აგრარული განათლებადარგებიმებაღეობა

ქლიავის ნერგის დარგვა

ქლიავის ნერგის დარგვა შეიძლება განხორციელდეს გვიან შემოდგომიდან იმ დრომდე, ვიდრე კლიმატური პირობები ამის შესაძლებლობას იძლევა.

ხეხილის დარგვა შეიძლება მთელი ზამთრის განმავლობაში, თუ ნიადაგი არ არის გაყინული და ჰაერის საშუალო ტემპერატურა არ არის უარყოფითი. გაზაფხულზე ხეხილის დარგვა სასურველია დამთავრდეს 15 აპრილამდე.

ნერგი უნდა იყოს ერთწლიანი ან ორწლიანი; კარგად განვითარებული ფესვთა სისტემით; სწორი ღეროთი და არანაკლებ 140-160 სმ-ის სიგრძის.

ნერგის დარგვის წინ სასურველია, სარგავი ორმო ამოღებული იყოს რამდენიმე დღით ადრე; ორმოს დიამეტრი 50-60 სმ-ია, ხოლო სიღრმე – 30-40 სმ.

ქლიავის ნამყენი ნერგის დარგვისას გასათვალისწინებელია, რომ ნერგის ნამყენი ადგილი მიწის ზედაპირიდან 4-5 სმ-ის სიმაღლეზე მაინც უნდა განთავსდეს.

დარგვის შემდეგ ხდება ნამყენის გადაჭრა ნერგის ტიპისა და ფორმირების მეთოდიდან გამომდინარე (დაუტოტავი ნერგი ზედაპირის დონიდან 80-90 სმ სიმაღლეზე იჭრება); შემდეგ ხდება მცენარის დამაგრება სარზე კანაფით ან სპეციალური რეზინით.

დარგვის შემდეგ ნერგი აუცილებლად უნდა მოირწყოს. 1 ნერგზე საჭიროა არანაკლებ 25-30 ლიტრი წყალი. ამის შემდეგ, მორწყვა ნერგის გახარებამდე რეგულარულად უნდა გამეორდეს 2-3 დღის ინტერვალით.

ნერგის ფესვთა სისტემის ნორმალურად განვითარებისთვის, მნიშვნელოვანია, რომ დარგვის შემდეგ ფესვები 25 – 30 დღის განმავლობაში არ განიცდიდეს ტენის დეფიციტს.

ბაღში აგროტექნიკური ღონისძიებების ჩატარებისათვის უმჯობესია, რომ ბაღი გაშენებული იყოს ერთი ჯიშით, მაგრამ დამტვერვის აუცილებლობიდან გამომდინარე მიზანშეწონილია, თითოეულ ჯიშს ჰქონდეს 1-2 დამამტვერიანებელი ჯიში.

დამამტვერიანებელი ჯიშები ბაღში შესაძლებელია განლაგდეს: ა) ყოველი მეოთხე-მეშვიდე ხე რიგში; ბ) ფართო ერთ ჯიშიან ზოლებად.

დარგვის სქემები

ქლიავის საძირეებად ძირითადად გამოყენებულია ქლიავის ნათესარები, ტყემლის ნათესარები, Ishtara (იშტარა), Mrs, Mir29 C და სხვა.

ამჟამად სამრეწველო ბაღებში ფართოდ გამოიყენება მცენარეთა მართკუთხოვანი განლაგება.

ქლიავის გაშენების ყველაზე გავრცელებული სქემებია: 5 X 3, 5 X 4, 6 X 3 და 6 X 4 მ.

 

 ელენე მაღლაკელიძე,

ზვიად ბობოქაშვილი

2