დარგებიმემცენარეობა

ქართული დაფნა (გეოგრაფიული აღნიშვნა)

ქართული დაფნა“ იწარმოება სპეციფიკაციით დადგენილ გეოგრაფიულ არეალში კულტივირებული კეთილშობილი დაფნის (Laurus Nobilis L.) ფოთლებისგან.

კეთილშობილი დაფნა არის მარადმწვანე, ხეშეშფოთლიანი სუბტროპიკული ხე ან ბუჩქი, რომლის სიმაღლე შეიძლება აღწევდეს 10-15 მეტრს. ის გავრცელებულია ევროპის, აზიისა და სამხრეთ ამერიკის ტროპიკულ და სუბტროპიკულ ზონებში, მის სამშობლოდ ხმელთაშუა ზღვის აუზის ქვეყნები ითვლება. საქართველოში  მისი გავრცელების ძირითად არეალს შავი ზღვის სუბტროპიკული ზონა წარმოადგენს.

ისტორიული მონაცემებით, დაფნა საქართველოში ჩვ. წ.აღ-მდე IV-III საუკუნეებში ბერძნებმა შემოიტანეს.1 „კეთილშობილი დაფნა“ ძვირფასი სუბტროპიკული მცენარეა. მისი ფოთლები წარმოადგენს მეტად გავრცელებულ და საყოველთაოდ აღიარებულ არომატულ საკაზმ-სანელებელს, რომელსაც იყენებენ კულინარიაში, საკონდიტრო და საკონსერვო წარმოებაში. მისი ნაყოფის ზეთი სამკურნალოა.

დაფნის ფოთოლს არომატს მცენარის ფოთლებში  არსებული ეთერზეთები აძლევს, რომლის შემცველობა მერყეობს 0,8%-დან 3%-მდე. დაფნის ფოთოლს აქვს რთული ქიმიური შემადგენლობა. მათგან ისეთი ნაერთები, როგორიცაა ევგენოლი (11-12%), მეთილევგენოლი (9-12%) და ცინეოლი (1-12%) მიჩნეულია დაფნის ფოთლის  არომატის  განმსაზღვრელ ძირითად ქიმიურ სუბსტანციებად და, შესაბამისად, შეიძლება გამოყენებულ იქნეს ფოთლის ხარისხის დასადგენად2.

1 ჩიქვანაია ე., ბუკია გ., თოდუა გ., ძიძარია ო., ეთერზეთოვანი კულტურების აგროტექნიკა გამომცემლობა „ალაშარა“, სოხუმი, 2017. (გვ. 186-200).

2 Biondi D., Cianci P., Geraci C., Ruberto G., Piattelli M. Antimicrobial activity and chemical composition of essential oils from Sicilian aromatic plants. Flavour and Fragrance Journal. 1993; 8:331–337.

„ქართული დაფნა“ სხვა ქვეყნებში წარმოებული დაფნისგან გამოირჩევა არომატის განსაკუთრებული დახვეწილობითა და უნიკალურობით. გამოშრობის შემდეგ ის იძენს ბალახეულის და ოდნავ ყვავილოვან სურნელს, რომელსაც ამსგავსებენ თავშავას (Origanum vulgare L.) და ბეგქონდარას (Thymus sp.div) სურნელს. არსებული მონაცემებით, ქართული დაფნის განსაკუთრებულობა შედეგია ისეთი ფაქტორების ერთობლიობის, როგორებიცაა: ადგილობრივი აგროკლიმატური პირობები, დაფნის მოყვანისა და გადამუშავების ტრადიციულთან შეხამებული თანამედროვე მეთოდები, მცენარეებში დროში განვითარებული გენეტიკური თავისებურებები. პროდუქციაზე გეოგრაფიული აღნიშვნის „ქართული დაფნა“ გამოსაყენებლად მის გამხმარ ფოთლებში ეთერზეთების შემცველობა არ უნდა იყოს 1,5%-ზე ნაკლები. ამასთანავე, „ქართული დაფნის“ ფოთლები უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ მოთხოვნებს:

