიც, რომ კრაზანები და მით უმეტეს გიგანტური კრაზანა, განსაკუთრებული თავგამოდებით იცავენ ბუდეს და კვების ადგილებს.
არის მოსაზრება, რომ კოლხეთის დაბლობის ზღვისპირა რაიონებიდან, კრაზანების სხვა ტერიტორიებზე მიგრაციის გამშვები მექანიზმი აზიური ფაროსანას (Halyomorfa halys) წინააღმდეგ სასოფლო-სამეურნეო კულტურებში ჩატარებული ინსექტიციდების ტოტალური შესხურება იყოს. კერძოდ, კრაზანები დააფრთხო სადეზინფექციოდ გამოყენებულმა პრეპარატებმა, რის გამოც მათი რიცხოვნება მკვეთრად გაიზარდა დასავლეთ საქართველოს მთისწინებში, ანუ ნისლით დამუშავებული ადგილები მათთვის “საცხოვრებლად“ მიუღებელი გახადა და მათ დაიწყეს განსახლება (მიგრაცია) სუფთა, შემასხურებელი ტექნიკისათვის ნაკლებად მისადგომ და დეზინსექცია ჩაუტარებელ ადგილებში.
სავარაუდოდ, კლიმატის ცვლილებამ ასევე შეუწყო ხელი გიგანტური კრაზანას აღმოსავლეთ საქართველოში გადმოსვლასა და თბილისში ადაპტირება/გამრავლების პროცესს, რაც ავტომატურად ზრდის კრაზანების მიერ მოსახლეობის დაკბენის რისკს.
ჩვეულებრივ კრაზანას, გიგანტურისგან განსხვავებით გარდა იმისა, რომ მცირე რაოდენობის შხამი აქვს, ასევე აქვს ძალზედ მოკლე ნესტარი, რომელიც დანესტვრისას ხელების დაკოჟრილ კანში ვერ აღწევს. გიგანტურ კრაზანას ფუტკართან შედარებით ხუთჯერ მეტი შხამი აქვს, რის გამოც მისი დანესტვრა ადამიანში სერიოზულ და მტკივნეულ დასიებას განაპირობებს. არის მოსაზრება, რომ ევროპული კრაზანას (ონავარა) მიერ ადამიანის ერთდროულად სამჯერ დანესტვრისას შეიძლება ლეტალური შედეგი დადგეს.
დანესტრილ ადამიანს, თუ აღენიშნება ძლიერი ინტოქსიკაციის ნიშნები (პირში ე.წ. მეტალის გემო, გონების დაკარგვა, წნევის მკეთრად დაცემა, სუნთქვის გაძნელება, ღებინება და სხვ.), პირველ რიგში, აუცილებელია, თავიდან აცილებულ იქნას ანაფილოქსური შოკის განვითარება. პაციენტის მდგომარეობის გათვალისწიენებით ვენაში/კუნთში უნდა გაკეთდეს ადრენალინი (ან ანალოგი). დექსამეტაზონი, რომელსაც ადამიანები ხშირად იყენებენ, ყოველთვის არაა ეფექტური.
სუპრასტინის აბების მიღება რეკომენდებულია დაკბენის შემდგომ მსუბუქად გამოხატული ალერგიული მოვლენებისას. ამათან ერთად, ჭრილობაში ინფექციის შეჭრის პრევენციისთვის აუცილებელია ნაკბენი ადგილის ანტისეპტიკით დამუშავება.
კრაზანების დაფიქსირებისას დაკბენის პრევენციისა და შესაბამისად, არასასურველი მოვლენების განვითარებისგან თავდასაცავად, აუცილებელია მათი რაოდენობის შემცირება ყველა ხელმისაწდომი მეთოდით. თუ არ არის ხანძრის გაჩენის საშიშროება, ეფექტურია ტრადიციული მეთოდი – ღამით ჩირაღდნებით ბუდის გამოწვა. კრაზანები სიბნელეში მიფრინავენ ცეცხლისკენ, ეწვებათ ფრთები და ვეღარ ფრენენ, თუმცა ფრთებდამწვარი კრაზანების კბენისგან თავდასაცავად მაინც სიფრთხილეა საჭირო.
