დარგებიმეფუტკრეობა

ფუტკრის მოვლა ზაფხულის ბოლოდან მომდევნო წლის ადრე გაზაფხულამდე

წინამდებარე შრომა გაგრძელებაა იმ სტატიისა, რომელიც მიმდინარე წლის მარტში გამოქვეყნდა ჟურნალ „ახალ აგრარულ საქართველოში“ ( №3, გვ 6-9). ეს პროცესები მოიცავს საფუტკრეში განსახორციელებელ ყველა სამუშაოს, სეზონურობისაგან დამოუკიდებლად.
აღნიშნული პერიოდი  იწყება  აგვისტოდან აღმოსავლეთ საქართველოში, ხოლო დასავლეთში- უფრო გვიან თაფლოვანი და მტვეროვანი მცენარეების რამდენადმე განსხავებული პროდუქტიულობის გამო. აღმოსავლეთ საქართველოში, როგორც წესი, მკვეთრად კლებულობს ფუტკრის მიერ ნექტრის მოპოვება, რაც განაპირობებს შესაბამისად კვერცხდების შეზღუდვას. აქედან მოყოლებული ნოემბრამდე იწყება საკმაოდ ხანგრძლივი უღალო პერიოდი, რომელიც არ ამცირებს ფუტკრის აქტიურ ფრენას. თავის მხრივ ეს იწვევს მუშა ფუტკრის  იმ თაობის არასასურველ ნაადრევ ცვეთას, რომელიც ზამთრობაში უნდა შევიდეს და რომლის ნაწილი იხოცება  ამ პერიოდში. ამის შედეგია ფუტკრის ოჯახის დასუსტება  და მისი შემდგომი დაგვიანებული განვითარება გაზაფხულზე  პროდუქტიულობის საერთო შემცირებით (Таранов,  1972). ამ არასასურველი გარემოების თავიდან ასაცილებლად  აგვისტოდან დაწყებული  უნდა ჩატარდეს რამდენიმე სავალდებულო სამუშაო.

ფუტკრის ოჯახის საშემოდგომო გაძლიერების (გამრავლება) აუცილებლობა,  რაც დაკავშირებულია უპირველესად ფიჭებიდან სასაქონლი თაფლის გამოწურვასთან. თუ მესაკუთრის ეკონომიკური ინტერესი მოითხოვს ამ მაჩვენებლის გაზრდას, მაშინ ბუდეში ხელუხლებლად შეიძლება დარჩეს თაფლის შემცველი ბარტყიანი ჩარჩოები და მცირეთაფლიანი ფიჭები, ოღონდ იმ ანგარიშით, რომ შემდგომში საჭირო მარაგი უნდა შეივსოს მოკლე პერიოდში, გაზრდილი დოზებით (2,5-3 კგ  თითოეულ მიცემაზე) იმის გათვალისწინებით, რომ საბოლოოდ თითოეულ ჩარჩო ფუტკარზე  დაგროვდეს  არანაკლებ 2,0 კგ კონდიციური საკვები არანაკლებ 80% კონცენტრაციით).

ამის პარალელურად ან არაარსებითი დაყოვნებით ფუტკარს დაამუშავებენ სამკურნალო პრეპარატებით, უპირველესად ტკიპოვანი დაავადებების წინააღმდეგ, ხოლო საჭიროების შემთხვევაში – სხვა დაავადებათა წინააღმდეგაც.

