„საქართველოს სოფლის მეურნეობა: ტრანსფორმაცია და ბოლო ათწლეულის განვითარების ტენდენციები“
საქართველოს პარლამენტში პუბლიკაციის – „საქართველოს სოფლის მეურნეობა: ტრანსფორმაცია და ბოლო ათწლეულის განვითარების ტენდენციები“ პრეზენტაცია გაიმართა.
ღონისძიება აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ნინო წილოსანმა გახსნა.
„დღევანდელ ღონისძიებაზე წარმოგიდგენთ პარლამენტის წიაღში შექმნილ უნიკალურ დოკუმენტს, რომლის ირგვლივაც დღეს ყველა გავერთიანდით. „საქართველოს სოფლის მეურნეობა: ტრანსფორმაცია და ბოლო ათწლეულის განვითარების ტენდენციები“ – ამ უმნიშვნელოვანეს დოკუმენტში გაანალიზებული და თავმოყრილია ფაქტობრივად სოფლის მეურნეობის ტრანსფორმაციის დეკადა, რომელიც დასაბამს იმ დღიდან იღებს, როდესაც სოფლის მეურნეობა სახელმწიფოს პრიორიტეტი გახდა და ამისთვის ყოველდღიურ რეჟიმში, როგორც ხელისუფლებისა და სექტორის წარმომადგენლები, ასევე ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები დიდ ძალისხმევას დებდნენ“, – განაცხადა ნინო წილოსანმა.
მისი თქმით, პუბლიკაციაში ნაბიჯ-ნაბიჯ ნაჩვენებია, ბოლო ათწლეულში თუ როგორ ვითარდება და აღმასვლას იწყებს განადგურებული სოფლის მეურნეობა როგორც ინსტიტუციურად, ასევე, საკანონმდებლო დონეზე.
როგორც კომიტეტის თავმჯდომარემ აღნიშნა, მნიშვნელოვანია, რომ საქართველომ უკვე მიაღწია წინსვლას სურსათის უვნებლობის, ვეტერინარული და ფიტოსანიტარიული პოლიტიკის კუთხით, რაც ევროკავშირსა და საქართველოს შორის ვაჭრობის გაზრდის და დივერსიფიკაციის საშუალებას იძლევა.
საქართველო მჭიდროდ თანამშრომლობს თევზჭერის მართვის რეგიონულ ორგანიზაციებთან, სხვადასხვა დარგობრივი ასოციაციების მეშვეობით, პროგრამული დახმარების კომპონენტით ხდება ფერმერების გაძლიერება.
„საკანონმდებლო ჰარმონიზაციის პროცესში არ შეიძლება არ აღინიშნოს პარლამენტის როლი, რომელმაც ასოცირების შესახებ შეთანხმების გაფორმებიდან 2022 წლამდე 58 ახალი კანონი მიიღო, ცვლილება შეიტანა 570-ზე მეტ კანონში, მხარი დაუჭირა 12 დადგენილებას და 26 საერთაშორისო შეთანხმებას. განახორციელა 73 ევროდირექტივის, 3 გადაწყვეტილების, 14 რეგულაციისა და 7 რეკომენდაციის საქართველოს კანონმდებლობაში ასახვა“, – განაცხადა ნინო წილოსანმა.
დამსწრე საზოგადოებას მისასალმებელი სიტყვით მიმართა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა.
„სოფლის მეურნეობას მნიშვნელოვანი როლი აქვს ჩვენი ეკონომიკის განვითარებაში და ასევე, სოციალური კეთილდღეობის გაზრდაში. საქართველოს მოსახლეობის 40% დღესაც სოფლად ცხოვრობს და ამიტომ სოფლის მეურნეობა და სოფლის განვითარება, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია. პარლამენტმა არაერთი ნაბიჯი გადადგა, რომ შეექმნა შესაბამისი საკანონმდებლო ბაზა სოფლის მეურნეობის და ზოგადად სოფლის განვითარებისთვის, მათ შორის ევროკავშირთან დაახლოების მხრივ“, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა.
როგორც შალვა პაპუაშვილმა აღნიშნა, ევროკავშირის 180-ზე მეტი სამართლებრივი აქტია გადმოღებული ქართულ კანონმდებლობაში, რაც ასახულია შეფასებებში.
პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, სოფლის მეურნეობას და სოფლის განვითარებას იმ მხრივაც აქვს დატვირთვა, რომ კეთილდღეობის ზრდასთან ერთად საქართველო მიიყვანოს იმ ეკონომიკურ ნიშნულამდე, რომელიც აუცილებელია, რომ სერიოზულად იქნას აღქმული საქართველოს გაწევრიანება ევროკავშირში. ღონისძიების მონაწილეებს ასევე მიმართეს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ოთარ შამუგიამ და ევროკავშირის ელჩმა საქართველოში პაველ ჰერჩინსკიმ.
