დარგებიმეფუტკრეობა

ფუტკრის ისტორია და ცხოვრება

მოგეხსენებათ, საქართველოში მეფუტკრეობა ოდითგანვე ფართოდაა გავრცელებული. ჯერ კიდევ ჩვენს წელთაღრიცხვამდე 401 წელს ბერძენი ისტორიკოსი და მხედართმთავარი ქსენოფონტე, კოლხიდაში ლაშქრობის შემდეგ აღწერდა, რომ მოსახლეობას კოლხიდაში უამრავი ფუტკარი ჰყავდათო.

ქსენოფონტეს ამ ცნობით იმ დროინდელი ქართველი ხალხი, თურმე უკვე შინაურ მეფუტკრეობას მისდევდა. მაგრამ შინაურ მეფუტკრეობას წინ უძღვოდა პირველყოფილი მეფუტკრეობის მეტად ხანგრძლივი პერიოდი. 

პირველყოფილ მეფუტკრეობას ტყეში, ხის ფუღუროებში თუ კლდის ნაპრალებში დაბუდებულ ფუტკარზე ნადირობა წარმოადგენდა. შემდგომში, ვინც ხის ფუღუროში ფუტკარს იპოვიდა თავის ნიშანს ადებდა და ისაკუთრებდა, ხოლო უფრო გვიან მან ფუტკარი კოდებში და; სახლი ტყეშივე, ხეებზე მიმაგრებულ ფიცარზე შედგა ან გაკაფულ ადგილზე დაალაგა და საკუთარი საფუტკრე გაიჩინა. რაც ნახევრად შინაურ მეფუტკრეობას ნიშნავდა. მისგან მიღებული პროდუქტები თაფლი და ცვილი არა მარტო აკმაყოფილებდა ჩვენი ქვეყნის შინაურ მოთხოვნილებას, არამედ მეზობელ სახელმწიფოებთან ვაჭრობის მნიშვნელოვან ობიექტსაც წარმოადგენდა. 

მეფუტკრეობის მაღალ შემოსავალს განაპირობებდა მაშინდელი ბუნებრივ-კლიმატური პირობები და უხვი საკვები ბაზა- გაუალი ტყეების, ველ -მინდვრების,  სათიბ- საძოვრებისა და გამოუყენებელი ფართობების უამრავი თაფლოვანი მცენარეები.

ფუტკრის ოჯახები მოთავსებული ჰყავდათ სხვადასხვა სახის პრიმიტიულ სკებში-კოდებში, გეჯებში და სხვა. რომელთაგან თაფლისა და ცვილის გამოსაღებად ხშირ შემთხვევაში, ფუტკარს სპობდნენ, ფიჭებს სჭრიდნენ და თაფლსადა ცვილს ცეცხლზე ადნობდნენ. ფუტკართან ასეთი მოპყრობით ნადგურდებოდა უამრავი, ყველაზე ძლიერი და პროდუქტიული ფუტკრის ოჯახი. მაგრამ, დადგა დრო როდესაც ადამიანმა ახლოს გაიცნო ფუტკრის ოჯახის ცხოვრება, დაინახა თავისი დანაშაული მის წინაშე და დაიწყო ფიქრი და ძიება იმ ხერხების გამოსანახავად, რომელიც გაუადვილებდა ფუტკართან მუშაობას, მის ცხოვრებაში ჩარევას. მასთან მოპყრობის ბარბაროსული წესების აღკვეთას, მისი პროდუქტიულობის ამაღლებას.

ამ მხრივ ყველაზე მნიშვნელოვანი იყო ჩარჩოიანი სკის გამოგონება, რომელიც 1814 წელს შექმნა გამოჩენილმა მეფუტკრემ პროკოპოვიჩმა. ამან დასაბამი მისცა კულტურული მეფუტკრეობის განვითარებას.