ფორმა წაგრძელებულ-ლანცეტისებური, ოვალური
ფერი მწვანე, ღია მწვანე მოვერცხლისფრო ელფერით
ზომა სიგრძე 3 სმ და მეტი
არომატი დაფნის ფოთლისთვის დამახასიათებელი,  უცხო სურნელების გარეშე
გემო მომწარო, დამახასიათებელი დაფნის ფოთლისთვის
სინესტის მასიური წილი არაუმეტეს 14%

პარტიაზე გეოგრაფიული აღნიშვნის „ქართული დაფნა“ გამოსაყენებლად დაშვებულია შემდეგი გადახრები:

დამტვრეული ფოთლები (ფირფიტის სიგრძე არანაკლებ 3 სმ) < 5%
ფოთლები 3 სმ-ზე ნაკლები სიგრძით < 5%
მოყვითალო-მწვანე ფოთლები < 10%
ყვითელი ფოთლები < 2%
2-3 ფოთლიანი ყლორტის წვერები გადაჭრილი ქვედა ფოთლის ფუძესთან < 5%

„ქართული დაფნით“ ეტიკეტირებულ პროდუქციაში:

  • არ დაიშვება ფოთლები დასენიანებული თრიფსით, ფარიანათი, ბეღლის ტკიპითა და სხვა მავნებლებით და, აგრეთვე, დაავადებული (სიშავით) შავი სოკოთი.
  • პარტიაში ორგანული მინარევი (ღერო, ტოტები, ყვავილები, დაფშვნილი ფოთლები, რომლებიც გადის №3 საცერში) არ უნდა აღემატებოდეს 1,5%, ხოლო მინერალური მინარევი (მიწა, სილა, მტვერი და სხვა) უნდა იყოს არა უმეტეს 0,5%-სა;
  • წვრილწერტილიანი ფოთლები ლაქიანობით (ყავისფერი, ნაცრისფერი) დაიშვება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ დაფნის ფოთლის პარტია აკმაყოფილებს სხვა დანარჩენ მოთხოვნებს.

წარმოების გეოგრაფიული არეალი

საქართველოში დაფნა, ძირითადად, გაშენებულია დასავლეთ საქართველოში, სუბტროპიკული კლიმატის ზონაში. დაფნის ნარგავების დაახლოებით ნახევარი მოდის სამეგრელოზე. დაფნა იწარმოება, აგრეთვე, გურიაში, იმერეთსა და აჭარაში. რაც შეეხება კონკრეტულად ქართული დაფნის წარმოებას, ის ნედლეულს იღებს: ხობის, სენაკის, ზუგდიდის, ჩხოროწყუს, მარტვილის, წალენჯიხის (სამეგრელო); ზესტაფონის, თერჯოლის, ვანის, სამტრედიის, ხონის, ტყიბულის, ხარაგაულის, ჭიათურის, საჩხერის (იმერეთი); ლანჩხუთის (გურია); ქობულეთის, ხელვაჩაურისა და ბათუმის (აჭარა) მუნიციპალიტეტებიდან.

 ქართული დაფნის წარმოება

ნედლეულის წარმოება

ქართული დაფნის ნედლეულის წარმოება დაშვებულია როგორც სპეციალურად გაშენებულ პლანტაციებში, ისე საკარმიდამო ნაკვეთებში.

პლანტაციის გაშენება

ქართული დაფნის წარმოებისათვის პლანტაციის გაშენება დაშვებულია ინდივიდუალური, ანუ ბუჩქის წესით, ან შპალერულად. ბუჩქის წესით გაშენებულ პლანტაციაში ერთ ჰექტარზე ნერგების რაოდენობა უნდა იყოს 6 700, ხოლო შპალერული წესით გაშენებულისთვის კი 11 500–13 400 ნერგი3.

