მე და ჩემი სოფელისტატიები

პროექტები, რომლებმაც თუშურ სოფლებში ხალხი დააბრუნა

თუშეთში პირველად 2001 წელს მოვხვდი, როცა მე და ჩემი რამდენიმე მეგობარი კარვებით და ღამის საძილე ტომრებით აღვიჭურვეთ და საქართველოს ამ ულამაზესი კუთხის ურთულეს გზას დავადექით.
იმ პერიოდში თუშეთში მოხვედრა მხოლოდ საბჭოთა კამაზით იყო შესაძლებელი და ალვანიდან ომალომდე ასასვლელი 85 კილომეტრიანი საავტომობილო გზის დაფარვას თითქმის ნახევარი დღე სჭირდებოდა. ომალოში ჩასულები კი საბოლოოდ დავრწმუნდით, რომ საქართველოს ეს თვალწარმტაცი კუთხე აბსოლუტურად მოწყვეტილი იყო გარესამყაროს, ცივილიზაციას, თანმედროვეობას. პირიქითა თუშეთის არც ერთ სოფელში არც დენი იყო, არც წყალი, არც სასტუმრო და არც იმის საშუალება, რომ პური მაინც გვეყიდა. მახსოვს, ერთი საღამო თბილისიდან წამოღებულ შოკოლადებზე გადავატარეთ…

მეორედ თუშეთში ამ ზაფხულს ვიმოგზაურე. გულწრფელად ვიტყვი, რომ განსაკუთრებულ ცვლილებებს არ ველოდი, მაგრამ 16 წლის წინანდელი ჩემი დაუვიწყარი თუშური თავგადასავალი რადიკალურად განსხვავებული აღმოჩნდა იმისგან, რაც „გათანამედროებულ“ თუშეთში დამხვდა. თითქმის ყველა ადგილობრივს, რომლებიც თუშეთში მხოლოდ სეზონზე ამოდიან, საოჯახო სასტუმრო აქვს მოწყობილი. სასტუმროებში დენი და ცივი/ცხელი წყალია, თუშურ სოფლებში დღეს უპრობლემოდ იშოვით ნებისმიერ პროდუქტს. ერთი სიტყვით, ყველა პირობაა შეექმნილი იმისთვის, რომ ტურისტმა დაუვიწყარი შთაბეჭდილებები მიიღოს. ამიტომაც წლიდან წლამდე ტურისტების რიცხვი მატულობს, რის პარალელურადაც, ცხადია, თუშების ამ სფეროში დასაქმებაც იზრდება.

თუშეთის სოფლის მეურნეობის განვითარებასა და ადგილობრივების ტურიზმის სფეროთი დაინტერესებაში ლომის წილი ჩეხეთის განვითარების სააგენტოსა და არასამთავრობო ორგანიზაცია „ჩეხეთის რესპუბლიკის კარიტასს საქართველოში“ მიუძღვის.

სწორედ მათი დახმარებით თუშეთის სოფლებში რამდენიმე წლის წინ მზის ენერგიის ათვისება დაიწყეს. პროექტი ჩეხეთის განვითარების სააგენტომ დააფინანსა.

მზის პანელებისა და ბატარეების დამონტაჟებამ თუშებს საშუალება მისცა, საკუთარი, მცირე ბიზნესი წამოეწყოთ და ტურიზმის სფეროში დასაქმებულიყვნენ. შედეგად სოფლებში გაჩნდა საოჯახო სასტუმროები, სადაც დენიც არის და ცხელი წყალიც.