1857 წელს გერმანელმა მერინგმა გამოიგონა ციბრუტი, ხოლო 1865 წელს ჩეხმა გრუშკამ -ხელოვნური ფიჭა და მისი დამამზადებელი ხელსაწყო.

ფუტკარი მწერთა კლასს ეკუთვნის. ისინი ცხოვრობენ ერთად და შეადგენენ ერთ საზოგადოებას. ფუტკართა საზოგადოების რომელიმე წევრს ცალკე ცხოვრება არ შეუძლია ; საზოგადოებას მოკლებული მხნე ფუტკარი ზაფხულის ოდნავ ნოტიო ღამესაც კი ვერ უძლებს. როგორც ძუძუმწოვარი ბავშვი ვერ იცხოვრებს უოჯახოდ, უპატრონოდ, ისე ფუტკარიც კვდება საზოგადოებისაგან გათიშული. ფუტკრები ცხოვრობენ ცალკე ოჯახად. ბინას, რომელსაც ადამიანები ფუტკრების საცხოვრებლად აკეთებენ, ჰქვია სკა. ერთ სკაში ცხოვრობს ერთი დამოუკიდებელი ოჯახი. მეორე სკის ოჯახთან მას საერთო არაფერი აქვს.

ფუტკრების ოჯახში არის ერთადერთი დედა ფუტკარი. რამოდენიმე ათასეული მუშა ფუტკარი. გაზაფხულის გასულს და ზაფხულობით სკაში არის აგრეთვე რამდენიმე ასეული მამალი ფუტკარი.

დედა ფუტკრის ერთად ერთი საქმეა კვერცხების დება და მართი შთამომავლობის გამრავლება. მუშა ფუტკრებს ევალება გამუდმებული შრომა და ოჯახის ყოველგვარი საქმის ასრულება. მამლებს შეუძლიათ მხოლოდ გაუნაყოფიერებელ დედა ფუტკართან შეუღლება, მისი განაყოფიერება. სამივე სახის ფუტკარი ბუნებისაგან ისეა დაჯილდოებული, რომ შეუძლიათ აღასრულონ ბუნებისგანვე დაკისრებული საზოგადო საქმე.

ფუტკარს, როგორც საზოგადოდ ყოველგვარ მწერს არაქვს ჩონჩხი, ე.ი. ერთმანეთთან დაკავშირებული ძვლები, რაზედაც აშენებულია ტანი.

ჩონჩხის მაგივრობას უწევს ეგრეთ წოდებული გარეკანი, რომელიც ზოგან სქელი და მაგარია, ზოგან კი–რბილი და მოქნილი. 

ტანი ფუტკრისა შედგება სამი უმთავრესი ნაწილისაგან: თავის, მკერდისა და მუცლისაგან

გარეგნული შეხედულიებით ფუტკრის თავი ისეთი მოყვანილობისაა, როგორც გული სხვა ცხოველებისა და შეერთებულია მკერდთან მოკლე კისრით. მისი უმთავრესი ნაწილებია: თვალები, ულვაშები და პირი.

თვალები ფუტკარს აქვს ორგვარი: რთული და მარტივი. გამადიდებელი შუშის საშუალებით ფუტკრის რთულ თვალებში შეუნიშნავთ რამდენიმე ათასი განუვითარებელი ექვსკუთხედი პაწია თვალი. ასეთი თვალები მამალ ფუტკრებს უფრო მეტი აქვთ ვიდრე მუშებს და დედას. ამ რთული თვალების არსებობით უნდა აიხსნა ის გარემოება, რომ ფუტკრები თითქმის ყოველმხრივ ხედავენ.

ულვაშები ფუტკარს ზედ შუა სახეზედ ასხია. ულვაში მათრახს წააგავს და შესდგება ტარისა და შოლტისაგან. დანიშნულება ულვაშისა ფუტკრის ცხოვრებაში ერთობ დიდია; იგი ასრულებს ყნოსვის შეხებისადა სმენის ორგანოთა დანიშნულებას. ულვაშდაგლეჯილი ფუტკარი ყოვლად უვარგისი წევრია ფუტკართა ოჯახში, ვინაიდან იგი მოკლებულია ზემოხსენებულ სამ გრძნობას.