3 დაფნის წარმოების აგროტექნოლოგია – USAID/REAP.

ნიადაგის მოვლა დაფნის პლანტაციებში

ნორმალურად განვითარებულ 8-9 წლის ასაკის დაფნის ნარგავებში, სადაც პლანტაციები მოვლილია, საზამთრო გადაბარვა წარმოებს 4 წელიწადში ერთხელ ორგანული და ფოსფორიანი სასუქების ჩაბარვით 10-12 სმ სიღრმეზე. დანარჩენ პლანტაციებში საზამთრო გადაბარვა წარმოებს ყოველწლიურად 10-12 სმ სიღრმეზე. ნიადაგის გადაბარვის საუკეთესო დროა 15 ნოემბრიდან 15 მარტამდე.

პლანტაციაში ნიადაგის განოყიერება

პლანტაციაში ორგანული სასუქების შეტანა ხდება 4 წელიწადში ერთხელ ფოსფორიან და კალიუმიან სასუქებთან ერთად საზამთრო ხვნის ან გადაბარვის დროს:

1)    ნაკელი – 50 ტონა/ჰა-ზე;

2)    ტორფნაკელიანი კომპოსტი – 80-100 ტონა/ჰა-ზე.

მწვანე სასუქები (სიდერატები) ითესება 2 წელიწადში ერთხელ, ძირითადად ახალგაზრდა პლანტაციებში, აგვისტოს პირველი ნახევრიდან 15 ოქტომბრამდე.

აზოტიანი სასუქები 1-დან 3 წლამდე ასაკის პლანტაციაში ჰექტარზე შეიტანება 50 კგ აზოტი (საკვები ელემენტის გაანგარიშებით), 4-5 წლიან პლანტაციაში – 10კგ აზოტი. სრულასაკოვანი დაფნის პლანტაციაში ჰექტარზე აზოტი შეიტანება შემდეგნაირად: 2000–3000 კგ-მდე მწვანე მასის მომცემ პლანტაციაში – 150 კგ აზოტი; 4000–5000 კგ-მდე მწვანე მასის მომცემ პლანტაციაში – 200 კგ აზოტი; 5000 კგ-ზე მეტი მწვანე მასის მომცემ პლანტაციაში – 250 კგ აზოტი.

ყველა ხნოვანების პლანტაციაში ამონიუმის სულფატი შეაქვთ სრული დოზით 15 თებერვლიდან 15 მარტამდე. ამონიუმის გვარჯილა შეიტანება ნორმის 60% პირველი მარტიდან პირველ აპრილამდე, ხოლო დანარჩენი 40% – ივლისში.

ფოსფორიანი სასუქების შეტანა (ნებისმიერი ასაკის პლანტაციაში) ხდება პირველი თებერვლიდან პირველ აპრილამდე:

1)   წითელმიწა ეწერ ნიადაგებზე – 150 კგ/ჰა-ზე სუფთა P-ზე გადაანგარიშებით;

2)   ნეშომპალა კარბონატულ და ალუვიურ ნიადაგებზე – 100 კგ/ჰა-ზე.

კალიუმიანი სასუქების შეტანა  წარმოებს 2  წელიწადში ერთხელ 200 კგ/ჰა-ზე 1 თებერვლიდან 1 აპრილამდე. კალიუმიანი სასუქი შეაქვთ ფოსფორთან ერთად გადაბარვის დროს.

დაავადებებთან, მავნებლებთან და სარეველებთან ბრძოლა

სამხრეთული სიდამპლითა და ფიტოფტოროზით დაავადებულ მცენარეებზე გამხმარი ტოტების შეჭრა, ძლიერ დაავადებული მცენარეების ამოთხრა და განადგურება უნდა ჩატარდეს ადრე გაზაფხულზე ან გვიან შემოდგომით. საჭიროების მიხედვით, პერიოდულად ტარდება ნაცრიანობის, რწყილების, ფარიანებისა და ცრუფარიანების წინააღმდეგ ბრძოლის ქიმიური ღონისძიებები: ყოველწლიურად, 15 იანვრიდან 15 დეკემბრამდე შერპის 0,1%-იანი ან ბორდოს სითხის 1%-იანი ხსნარით შესხურება;

სარეველების წინააღმდეგ ჰერბიციდების ხსნარის შეტანა რიგთაშორისებში – წელიწადში  ორჯერ .

