ტექნოპარკი – აგროსამრეწველო კომპლექსის განვითარების ძირითადი მიმართულება

საქართველოს სოფლის მეურნეობის სექტორში დასაქმებულია მოსახლეობის 53%. ამასთან, მათი წილი შეადგენს ეროვნული შემოსავლის მხოლოდ 8,9%-ს. ამ შეუსაბამობის ძირითადი მიზეზისოფლის მეურნეობის ნედლეულის გადამამუშავებელი მრეწველობის არარსებობაა.

შედარებისათვის მოვიყვანთ შემდეგ მაგალითს: წინა წლებში საქართველოში ფუნქციონირებდა 57 საკონსერვო ქარხანა, დღეს კი მხოლოდ 4; ჩაის მრეწველობა წარმოდგენილი იყო 200 მძლავრი ფაბრიკით, ამჟამად ფუნქციონირებს 3-4 მცირე საწარმო; ეთეროვან ზეთებს აწარმოებდა 28 მეურნეობა-ქარხანა, დღეს — არცერთი და ა.შ. ზემოთქმულიდან გამომდინარე, პირველი რიგის ამოცანას წარმოადგენს გადამამუშავებელი მრეწველობის რეაბილიტაცია, რაც შექმნის მოთხოვნილებას სოფლის მეურნეობის ნედლეულზე, დაასაქმებს და სოფლად დაამაგრებს თბილისში საშოვარზე გადმოხვეწილ ახალგაზრდობას.

საქართველოს სოფლის მეურნეობისა და გადამამუშავებელი მრეწველობის ინოვაციური განვითარების რეალურ გზას წარმოების ამ სფეროში მეცნიერების, განათლებისა და წარმოების ინტეგრაციის ისეთი ფორმის დანერგვა, როგორიცაა ტექნოპარკი.

ამასთან დაკავშირებით, გამიზნულია საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტთან არსებული კვების მრეწველობის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის ბაზაზე შეიქმნას სახელმწიფო — კერძო პარტნიორობა — აგროტექნოპარკი „Georgian Foodstaf Institute”(GFI).

ტექნოპარკების შექმნისა და საინოვაციო ფუნქციონირების სპეციალური რეჟიმი

ტექნოპარკების მიმართ იმოქმედებს საინოვაციო მოღვაწეობის სპეციალური სამართლებრივი რეჟიმი, რომელიც ითვალისწინებს სახელმწიფო მხარდაჭერას ტექნოპარკების, მათი მონაწილეებისა და ერთობლივი საწარმოებისადმი, მათ მიერ პრიორიტეტული მიმართულებების შესატყვისი პროექტების რეალიზაციის საქმეში. ამასთან ერთად, შეღავათები მიეცემა არა კონკრეტულ საწარმოებს, არამედ მხო-ლოდ საინოვაციო პროექტებს.

აგროტექნოპარკის მოღვაწეობის ძირითად მიზანს წარმოადგენს მცირე საინოვაციო საწარმოების, მეცნიერთა კოლექტივების, სტუდენტების, დროებითი შემო-ქმედებითი კოლექტივებისათვის დახმარების აღმოჩენა საინოვაციო საქმიანობასა და სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის შედეგების კომერციალიზაციის საქმეში, კონკურენტუნარიანი, ექსპორტზე ორიენტირებული ტექნოლოგიების, საქონლისა და მომსახურების შექმნა.

აგროტექნოპარკის მუშაობა აიგება ისეთნაირად, რომ მეცნიერები და სტუდენტები დასაქმდნენ, თან არ შეწყვიტონ უნივერსიტეტში სასწავლო და სამეცნიერო საქმიანობა.

აგროტექნოპარკის (GFI). ფუნქციონირებისმოსალოდნელი შედეგები

♦სოფლის მეურნეობისა და გადამამუშავებელი მრეწველობის სფეროში ინოვა-ციური საქმიანობის სტიმულირება;

♦იმ მეცნიერ-მუშაკების, დოქტორანტების, სტუდენტებისა და კურსდამთავრებულთათვის ხელშემწყობი სასტარტო პირობების შექმნა, რომელთაც დაგეგმილი აქვთ საკუთარი კომპანიების გახსნა და მაღალი ტექნოლოგიების სფეროში სამეწარმეო საქმიანობა;

♦უკვე არსებული მცირე და საშუალო საინოვაციო კომპანიებისათვის, ასევე ურთიერთხელსაყრელი პირობებით აგროტექნოპარკთან თანამშრომლობის მსურველი კომპანიებისათვის ხელშემწყობი გარემოს შექმნა;

♦დასკვნები და რეკომენდაციები. საქართველოს აგროსამრეწველო კომპლექსის ინოვაციური განვითარების ერთადერთ გზას წარმოადგენს საქართველოს კვების მრეწველობის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის ბაზაზე აგროტექნოპარკის დაფუძნება და აქ შექმნილი ინოვაციური ტექნოლოგიების ტექნოპარკის პრინციპით რეალიზაცია. ინსტიტუტში შექმნილ ინოვაციურ ტექნოლოგიებზე დაყრდნობით შეიძლება გაკეთდეს შემდეგი დასკვნები და რეკომენრაციები.

 ◊ საქართველოში გასულ წლებში მზადდებოდა 450-500 ათასი ტონა ყურძენი. ყურძნის ამ რაოდენობიდან მაღალხარისხოვანი ღვინის მისაღებად პერსპექტივაში შეიძლება გამოყენებულ იქნეს (ღვინოზე არსებული მოთხოვნილებიდან გამომდინარე) 250-300 ათასი ტონა ყურძენი. ყურძნის დანარჩენი რაოდენობა გამოყენებულ უნდა იქნეს ფუნქციური დანიშნულების სასმელებისა და ნატურალური საკვები დანამატების მისაღებად;

◊ ჭაჭის არყის წარმოების ახალი ტექნოლოგია საშუალებას იძლევა გავზარდოთ ყურძნისეული წარმოშობის ქართული სასმელების კონკურენტუნარიანობა მსოფლიო ბაზარზე, ვაწარმოოთ 250-300 მლნ აშშ დოლარის ღირებულების საექსპორტო პროდუქცია;

◊ ციტრუსოვანთა არასტანდარტული ნაყოფებიდან (მანდარინი) შეიძლება ვაწარმოოთ 100-150 მლნ აშშ დოლარის საექსპორტო პროდუქცია დაბალმოლეკულური პექტინით გამდიდრებული სამკურნალო-პროფილაქტიკური დანიშნულების სასმელებისა და ნატურალური საკვები დანამატების სახით;

◊ საქართველოში შეიძლება ვაწარმოოთ 200-300 მლნ აშშ დოლარის საექსპორტო პროდუქცია ნატურალური საკვები არომატიზატორების, საღებავებისა და მათზე დამზადებული ფუნქციური დანიშნულების ალკოჰოლიანი და უალკოჰოლო კვების პროდუქტების სახით;

◊ საქართველოში საინოვაციო საქმიანობის სტიმულირების მიზნით, პარლამენტმა უნდა მიიღოს კანონი „ტექნოპარკების საინოვაციო მოღვაწეობის სპეციალური რეჟიმის შესახებ”.

ნუგზარ ბაღათურია,

სსმმ აკადემიის სოფლის

მეურნეობის პროდუქტების შენახვის და გადამუშავების

სამეცნიერო განყოფილების აკადემიკოს-მდივანი.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.