პირის ნაწილები დედა და მამალ ფუტკრებს უფრო ნაკლებად აქვთ განვითრებული ვიდრე მუშას. პირის ნაწილებია: ზედა ტუჩი ორი ყბით და ქვედა ტუჩი, აგრეთვე ორი ყბითა და ხორთუმით. ზედა ყბები რომელნიც გარდიგარდმო მოძრაობს, შედარებით უფრო მაგრებია და მათი საშუალებით ფუტკარი ღრღნის, აპობს ჯერ ისევ გადაუშლელ ყვავილს, იღებს კვირტებიდან წებოს-დინდგლს, ეზიდება უფრო მძიმე საგნებს სკიდან, აცლის ზედაპირს გადაბეჭდილ ფიჭებს და სხვა. ხორთუმი კი უფრო ნაზია; იგი მილის მაგვარია და დაბოლოვებულია პატარა კოვზუკათი-პატარა ენით, რომლის შემწეობითაც ფუტკარი წუწნის ყვავილებიდან სიტკბოს, გადააქვს ხორთუმის მილში და იქიდან კიდევ თვით სათაფლე ჩიჩახვში.

მკერდი ფუტკრისა შემოსილია ძლიერ ხშირი ბუსუსებით და შესდგება სამი ნაწილისაგან: წინა მკერდის, შუა მკერდის და უკანამკერდისაგან.

წინა მკერდზე მოთავსებულია წინა ფეხები, შუა მკერდზე შუა ფეხები და ფრთები. ხოლო უკანა მკერდზე-უკანა ფეხები. ფეხები ფუტკრისა, როგორც მისი გარეკანი და განსაკუთრებით მთელი მკერდი, შესდგება რქის მაგვარი ნივთიერებისაგან. ისინი მეტად კუნთოვანი და მოძრავია. ფეხის ნაწილებია: ბარძაყი, ტაბუხის თავი, თეძო,წვივი და თათი თავისი ოთხსახსროვანი ბოლოებით. ეს უკანასკნელი ბოლოვდება ორი პატარა ბრჭყალით, რომელთა შორის მოთავსებულია მუდამ სველი პატარა ბალიში, მისი შემწეობით ფუტკარს შეუძლია იაროს ისეთ მოლიპულ საგნებძე როგორიცაა მაგალითად, შუშა.

გარდა ამისა, უკანა ფეხების წვივებზე, გარეთა მხრიდან შევამჩნევთ ჯამის მაგვარ ამოღრუტნულ ადგილებს ირგვლივ ბუსუსებით შემოსილებს რომელსაც მეფუტკრეობაში უწოდებენ გიდელას -კალათს. ამით ფუტკარი ეზიდება ყვავილთა მტვერს დინდგილს და სხვა. მეორე მხარეზე კი ატყვია ოქროსფერი ბუსუსების გარდიგარდმო ზოლები, რომლებიც შველიან ფუტკარს ყვავილის მტვრის შეგროვებაში. ამ ნაწილებს-გიდელას და ბუსუსის ზოლებს მოკლებულნი არიან დედა და მამალი ფუტკრები. სამაგიეროდ, უკანა ფეხები იმათ უფრო სქლად აქვთ შემოსილი ბუსუსებით. გარდა ამისა, უკანა ფეხების წვივების ბოლოს შევამჩნევთ კბილებიანს, ე.წ მაყაშს. შუა ფეხებზე, სადგისის მაგვარ დეზს და წინა ფეხებზე მრგვალ სავარცხელს დეზითურთ.

