აგროტექნოლოგიებიდარგებიმებაღეობა

როგორ მოვუაროთ ოთახის ლიმონს

ფერმერებისთვის ოთახის ლიმონის კულტურის წარმოება ბიზნესის ერთ-ერთი საშუალებაა. საუკეთესო დიზაინით კასრებში და ქოთნებში გამოყვანილი ლიმონის რემონტატული ფორმები ქალაქის მოსახლეობის, ოფისების, სასტუმროების, აგარაკების ფართო დაინტერესებისა და მოხმარების ობიექტი გახდება.

ციტრუსოვანთა ნაყოფებს შორის ლიმონი (CITRUS lIMN) ითვლება ძვირფასი სამკურნალო თვისებების მქონე ნაყოფად, რადგან იგი მდიდარია C ვიტამინითა და ორგანული მჟავეებით. ლიმონის მცენარის დაბალი ყინვაგამძლეობის გამო (-7-8_ გრადუსი) მისი ღია გრუნტში წარმოება საქართველოში რამდენადმე შეზღუდულია, თუმცა ნაყოფებზე მოსახლეობის მოთხოვნილების ფართოდ დაკმაყოფილების მიზნით ჯერ კიდევ გასულ საუკუნეში მიმართავდნენ ლიმონის დახურულ გრუნტში, ან ოთახის პირობებში, მოყვანა-ექსპლუატაციას.

ოთახის ლიმონის უპირატესობა ისაა, რომ შედარებით უკეთესი პირობები იქმნება მცენარის ზრდა-განვითარებისათვის. გარდა ნაყოფისა მის დეკორაციულ თვისებებს ზრდის ის, რომ აქვს მარადმწვანე ფოთლები, სასიამოვნო სურნელება, გამოყოფს ეთერზეთს, რაც აჯანსაღებს ჰაერს, ლამაზი სანახავია მისი ყვავილები და ნაყოფი. ლიმონის ჯიშებს შორის ამ დანიშნულებით ყველაზე ეფექტურია მეიერის ჯიშის ლიმონი, რადგან იგი მკვეთრად გამოხატული რემონტატული მცენარეა, ყვავილობს და მსხმოიარობს წლის ნებისმიერ დროს. ოთახის კულტურისათვის რეკომენდირებულია საკუთარფესვიანი, ანუ დაკალმების გზით მიღებული მცენარეები.

ჩვენს მიერ ანასეულში ჩატარებული სამეცნიერო-კვლევითი სამუშაოების საფუძველზე დადგენილია, რომ საკუთარფესვიანი ლიმონის მიღების მიზნით სასურველია შეირჩეს უხვადმსხმოიარე ჯანსაღი ლიმონის ზრდასრული მცენარე, რომელსაც ადრე გაზაფხულზე ჩაუტარდება მსუბუქი გასხვლა, საიდანაც ინტენსიურად ვითარდება საკალმე ტოტები. ივლის-აგვისტოს თვეებში ლიმონის ყლორტებიდან ამზადებენ 10-12 სმ სიგრძის კალმებს. კალმებს ქვედა ნაწილში უტოვებენ 1-2-კვირტს, ხოლო ზედა ნაწილში _ სანახევროდ შეკვეცილ 2 ფოთოლს. უკეთესი დაფესვიანების მიზნით შესაძლებელია კონად შეკრული კალმების ქვედა გადანაჭერი წინასწარ დამუშავდეს სტიმულატორების ხსნარით 24 საათის განმავლობაში.

დასაკალმებლად იყენებენ გრუნტის სათბურებს, სადაც სუბსტრატად გამოყენებულია მსუბუქი ნიადაგისა და მდინარის ქვიშის ნაზავი 2:1-თან. დაკალმება შესაძლებელია როგორც უშუალოდ გრუნტში, ასევე სუბსტრატით შევსებულ კონტეინერებში. სათბური იხურება პოლიეთილენის ფირითა და დოლბანდით. დაკალმების ოპტიმალური ვადაა ივლისის ბოლო-აგვისტოს პირველი ნახევარი. კალმების მორწყვა ხორციელდება წვრილდისპერსიული წყლის ჭავლით ისე, რომ სუბსტრატი არ გადატენიანდეს, ხოლო ფოთლები არ გამოშრეს. კალმების მაქსიმალური დაფესვიანებისათვის აუცილებელია გრუნტის ტემპერატურა იყოს 20-23 გრადუსი, ჰაერის ტემპერატურა _ 25-30 გრადუსი, შეფარდებითი ტენიანობა _ 80-85%. ასეთ პირობებში დაფესვიანება სრულდება 60-65 დღის განმავლობაში, დაფესვიანების პროცენტი შეადგენს 70-80-ს. მეორე წლიდან აწარმოებენ დაფესვიანებული კალმების მოვლას: მორწყვა, გამოკვება, გახელვა. წლის ბოლოსათვის საკუთარფესვიანი ნერგები, მიაღწევენ რა სასურველ სიმაღლეს, შესაძლებელია გამოვიყენოთ ოთახის კულტურისათვის ქოთნებში გადასარგავად.

