ბლოგიფერმერი ფერმერს

 რა უნდა ვიცოდეთ მეხის შესახებ და როგორ დავიცვათ თავი 

ვფიქრობთ,  ფერმერებს, ვისაც უმეტესად სივრცეში უხდება შრომა ეს ეს ინფორმაცია დააინტერესებს და პრაქტიკულადაც გამოადგებათ.

ჭექა-ქუხილი ბევრს დისკომფორტს უქმნის, ხოლო მის ფონზე ჩამოვარდნილი მეხი განსაკუთრებით საშიში შეიძლება აღმოჩნდეს, როგორც ადამიანის, ისე სხვა ცოცხალი არსებებისთვის.

როდის ვარდება მეხი, რა უწყობს მის მოზიდვას ხელს და რა უნდა იცოდნენ ადამიანებმა იმისათვის, რომ თავი გადაირჩინონ _ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის ასისტენტ-პროფესორი, გეოგრაფიის დოქტორი, გიორგი დვალაშვილი მოგვითხრობს:

_ ჭექა-ქუხილი ბუნებრივი მოვლენა და მსგავსი შემთხვევები დედამიწაზე, წლის განმავლობაში, დაახლოებით, 100 მილიარდამდე ხდება. 100 მილიარდი 365 ან 366 დღეზე რომ გავყოთ, დიდ ციფრს მივიღებთ.

დედამიწაზე ძალიან ბევრი უბანია, სადაც მსგავსი მოვლენები ხდება და დამახასიათებელია თითქმის ყველა ტერიტორიისთვის, უფრო მეტად კი თბილი ზონისთვის. თუმცა, ცივ მხარეშიც, ანტარქტიდას და არქტიკაშიც, ხდება. მეხის ვარდნა კი შესაძლებელია იმ ატმოსფერული მოვლენების შემთხვევაში, როდესაც ნაწილაკების დამუხტვა და ელექტრონული ველის გადმოსვლა ხდება დედამიწაზე. ხშირად საუბრობენ, რომ მეხს აუცილებლად რკინა ან სხვა ლითონი იზიდავს, თუმცა, ზოგჯერ ასე არ არის. ყველა ჭექა-ქუხილის დროს რომ მეხი დავარდეს და ელვის ნათების დროს დაელექტროება დაფიქსირდეს, ეს ძალიან დიდ უარყოფით შედეგს გამოიწვევს დედამიწისთვის.

რამდენიმე წლის წინათ ბევრმა თვითმხილველმა თუშეთში ერთ-ერთი საკმაოდ დიდი ხანძარი სწორედ ჭექა-ქუხილსა და მეხს დაუკავშირა, იმიტომ, რომ იქ, სადაც ხანძარი გაჩნდა, ფიზიკურად არც ადამიანი ყოფილა იმ დროს, დაუსახლებელი ტერიტორიაა და არც ტემპერატურა დაფიქსირებულა ისეთი მაღალი, რომ ხანძარი გამოეწვია.

ჭექა-ქუხილს ხშირად მოჰყვება ხოლმე სხვა ბევრი სტიქიური პროცესი და პრობლემა. საქართველოს მთელ ტერიტორიაზე, ყველაზე მეტჯერ სამხრეთ საქართველოში, განსაკუთრებით, სამცხე-ჯავახეთსა და ჯავახეთის ტერიტორიაზე ფიქსირდება ჭექა-ქუხილი. ჯამში, საშუალო მაჩვენებელია 50-55 დღე. თუმცა, ყოფილა ცალკეული წლები, როცა რაოდენობა 80-ს აჭარბებდა. 80 დღე ცოტა არ არის, მით უფრო, რომ, ამ დღეების განმავლობაში, არის იმის ალბათობა, რომ მეხიც დაფიქსირდეს.