     საკვების გადიდებული დოზა ვერ უზრუნველყოფს დედა ფუტკრის გაძლიერებულ კვერცხდებას, რის გამოც საჭირო ხდება ფუტკრის მასტიმულირებელი კვება დაბალი კონცენტრაციის (45-50%) სიროფით, თითოეულ ჯერზე 300-400გ, სამდღიანი შუალედებით, 1-1,5 თვის მანძილზე. ეს სამუშაო დაწყებულ უნდა იქნას იმ პერიოდში,  როცა დედა ფუტკარს ჯერ არ შეუწყვეტია მთლიანად კვერცხდება, წინააღმდეგ შემთხვევაში  მისი აღდგენა გაძნელდება. თუ ამ პერიოდში ოჯახში ჭეოს მარაგი შემცირებულია, ხოლო გარედან ფეხგუნდის  შემოტანა თითქმის არ შეინიშნება, მაშინ ფუტკარს უნდა მიეცეს დამატებითი ცილოვანი საკვები ყვავილის მტვრის სახით , ან  არატრადიციული ცილოვანი საკვები  საშუალებები, რადგან  მარტო შაქროვანი დანამატების გამოყენება საკმარისი არ არის. ამასთან დაკავშირებით ავტორები  სთავაზობენ მეფუტკრეებს ისეთი თაფლოვანი მცენარეების გაშენებას უშუალოდ საფუტკრის ტერიტორიაზე, ან მის მახლობლად მდებარე მიგდებულ მცირე  ნაკვეთებზე, რაც დღემდე მეფუტკრეთა მხოლოდ მცირე რიცხვს შეიძლება ჰქონდეს შენიშნული. ასეთ მცენარეებს მიეკუთვნება ე.წ. შემოდგომის წინწკალა (Galatella dracunculoides, ლ. ბალიაშვილი, 2010)  და  მასტაკანთი  (Caryopteris mastacanthus, ი. სარჯველაძე, 2010). ამათგან შემოდგომის წინწკალა ყვავილობას იწყებს აგვისტოს დასაწყისში  და ამთავრებს ოქტომბერში, ნექტრის ძალზე ინტენსიური გამოყოფით. იგივე სურათი შეინიშნება მასტაკანთის შემთხვევაშიც, ოღონდ უფრო ნაკლები ინტენსიურობით. დღემდე ამ მხრივ ჩვენი მკვლევარები ყურადღებას ამახვილებდნენ მხოლოდ შოროქნის ცოცხზე (ლ. ბალიაშვილი,2010). რა თქმა უნდა , ეს  მცენარე ვარგისია ამ კუთხითაც, მაგრამ აქვს ყვავილობის უფრო ხანმოკლე პერიოდი და ამასთან იზრდება დამლაშებულ ნიადაგებზე, რის გამოც ნაკლებად ხელმისაწვდომია  მეფუტკრეთათვის (მთაბარობის აუცილებლობა). შემოდგომის წინწკალა ადვილად იზრდება შედარებით ღარიბ ნიადაგებზე, აქტიურ პერიოდში საჭიროებს მხოლოდ სარეველებისაგან ერთჯერად გაწმენდას. იმედს ვიტოვებთ, რომ  ჩვენი მკვლევარები ჩაატარებენ  მასშტაბურ სამუშაოებს და მოეწყობა მისი გაფართოებული აღწარმოება საფუტკრეთა მფლობელების  თაოსნობით.

შემოდგომის წინკალა

 შემოდგომის წინწკალა

 რაც შეეხება დასავლეთ საქართველს საფუტკრეებს, აქ მცენარეთა ყვავილობის პერიოდი უფრო ხანგრძლივია და შესაბამისი სამუშაოები შეიძლება შესრულდეს  უფრო მოგვიანებით, ხოლო ოქროწკეპლას მასობრივი, არამართვადი გამრავლება ფუტკარს უზრუნველყოფს როგორც ნექტრით, ისე ყვავილის მტვრით ( აგვისტო- სექტემბერი).