ოთახის პირობებში ლიმონის კულტურის ეფექტურობა დიდად არის დამოკიდებული იმ ჭურჭელზე, რომელშიც ის ირგვება. ამ მიზნისათვის არ გამოდგება: მინის, ფაიფურის, ლითონის შეღებილი ან მოპირკეთებული ჭურჭლები. ლიმონი 6-8 წლის ასაკამდე უმჯობესია გვქონდეს თიხის ან ხის ჭურჭელში, ხოლო შემდგომ იგი უნდა გადაირგოს დიდი ზომის ხის კასრში ან ყუთში. ჭურჭელს ფსკერზე უნდა ჰქონდეს 4-5 სადრენაჟო ხვრელი. მიწის ჩაყრის წინ ჭურჭლის ფსკერზე ათავსებენ ქვის ან კრამიტის ნატეხებს, 4-5 სმ სისქეზე აყრიან მდინარის ქვიშას, შემდეგ ავსებენ სპეციალურად მომზადებული ნიადაგური ნარევით: კორდის მიწა, კარგად გადამწვარი ნაკელი, მდინარის შლამი შეფარდებით 2:1:1-თან. ჭურჭლის ცენტრში რგავენ საკუთარფესვიან ლიმონის ნერგს, ნიადაგს კარგად ტკეპნიან და რწყავენ. ერთი ჭურჭლიდან მეორეში გადარგვის შემთხვევაში ფესვებს მიწას არ აშორებენ. მას აცლიან მხოლოდ ქვედა სადრენაჟო ნაწილს და ზედა თხელ ფენას, ირგვლივ კი ნიადაგს ჩხირით აფხვიერებენ ფესვების დაუზიანებლად. გადარგვას აწარმოებენ შემოდგომით ან ადრე გაზაფხულზე. ახლად გადარგულ მცენარეს დაუმატებენ ნიადაგის ნარევს, კარგად რწყავენ და ჩრდილში ათავსებენ.

სავეგეტაციო პერიოდში მცენარის ახალ ამონაყრებს, როდესაც ისინი 20-25 სმ-ს მიაღწევენ, ბოლო 2-3 ფოთოლს წაჩქმეტენ. ეს ოპერაცია წელიწადში 2-3-ჯერ მეორდება, რაც იწვევს გვერდითი ამონაყრების განვითარებას და კომპაქტური ვარჯის შექმნას. მცენარის ღრმა გასხვლას აწარმოებენ მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც სურთ მისი გაახალგაზრდავება. ოთახის კულტურის ეფექტურობა დამოკიდებულია მცენარის კვებაზე. კარგ ეფექტს იძლევა თხევადი ორგანული სასუქები. ხსნარის სახით მინერალური სასუქების შეტანის შემთხვევაში 0,5კგ. რთული კომპლექსური სასუქი იხსნება ათ ლიტრ წყალში და ყოველი 10 დღის შემდეგ მიეცემა მცენარეს მთელ სავეგეტაციო პერიოდში. უკანასკნელ პერიოდში საქართველოს ბაზარზე შემოვიდა როგორც უცხოური, ისე ადგილობრივი წარმოების ორგანო-მინერალური სასუქები, რომლებიც გამდიდრებული არიან მიკროორგანიზმებით, ორგანიკით და სხვა საკვები ელემენტებით. აღნიშნული სასუქების გამოყენება პერიოდულად ლიმონის ოთახის კულტურებში მნიშვნელოვნად გააიოლებს გამოკვების ტექნიკას და აამაღლებს მცენარის ცხოველმყოფელობას.

გაზაფხულზე მცენარე გამოაქვთ გარეთ ვერანდაზე, დერეფანში ან დაცულ ეზოში, რათა თანდათან შეაჩვიონ ღია გრუნტის პირობებს და უნდა ავარიდოთ მზის პირდაპირი სხივების მოქმედებას. შემოდგომით მცენარე ისევ ოთახში უნდა შევიტანოთ. ოთახის პირობებში ლიმონის კულტურისათვის დიდი მნიშვნელობა აქვს ნიადაგისა და ჰაერის ტენიანობას, ოთახის ტემპერატურის და სინათლის რეჟიმს. ნიადაგის გამოშრობა ან ჭარბი ტენის დაგროვება საზიანოა მცენარისათვის. ზამთრის პერიოდში თუ ოთახში ჰაერის ტენიანობა მკვეთრად ეცემა, საჭიროა მცენარის ფოთლების პულვერიზატორით დასველება კვირაში 2-3-ჯერ. ოთახის პირობებში მცენარეზე მავნებელ-დაავადებათა გავრცელების ალბათობა ნაკლებია, მიუხედავად ამისა უპრიანია ფარიანების, ცრუფარიანებისა და ტკიპების წინააღმდეგ საჭირო ნაყოფების, ფოთლებისა და ყლორტების პერიოდული გაწმენდა სარეცხი საპნის წყალხსნარში დასველებული ჩვრით. მცენარეზე წარმოქმნილი ნაყოფები შერჩევით უნდა მოიწყვიტოს მათი ტექნიკურ სიმწიფეში შესვლის შესაბამისად.

ამრიგად, ოთახის ლიმონის ფერმერულ მეურნეობაში წარმოება და მისი რეალიზაცია ბიზნესის ერთ-ერთ საშუალებად მიგვაჩნია, რადგანაც საუკეთესო დიზაინით გაფორმებულ კასრებში და ქოთნებში გამოყვანილი ლიმონის რემონტატული ფორმები ქალაქის მოსახლეობის, ცალკეული ოფისების, სასტუმროების, აგარაკების ფართო დაინტერესებისა და მოხმარების ობიექტი გახდება. ამავდროულად ესთეტიკურ სიამოვნებასთან ერთად გავზრდით ეკოლოგიურად სუფთა ლიმონის ნაყოფების წარმოებას და მასზე მოსახლეობის მზარდი მოთხოვნილების დაკმაყოფილებას.

ზაურ გაბრიჩიძესმმ დოქტორი, პროფესორი;

რუსუდან ტაკიძესმმ აკადემიური დოქტორი;

ქეთევან ჩიკაშუაბ/მ აკადემიური დოქტორი

ჟურნალი „ახალი აგრარული საქართველო“