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ოთარ შამუგიამ ყურადღება სექტორში იმ მიღწევებზე გაამახვილა, რომელიც ბოლო წლებში განსაკუთრებით თვალსაჩინო გახდა.
„ნაშრომი ნათლად ასახავს იმ ტრანსფორმაციას და შედეგებს, რომლებიც ჩვენ ბოლო წლების განმავლობაში სოფლის მეურნეობის დარგში გატარებული პოლიტიკის და რეფორმების შედეგად გვაქვს. დოკუმენტში კარგადაა გაანალიზებული ჯერ კიდევ 90-იანი წლებიდან მოყოლებული მიმდინარე პროცესები და შემდეგ უკვე, 2012 წლიდან, როცა ჩვენმა ხელისუფლებამ დაიწყო აქტიური რეფორმები და სოფლის მეურნეობის დარგი პრიორიტეტად გამოაცხადა, თუ რა ღონისძიებები გატარდა როგორც სამართლებრივი კუთხით, ასევე ეკონომიკურ თუ ინსტიტუციურ ჭრილში. ასევე გაანალიზებულია სახელმწიფოს მიერ მხარდაჭერილი პროექტების და ჩვენი პარტნიორების მხარდაჭერის როლი ამ პროცესში. ეს დოკუმენტი თითოეული ადამიანისთვის, ფერმერისთვის, ინვესტორისთვის თუ პოლიტიკის შემქმნელისთვის საკმაოდ მნიშვნელოვანი და ღირებულია“, – განაცხადა ოთარ შამუგიამ.
მისი თქმით, სამინისტრო რეფორმებს აგრძელებს და ეს რეფორმები ემსახურება იმ მიზანს, რომ ყველა პროგრამა და პროექტი, ცვლილება განხორციელდეს, რომ ფერმერებისა და ბიზნესწრეების წარმომადგენლებისთვის ყველა მხარდამჭერი ღონისძიება უფრო ეფექტიანი და ხელმისაწვდომი იყოს. საქართველოში ევროკავშირის ელჩმა პაველ ჰერჩინსკიმ თავის გამოსვლაში ევროკავშირსა და საქართველოს შორის სოფლის მეურნეობის მიმართულებით თანამშრომლობაზე გაამახვილა ყურადღება.
„მოხარული ვარ, რომ ვიმყოფები აქ, ბოლო ათი წლის განმავლობაში საქართველოს სოფლის მეურნეობის სექტორის ტრანსფორმაციის შესახებ ანგარიშის წარდგენაზე. დღეს ჩვენ რამდენიმე დღე გვაშორებს ევროპული საბჭოს გადაწყვეტილებიდან საქართველოს კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით, რომელიც ქვეყანას ევროკავშირის წევრობის გზაზე შემდეგ ეტაპზე გადაიყვანს. ჩვენ ვადგავართ საერთო გზას. 10 წელია ევროკავშირი მხარს უჭერს საქართველოს სოფლის მეურნეობის და სოფლის განვითარების სტრატეგიის შესრულებას, სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარების ევროპის სამეზობლო პროგრამის საშუალებით. ეს არის საქართველოსადმი ევროკავშირის დახმარების ფლაგმანი“, – განაცხადა ევროკავშირის ელჩმა.
ღონისძიების ფარგლებში გაიმართა პანელური დისკუსია თემაზე – „საქართველოს სოფლის მეურნეობა: ტრანსფორმაცია და ბოლო ათწლეულის განვითარების ტენდენციები“, რომლის მოდერატორი აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ნინო წილოსანი იყო.
დისკუსიაში მონაწილეობა მიიღეს: გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ხატია წილოსანმა, ეკონომიკურ მეცნიერებათა დოქტორმა, აკადემიკოსმა რევაზ ასათიანმა, სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის დირექტორმა ლევან უჯმაჯურიძემ, საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის საგანგებო სიტუაციების მართვის, სამოქალაქო დაცვის, სოფლის განვითარებისა და ინტელექტუალური საკუთრების პროგრამის მენეჯერმა ქეთევან ხუციშვილმა და ფერმერთა ასოციაციის თავმჯდომარემ ნინო ზამბახიძემ.
ღონისძიებას ესწრებოდნენ პარლამენტის წევრები, აღმასრულებელი ხელისუფლების, დიპლომატიური კორპუსის, სამეცნიერო წრეებისა და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები.