ქვევრის უპირატესობათა ერთობლიობა ღვინის სხვა ჭურჭელთან შედარებით
ქვევრი, რომელიც თავისი საქმის მცოდნე ოსტატისგან წესის და რიგის მიხედვითაა აშენებული, ბუნებრივი ღვინის დასაყენებლად შეუცვლელი ჭურჭელია. მას, როგორც ღვინის ჭურჭელს, უამრავი ღირსება და უპირატესობა აქვს ღვინის სხვა ჭურჭელთან შედარებით, რომელთაგან ნაწილი ცნობილია, ნაწილს ჩვენ მივაკვლიეთ, ნაწილი ჯერ კიდევ მისაკვლევ-მისაგნებია.
დღეს კი ქვევრი ღვინის ჭურჭლად, შემდეგ ღირსებათა გამო უნდა ავირჩიოთ:
- ქვევრი ღვინისთვის ინერტული ჭურჭელია. რამდენიმეწლიანი გამოყენების შემდეგ ახალი ქვევრის კედლიდან მთლიანად გამოიწვლილება თიხის მინერალები, და სხვა ქიმიურ ნივთიერებები, რის შემდეგაც ის ღვინისთვის ინერტული ჭურჭელი ხდება.
- ქვევრი მასში მადუღარ ტკბილს თვითონ უქმნის შაქრების ბოლომდე დადუღებისთვის საჭირო ტემპერატურის ოპტიმალურ რეჟიმს. მძაფრი დუღილის დროს გამოყოფილი სითბო, ქვევრის კედლის გავლით მის გარშემო შემოყრილ მიწას გადაეცემა და ათბობს მას, ე. ი. ამით მადუთარ ტკბილს ზედმეტი სითბო შორდება, ხოლო წყნარი დუღილის დროს, როცა მადუღარი მასა საკმარისი რაოდენობის სითბოს აღარ გამოყოფს, მადუღარი ტკბილი დუღილის პროცესის გასაგრძელებელ სითბოს, ქვევრის გარშემო შემოყრილი გამთბარი მიწიდან იღებს.
- როგორც ცნობილია, თეთრი ღვინის დადუღება სასურველია წარიმართოს 16-180C-ზე, ხოლო წითელი ღვინის – 25-280C-ზე. ქვევრი სითბოს ამ რეჟიმს მადუღარ ტკბილს თვითონ უქმნის. ეს ქვევრის სხვადასხვა კაზმით აშენებით მიიღწევა.
- ცნობილია, რომ ღვინოზე ცუდად მოქმედებს ხმაური. ჩვენი წინაპრები ამბობდნენ: „ღვინოს მამლის ყივილიც კი აკრთობსო“. მიწაში ჩადგმულ ქვევრში მოთავსებულ ღვინომდე ჭექა-ქუხილის ხმაც არ აღწევს. ევროპულ მარანში კი ხმაურისგან ღვინის დაცვის არავითარი ეფექტური საშუალება არ არსებობს.
- ქვევრი, სტაციონალური ჭურჭელია, რომელიც საუკუნეები შეიძლება გამოიყენო მაღალხარისხიანი ღვინის დასაყენებლად. მაშინ, როცა მუხის კასრი ერთჯერადი ჭურჭელია. ხოლო მეტალის ჭურჭლის გამოყენების დრო, საშუალოდ, ერთი საუკუნეა.
- მიწაში ჩადგმული ქვევრი დედამიწის ლითოსფეროს მუდმივ დაბალ (+140C) ტემპერატურას იყენებს და არ განიცდის მარნის ტემპერატურის გავლენას. ამიტომ ქვევრში ღვინო მუდმივ დაბალ (+140C) ტემპერატურაზე ყოველგვარი დანახარჯის გარეშე წლობით შეიძლება შეინახოს, ამით კი საგრძნობლად იზრდება ღვინის ხარისხი და მცირდება ღვინის წარმოების ხარჯი.