არატრადიციული საკვების გამოყენება

საკმაოდ დიდი ხანია, რაც სასურსათო შაქარი ფუტკრის საკვებად გამოიყენება, რადგან იგი ფუტკრის ფიზიოლოგიურ მოთხოვნილებას ენერგიაზე პრინციპულად აკმაყოფილებს, თუმცა სრულყოფილ საკვებად არ ჩაითვლება: ფუტკარი მას, სიროფის სახით მიღებულს, ფიჭის უჯრედებში  ჩასხმამდე  გადაამუშავებს ნერწყვში არსებული ინვერტაზას მეშვეობით, ააორთქლებს ჭარბ წყალს და კონდიცირებულ საკვებს  (ინვერსიული სიროფი) გადაბეჭდავს ცვილის ფირფიტებით. ჩვეულებრივად, ეს ხდება უღალო პერიოდში, ფუტკრის ორგანიზმში არსებული სამარაგო ნივთიერებების  ხარჯზე, რაც აღარიბებს ფუტკრის ორგანიზმს და ნაკლებ სიცოცხლისუნარიანს ხდის. გარდა ამისა, მიცემული შაქრის 20-23% იხარჯება  ფუტკრის მიერ, აღწერილი პროცესის ჩასატარებლად (Мельничук, 1966). შესაბამისად მცირდება რეალურად არსებული კონდიცირებული სიროფის  რაოდენობა.

ამ არასასურველი მოვლენის თავიდან ასაცილებლად შემუშავებულია ინოვაციური ტექნოლოგია ქარხნული წარმოების ფერმენტული პრეპარატის (ბეტა-ფრუქტოფურანოზიდაზა) გამოყენებით, რაც გამორიცხავს ინვერსიული სიროფის წარმოებაში  ფუტკრის მონაწილეობას, გარდა ფიჭის უჯრედებში მისი ჩასხმისა (Мадзгарашвили и др. პატენტი # 578 341  A01K  3/00,  1977).  მრავალწლიანი გამოკვლევებით დადასტურდა არა მარტო შემოდგომაზე, არამედ ზამთრის პერიოდშიც ფუტკრის გამოკვების შესაძლებლობა გუნდის მთლიანობის დაურღვევლად. ეს ხერხი დაახლოებით სანახევროდ ზრდის სასაქონლო თაფლის გამოსავლიანობას თითოეული ჯანსაღი ფუტკრის ოჯახიდან, რაც მნიშვნელოვანი ეკონომიკური სტიმულია. ტექნოლოგია  მისადაგებულია საფერმო წარმოების პირობებთან  და მაქსიმალურად ეკონომიურია გაწეული დანახარჯების თვალსაზრისით: მზა პროდუქტის თვითღირებულებაში შეძენილი შაქრის ფასი 80-85%-ს შეადგენს.

    კანდი-ცომისებური საკვები   პირველად შემუშავებულ იქნა გერმანელი მკვლევარის- შოლცის მიერ არააქტიურ სეზონზე ფუტკრის გამოსაკვებად და მიიღებოდა თაფლისა და შაქრის ფქვილის ურთიერთშეზელვით. შემდგომში თაფლის  მაგიერ გამოიყენებოდა  ინვერსიული შაქარი მზა პროდუქტის გაიაფებისა და თაფლში არსებული დაავადებათა გამომწვევი მიკრობების აღსაკვეთად. ამ ხერხის ნაკლოვანი მხარებია: დამზადების სირთულე და მაღალი ღირებულება, მზა პროდუქტში საქაროზის მაღალი (70 მას.%) შემცველობა- ცომის გამოშრობისა და გამაგრების ერთ-ერთი ფაქტორი. სტატიის ავტორის მიერ შემუშავებული ტექნოლოგია (მაძღარაშვილი,საქპატენტი, დეპონირების მოწმობა #8458,  2021  წ.) დამყარებულია მთლიანად ჰიდროლიზებული ინვერსიული შაქრის გამოყენებაზე  კონცენტრაციით >75 მას.%. საჭიროების შემთხვევაში მასში ჩაირთვება ცილოვანი და სხვა, ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერებები. მზა ნაწარმის თხევადი ფორმის სწრაფი (2-2,5დღეღამე) დაკრიტალება ხდება  დამაკრისტალებელი აგენტის ( დედო) გამოყენებით. ფუტკრის მიერ მისი ათვისების პროცესში არ შეინიშნება გამაგრების ან ამჟავების ნიშნები. მზა ნაწარმის ღირებულება დაახლოებით 35%-ით ნაკლებია შოლცისეული ხერხით დამზადებული პროდუქტის ანალოგიურ მაჩვენებელზე.