შეიძლება მათი განადგურება სხვადასხვა ქიმიური ინსექტიციდებით, სასხურებლის ძლიერი ჭავლით, სინთეზური პირეტროიდების ან ნეონიკოიტოდების ან/და მათი ნარევების გაამოყენებით (ალპაკი, ალპგორი, ანტიგო, აქტარა, აცე, ბესტ-ალფა, ბინგო, დელტატრინი, ზონდერი, ტალსტარი და სხვა). ძალზედ ეფექტურია საფუტკრეებში და სახლებშიც მარტივი ტიპის მისატყუარი მწერსაჭერი ხაფანგების გამოყენება.
მაგალითად, თეთრ გამჭვირვალე პლასტმასის ბოთლს (1- 2 ლიტრიანი), მოვაჭრათ 1/3 და გადმობრუნებული თავით დაბლა ჩავდგათ ბოთლში, ან ბოთლის სახურავში გავაკეთოთ კრაზანის სიგანის შესატყვისი ნახვრეტი – 2-2,5 მმ. გიგანტური კრაზანას წინააღმდეგ გამოიყენება მხოლოდ თავახდილი ბოთლი, რადგან სხვა შემთხვევაში იგი ნახვრეტში ვერ ეტევა და ასეთი მწერსაჭერის გაკეთებას აზრი არა აქვს. ბოთლში ჩავასხათ 200-300 გრ. ოდნავ ამჟავებული (ამჟავებულს ფუტკარი არ ეტანება) ტკბილი სიროფი და დავდგათ სკების სიახლოვეს. კრაზანა შეძვრება ბოთლში და უკან ვეღარ ამოდის.
ასევე ეფექტურია, პლასტმასის თვითნაკეთ მისატყუებელ ბოთლხაფანგში ჩაისხას 0,5 ლ ლუდში გახსნილი 1-2 კოვზი თაფლი. კრაზანების რიცხოვნობის შესამცირებლად შეიძლება მისატყუარ ნარევებს დავუმატოთ ქლორპირიფოსის მცირე დოზაც.
კრაზანის ბუდეების აღმოსაჩენად, გულდასმით უნდა დავათვალიეროთ სკებიდან დაახლოებით 250-300 მეტრ დიამეტრზე მდებარე ნიადაგი, ფლატეები, ხეები, ფუღუროები, ხის ანახეთქები, შენობა – ნაგებობები, მათი სხვენი, ხის სახლებზე აკრული ფიცრები და შიფერები. თუ კრაზანის ბუდეები ვერ აღმოვაჩინეთ, შესაძლებელია წვრილი ალისფერი/წითელი ლენტი ფრთხილად შევაბათ დაჭერილ კრაზანას მკერდსა და მუცელს შორის შევიწროვებულ ადგილას, გაუშვათ და ამ მეთოდით აუცილებლად მიაგნებთ კრაზანების კოლონიას.
ონავარა ისედაც საკმაოდ დიდი ზომისაა, კარგად ჩანს და მისი ბუდის მისაგნებად კრაზანა დამატებით მონიშვნას არ საჭიროებს.
- როგორც წესი, აზიური კრაზანა აღმოსავლეთ და სამხრეთ–აღმოსავლეთ აზიის ტყეებსა და მთებში ბინადრობს და ბზიკებითა და ფუტკრებით იკვებება.
- აზიური კრაზანები, როგორც წესი, აპრილში ჩნდებიან, განსაკუთრებით კი გვიან ზაფხულსა და ადრე შემოდგომაზე აქტიურდებიან. ისინი თავს ესხმიან და ჭამენ ფუტკრებს. მათი ნესტარი დიდი და მტკივნეულია. ასევე, შეიცავს ნევროტოქსინს, რის გამოც რამდენჯერმე კბენის შემთხვევაში შესაძლოა, ადამიანისთვის სასიკვდილო აღმოჩნდეს მაშინაც კი, თუ ის ალერგიული არაა.