- ქვევრის ფორმისა და მასალის (გამომწვარი თიხა) სპეციფიკურ თვისებათა გამო, ქვევრში კარგად მიმდინარეობს ღვინის დადუღების, დავარგებისა და დაძველების პროცესები.
- ქვევრის აშენება არაა დაკავშირებული რაიმე რთულ საწარმოო პროცესთან. მისი საამშენებლო მასალა თიხა, წყალი და ბუნებრივი აირია.
- ქვევრში თავანკარა ღვინის გამოსავალი გაცილებით მაღალია, ვიდრე ღვინის ნებისმიერ სხვა ჭურჭელში.
- ქვევრს უდიდესი ბუნების დაცვითი მნიშვნელობა აქვს. ერთი სამტონიანი ქვევრი 6 ცალ 500 ლიტრიან მუხის კასრს ცვლის. ერთი, სამტონიანი ქვევრის აშენებაზე 500 კგ-მდე თიხა იხარჯება, ამ ტევადობის მუხის კასრების დამზადებას კი ორი ასწლოვანი მუხის ხე უნდა შეეწიროს. ანუ ქვევრის მსოფლიო მეღვინეობაში ფართოდ დანერგვით, ბუნებას ყოველწლიურად ათასობით ჰექტარ მუხის ტყეს შევუნარჩუნებთ.
- ქვევრი მინიმალურ მოთხოვნას უყენებს სათავსოს და მინიმალურ ფართობს იკავებს მარანში.
- ცნობილია, რომ მარნის ტემპერატურისა და მასში ჰაერის ტენიანობის მკაცრი დაცვის მიუხედავად, მუხის კასრის გვერდებიდან ადგილი აქვს ღვინის 1,5-2%-ის აშრობას, ქვევრში კი ღვინის აშრობა, გამორიცხულია. ერთი სამტონიანი ქვევრიდან ღვინის დავარგების მთელი პროცესის გნმავლობაში, შეიძლება 1-2 ლიტრი ღვინო დაიკარგოს. ამავე ტევადობის მუხის კასრებიდან კი ათობით ლიტრი ღვინო იკარგება.
- ქვევრის მსოფლიო მეღვინეობაში დანერგვა, მოსახლეობის დასაქმების ის უდიდესი რეზერვია, რომლის ამუშავება საქართველოს საუკუნეების განმავლობაში ათიათასობით მაღალანაზღაურებადი სამუშაო ადგილით უზრუნველყოფს.
- ქვევრის წარმოებას „კაპიტალიზაციის“ დიდი და სწრაფი პოტენციალი აქვს, ამიტომ ექსპორტზე გატანილი ათიათასობით ქვევრიდან ყოველწლიურად ქვეყანა, გაცილებით მეტ შემოსავალს მიიღებს, ვიდრე ღვინის რეალიზაციიდან ღებულობს, რადგან ქვევრი, განსხვავებით ღვინისგან, საქართველოს უკონკურენტო პროდუქცია იქნება.
- ქვევრის უპირატესობა სხვა ჭურჭელთან შედარებით მისი კედლის აერაციის უნარშია. ამის გამო, მასში დასავარგებლად ჩასხმული ღვინო საჭირო ჟანგბადს კედლის გავლით ქვევრის გარშემო შემოყრილი სველი მიწიდან იღებს, ამიტომ განსხვავებით შუშისა და მეტალის ჭურჭლისგან, ქვევრში ღვინო შენახვა-დაძველების მთელი პროცესის განმავლობაში გარდაქმნა-დახვეწას განიცდის. ამიტომაა, რომ რაც უფრო დიდხანს ინახება ქვევრში ღვინო, განვითარების მით უფრო მაღალ საფეხურს აღწევს.
- ქვევრი, სულმნათი ილიას სიტყვებით რომ ვთქვათ, „ძვირადღირებული ევროპული მარნის ტოლფასი ჭურჭელია და სცვლის მას“.
