დარგებიმეცხოველეობა

ირემი

ირემი – წყვილჩლიქოსანთა (Arthyodactila) რიგს მიეკუთვნება. დატოტვილი რქები მხოლოდ მამრს-ხარს აქვს. მდედრი ანუ ფური სრულიად ურქოა. ირმის გამრავლების პერიოდი შემოდგომაა (სექტემბერ-ოქტომბერი) და ამ პერიოდს მყვირალობა ეწოდება. მყვირალობამდე ხარი მარტო ცხოვრობს, ფურები კი ჯგუფებად არიან გაერთიანებულნი.

მყვირალობის დროს ხარები პირველ რიგში ტერიტორიას ინაწილებენ , რომელსაც  ხეებზე რქების ხახუნით ნიშნავენ. გარდა ამისა, თვალთან მათ ეხსნებათ ჯირკვლის სადინარი, რომლის საშუალებითაც ხის ტოტებზე სპეციფიკურ მძაფრსუნიან ნიშანს ტოვებენ . ასეთ ნიშნებს ორი ფუნქცია აქვთ: გააფრთხილონ სხვა ხარები, რომ ტერიტორია დაკავებულია და მოიზიდონ ფურები. ამ ნიშნებს ემატება ისიც, რომ ხარი ამ დროს განუწყვეტლივ ბღავის, რაც დამატებით გამაფრთხილებელ სიგნალს წარმოადგენს მეტოქე ხარებისთვის. თუ რომელიმე ხარმა დაარღვია საზღვარი, „მასპინძელ“ ხარსა და „სტუმარს“ შორის იმართება ორთაბრძოლა, რომელსაც ტურნირი ეწოდება.

ტურნირის დროს მეტოქეები თავდახრილები დგანან ერთმანეთის წინაშე და ერთმანეთს აფასებენ. თუ რომელიმემ ვერ გაუძლო და ჩათვალა, რომ მეტოქე უფრო ძლიერია, ის უბრძოლველად ტოვებს ტერიტორიას; ხოლო თუ თანაბარი ძალის მეტოქეები არიან, მაშინ იმართება ბრძოლა, ისინი რქებით ეჯახებიან ერთმანეთს მანამდე, სანამ ერთ-ერთი თავს დამარცხებულად არ იგრძნობს. დამარცხებული გადის ტერიტორიიდან, გამარჯვებული კი რჩება და ბრუნდება ფურებთან.

ირმის ჰარემი

ერთ ხარს ჩვეულებრივ რამდენიმე ფური ჰყავს. ხართან მყოფი ფურების ერთობლიობას ჰარემი ეწოდება. ჰარემში შეიძლება იყოს სამი ან ბევრად უფრო მეტი ფური. რაც უფრო ძლიერია ხარი, მით უფრო დიდი ჰარემი ჰყავს, რადგან ტურნირის დროს დამარცხებული ფურების გამარჯვებულს რჩება. აქვე არიან აგრეთვე ნუკრები და ის ახალგაზრდა ხარები, რომლებიც ჯერ კიდევ არ მონაწილეობენ შერკინებაში. გარდა ამისა, აქვე ტრიალებენ ის ხარებიც, რომლებიც დამარცხდნენ და ჰარემის გარეშე დარჩნენ. ისინი არ ბღავიან და ამიტომ მათ ჩუმი ხარები ეწოდებათ. ჩუმი ხარები ელოდებიან მომენტს, რომ უყურადღებოდ დარჩენილი ფური დაისაკუთრონ. მაგრამ, როგორც კი იგრძნობენ „მეპატრონის“ ანუ ალფა ხარის მოახლოებას, სწრაფად გაქცევით შველიან თავს. მყვირალობის დამთავრების შემდეგ ხარები ისევ მარტოულ ცხოვრებას იწყებენ და ამავე დროს კარგ საძოვრებს მდედრებს უთმობენ, რომლებიც ნუკრებსა და ახალგაზრდა ხარებთან ერთად ჯგუფურად ცხოვრებას განაგრძობენ. ირმის მაკეობა 8 თვეს გრძელდება და ივნისში შობს ერთ ან (იშვიათად) ორ ნუკრს.