როცა ჩვენ სკას თავს ავხდით და შიგნით ჩავხედავთ , რასაც შიგნით დავინახავთ, იმას ეწოდება ფუტკრის ბუდე. ბუდეში, გარდა ფუტკრებისა, ჩვენ ვხედავთ სანთლის შენობებს-ფიჭებს. ყველა ფიჭა უჯრედებად არის დაყოფილი. თითოეული უჯრედი საჭიროების დროს მოზარდი თაობის აკვანია, სხვა დროს კი ჭურჭელი-საუნჯეა, რაშიც ფუტკრები იუნჯებენ, ინახავენ თავიანთ საზრდოს.

როცა ფუტკრების ბუდეს გავსინჯავთ და ფიჭებს კარგად დავაკვირდებით, დავინახავთ, რომ ყველა ფიჭის უჯრედი ერთი ზომისა არ არის; ზოგი ფიჭა წვრილ უჯრედებიანია, ზოგი მსხვილი, ზოგი უჯრედი მოყვანილობითაც განსხვავდება, ყველას თავისი დანიშნულება აქვს და იმის შესადარად არის გაკეთებული. წვრილ უჯრედებიანი სწორ ექვსკუთხიანი სამუშე ჭიების აღსაზრდელ აკვნად არის დანიშნული. ამისათვის, ასეთ უჯრედებს სამუშე უჯრედებს ეძახიან.

ამათზე უფრო მსხვილ თვალას მალებისათვის ამზადებენ და ასეთ უჯრედებს სამამლე უჯრედები ეწოდება. შეგხვდებათ უჯრედები გნსხვავებული მოყვანილობის, რომელთათ ჩვეულებრივ ექვსკუთხეზე მეტი ან ნაკლები აქვს. ასეთ უჯრედებს ეწოდებათ „გადასაბმელი“ უჯრედები. გადასაბმელი იმიტომ ეწოდება, რომ ეს უსწორმასწორო უჯრედები წარმოადგენენ სამუშე და სამამლე უჯრედების შემაერთებელ კავშირს, რადგან უიმათოდ, თუ ზემოთ სამუშე უჯრედებია დაწყებული, ქვემოთ სისწორით სამამლე; არც აშენდებოდა.

ზოგჯერ ბუდეში შეგვხვდება ძროხის ძუძუს მსგავსი უჯრედი, ეს უჯრედი მოყვანილობით, სიღრმით და სისქით ყველაზე განსხვავებული და ყველაზე დიდია, ეს უჯრედი არის დანიშნული დედა ფუტკრის აღსაზრდელად, ამიტომაც მისთვის სადედე უჯრედი დაურქმევიათ.

სადედე უჯრედი ორ ადგილას შეგხვდებათ: ფიჭის კიდურზე და ფიჭის შუაში. როცა ასეთი უჯრედი კიდურზეა მიშენებული, ბუნებრივ დედა ფუტკრისთვის არის დანიშნული, მას ჩვეულებრივ, სადედე უჯრედს უწოდებენ, ხოლო შუაზე არის სახელდახელოდ აშენებული – „გაჭირვების დედის“აღსაზრდელად არის დანიშნული. სადედე ჭიას ფუტკრები განსაკუთრებული პატივით ეპყრობიან. კვერცხის დადებიდან 16 დღე-ღამეა საჭირო, რომ კვერცხიდან სადედე ფუტკარი გამოვიდეს. ახლად გამოჩეკილი დედა ადვილი საცნობია იმდენად არ ბზინავს და ისე მოყვითალო არ არის როგორც, კვერცხმდებელი.

კვერცხიდან მუშა და მამალიც მესამე დღეს იჩეკება. მუშა ფუტკარი რჩება ჭიად ექვსი, მამალი კი შვიდი დღე-ღამე. შემდეგ მუშა ფუტკრები უჯრედს თავს გადაუბეჭდავენ და სულ 21 დღე-ღამეა საჭირო რომ კვერცხი მუშა ფუტკრად იქცეს. ხოლო მამალ ფუტკარს 24 დღე-ღამე სჭირდება რომ ფუტკრად გარდაიქმნას.