- ქვევრი საქართველოში წარმოებული ერთადერთი პროდუქციაა, რომელიც ღვინის ჭურჭლის მსოფლიო ბაზარს დიდი რაოდენობით ესაჭიროება და ღვინის მწარმოებელ ნებისმიერ ქვეყანაში ყოველგვარი კვოტისა და პრობლემების გარეშე შეგიძლიათ შეიტანთ.
- ქვევრის მსოფლიო მეღვინეობაში დანერგვა საქართველოს, როგორც ქვეყანას, დიდ რეკლამას გაუკეთებს და ცნობადს გახდის მთელ მსოფლიოში, ეს კი ღვინის ტურიზმის აყვავების საფუძველი გახდება.
- ქვევრის მსოფლიო მეღვინეობაში დამკვიდრებით, ქვევრში დაყენებული ქართული ღვინო მსოფლიოს მეღვინეობის ეტალონი გახდება, ამიტომ ქვევრში დაყენებულ ღვინოებს ბევრსაც გავყიდით და ფასსაც კარგს გადაგვიხდიან.
ქვევრის ზემოთ ჩამოთვლილი თვისებები ნაწილია იმ უამრავი დადებითი თვისებებისა, რაც ქვევრს აქვს და რომლის შესახებ ბოლომდე ჩვენ, მისმა შემქმნელმა ქართველებმაც არ ვიცით, რადგან ქვევრი საქართველოში (არც მის ფარგლებს გარეთ) სათანადოდ დღემდე არავის უკვლევია. სამწუხაროდ, ძველი სენისაგან დღემდე ვერ გავთავისუფლდით და უფლის ეს საჩუქარი დღემდე, მხოლოდ ენთუზიასტთა კვლევისა და ზრუნვის საგანია. მიუხედავად ამისა, მცოდნე, პატიოსანი მექვევრის მიერ აშენებული ქვევრი მეღვინეობაში დღეს გამოყენებულ ყველა სახის ჭურჭელზე ათი თავით მაღლა დგას. მარტო ის რად ღირს, რომ შენგან ერთხელ აგებული, ქვევრებით გაწყობილი მარანი, კულტურის ძეგლად დარჩება, საუკუნეები მოემსახურება შენს შთამომავლობას და სანამდე კაცობრიობა იარსებებს, ფასი არ დაეკარგება.
ქვევრი ქართველი კაცისათვის არასდროს ყოფილა მხოლოდ ღვინის დასაყენებელი ჭურჭელი. მას ფართო სამეურნეო და თავდაცვითი მნიშვნელობა ჰქონდა. ის ათეული და ასეული ქვევრით გაწყობილი მარნები, რომლებიც ყველა ციხესიმაგრეში იყო, ძირითადად წყლისა და სურსათსანოვაგის შესანახად იყო განკუთვნილი. საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ქვევრებში ხდებოდა ბოსტნეულის დამწნილება, ყველის, თაფლის, კაკლეულის, მარცვლეულის შენახვა. ხევსურები ქვევრში დამბალხაჭოდ წოდებულ რძის ნაწარმს და ხორცს ინახავდნენ. მიუხედავად ამისა, ქვევრი საქართველოში ყოველთვის ღვინის ძირითად ჭურჭლად მოიაზრებოდა.
ყველა ამ გარემოებათა გათვალისწინებით, აუცილებელია, მსოფლიო მეღვინეობამ, ქართველებთან ერთად, ყურადღება მიაქციოს ნატურალური ღვინის წარმოების ამ უნივერსალურ, უნიკალურ და ერთადერთ ჭურჭელს, რათა ქვევრის ეს სიკეთე ყველამ გაინაწილოს და მსოფლიო ღვინის ბაზარი ბუნებრივი ნატურალური ღვინით მომარაგდეს. ამასთან ბუნებას, ქვევრის მსოფლიო მეღვინეობაში ფართოდ დანერგვით, ათიათასობით ჰექტარი მუხის ტყე შევუნარჩუნოთ.
ტელ: 551-333-155