მონაცემები სასუქების შეტანის, ავადმყოფობასთან, მავნებლებთან და სარე­ველებთან ბრძოლის შესახებ მეწარმის მიერ უნდა აღირიცხებოდეს სპეციალურ ჟურნალში.

მოსავლის აღება

დაფნის ფოთოლში ეთერზეთები მაქსიმალური რაოდენობითაა ვეგეტაციის დამთავრებიდან ახალი ვეგეტაციის დაწყებამდე და მცენარე სწორედ ამ პერიოდში გასხვლასაც კარგად იტანს. დასავლეთ საქართველოს პირობებში დაფნისათვის ეს პერიოდია ნოემბრიდან მარტის მეორე ნახევრამდე. შემოდგომაზე მოსავლის აღება იწყება ვეგეტაციის შეწყვეტიდან და გრძელდება ზამთრის სუსხიანი დღეების დაწყებამდე, ან თოვლის მოსვლამდე. თოვლიან, წვიმიან და ყინვიან ამინდში მოსავლის აღება დაუშვებელია, ამასთან, ტოტების შეჭრა წარმოებს მხოლოდ მაშინ, როდესაც ბუჩქზე შემშრალია ნამი.

დაფნის მოსავლის აღება შესაძლებელია ორი წესით – ყოველწლიურად აჭრა და ორ წელიწადში ერთხელ აჭრა. აჭრის პერიოდულობის განსაზღვრისას მწარმოებელმა უნდა გაითვალისწინოს აჭრის მეთოდთან დაკავშირებული დადებითი და უარყოფითი ფაქტორები.

ყოველწლიური აჭრა

ამ დროს სრულმოსავლიანი დაფნის პლანტაცია იჭრება 20 სმ სიმაღლეზე, შემდგომი გასხვლის წელს ბუჩქი წინა წლის გადანაჭერიდან 5-10 სმ–ით უფრო მაღლა აიჭრება. ამ წესით გასხვლის დროს ბუჩქის მუდმივ ნაწილს ყოველწლიურად 5-10 სმ სიმაღლე ემატება. ყოველწლიურად აჭრის შემთხვევაში, მცენარეზე ერთ წელზე მეტი ხნოვანების ფოთოლი არ არის, ასეთი ფოთლის ხარისხი უკეთესია (ხნოვანების მატებასთან ერთად ეთერზეთის შემცველობა კლებულობს), ისპობა მავნებლები და ავადმყოფობათა გავრცელების პირობები. ამასთან, გასათვალისწინებელია, რომ დროთა განმავლობაში სისტემატური აჭრა მცენარის სიცოცხლეს ამოკლებს.

ორ წელიწადში ერთხელ აჭრა

მნიშვნელოვანია, რომ ამ წესის გამოყენებისას მცენარე ძლიერდება, მაგრამ გასათვალისწინებელია, რომ ამ წესის გამოყენებისას პირველი წლის ნაზარდი მეორე სავეგეტაციო პერიოდში, ახალი ამონაყრის გაჩენის გამო, ჩრდილში ექცევა და იჩრდილება, შესაბამისად, ეთეროვანი ზეთის რაოდენობაც მცირდება. აჭრილი ტოტებიდან ფოთლები უნდა მოცილდეს ხელით  ისე, რომ არ მოხდეს ფოთლების დაზიანება.