ახლადგამოჩეკილი, ახალგაზრდა დედა ფუტკარი ხუთი-ექვსი დღის შემდეგ გამოფრინდება სკიდან გასანაყოფიერებლად, ამ დროს კი, მამალი ფუტკარი იღუპება. ერთხელ განაყოფიერებული დედა მეორედ არასოდეს არ განაყოფიერდება. ყველა განაყოფიერებულ დედას შეუძლია დადოს ორნაირი კვერცხი: განაყოფიერებული და გაუნაყოფიერებული.

გაჭირვების დედის აღზრდას ფუტკრები შეუდგებიან ობლობის დროს, იმ დროს, როცა დედა დაეკარგათ, მაგრამ მან ბუდეში დატოვა სამუშე კვერცხი. სულ სხვა მდგომარეობაში ვარდებიან იმ დროს, როცა მათ არა აქვთ საშუალება აღზარდონ გაჭირვების დედა. სიცოცხლის სურვილი მუდამ ოსტატ ფუტკრებს ატყუებს და ნაცვლად ნამდვილი დედისა კმაყოფილდებიან ავი დედინაცვლით, რომელიც ისედაც ობლობით დასუსტებულ სკას უარესად ასუსტებს და დღთი-დღე უფსკრულისაკენ მიაქანებს. ასეთი დედა არის „ცრუ“ დედა. ოჯახში მუშა ფუტკარი აკეთებს ყველაფერს რაც საზოგადოებისათვის აუცილებელია.

საჭიროა გავიგოთ, რა მასალისგან აშენებენ ფუტკრები ფიჭას.ფიჭის გადადნობის შემდეგ ვღებულობთ სანთელს. მეცნიერმა გუბერმა დაამტკიცა რომ, მართალია, ჭეოს ფიჭის გაკეთებაში მნიშვნელობა აქვს, მაგრამ ფიჭის საშენ მასალად მაინც გამოუსადეგარია; მან დაამტკიცა, რომ ფიჭა კეთდება სანთლისგან, სანთელი კი ისეთივე ორგანული ნივთიერებაა, როგორც ქონი, როგორც ოფლი (ჭენჭი).

სანთელი მუშავდება მუშა ფუტკრის სხეულში და ქონის სახით გამოჟონავს გარეთ. რამდენადაც ბუნების სიუხვე, ღალიანობა და სითბო ხელს უწყობს, იმდენად მეტი სანთელი გამოჟონავს ფუტკრების სხეულიდან. ე.ი ფიჭის შენებისთვის საჭირო ყოფილა ფუტკრებს იმაზე მეტი სარჩო ჰქონდეთ რაც ჩვეულებრივ თავისა და ბარტყების საკვებად ეყოფად და ამავე დროს სკაში უნდა იყოს მომეტებული სითბო.

ფუტკრები სანთელს ამზადებენ თაფლთან შედარებით ძლიერ ციტას, თუნდაც ძლიერ უხვი ღალიანობა იყოს. ველსის სიტყვით, ძლიერ სკას შეუძლია მოგვცეს საშუალოდ 1.2 კგ სანთელი. სანთელი მათ ეხარჯებათ ფიჭების აშენებაზე, ბარტყიანი და თაფლიანი უჯრედების გადასაბეჭდათ. ერთ ფუტკარს არასოდეს არ შეუძლია ააშენოს არამც თუ ფიჭის ნაჭერი, ერთი უჯრედიც კი. ფიჭა ყოველთვის არის მუშა ფუტკრების შეერთბული, მუყაითი შრომის ნაყოფი.

სანთელი არის ცხიმოვანი ნივთიერება 0°_ის დროს მაგრდება, მომეტებულ სითბოში (25°) რბილდება და იღვენთება, 66°-ზე  _ კი დნება, 80°-ზე _დუღდება, 300°_ზე ორთქლად იქცევა.

ახლად გაკეთებული ფიჭა თეთრია.