კანდი კანდი

     ცილოვანი და სხვ. დანამატები დედა ფუტკრის კვერცხდების სტიმულაციისათვის

  ლიტერატურული მონაცემებით ( Haydak, 1970 ) შემოდგომაზე  ან ადრე გაზაფხულზე  გამოყენებული საშუალებებიდან აღსანიშნავია სოიის ცხიმგაცლილი და ინაქტივირებული შროტი, მშრალი მოხდილი რძე, მშრალი ინაქტივირებული საფუარი, სხვა მიკრობული წარმოშობის პრეპარატები  ცილის მაღალი (>40%) შემცველობით. ასეთი ნაზავის საერთო ნაკლია მისი არასაკმარისი მიმზიდველობა ფუტკრისათვის ყვავილის მტვერთან შედარებით, დაბალი  მონელებადობა, საბოლოო ჯამში-კვერცხდების დაბალი მასტიმულირებელი ეფექტი, რის გამოც მას უმატებენ ყვავილის მტვრის გარკვეულ (15-23%) რაოდენობას. ჩვენს მიერ ნაზავში სოიის ნაცვლად შეტანილია მიწის თხილის (არაქისი) ფქვილი. ჩვენი გაანგარიშებით, ამ უკანასკნელში არსებული ცხიმის შემცველობა უფრო ოპტიმალური იქნება ფუტკრის მოთხოვნილების დასაკმაყოფილებლად. ამას გარდა , არაქისი არ შეიცავს ფუტკრისათვის არასასურველ ურეაზას, მისი პროტეინოვანი ნაწილი უფრო ადვილადმონელებადია (70%), ხოლო დაუმუშავებელი სოიისა- 40-45% ( ინტერნეტის მონაცემებით). კანდის ნახშირწყლოვანი სტრუქტურა უზრუნველყოფს  მზა პროდუქტის  კოსისტენციის (სილბო) ხანგრძლივად შენარჩუნებას, რაც განპირობებულია ფრუქტოზის  მაღალი (50%-მდე) შემცველობით. ამ ტექნოლოგიით დამზადებული კანდის მასშტაბიანი კვლევა  ჯერჯერობით არ ჩატარებულა დარგის სამეცნიერო უზრუნველყოფის სტრუქტურის ფაქტიური არარსებობის გამო.

     მოზამთრე გუნდის ფიზიოლოგიური მაჩვენებლები

საჭიროების შემთხვევაში  მოზამთრე მუშა ფუტკრის ფიზიოლოგიური მდგომარეობის დასადგენად შეიძლება განისაზღვროს:

ფერი: იგი უნდა შეესაბამებოდეს ჯიშის ( პოპულაციის) საერთო მაჩვენებელს:  ბზინვარე მოშავო ფერი  მიუთითებს მუშა ფუტკრის ხანდაზმულობას;

შებუსულობა: ახალგაზრდა მუშა ფუტკარს ეს მაჩვენებელი მკვეთრად აქვს გამოსახული, ხნიერს იგი უმცირდება და ქიტინოვანი საფარველი მოშავო ფერს იღებს;

-ზამთრობისათვის  კარგად მომზადებულ (ნაკვებ) ფუტკარს მუცლის შიგა (დორზალურ) მხარეზე აღენიშნება კარგად განვითარებული, მორუხო ფერის ცხიმოვანი სხეული (საზრდო ნივთიერებების ძირითადი წყარო (Маурицио,  1958).

ცხიმოვანაიდლკაჯსდლფკასლდფ-გუნდის ამავე ჯგუფს სხეულში (შიგა ორგანოების გარეშე) პროტეინის შემცველობა მაღალი აქვს (მშრალ ნივთიერებაში  არა ნაკლებ 47%-სა). მაჩვენებელი განისაზღვრება ქიმიური ანალიზის მეშვეობით, კელდალის მეთოდით;

ზამთრის სამარაგო საკვების  ვარგისიანობა: ამ მაჩვენებლის დადგენა ხდება ქვემოთმოტანილი პარამეტრების მიხედვით:

ა) შედარებით მარტივი მეთოდები:

_ წყლის შემცველობის განსაზღვრა – რეფრაქტომეტრულად;

_ მანანა თაფლის არსებობა – კირწყალით ან ეთილის სპირტით.