დაფნის ფოთლის ჩაბარება-მიღება

დაფნის ფოთლის მიღებას აწარმოებენ პარტიებად. შესაბამისად, პარტიად ითვლება დაფნის ფოთლის ნებისმიერი რაოდენობა, რომლის მიღება-ჩაბარება უნდა მოხდეს ერთდროულად. ფოთლის ყოველ პარტიას, რომელსაც იღებს საწყობი ან დამამზადებელი საწარმო, უნდა ჩაუტარდეს საკონტროლო გასინჯვა. საკონტროლო გასინჯვით მოწმდება, აკმაყოფილებს თუ არა დაფნის ფოთოლი „ქართული დაფნის“ სპეციფიკაციებს დამამზადებელ პუნქტში მიღების დროს, თითოეულ ტომარაში ან ყუთში მოთავსებული დაფნის ფოთლების სხვადასხვა ფენიდან (ქვედა, ზედა, შუა) აღებული უნდა იქნეს ნიმუშები. ერთმანეთში შერევის შემდეგ, ფოთლის ნიმუშები უნდა მოთავსდეს პერგამენტის ქაღალდში ან პოლიეთილენის პარკში. თუ პარტიაში არის არაუმეტეს 10 ერთეულისა, აუცილებელია, ყველა მათგანის გახსნა და თითოეულიდან ნიმუშის აღება. ნიმუშის რაოდენობა არ უნდა იყოს საშუალოდ 400 გრამზე ნაკლები. გამოსაკვლევი ნიმუშიდან უნდა გადაირჩეს ფოთლები და მინარევები სპეციფიკაციის მიხედვით, აიწონოს თითოეული ცალ-ცალკე და განისაზღვროს მათი პროცენტულობა ნიმუშის მიმართ. ანალიზის შედეგი უნდა განზოგადდეს დაფნის ფოთლის მთელ პარტიაზე. დაფნის ფოთლის გარეგნობისა და ფერის განსაზღვრა ხდება ვიზუალურად, ეტალონური ნიმუშის გამოყენებით. გემო და არომატი განისაზღვრება ორგანოლეპტიკურად. ფოთლის სინესტე განისაზღვრება ლაბორატორიული მეთოდით.

დაფნის ფოთლის გადამუშავება

დაფნის ფოთლის შრობა და შენახვა მნიშვნელოვნად მოქმედებს მასში ეთერ­ზეთების შემცველობაზე და დაფნის ხარისხის განმსაზღვრელ სხვა მახასიათებლებზე. საქართველოში ტრადიციულად გამოიყენებოდა დაფნის მზეზე შრობის მეთოდი. როგორც არსებულმა პრაქტიკამ აჩვენა, მზეზე შრობის დროს ფოთოლი ადვილად ფუჭდება და ფერს იცვლის, ნაცვლად მომწვანო ჩალისფერისა, ხდება მოწითალო, რაც მისი დაბალი ხარისხის მაჩვენებელია. ქართული დაფნის ფოთლის შრობისთვის აუცილებელია სპეციალური საშრობი მოწყობილობების გამოყენება. ამასთან, ჩატარებული კვლევების შედეგად, სათანადო ხარისხის პროდუქციის საწარმოებლად, შრობის პარამეტრებად განსაზღვრულია 15 წთ-იანი შრობა 70-75°С ტემპერატურაზე.

ფოთლის დახარისხება, შეფუთვა და ეტიკეტირება

დაფნის ფოთლის დახარისხება უნდა მოხდეს ხელით ან თანამედროვე დამახარისხებელი მოწყობილობების გამოყენებით. დახარისხებული ფოთოლი უნდა აკმაყოფილებდეს „ქართული დაფნის“ სპეციფიკაციის მოთხოვნებს.

