აგრარული განათლებარუბრიკებიფერმერი ფერმერს

რა არის კლიმატგონივრული სოფლის მეურნეობა

 „კლიმატ გონივრული სოფლის მეურნეობა“ არის ტერმინი, რომელიც გამოიყენება „კლიმატისადმი მდგრადი და დაბალემისიანი სოფლის მეურნეობის“ უფრო ლაკონურად გამოსახატად.
 გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) განმარტებით სოფლის მეურნეობა კლიმატგონივრულია, თუ მისი მართვა ხდება მდგრადი განვითარების პრინციპებზე დაყრდნობით. ეს კი ნიშნავს,  ის დაგეგმილია ისე, რომ:
  • ეხმარება სოფლის მეურნეობაში დასაქმებულ ადამიანებს შეინარჩუნონ და გაზარდონ მოსავლის პროდუქტიულობა მიმდინარე კლიმატის ცვლილების პირობებშიც კი;
  • გონივრულად გამოიყენონ კლიმატის ცვლილებით გამოწვეული დადებითი ცვლილებები და მოახდინონ უარყოფით ცვლილებებთან ეფექტური ადაპტაცია თანამედროვე ცოდნისა და ტექნოლოგიების გამოყენებით;
  • მაქსიმალურად ეფექტურად მოახდინონ არსებული რესურსის (წყალი, ნიადაგი, და სხვ.) გამოყენება;
  • რაც შეიძლება ნაკლები წვლილი შეიტანონ კლიმატის ცვლილების პროცესებში (შეაჩერონ ტყეების ჩეხვა სოფლის მეურნეობის განვითარების მიზნით, გაზარდონ ენერგოეფექტურობა, შეამცირონ სასოფლო-სამეურნეო მიწების/საძოვრების დეგრადაცია და სხვ.) რათა კიდევ უფრო არ დამძიმდეს კლიმატის ცვლილების გავლენა ამ დარგზე.
უფრო კონკრეტული ღონისძიებები, რომლებსაც განიხილავს კლიმატგონივრულ სოფლის მეურნეობა და რომლებიც უნდა გატარდეს ამ დარგის გასაძლიერებლად, ზოგადად ასე განიხილება:
  • ფერმების, სასოფლო-სამეურნეო კულტურების და მეცხოველეობის ისეთი მართვა, რომელიც დააბალანსებს კონფლიქტურ მხარეებს (ტერიტორიაზე/წყალზე ან სხვა რესურსზე დავა ქვესექტორებს შორის) და უზრუნველყოფს სურსათის უსაფრთხოების მოკლევადიან და გრძელვადიან საჭიროებებს;
  • ეკოსისტემების და ლანდშაფტების ისეთი მართვა, რომელიც შეინარჩუნებს და გაზრდის ეკოსისტემების მიერ მოწოდებულ მომსახურებას, რაც ასევე ძალიან მნიშვნელოვანია სურსათის უსაფრთხოებისთვის, სოფლის მეურნეობის განვითარებისათვის და ა.შ;
  • ფერმერების დახმარება (ცოდნით და ტექნოლოგიებით უზრუნველყოფა), რათა მოახდინონ კლიმატის ცვლილების რისკებთან გამკლავება;
  • კვების სისტემებში ცვლილებების დადგენა, მათ შორის საკვებზე მოთხოვნის ნაწილში, ღირებულებათა ჯაჭვის და მასზე კლიმატის ცვლილების გავლენის სრული ანალიზის გამოყენებით, რაც გააძლიერებს კლიმატგონივრული სოფლის მეურნეობით მოტანილ სარგებელს. ამ ღონისძიებების განსახორციელებლად და მნიშვნელოვანი მიზნის მისაღწევად აუცილებელია:
  • სანდო (ადგილობრივი/სამეცნიერო) ინფორმაციის შექმნა;
  • შესაბამისი პოლიტიკის დოკუმენტების შემუშავება და მათი განხორციელება;
  • სოფლის მეურნეობის სექტორში მოღვაწე ეროვნული და ადგილობრივი ორგანიზაციების/ფერმერების გაძლიერება;
  • საერთაშორისო და ადგილობრივ დაფინანსებაზე წვდომის შესაძლებლობების გაზრდა და სხვა.