საქართველოს ტერიტორიაზე მსგავსი მოვლენა ყველგან ხდება. განსაკუთრებით უფრო ხშირადაა მაღალი მთის შემთხვევაში. სამწუხაროდ, მთაში ჩატარებული ექსპედიციების დროს, განსაკუთრებით, თუშ მწყემსებთან, გვინახავს კონკრეტული ადგილები წარწერებით, სადაც ადამიანი მეხის ჩამოვარდნის შედეგად გარდაიცვალა. ბოლო შემთხვევის დროს, როდესაც 15 წლის ბიჭი გარდაიცვალა მეხის დაცემის შედეგად, გამოითქვა ვარაუდი, რომ მობილურმა მიიზიდა. თუმცა, სავარაუდოდ, მარტო მობილური ტელეფონი არ უნდა ყოფილიყო მიზეზი იმისა, რომ მეხი ჩამოვარდნილიყო. უბრალოდ იმ კონკრეტულ მომენტში ელექტრული ველი დედამიწის ზედაპირზე გადმოვიდა. ბავშვი იქნებოდა თუ არა იქ, მეხი მაინც ჩამოვარდებოდა. უბრალოდ, ის დამუხტულ ადგილას მოხვდა.ხშირად ელექტრო საშუალებები, ლითონის ფურცლები კი არ ყოფილა ელექტრო მუხტის მიღების მიზეზი, არამედ ჩვეულებრივი საგანი. არის ხოლმე საუბარი, რომ ჭექა-ქუხილის დროს ხეს უნდა მოვერიდოთ. ის დამუხტვა, რომელიც ძალიან სწრაფად ხდება, შესაძლოა გაშლილ სივრცეშიც, ხის გარეშეც მოხვდეს და ამის წინასწარ განსაზღვრა არ შეგვიძლია. თუმცა, პროგნოზირება, თუ როდის შეიძლება დაიწყოს ჭექა-ქუხილი ყველა ადამიანს შეუძლია, რადგან ეს მიწისძვრასავით უეცრად არ ხდება.

_ კორპუსები, აგარაკები, სოფლის სახლები დაცულია მეხის დაცემისგან?

_ მაღალი ძაბვის გადამცემ ხაზებს სტანდარტული მეხამრიდები აქვთ. საქართველოშიც ასეა, წინააღმდეგ შემთხვევაში, ჩვეულებრივი ჭექა-ქუხილის გამო შესაძლოა მთლიანად მთელი ენერგოსისტემა მწყობრიდან გამოვიდეს. ჩვენთან ხაზობრივი მეხამრიდებია, ბოლო პერიოდში კი დაიწყეს საერთაშორისო სტანდარტების მიხედვით დიდი ბურთის მსგავსი ფორმის მეხამრიდების დაყენება, რომელიც კონკრეტულ მიმდებარე ტერიტორიაზე ელექტროსადენების ჭექა-ქუხილის დროს განმუხტვას ახდენს.

როგორც აღვნიშნე, მოვლენები ბუნებრივია და ხშირად ხდება, მაგრამ პროცენტულად თითქმის არ ფიქსირდება შემთხვევები, რომ სახლებზე, კორპუსებსა და შენობა-ნაგებობებზე მოხდეს ხაზობრივი ელვის (მეხის) გადმოსვლა. დენის ბოძების გარდა, შენობებს აქვს ის თვისება, რომ ელექტრონული მუხტი არ მიიღონ, ანუ მეხი არ დაეცეს

_ როგორ უნდა დაიცვას ადამიანმა თავი, რა უნდა იცოდეს ჭექა-ქუხილის დროს?

_  ჭექა-ქუხილის დაწყებამდე ცაში მუქი, შავი ღრუბლების გადაადგილება შეინიშნება, ზოგჯერ ძლიერი ქარიც ქრის და ამ ნიშნების აღმოჩენის შემთხვევაში, ადამიანს აქვს შესაძლებლობა თავშესაფარი იპოვოს. მაგალითად, შევიდეს შენობაში. შენობა, ამ შემთხვევაში, ყველაზე მეტადაა დაცული. ერთია, ჭექა-ქუხილი და მეხის ჩამოვარდნის ალბათობა და მეორეა ის თანმხლები მოვლენები, რაც ვითარდება ხოლმე, მაგალითად ძლიერი წვიმა, სეტყვა, ღვარცოფი და სხვა. რა თქმა უნდა, ადამიანმა ამაზეც უნდა იფიქროს. თუ ქვეითად მოძრაობს და შენობა ირგვლივ არსადაა, უნდა ჩავიდეს ხეობის ყველაზე დაბალ წერტილში, სადაც მეხის ჩამოვარდნის ალბათობა ნაკლებია. ასევე, თუ მთისკენ მიდის, აღარ უნდა წავიდეს. როგორც აღვნიშნე, ხაზოვანი ელვა ასე უეცრად არ ჩნდება და ღრუბელს თუ ვხედავთ, შეგვიძლია თავი გადავირჩინოთ. ასევე, როდესაც ჭექა-ქუხილი იწყება, პირველსავე ქუხილზე მეხის ჩამოვარდნა იშვიათად ხდება. ამიტომ, ეს “გამაფრთხილებელი” ნიშნები უნდა ვიცოდეთ და დროულად ვიმოქმედოთ, რომ ცუდი შედეგი არ დადგეს.