კიდევ ერთი პროექტი, რომელიც „კარიტასის“ მხარდაჭერით განხორციელდა, თუშეთში კოოპერატივების განვითარების ხელშეწყობაა. კოოპერატივებმა საშუალება მისცა ადგილობრივებს ერთმანეთის თანადგომით და სწორი აგროტექნიკური მიდგომებით უფრო მეტი პროდუქტი მოეყვანათ და ტურისტებისთვის თავიანთი მოყვანილი ნატურალური პროდუქტი შეეთავაზებინათ. ყველაფერმა ერთად – მზის პანელებმა, კოოპერატივებმა და საოჯახო სასტუმროებმა დღეს თუშეთი ტურისტებისთვის კიდევ უფრო მიმზიდველ მხარედ აქცია, ადგილობრივებს კი შემოსავლის სტაბილური წყარო გაუჩინა.

ნათია ბაკურიძე ერთ-ერთია იმ თუშებიდან, ვინც „კარიტასის“ დახმარებით ბიზნესი გააფართოვა. დღეს თუშეთში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული სასტუმრო „შინა“ნათიამ 2010 წელს გახსნა. სასტუმროში მისი ორი შვილი და რამდენიმე ადგილობრივია დასაქმებული. რამდენიმე თვის წინ ნათია ბაკურიძემ „ჩეხეთის რესპუბლიკის კარიტასის“ დახმარებით საკონდიტრო ღუმელი შეიძინა, რომელშიც სხვადასხვა საკონდიტრო ნაწარმის, პურისა და პიცის გამოცხობაა შესაძლებელი, ასე რომ, თუ რაიმე, ჩემთვის წარმოუდგენელი მიზეზის გამო, ქართული სამზარეულო ვერ დაგაკმაყოფილებთ, შეგიძლიათ თუშური პიცა დააგემოვნოთ.

„ღუმელის შეძენის შემდეგ სასტუმროში სტუმრების რაოდენობა15%-ით გამეზარდა, რადგან სერვისთან ერთად, მათ ახალგამომცხვარ პურსა და საკონდიტრო ნაწარმს ვთავაზობთ. შესაბისად, ეს ყველაფერი აისახა შემოსავლების ზრდაზეც“, – ამბობს ნათია ბაკურიძე, რომელიც საკონდიტრო ნაწარმით მეზობელ სასტუმროებსა და კაფეებსაც ამარაგებს.

სასტუმრო „შინას“ დღეს უკვე კარგად იცნობენ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში. დღეს ყველა ჩვენგანი, სანამ სადმე დაბინავებას გადაწყვეტდეს, ინტერნეტში კითხულობს რეცენზიებს ამა თუ იმ ადგილის შესახებ. ჰოდა, ამ საქმეში მსოფლიოს ნომერ პირველ პორტალ Booking.com-ზე, სასტუმრო „შინა“-ს, არც მეტი, არც ნაკლები, სისუფთავის რეიტინგში 10-დან 9.2 ქულა აქვს, ხოლო მდებარეობას კი 9.4 ქულა.

ომალოს კიდევ ერთი მკვიდრი ეთერ მარხვაიძე ჰოსტელ „ტიშეს“ გარდა მაღაზიის მფლობელია, რომელიც მყიდველს მრავალფეროვან პროდუქციას სთავაზობს. ჩეხური მხარის დახმარებით, ეთერ მარხვაიძემ მზის პანელები შეიძინა. მუდმივმა დენმა კი საშუალება მისცა ჰოსტელი სრული დატვირთვით აემუშავებინა. ჰოსტელის სტუმრებსა და კარვებში გაჩერებულ სხვა სტუმრებს სამრეცხაოს, შხაპსა და Wi-Fi-ის სთავაზობს.

„მას შემდეგ, რაც დენი მაქვს, შემოსავლები გამიორმაგდა. შემიძლია უფრო მეტი პროდუქტი მოვიმარაგო და მაცივრებში შევინახო. ადრე მაწონს ვადედებდი, თუმცა ძალიან მცირე რაოდენობით და მოგებაზე ვერ გავდიოდი. მას მერე, რაც მაცივრები მაქვს, მაწვნის გაყიდვებითაც მოგებაზე გავედი. ყველაფერმა ერთად საშუალება მომცა მომსახურების ხარისხი გამეუმჯობესებინა“, – გვითხრა ეთერ მარხვაიძემ.

