აგრარული განათლებადარგებიფერმერი ფერმერს

 რა არის ფერმერული მეურნეობა და ვინ არის ფერმერი?

მთელი რიგი გარემოებების გამო, სოფლის-მეურნეობის განვითარების თანამედროვე ეტაპზე განსაკუთრებული მნიშვნელობა შეიძინა ფერმერული მეურნეობის ჩამოყალიბებამ და ფერმერისთვის მესაკუთრის სტატუსის მინიჭებამ.

ფერმის მნიშვნელოვანი თავისებურებას წარმოადგენს მიწაზე საკუთრება და დამოუკიდებელი საწარმოო-სამეურნეო რესურსები. ფერმერული მეურნეობის არსს სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის (მარცვლეული, ხილი, ბოსტნეული და ა.შ.) წარმოება წარმოადგენს, როგორც საკუთარი მოთხოვნილების დასაკმაყოფილებლად, ასევე — სარეალიზაციოდ.

არსებობს ფერმერული მეურნეობის სხვადასხვა ფორმა. ყველაზე გავრცელებული ფორმებია: საოჯახო, ინდივიდუალური, ასევე გვხვდება ერთობლივი, კორპორაციული, საიჯარო და სხვა ფორმები.

სხვადასხვა ქვეყანაში არსებობს ფერმერული მეურნეობისა და შესაბამისად, ფერმერის კონკრეტული განსაზღვრებები. მაგალითად, ამერიკის შეერთებული შტატების კანონმდებლობით, ფერმერად აღიარებენ პირს, რომელსაც წლის განმავლობაში რეალიზებული აქვს 1000 ამერიკულ დოლარზე მეტი სასოფლო-სამეურენო პროდუქცია.

გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკასა და შვეიცარიაში ფერმერობა არის პროფესია და მის მისაღებად აუცილებელია შესაბამისი განათლების მიღება. აქ ფერმერობა ითვლება ძირითად პროფესიად, თუ ფერმერის შემოსავლის დაახლოებით 85% ფერმერული საქმიანობიდან მომდინარეობს.

საქართველოში ფერმერის კონკრეტული სამართლებრივ-ეკონომიკური განმარტება ჯერ არ არსებობს, რის გამოც დარგში მოღვაწე ორგანიზაციებსა თუ მასთან დაკავშირებულ პირებს უხდებათ ფერმერის განმარტების საკუთარი „სტანდარტების“ ჩამოყალიბება.

ფერმის მართვაზე პასუხისმგებელია ფერმერი (გარდა იმ გამონაკლისი შემთხვევებისა, როდესაც ფერმის მფლობელი ქირაობს მის სამართავად შესაბამის ორგანიზაციას ან პირს).

ფერმერის ფუნქციები დიდად არის დამოკიდებული თვითონ ფერმის ფორმასა და სიდიდეზე.

ზოგადად, ფერმერი კარგად უნდა ერკვეოდეს შემდეგ საკითხებში:

1.      ფერმის წარმოების ორგანიზაცია და მართვა;

2.      პროდუქციის წარმოების ტექნოლოგია;

3.      წარმოების ეკონომიკა და ფინანსები;

4.      პროდუქციის რეალიზაცია და მარკეტინგი;

5.      პარტნიორებთან/დაინტერესებულ პირებთან თანამშრომლობა.

როგორც დიდი, ასევე, მცირე ფერმერული მეურნეობის მფლობელსაც ესაჭიროება ჩამოთვლილი საკითხების კარგი თეორიული ცოდნა და პრაქტიკული გამოცდილება.

წარმატებული ფერმერობისთვის მნიშვნელოვანია ჰქონდეს კარგი თეორიული ცოდნა და პრაქტიკული გამოცდილება.