_ გავრცელებული მოსაზრება, რომ მეხი ჩართულ ტელევიზორს, ტელეფონს, ანტენებს ეტანება, მითია?

– როდესაც ჭექა-ქუხილია, უამრავ ადამიანს აქვს ტელევიზორი და მობილური ჩართული. მაშინ გამოდის, რომ ამ დროს არაერთი შენობა-ნაგებობა უნდა დაიწვას და მობილური ტელეფონები საერთოდ უნდა გაითიშოს. საქართველოში სიხშირეების გადამცემი ძალიან ბევრი სადგურია და ყოველწლიურად მათი რიცხვი იზრდება. ყველას აქვს მეხამრიდები და მარტო იმ ტერიტორიას კი არა, გარშემო ადგილებსაც იცავს მეხისგან. ამიტომ, მოსაზრება, რომ ჭექა-ქუხილის დროს ტელევიზორისა და მობილურის ჩართვა მეხის ჩამოვარდნას იწვევს, მითად შეიძლება ჩავთვალოთ. შესაძლოა არაფერი არ ჰქონდეს ადამიანს, არც მობილური, არც ლითონის ნივთები თან და მაინც ჩამოვარდეს მეხი. ჭექა-ქუხილის დროს კონკრეტული ნივთების გადაყრა და თავის უსაფრთხოდ წარმოდგენა, მცდარი შეხედულებაა.

_ მეხის ჩამოვარდნა რამდენად უქმნის საფრთხეს მანქანებს?

_ მინიმალურია იმ შემთხვევათა რაოდენობა, მანქანას ან შენობას რომ დაცემოდეს მეხი. განსაკუთრებით, ხაზობრივი ელვის დროს. ბურთისებრი ელვა, საბედნიეროდ, საქართველოში არ ფიქსირდება და იმას სხვა სპეციფიკა აქვს, დაცვაც უფრო ძნელია. მანქანებს აქვთ იზოლაცია, მაგალითად რეზინის საბურავების სახითაც. როცა ვხედავთ, რომ თავსხმა წვიმაა და მეხი სულ რომ არ ჩამოვარდეს, ამან შეიძლება შეგვიქმნას საფრთხე, შენობა-ნაგებობებსა და ტრანსპორტს შეიძლება შევაფაროთ თავი.

_ რა იქნება თქვენი მთავარი რეკომენდაცია ადამიანებისადმი?

_ ჩემი მთავარი რეკომენდაცია არის ის, რომ ადამიანებმა მოუსმინონ დარგის სპეციალისტებისა და მეცნიერების რჩევებს. ამ მიმართულებით, აიმაღლონ უფრო მეტად ცნობიერება. ხშირად, ვიღაცების მიერ მოგონილ მოარულ მითებსა და ლეგენდებს უფრო მეტი მიმდევარი ჰყავს, ვიდრე შესაბამისი დარგის სპეციალისტებს. მეორე, აუცილებლად დააკვირდით შავი ღრუბლების მოძრაობას. ქვეითად გადაადგილება არა მარტო ჭექა-ქუხილის დროს მეხის ჩამოვარდნის რისკს იწვევს, არამედ თანმხლები მოვლენების განვითარების, როგორებიცაა მაგალითად, წვიმა, ნიაღვარი, სეტყვა, ღვარცოფი და მეწყერი, ალბათობასაც. ადამიანს, რომელსაც ცაში ღრუბლების ფერის გარჩევა შეუძლია და იცის, რომ თავდაცვის საშუალება თან არსებული რკინის ნივთების მოშორება კი არა, ადგილიდან დროულად გაცლაა, შეუძლია თავი გადაირჩინოს.

თამარ იაკობაშვილი
წყარო: mshoblebi.ge