წმინდა სანთელი შეიცავს: 80%  ნახშირბადს, _ 13% წყალბადს, _ 5% ჟანგბადს.

თაფლის შესახებ ბევრს მცდარი წარმოდეგნა აქვს. ზოგი ფიქრობს, რომ თაფლს ფუტკრები ამზადებენ იმ მასალისგან, რომელიც მუშა ფუტკრებს ფეხით მოაქვთ, ე.ი ჭეოსაგან. ზოგი კი დარწმუნებულია, თითქოს ფუტკრებს საჭმლის მონელების შემდეგ კუჭში შეუმზადდება თაფლი და ამ მონელებულს-თაფლის სახით სხეულის უკანა ნაწილიდან ასხამენ უჯრედებში. მეცნიერებამ ერთიც და მეორე აზრიც დაარღვია და დაამტკიცა, რომ თაფლი არ არის ყვავილის ტკბილი წვენი ანუ უცხო, საერთოდ მიღებული გამოთქმით რომ ვთქვათ, ნექტარი.ხსენებულ ნექტარს მოქნილი ენის, ხორთუმის წყალობით ყვავილის გულიდან ამოწუწნიან, გაივსებენ ჩიჩახვს, სადაც ნექტარი გადამუშავდება და ამ ტკბილ წვენს იმავე გზით, რა გზითაც ჩიჩახვში შეაგროვეს, უჯრედებში ჩასახამენ. ამრიგად ყვავილების ნექტარს, ჩიჩახვში თაფლად გადამუშავებულს და ფუტკრების მიერ პირის ნაწილიდან უჯრედებში ჩასხმულს, ვეძახით თაფლს. ახალი თაფლი თხელია, შიგ წყალი ურევია მაგრამ რამდენიმე ხნის შემდეგ, თაფლში წყალი ამოშრება თაფლის შესანახად მხოლოდ წყლის ამოშრობის შემდეგ ვარგა. ფუტკრები აცლიან და როცა წყალი მოშორდება, მხოლოდ შემდეგ გადაბეჭვდენ თავიანთ სარჩოს. გადაბეჭდილ თაფლით სავსე ფიჭებს „სარაჭი“ ეწოდება.

გარდა თაფლისა, თავიანთ საკვებად-საზრდოდ ფუტკრები აგროვებენ ჭეოს. ჭეო ყვავილის მტვერია. ის ბარტყების საზრდოა. ჭეოში ურევია უფრო მეტი ქიმიური ნივთიერება რაც თაფლში ნაკლებად არის და ბარტყების საზრდოდ კი აუცილებელია.

წყალი ფუტკრებისათვის აუცილებელია, რადგან წყალში ხსნიან გამაგრებულ, ჩაშაქრებულ, საზრდოდ სახმარ თაფლს, წყლის შემწეობით ამზადებენ ჭიებისათვის ჭეოსა და თაფლისაგან რძემაგვარ სითხეს. მეცნიერების აზრით ფუტკრებს მარილიც ძლიერ უყვართ. მარილი ბარტყებს სჭირდებათ თუ თვით ფუტკრებს, ჯერ არ არის გამორკვეული.

დინდგილს მუშა ფუტკრები აგროვებენ ხის ყლორტებსა და კვირტებზე. ყველაზე მეტად შოულობენ ალვის ხეზე, თხმელაზე, ტირიფზე,წაბლზე და სხვა. დინდგილს ხმარობენ წებოდ ჭუჭრუტანების დასაგლესად. უთუოდ სკაში დინდგილს სადეზინფექციო მნიშვნელობაც აქვს, რადგან ცხარე სუნი აქვს, ცეცხლზე ძლიერ ადვილად იწვის და ზლიერ სასიამოვნო მსუბუქ სუნს აყენებს. დინდგილს საოჯახო მნიშვნელობაც აქვს .