ბ) ანალიზის რთული მეთოდები:

_ ოპტიკური აქტივობა- მარჯვნივმაბრუნებელი შაქრების ( გლუკოზა, საქაროზა, გალაქტოზა) წილი ( დაკრისტალების ან მოწამვლის საფრთხე) საკვების მასაში-პოლარიმეტრულად;

_ პესტიციდების არსებობა – ქრომატოგრაფიულად, თუ თაფლი შეგროვდა მოყვავილე მცენარეებიდან პესტიციდების უკონტროლო გამოყენების პირობებში.

მოზამთრე ფუტკრის ბუდის დაკომპლექტება

ეს ხდება იმ დროს, როცა სკაში  ფუტკრის მოძრაობა მკვეთრად წყდება და ის ამჟღავნებს ფიჭებზე გუნდად განწყობის ინსტინქტს. ეს პერიოდი აღმოსავლეთ საქართველოში ნოემბრის დასაწყისში დგება და დამოკიდებულია გარემოს ტემპერატურაზე, ხოლო დასავლეთ საქართველოში ამ ფაქტორის გავლენით გუნდის  შეკვრა უფრო გვიან იწყება. ამ პერიოდში საფუტკრეში შესასრულებელი სამუშაოებია:

-სკაში მეტ-ნაკლები სიზუსტით ფუტკრის რაოდენობის განსაზღვრა, რომელიც ფიჭებს სრულად დაფარავს, აგრეთვე ბუდიდან ზედმეტი ფიჭების (მცირეთაფლიანი, უსწოროდ აშენებული, ზედმეტად გამუქებული) ამოღება და იმ ფიჭების დატოვება, რომელთაგან თითოეული 2 -2,5კგ საკვებს შეიცავს. არ არის სასურველი მთლიანად საკვებით შევსებული ფიჭების დატოვება, რადგან ზამთრობის დასაწყისში გუნდი იკავებს ფიჭის ქვედა ნაწილს, საკვებისაგან თავისუფალს და მხოლოდ გუნდის ერთი ნაწილი ეხება თაფლიან უჯრედებს;

-მოზამთრე გუნდის შიგნით ზომიერად გამუქებული (არა ახლადაშენებული),  ბარტყიანი ფიჭების გადანაცვლება, სითბოს უკეთესი შენარჩუნების თვისებებით;

-თუ ფუტკრის ბუდე  სკას მთლიანად ვერ ავსებს, იგი უნდა შემოიზღუდოს ერთი მხრიდან გამყოფი ტიხრითა და ბალიშით, მეორე ბალიშით და საფარი ტილოთი ბუდე დათბუნდება ზემოდან. საფრენი უნდა მიექცეს აღმოსავლეთით ან სამხრეთისაკენ ( არა ჩრდილოეთისაკენ!);

– თუ ფუტკრის ოჯახი სუსტია, მაშინ ერთ სკაში დასაშვებია ორი სუსტი ოჯახის მოთავსება, ერთიმეორის გვერდით, შუაში ყრუ ტიხრით, განცალკევებული საფრენებით. იგივე განწყობა უნდა იქნას დაცული, თუ ერთ სკაში მოათავსებენ ერთ სუსტ ოჯახსა და ნუკლეუსს სათადარიგო დედით;

  საფუტკრისათვის ზამთრობის ადგილის შერჩევა

ადგილი უნდა შეირჩეს ოდნავ დაქანებული ან სწორი, ქარებისაგან შეძლებისამებრ დაცული, არა ჩავარდნილი ტერიტორიით (ნისლის შესაძლებელი დაგროვება), არა ზედმეტად ტენიანი. სასურველია, სკის წინა კედელი ოდნავ დახრილი იყოს, მზიან ამინდში გუნდის  გამომღერის შესაძლებლობით . ამისთვის სასურველია,  თუ მისი ერთი მხარე სამხრეთისკენაა მიქცეული;