კოოპერატივი „თუშეთი 2015“ ერთ-ერთია იმ რამდენიმე კოოპერატივს შორის, რომელიც „კარიტასის“ ხელშეწყობით დაფუძნდა და განვითარდა. კოოპერატივში ექვსი ომალოელი ოჯახია გაერთიანებული. გარდა ამისა, „კარიტასმა“ ხელი შეუწყო სოფელ ომალოში სავაჭრო ჯიხურის მშენებლობას „თუშეთი 2015“-ს რამდენიმე თვის წინ სავაჭრო ჯიხური აჩუქა, სადაც კოოპერატივის წევრები თავიანთ მოყვანილ პროდუქციას ყიდიან. „თუშეთი 2015“-ის წევრებს ძირითადად კარტოფილისა და კიტრის მეურნეობები აქვთ. ადგილობრივ პროდუქციას გასაღების ბაზრის პოვნა არ უჭირს და ადგილობრივი საოჯახო სასტუმროების მფლობელები კიტრის შესაძენად წინასწარ სიაში ეწერებიან.

„კარიტასის“ დაფინანსებით კიტრის ორი სათბური მოვაწყეთ. შარშან 900 კგ კიტრის მოსავალი მივიღეთ. გარდა ამისა, გადმოგვცეს საადრეო კარტოფილის ელიტური ჯიშები დასათესად. ამჟამად კოოპერატივი აწარმოებს კარტოფილის სათესლე მასალას, რომელსაც ბარში ან აქვე თუშეთში ყიდის.

კოოპერატივის თავმჯდომარე მაყვალა მელაიძე ამბობს, რომ თუშეთში სასტუმროებს კარტოფილი ბარიდან ამოაქვთ, რადგან ადგილობრივი კარტოფილი მხოლოდ სექტემბრის ბოლოს მოდის. კარტოფილის სუპერსაადრეო და საადრეო ჯიშები საშუალებას მოგვცემს ყველაზე ცხელ ტურისტულ სეზონზე მოვამარაგოთ სასტუმროები ადგილობრივი წარმოების კარტოფილით.

გარდა კოოპერატივისა, საადრეო ჯიშის კარტოფილის თესვა სხვა ოჯახებმაც დაიწყეს და კმაყოფილები არიან იმით, რომ გვალვის მიუხედავად კარგი სათესლე მასალის და სწორი აგროტექნიკის გამოყენებით უკეთესი მოსავალი მიიღეს, ვიდრე წინა წლებში ჰქონდათ.

თუშური თაფლი გაგიგონიათ? სავარაუდოდ ბევრს არა, რადგან სულ რამდენიმე წლის წინ თუშეთში 3-4 მეფუტკრე თუ იყო. თანაც, აქაურ თაფლზე ადგილზევე ძალიან დიდი მოთხოვნაა და გარე ბაზარზე ვერ ხვდებოდა.

ონისე იჭირაულმა, რომელიც თუშეთის ეროვნული პარკის რეინჯერია და კარგად იცნობს თუშეთის პირობებს და მცენარეულობას, გადაწყვიტა დამატებით მეფუტკრეობისთვის მოეკიდა ხელი და, როდესაც „კარიტასმა“ თუშეთში ადგილობრივების დასახმარებლად ბიზნეს გრანტების პროგრამა გამოაცხადა, შეიტანა განაცხადი. დღეს ონისე უკვე 15 სკის პატრონია და პირველი მოსავალიც მიიღო.

„ჩვენებური თაფლი გემოვნური თვისებებით განსხვავებულია და ძალიან მოთხოვნადია. მომავალ წელს 300 კილოგრამი თაფლის წარმოებას და ადგილობრივი სასტუმროების მომარაგებას ვგეგმავ“, – გვითხრა ონისემ. გარდა ამისა, მალე სანთლის და დინდგელის წარმოებაშიც აპირებს ძალების მოსინჯვას.