გამოკვლევებით დადგენილია, რომ ფუტკრის თაფლი ისეთი კონცეტრირებული მაღალკალორიული პროდუქტია რომელიც შემადგენლობით სისხლის პლაზმას უახლოვდება. თაფლიში შედის ორგანიზმისათვის საჭირო 70-ზე მეტი ნივთიერება, ამიტომ იგი არა მარტო საუკეთესო საკვებია, არამედ მნიშვნელოვანი ფარმკოლოგიური საშუალებაც. ბერძნები ფუტკრის თაფლს მედიცინაში უძველესი დროიდან იყენებდნენ. პითაგორა წერდა თაფლს აქვს მაღალი და მრავალნაირი სამკურნალო თვისებები. მედიცინის ფუძემდებელი ჰიპოკრატე თავის შრომებში მიუთითებს თაფლის კვებით და სამკურნალო თვისებებზე. იგი თაფლს იყენებდა სხვადასხვა დაავადების სამკურნალოდ. ვიტამინების შემსწავლელი სამეცნიერო კვლევის ინსტიტუტის მიერ ჩატარებულმა გამოკვლევებმა ცხადყო, რომ თაფლი შეიცავს:B1, B2, B3, B5, B6, BC, E, C, K. ვიტამინებს და კაროტინს. მას შემდეგ რაც შეისწავლეს თაფლის ქიმიური შემადგენლობა, ბიოლოგიური, კვებითი და დიეტური თვისებები, მისი გამოყენების არე მეცნიერულად დასაბუთდა. მოგეხსენებათ ფუტკრის თაფლი სქელი, გამჭირვალე, ბლანტი მასაა, რომელიც დროთა განმავლობაში იწყებს დაკრისტალებას და გამგრებას. თუ თაფლს კოვზით ავიღებთ, მოუმწიფებელი თაფლი კოვზიდან ადვილად გადმოიღვრება, მომწიფებული კი ფენოვან ნაოჭებათ დაეხვევა. თაფლმა შეიზლება შეირიოს შაქარი, ფქვილი, ცარცი,და სხვა ფხვიერი ნივთიერებები, რომელთა გამოვლენა ადვილად ხერხდება შემდეგი წესით: სინჯარაში ან პატარა კოლბაში ათავსებენ თაფლის სინჯს და უმატებენ დისტილირებულ წყალს. თაფლი დისტილირებულ წყალში გაიხსნება, ხოლო მინარევი ან ძირში დაილექება ან ზედაპირზე ამოტივტივდება.

ფუტკართან მუშაობის დროს სასურველია მეფუტკრეს ტანზე ეცვას თეთრი სამოსი, სამაჯე ყოველთვის გადაკრული უნდა ჰქონდეს, შარვალი წინდაში ჩაკეცილი. პირის სახეზე კბენას კი ყოველთვის უნდა ერიდოთ.ამისათვის საჭიროა, ფუტკართან მუშაობის დროს გვქონდეს პირბადე.

ფუტკარმა რომ არ გვიკბინოს და მასთან მუშაობა რომ წარმატებით შევძლოთ, საჭიროა ფუტკარს შევუკვამლოთ. კვამლი ფუტკრებს არ უყვართ. დასაკვამლებლად კი კარგია ხმელი ხის ფუტურო, ზროხის გამხმარი წივა, ხის სოკო… საკვამლე მანქანა სხვადასხვანაირია.

ფუტკართან მუშაობა უფრო ადვილია შუადღეზე მძიმე დათბობის შემდეგ, როცა თვით ფუტკრებიც მუშაობენ, როცა ღალიანობა არის, როცა საშრომად ხალისით მიდი-მოდიან. ასეთ დროს უმეტესად სკაში რჩებიან ახალგაზრდა მშვიდი ფუტკრები, რომლებიც იშვიათდ იკბინებიან.