დახარისხებული ქართული დაფნის ფოთოლი უნდა შეიფუთოს ყუთებში 25 კგ-ის, ტომრებში – 15 კგ-ის, ან მუყაოს კოლოფებში 5 კგ-ის ოდენობით. გამოსაყენებელი ტარა უნდა აკმაყოფილებდეს საქართველოს მთავრობის 2018 წლის 5 ივნისის №317 დადგენილების „მოთხოვნები სურსათთან შეხებისათვის განკუთვნილი მასალებისა და საგნების მიმართ“ განსაზღვრულ მოთხოვნებს.

ქართული დაფნის ფოთოლს, რომლის ტრანსპორტირება ხორციელდება პატარა პარტიებით, თითოეულ შეფუთულ ერთეულზე უნდა ჰქონდეს მითითებული:

  • დაცული გეოგრაფიული აღნიშვნა „ქართული დაფნა“;
  • წონა ნეტო და ბრუტო;
  • შეფუთული ერთეულის ნომერი;
  • მიმღების დასახელება;
  • გასაგზავნი ტვირთის დასახელება;
  • შენახვის პირობები: ინახება მშრალ, გრილ ადგილას.

დაფნის ფოთლის დაფასოება საცალო ვაჭრობისთვის ხდება 10-დან 25 გრამამდე. შესაფუთი მასალა უნდა აკმაყოფილებდეს საქართველოს კანონმდებლობით – „მოთხოვნები სურსათთან შეხებისათვის განკუთვნილი მასალების და საგნების შესახებ“ განსაზღვრულ მოთხოვნებს.

საზოგადოებრივი    კვების ობიექტებისათვის დასაშვებია დაფნის ფოთლის დაფასოება  წონით 200-250 გრ.

თითოეულ შეფუთულ ერთეულზე განთავსებულ უნდა იქნეს ინფორმაცია საქართველოს მთავრობის 2016 წლის 1 ივლისის №301 დადგენილების „ტექნიკური რეგლამენტის – მომხმარებლისათვის სურსათის შესახებ ინფორმაციის მიწოდების თაობაზე დამტკიცების შესახებ“ მოთხოვნების შესაბამისად. გარდა ამისა,  თითოეულ დაფასოებულ ერთეულზე დამატებით მითითებული უნდა იყოს:

  • დაცული გეოგრაფიული აღნიშვნა „ქართული დაფნა“;
  • ბიზნეს ოპერატორის (მწარმოებელი) დასახელება და მისამართი;
  • სინესტის მასური წილი (%);
  • ვარგისიანობის მინიმალური ვადა.

საექსპორტოდ განკუთვნილ პროდუქციაზე აღნიშნული უნდა იყოს:

ქართულ ენაზე – ქართული დაფნა

დაცული გეოგრაფიული აღნიშვნა

ლათინური შრიფტით – Georgian Bay Leaf

Protected eographical Indication და/ან PGI

კირილიცით – Грузинский Лавровый Лист

Охраняемое Географическое Указание

 კავშირი გეოგრაფიულ ადგილთან

აგროკლიმატური პირობები

საქართველოში დაფნის გავრცელების ძირითად არეალს შავი ზღვის სანაპიროს სუბტროპიკული ზონა წარმოადგენს, რომელიც იწყება ჩრდილოეთით კავკასიონის მთის ფერდობებზე და გრძელდება სამხრეთით თურქეთის საზღვრამდე. ეს ზონა აღმოსავლეთით ესაზღვრება ლიხის ქედს, დასავლეთისკენ კი იშლება შავი ზღვისკენ. კავკასიონის ქედი ხმელეთის ამ ნაწილს იცავს ჩრდილოეთიდან ცივი მასების შემოჭრისაგან, ხოლო შავი ზღვა არეგულირებს აქ ჰაერის ტემპერატურის მერყეობას. შავი ზღვიდან, ასევე, შემოედინება დასავლეთის ჰაერის ნაკადები ატლანტის ოკეანიდან, შავ ზღვაზე გადმოსვლისას კიდევ უფრო მდიდრდება ორთქლითა და საბოლოოდ ნალექების სახით გამოიყოფა.