თუშეთს, გამოცდილებასთან ერთად, ახალგაზრდული შემართებაც სჭირდება – 27 წლის დათო მოზაიძე და 22 წლის გიორგი იჩუაიძე ომალოდან არიან. გიორგიმ განათლება ევროპაში მიიღო, თუმცა უკან სამშობლოში დაბრუნდა და საკუთარ მომავალს სწორედ თუშეთს უკავშირებს. ახალგაზრდები ომალოში საოჯახო სასტუმროსა და ლუდსახარშს უძღვებიან. „ლუდსახარში“ ცოტა ხნის წინ განაახლეს, ფანჩატური მოაწყეს და სრული დატვირთვით აამუშავეს.

ლუდის ხარშვაში თუშეთში ჩასული ტურისტებიც მონაწილეობენ. ადგილზე იმართება დეგუსტაციაც. ტურიესტების მსგავსად, თუშური ლუდი ჩვენც დავაგემოვნეთ და ალბათ, ამ ლუდის გემო კარგა ხანს არ დაგვავიწყდება. ტრადიციის მიხედვით, ფანჩატურს იქით ქალები არ დაიშვებიან. ტრადიციულ თუშურ დღეობებზე ე.წ. საკაცო და საქალო ლუდი ცალ-ცალკე იხდება.
წლევანდელ სეზონზე ახალგაზრდებმა 100 ლიტრამდე ლუდი გაყიდეს, რაც საკმაოდ კარგი მაჩვენებელია ერთი ტურისტული სეზონისთვის, რომელიც თუშეთში მხოლოდ 4 თვეს გრძელდება.

64 წლის ირაკლი ბუქვაიძეს, იგივე კაკოს თუშეთში და მის ფარგლებს გარეთაც კარგად იცნობენ. კაკო, მეუღლესთან ერთად, შენაქოს ერთადერთი მკვიდრია, ვინც მთელი წლის განმავლობაში რჩება თუშეთში. ცოლ-ქმარი სხვადასხვა სფეროში არიან დასაქმებული – უძღვებიან საოჯახო სასტუმროს, მოჰყავთ ბოსტნეული და კარტოფილი.

„კარტოფილი 0.4 ჰექტარზე დავთესე. მეტსაც დავთესდი, თუმცა ტექნიკის უქონლობა ხელს მიშლის. შარსან ჩემი სათესლე კარტოფილი შენაქოსა და ომალოში 2 ლარად გავყიდე. „კარიტასის“ დახმარებით ასევე შევიძინე საშრობი, რომელიც მწვანილს და სხვადასხვა მცენარეს ახმობს ისე, რომ ფერსა და სურნელს უნარჩუნებს. საკუთარ პროდუქციას მთელი წლის განმავლობაში ვყიდით“, – ამბობს ირაკლი ბუქვაიძე.

თუშეთი საქართველოს მთიანი რეგიონებისთვის განვითარების მაგალითად იქცა, – ამბობს ეკატერინე მესხრიკაძე-ჩეხეთის რესპუბლიკის კარიტასის საქართველოში მისიის ხელმძღვანელი. ჩეხეთის განვითარების სააგენტოს მხარდაჭერით ჩვენ ბოლო წლებში სხვადასხვა აქტივობების განხორციელებით და ფინანსური ინტერვენციების განხორციელებით მნიშვნელოვანი წვლილი შევიტანეთ ადგილობრივი მოსახლეობის ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებაში. “კარიტასი ისევ აგრძელებს მუშაობას რეგიონში და იმედი გვაქვს მომდევნო ერთი წლის განმავლობაში სხვა დონორებთან თანამშრომლობით უფრო მნიშვნელოვანი შედეგები გვექნება”, – ამბობს ეკატერინე მესხრიკაძე.