გონიერი მეფუტკრე ფუტკრის მოღონიერების საქმეს ადრე გაზაფხულიდანვე იწყებს. „კარგი მეფუტკრისათვის უნაყოფო წელიწადი არ არსებობსო“ – ამბობენ. ფუტკრების კუჭის გასასუფთავებლად ერთი კვირის შემდეგ, თბილ ამინდში შვეგვიძლია შევუდგეთ სკების გაწმენდას. როცა მეფუტკრე სკების საერთო ხილვას მორჩება, ბუდეს შეავიწროებს, სუსტ ოჯახებს შეაერთებს, ობოლს დედას მისცემს, უარგისს გამოცვლის, ამის შემდეგ მეფუტკრისათვის ადვილი გადასაწყვეტი იქნება, თუ რომელ ოჯახს რამდენი საზრდოს მიმატება სჭირდება. ფუტკრების ყველაზე უკეთესი საკვები არის ისევ ჩვენივე ფუტკრის თაფლი. ასევე შეიძლება საკვებად თაფლ-წყალის მომზადება.

უხვი ღალით და საკუჭნაოს დადგმით, ყველაზე მეტად ის მეფუტკრე ისარგებლებს, ვისაც აქვს შენახული ციბრუტაზე დაცლილი შარშანდელი მზამზარეული ფიჭა.

შეიძლება ფუტკრის ოჯახში ქურდობა მოხდეს. ქურდი ფუტკარი გასაძარცვავად ირჩევს სუსტ ოჯახს, მაგალითად უდედო სკა. საფუტკრეში ქურდობის გაჩენას გამოცდილი მეფუტკრე ადრევე შეიტყობს, დაბეჩავებულ სკას დაკეტავს და ერთი ორი დღით ბ;ნელ ადგილას დადგამს .

მეფუტკრე რაკი ხედავს რომ ღალის იმედი აღარაა, ოჯახების საზამთრო მოწესრიგებას შეუდგება, თითოეულს საჭიროებისდაგვარად აწესრიგებს. საზამთრო მზადებას თვით ფუტკრები ღალის გათავებისა და პირველი საგრძნობი აცივების შემდეგ იწყებენ-ბუდის შუაგულისაკენ იგუნდებიან და ერთმანეთს უფრო ეკვრიან. ოჯახის წესიერად გამოზამთრების პირობებია: 1.ახალგაზრდა ფუტკრები,2. სამყოფი საღი საზრდო, 3. ბინის ჰიგიენურად მოწყობა და სრული მყუდროება.

მეფუტკრეობის ყველაზე საშიში სენია სიდამპლე. მეფუტკრე ვალდებულია იცოდეს : რა არის სიდამპლე,როგორ გამოიცნობა ის, მისი გაჩენის მიზეზი, მისი თავიდან აშორება, მისი მკურნალობა.

ჩრჩილი ფუტკრი მტერი კი არა სანთლი მტერია, მაგრამ სანთლი განადგურებით ფუტკარსაც დიდ ზიანს აძლევს. ჩრჩილის წამალი-ღონიერი ოჯახი და მეფუტკრის მიერ სკების ფხიზელი ყურისგდებაა.

ფაღარათი ფუტკრის საშიში ავადმყოფობა არ არის, ადრე წარმავალია. ფუტკრებს ძლიერ ხშირად, სითბოს წყალობით, გარეთ გამოფრენა და გაწმენდა შეუძლიათ. ყოველივე ამის გამო, ფაღარათი ჩვენში იშვიათად უჩნდება ფუტკარს და თუ გაუჩნდა, ადრე გაივლის და ვერც საგრძნობელ ზიანს მიაყენებს. ფაღარათის უმთავრესი მიზეზი ურიგო კვებაა. 

ცხოველებში ფუტკრის ყველაზე საშიში მტერია თაგვი, ფრინველებიდან: წიფობელა, ღაჟო; ობობაც არ არის სკის სასურველი სტუმარი.

ყველა მცენარის ყვავილი ერთნაირი სიუხვით არ იძლევა სათაფლე ნექტარს.

წყარო: projectthelifeofbees.blogspot.com