ჩრჩილთან ბრძოლა

  ეს მავნებელი აქტიურ სეზონზე მრავლდება სუსტ ოჯახებში, ან ისეთ ფიჭებში, რომლებიც ერთიმეორესთან ძალზე მჭიდროდაა მიდგმული და ფუტკარი ვერ ახერხებს შუალედში მუშაობას, ან თაფლის გამოწურვის შემდეგ სათადარიგოდ გადანახულ ფიჭებზე. ამიტომ  სკაში ფიჭები უნდა ჩალაგდეს ჩარჩოთა გამყოფების მჭიდრო ურთიერთ შეხებით, ხოლო თაფლისაგან თავისუფალი ფიჭები უნდა დამუშავდეს საყინულე კარადაში -12- 150C  პირობებში, 1,5-2 საათის განმავლობაში, რაც მთლიანად სპობს ჩრჩილის ყველანაირ ასაკობრივ ფორმას.

   თაგვებთან საბრძოლველად  სკას უნდა ამოექოლოს ყველანაირი ნახვრეტები, საფრენი დაიხუროს შემზღუდველებით, საწყობში განლაგებული სკების გარშემო დაიფინოს პასტისებური საწამლავით დაფარული ფირფიტები, რომელშიც თაგვი ეფლობა, საფუტკრეში არსებული სკები პერიოდულად შემოწმდეს  ამ მავნებლის არსებობაზე, გამოყენებულ იქნას მოწამლული სატყუარა საკვები, რაც არსებობს ვეტპრეპარატების სავაჭრო ქსელში.

ბუდის დანესტიანების  წინააღმდეგ სკას უნდა ჰქონდეს კარგი სახურავი, განთავსდეს თანამედროვე  კონსტრუქციის სადგამზე,  მიწის ზედაპირიდან არანაკლებ 33-35 სმ სიმაღლეზე, გაუკეთდეს სახურავის გვერდით კედლებში სავენტილაციო ჭრილები, ხოლო სკის ძირზე – მოძრავი მავთულბადიანი ხუფები. ფიჭის შესანახ სარდაფში მოეწყოს სავენტილაციო სისტემა და მავთულბადიანი ფანჯრები.

    საფუტკრისათვის საზამთრე ნაგებობის გამოყენება

საქართველოს პირობებში ასეთი ნაგებობის არსებობა მიზანშეწონილია მაღალმთიან რეგიონებში, სადაც ზამთარში  -100C  და  უფრო დაბალი ტემპერატურა აღინიშნება. მისი გამოყენებით მცირდება დაღუპული სუსტი ოჯახების  რაოდენობა და საკვების ხარჯვა. საზამთრე ნაგებობაში ფუტკრის ოჯახის ყოლის ოპტიმალური ტემპერატურული საზღვრები მერყეობს +2-20C ფარგლებში, ფარდობითი ტენიანობა – 75%-მდე, სიბნელეში. სკებს სახურავებს ხდიან, ფუტკრის ხილვის დროს იყენებენ წითელ მაშუქს, რომ არ გამოიწვიონ ფუტკრის გაღიზიანება, გარეთ შედარებით  თბილ ამინდში საზამთრე ნაგებობას გაანიავებენ, რომ აიცილონ თავიდან ფუტკრის გააქტიურება. მოზამთრე გუნდის მდგომარეობას ამოწმებენ დამახასიათებელი ბგერითი  სიგნალებით ( შიმშილი, ნოზემატოზის გაჩენა,  თაგვი და სხვ.). გაზაფხულის მოახლოებასთან დაკავშირებით სკები გარეთ გამოაქვთ და ალაგებენ სადგამებზე, შედარებით ცივ ამინდში. შემდგომი მოვლა ხდება საერთოდ დადგენილი წესებით ( ბუდის შემჭიდროება, წამახალისებელი კვება კანდით ან ინვერსიული სიროფით, მკურნალობა და სხვ.).

გოგი (გიორგი)  მაძღარაშვილი,

სოფლის მეურნ. მეცნ. დოქტორი