ეს ზონა ხასიათდება რელიეფის და მიკროკლიმატის, მათ შორის, ნალექიანობის მრავალფეროვნებით. წლიური ნალექების ყველაზე მეტი რაოდენობა მოდის სამხრეთით (აჭარა) – 2500 მმ, ხოლო ჩრდილოეთისა და აღმოსავლეთისაკენ ნალექები იკლებს და მერყეობს 1200–1800 მმ-ის ფარგლებში.

ამ ზონაში აქტიურ ტემპერატურათა ჯამი  სავეგეტაციო პერიოდში დაახლოებით  4000-4500°C შეადგენს. ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა 37-დან 41°C-მდე მერყეობს, ხოლო ყველაზე თბილი თვის საშუალო ტემპერატურა 28°C-ს შეადგენს. ჰაერის ტემპერატურა ზამთარში იშვიათად ეშვება დაფნის კულტურისთვის საშიშ ტემპერატურამდე და საშუალოდ მერყეობს 5°C-ის ფარგლებში.

შავი ზღვის სანაპიროს ამ სუბტროპიკული ზონის სიგრძე სამხრეთიდან ჩრდილოეთის მიმართულებით 400 კმ-ს აღემატება, ხოლო სიგანე ყველაზე უფრო განიერ ნაწილში 120 კმ-მდე აღწევს. აქ სუბტროპიკული კულტურები და, მათ შორის, დაფნა ზღვის დონიდან 600 მ სიმაღლემდეა გავრცელებული. იგი ითვლება სუბტროპიკული ზონის ვერტიკალურ საზღვრად. თუმცა, იმერეთის ზონის ცალკეულ უბნებში დაფნა, როგორც სხვა სუბტროპიკული კულტურები, კარგად ხარობს ზღვის დონიდან 700-800 მ სიმაღლეზეც.

ცნობილია, რომ დაფნას ნორმალური ზრდა-განვითარებისათვის ესაჭიროება 2500–3000°C აქტიურ ტემპერატურათა ჯამი, ხოლო ოპტიმალური ტემპერატურაა 20-30°C. მისი კრიტიკული ტემპერატურული მინიმუმია18°C, ტემპერატურული მაქსიმუმი კი – 40°C.

ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, „ქართული დაფნის“ წარმოების არეალში არსებული კლიმატი სრულად აკმაყოფილებს დაფნის განვითარება-ზრდის საჭირო მოთხოვნებს. ამაზე მიუთითებს ამ არეალში დაფნის არსებობის ორიათასწლიანი ისტორია და აქ ბუნებრივად ამოსული დაფნის ხეების არსებობის მრავალი ფაქტი.

მნიშვნელოვანია ის გარემოება, რომ მიუხედავად დასავლეთ საქართველოს კლიმატური პირობების დაფნის მწარმოებელი სხვა ძირითადი ქვეყნების კლიმატთან მსგავსებისა, მათ შორის არსებობს მნიშვნელოვანი განსხვავებები. მათ შორის, საქართველოს ეს რეგიონი ხასიათდება დაფნის ზრდის უფრო მკაცრი კლიმატური პირობებით. მეცნიერთა დაკვირვებით, გამკაცრებული პირობები დაფნაში იწვევს მისი ამტანიანობის გაზრდისთვის საჭირო მეტი რაოდენობის ეთერზეთების წარმოქმნას, ასევე, მათში ცინეოლის დიდი რაოდენობით არსებობასა და, შესაბამისად, „ქართული დაფნის“ გამორჩეულ ხარისხს 4,5. საქართველოს პირობებში გაადგილების დროს (გარემო პირობებიდან გამომდინარე), ეთეროვანი ზეთის შემცველობა უმნიშვნელოდ იცვლება, ვინაიდან ზეთის მაღალი შემცველობა მისი გენეტიკური ნიშანია. ესეც „ქართული დაფნის“ ერთ-ერთი განმასხვავებელი მახასიათებელია 6.