ხავერდოვანი პერიოდი

ირემი გაზაფხულზე რქებს იცვლის. რაც უფრო დიდია რქები, მით უფრო ადრე ხდება მისი მოცვლა. ე.ი. ჯერ დიდი ხარები იცვლიან და შემდეგ ახალგაზრდები. რქების ცვლა მარტში იწყება. მაისში კი ახალი რქები ამოდის, რომლებიც შემოსილია ხავერდისებული კანით და ამიტომ ირმის ცხოვრების ამ პერიოდს ხავერდოვანი პერიოდი ეწოდება. ხავერდით დაფარული რქები ნაზი და მგრძნობიარეა. ზაფხულში კანი ხმობას იწყებს და ირმები ცდილობენ, ხეებზე რქების ხახუნით მოიშორონ შემხმარი კანი. ამ დროს შეიძლება ნახოთ ირემი, რომელსაც კანი ფოჩებად ან გირლიანდებივით ჰკიდია რქებზე. შემოდგომისთვის რქები კანისგან თავისუფლდება და ისევ იარაღის ფუნქციას იძენს.

საქართველოში გავრცელების არეალი

ირემი დღეს საქართველოში ერთ-ერთი მცირერიცხოვანი სახეობაა. ერთ დროს ფართოდ გავრცელებული ცხოველი დღეს საქართველოში მხოლოდ სამ ადგილასაა შემორჩენილი: ლაგოდეხის ნაკრძალში, ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნულ პარკსა და გარდაბნის აღკვეთილში, თუ არ ჩავთვლით ერთეულ ინდივიდებთან შეხვედრებს საქართველოს სხვადასხვა კუთხეებში. ყველაზე მრავალრიცხოვანია ირემი ლაგოდეხის ნაკრძალში, თუმცა არ შეიძლება ითქვას, რომ აქ მათი შენარჩუნების პრობლემა არ არსებობს.

 

საქართველოს არიდულ და სემიარიდულ ზონაში ირემი ფართოდ იყო გავრცელებული. იგი გვხვდებოდა ალაზნის, ივრისა და მტკვრის ჭალებში. აქედან ალაზნის ჭალებში, კერძოდ, ჭიაურის ჭალაში – ლაგოდეხის მახლობლად, XX საუკუნის 80-იან წლებშიც კი იყო შემორჩენილი.

ირემი მითოლოგიაში

ბერძნულ მითოლოგიაში ირემი არტემიდეს, აფროდიტეს, ათენას და აპოლონის წმინდა ცხოველად ითვლებოდა. ინდური ღმერთი შივა ირმის ტყავში იყო გახვეული, ხოლო ინდური პანთეონის ქარის ღვთაება ირემზე იყო ამხედრებული. ძველი კელტებისა და გალების კეთილდღეობის, ნაყოფიერებისა და ცხოველთა მფარველი ღვთაება კერნოონოჰსი შუბლზე ირმის რქებს ატარებდა. გარდა ამისა, კელტურ მითოლოგიაში მიცვალებულთა სულები ირემს გადაჰყავდა სხვა სამყაროში – ანვნში. ასევე რქებით იყო შემკული ანგლო-საქსების ტყის მფარველი ღვთაება ჰერნიც. ქალღმერთ ფლიდასის ეტლში ირემი იყო შებმული.

აცტეკების ნადირობის ღმერთის მიქსკოატის თანმხლებიც ირემი იყო. საკმაოდ ხშირად ფიგურირებს ირემი ქართულ ფოლკლორშიც. აქ ირემი ხან გმირებს ზრდის, ხანაც ეხმარება გაჭირვების დროს.

წყარო: nplg.gov.ge