- მწერები ადამიანებისა და შინაური ცხოველების მიმართ აგრესიას მხოლოდ გაღიზიანების შემთხვევაში იჩენენ, ზოგიერთ სიტუაციაში მათ ადამიანებიც კი მოუკლვათ. მაგალითად, 2013 წელს, ივლისისა და ოქტომბრის შუალედში შენსის პროვინციაში მწერმა 1600 ადამიანი დააზიანა, 41 კი იმსხვერპლა.
- მათ მთავარ სამიზნეს მეთაფლია ფუტკრების სკები წარმოადგენს, რომლებსაც ისინი თავს ესხმიან და ხშირად ანადგურებენ.
- “აზიური გიგანტური კრაზანები მეთაფლია ფუტკრების სკებს ანადგურებენ. მათ მცირე რაოდენობას სკის განადგურება რამდენიმე საათში შეუძლია. შემდეგ კი ისინი ფუტკრებს თავის მოღრღნით კლავენ”, აცხადებს ვაშინგტონის დეპარტამენტი. “მოპოვებულ სკას ისინი საკუთარივით იცავენ. კრაზანები სხვა მწერებსაც ესხმიან თავს, თუმცა როგორც წესი, მთელ პოპულაციას არ ანადგურებენ”.
- მეცნიერთა აზრით, ადამიანებმა მწერებისგან თავდასაცავად განსაკუთრებული ზომები უნდა მიიღონ. არსებობს სპეციალური ვებგვერდიც, სადაც ახსნილია, თუ როგორ უნდა დავუგოთ ხაფანგები მათ. ვებგვერდზე ასევე განთავსებულია დიდი წითელი ბანერი, რომელიც ხალხს აფრთხილებს, რომ კრაზანებთან სიახლოვის დროს ფრთხილად უნდა იყვნენ.
წყარო: ScienceAlert
საშიშია კრაზანების 5 სახეობა:
- გიგანტური კრაზანა – Vespula crabro;
- ნახევრადუდაბნოს კრაზანა – Vespula orientalis;
- გერმანული კრაზანა – Vespa germanica;
- დიდი კრაზანა – Polista gallicum;
- ჩვეულებრივი კრაზანა – Vespa vulgaris.
აქედან საქართველოში პრობლემებს ქმნის 3 სახეობა: გიგანტური, გერმანული და ჩვეულებრივი კრაზანა.
მონიტორინგი უნდა განხორციელდეს შემდეგ ტერიტორიებზე: სამტრედია (ქვაყუდე), საჩხერე, ჭიათურა, წალენჯიხა; 2020 წლისათვის შემცირებულია – აბაშა, სენაკი, ხობი, ზუგდიდი; მომატებულია იმერეთის მთისწინებში, სამეგრელოს სხვა ტერიტორიებზე, დუშეთის სოფლებშიც მასობრივადაა, თბილისში – ძველი იპოდრომის ტერიტორიაზე; ვანი, შემოსევაა სოფელ ბზვანში; ხარაგაული (ჩოჩხათი, ღორეშა), ბრიტანეთში ემზადებიან შემოსევისათვის… ბავშვები გარეთ ვერ გამოდიან სათამაშოდ, მეურნე ნაკვეთში თავისუფლად ვერ შედის (მათი ბუდეებია ფუღუროიანი ხეები, მიტოვებული და ძველი შენობები, ნანგრევები…)
უფრო საშიში სახეობების შხამისაგან დასაცავად მეცნიერებმა შექმნეს ანტიბიოტიკი.
გიგანტური კრაზანა ამჟამად (2020) გავრცელებულია ჩოჩხათში, ღორეშაში (ხარაგაული), გურიისა და სამეგრელოს ზოგიერთ სოფელში…
მზაღო ლობჟანიძე,
ენტომლოლოგი, სოფლის მეურნეობის მეცნიერების დოქტორი, პროფესორი