დასავლეთ საქართველოს ძირითადი ტიპის ნიადაგებია წითელმიწა, ყვითელმიწა, სუბტროპიკული ეწერი და სხვ., რომლებიც  ძირითადი აგრონომიული თვისებებისა და მაჩვენებლების მიხედვით ძლიერ განსხვავდება ერთმანეთისგან. ამასთან, როგორც ცნობილია, დაფნა ნაკლებად მგრძნობიარეა ნიადაგის ტიპის მიმართ, რაც საშუალებას იძლევა მისი კულტივირება მოხდეს დასავლეთ საქართველოში პრაქტიკულად ყველგან, გარდა დამლაშებული და ჭაობიანი ადგილებისა.

 რეპუტაცია

მისი ხარისხიდან გამომდინარე, ქართული დაფნა ძველთაგანვე მაღალი რეპუტაციით სარგებლობს. XIX საუკუნიდან რუსეთის იმპერიის ბაზრებზე დასავლეთ საქართველოდან ყოველწლიურად 700-800 ტონა დაფნა გადიოდა. კიდევ უფრო დიდი იყო მოთხოვნა საბჭოთა პერიოდში, როცა პრაქტიკულად მხოლოდ საქართველოში წარმოებული დაფნა უზრუნველყოფდა არა მხოლოდ ამ უზარმაზარი იმპერიის, არამედ აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების ძირითად მოთხოვნილებებს. ამჟამად ევროკავშირის ბაზარზე საქართველო დაფნის ექსპორტით მხოლოდ  თურქეთს ჩამორჩება, დანარჩენი ქვეყნებისას კი სჭარბობს.7

4 კომახიძე ვ. მედაფნეობა, განათლება, თბილისი, 1969 (გვ.: 53, 60, 67; 85-87)

5 Воронцов В. Биологические основы возделывания Благородного Лавра. Сочи. 1979 

6 შორენა კაპანაძე, დისერტაცია: კეთილშობილი დაფნის (Laurus nobilis L.) აგროტექნოლოგია და გენეტიკურად დეტერმინირებული ნიშან-თვისებების კორელაცია მის პროდუქტიულობასთან. ქუთაისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, 2014 (გვ.: 68, 70, 92)

7  ქართული დაფნა და მისი საექსპორტო პოტენციალი, USAID/REAP

ადამიანური ფაქტორი

მნიშვნელოვანია ის გარემოება, რომ დასავლეთ საქართველოში არსებობს დაფნის მოყვანის, მოვლისა და შეგროვების მრავალსაუკუნოვანი გამოცდილება. დაფნის წარმოებაში დაგროვილი დადებითი გამოცდილება თაობიდან თაობას გადაეცემოდა და განაპირობებდა მაღალი ხარისხის დაფნის წარმოების უზრუნველყოფას წლების განმავლობაში. გასული საუკუნის 30-იანი წლებიდან საქართველოში უკვე დაიწყო მნიშვნელოვანი კვლევითი სამუშაოები სუბტროპიკული კულტურებისა და, მათ შორის, დაფნის მოვლა-მოყვანის პროგრესული ტექნოლოგიების შემუშავებისა და დანერგვის პროცესი. ამ პერიოდიდან, ასევე, დაიწყო დაფნის მაღალპროდუქტიული ფორმების შერჩევა და გავრცელება, რამაც დადებითი გავლენა მოახდინა საქართველოში წარმოებული დაფნის ხარისხის შემდგომ გაუმჯობესებაზე 8.

 8 შორენა კაპანაძე, დისერტაცია: კეთილშობილი დაფნის (Laurus nobilis L.) აგროტექნოლოგია და გენეტიკურად დეტერმინირებული ნიშან-თვისებების კორელაცია მის პროდუქტიულობასთან.

ქუთაისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, 2014.

წყარო: www.sakpatenti.gov.ge/ka/state_registry/#