აგროტექნოლოგიებიდარგებიმებაღეობამებოსტნეობა

ქაფურის სპირტი ბაღის და სახლის მავნებლების საწინააღმდეგედო ეფექტიანი და იაფი საშუალებაა

ქაფურის სპირტის 10%-იანი ხსნარის შეძენას ნებისმიერ აფთიაქში შეძლებთ. თეთრებად ღირებული საშუალება წარმოუდგენლად სასარგებლოა, და არა მხოლოდ სამკურნალოდ, არამედ შეგიძლიათ, ის მავნებლების საწინააღმდეგოდ ბაღჩა-ბოსტანშიც გამოიყენოთ.

ყველაფერი მარტივია.  ქაფურს ოდნავ მძაფრი, სამედიცინო სუნი აქვს, რომელიც არ მოსწონს ბევრ მწერს: ჩრჩილს (ტანსაცმლის და მარცვლეულის), ხოჭოს, ტკიპას (ობობას ტკიპა) და სხვა პატარა მწერებს.

სწორედ ამიტომ, ქაფურის სპირტში დასველებულ ქაღალდის ხელსახოცხს, ან პატარა ჩვარს აქტიურად იყენებენ. მათ თაროებზე აწყობენ და იმ ადგილებზე ამაგრებენ, სადაც მწერების არსებობა სასურველი არაა.

ერთ დროს ჩვენს ძაღლს ყურების პრობლემა ჰქონდა და ვეტერინარის რჩევით დასამუშავებლად და სამკურნალოდ ქაფურის სპირტი ვიყიდეთ. განკურნების შემდეგ რამდენიმე ზედმეტი ბოთლი ქაფური დამრჩა. ამ სიმდიდრის ნაგავში გადაყრაზე გული არ მიმდიოდა. კარგი ვქენი, რომ შევინახე. ახლახანს ერთ-ერთ იუთუბ არხზე (Procvetok) ქაფურის სპირტის გამოყენების მეთოდები აღმოვაჩინე. მათ ინფორმაციას ვენდობი, ბელარუსელი ბიოლოგები არიან.

ახლა თქვენც გიზიარებთ სასარგებლო ინფორმაციას, თუ როგორ გამოიყენოთ ქაფურის სპირტი სახლსა თუ ბაღში.

ქაფურის სპირტი ნამდვილი მხსნელია, რომელიც სახლში, ბაღსა თუ ბოსტანში მავნებელ მწერებს მოგაშორებთ. ერთ დროს სხვადასხვა მავნებლების საწინააღმდეგო არყის კუპრში დასვენებულ ჩვრებს ვიყენებდი, სანამ არ გავიგე, რომ არყის კუპრი მხოლოდ მავნებლებისთვის არ არის საზიანო. მის მიერ გამოყოფილი კანცეროგენების გამო პროდუქტების ჯანმრთელობისთვის სახიფათო სიაში ხვდება. ბოლო დროს ჩრჩილის მოსაშორებლად ნაფტალინს ვიყენებდი. ქაფურის სპირტს მსგავსი მოქმედება აქვს, მაგრამ ნაკლებად ტოქსიკურია, ვიდრე ნაფტალინი და არყის კუპრი.

1. ქაფურის სპირტი სამზარეულოდა ჩრჩილისა და ხოჭოს მოსაშორებლად

ორთაროიან ერთ სამზარეულოს კარადაში ერთჯერადად დაგჭირდებათ 40 მლ სპირტი (10%-იანი ხსნარი). ქაღალდის ხელსახოცი ან პირსახოცი აიღეთ და ქაფურის სპირტში კარგად დაასველეთ, შემდეგ კარადაში თაროებზე დააწყვეთ, სადაც მარცვლეულს ინახავთ. ამ პროცედურამდე მარცვლეული გადაარჩიეთ. თუ უკვე ჩრჩილით და ხოჭოთი დაზიანებული პაკეტები გაქვთ, გადაყარეთ. დანარჩენი მარცვლეული მინის ქილებში ან ცელოფნის პაკეტებში შეინახეთ, რომ მარცვლეულში ქაფურის სპირტის შეღწევა თავიდან აიცილოთ. სპირტში დასვენებული ხელსახოცი  კვირაში ერთხელ გამოცვალეთ და ეს პროცედურა 3-4-ჯერ ჩაატარეთ. ანუ ერთ კარადაზე დაახლოებით 3-4 ბოთლი ქაფურის სპირტი დაგჭირდებათ.

2. ქაფურის სპირტი ტანსაცმლის კარადიდან ჩრჩილის მოსაშორებლად

ორთაროიან ერთ ტანსაცმლის კარადაზე ერთჯერადად 2 ბოთლი ქაფურის სპირტი დაგჭირდებათ. სხვა მხრივ მოქმედების პრინციპი იგივეა, როგორც სამზარეულოს კარადაში ჩრჩილისა და ხოჭოს მოშორების შემთხვევაში. ქაღალდის ხელსაწმენდი დაასველეთ სპირტში და კარადის თაროებზე ზემოთ-ქვემოთ დააწყვეთ. ტანსაცმელი ქაფურის სუნს შეიწოვს, რაც ეფექტს გააძლიერებს. ქაფურის სპირტის სუნი სუფთა ჰაერზე 2-3 საათში აორთქლდება.

3. ქაფურის სპირტი ბაღსა და ბოსტანში მავნებლების საწინააღმდეგოდ 

50 გრ დიასახლისის საპონი 1 ლ წყალში გააზავეთ. წვრილ-წვრილად 100-120 მლ ქაფურის სპირტი (3 ბოთლი) დაუმატეთ, კარგად აურიეთ და 5 ლიტრამდე წყალი დაასხით. სტაფილოს და ხახვის ბუზის, ასევე სხვა ნიადაგის მავნებლების საწინააღმდეგოდ მცენარეები ამ ხსნარით მორწყეთ. ხსნარი შეგიძლიათ შესასხურებელ ბოთლში ჩაასხათ და მიწა და ნაწილობრივ მცენარე ამით დანამოთ. მართალია, ფრთათეთრასთან გამკლავებას ვერ შეძლებთ, მაგრამ სუნი მასაც დააფრთხობს. სხვადასხვა ბუზები, ობობას ტკიპები და სხვა მავნებლები თქვენი ნაკვეთიდან გაიქცევიან.

4. ქაფურის სპირტი სათბურში მავნებლების საწინააღმდეგოდ

40 მილიგრამიანი 2 ბოთლი ქაფურის სპირტი 12 მეტრიან სათბურში გამოიყენეთ. ქაფურის სპირტით ქაღალდის ხელსახოცი ან ჩვრები დაამუშავეთ და მთელ სათბურში ჩამოკიდეთ. ამ დროს სჯობს სათბური კარგად დახუროთ. სასურველია, კვირაში 2–ჯერ სათბური ამ პროცედურით დაამუშავოთ.

5. ქაფურის სპირტი მახრების და თხუნელების საწინააღმდეგოდ

თუ თხუნელების და მახრების კვალი შენიშნეთ, მათში ქაფურის სპირტი ჩააწვეთეთ ან ქაფურის სპირტში დასველებული ხელსახოცები და ჩვრები ჩაყარეთ.

ქაფურის სპირტი უსაფრთხო საშუალებაა და ბოსტნეულიდან და ხილიდან ჩვეულებრივი გამდინარე წყლით კარგად ირეცხება, რაც დიდი უპირატესობაა.

ავტორი,  თეა გუბელაძე,

წყარო: vivien.ge