აგროსიახლეები

რაგბის მსოფლიო ჩემპიონატის ფარგლებში, ქალაქ ბორდოში ქართული ღვინის მასშტაბური წარდგენა გაიმართა

2023 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ფარგლებში ქართული ღვინისა და ქართული რაგბის პოპულარიზაციის ერთობლივი ღონისძიებების ჩატარება ღვინის ეროვნულ სააგენტოსა და საქართველოს რაგბის კავშირს შორის გაფორმებული მემორანდუმითაა გათვალისწინებული.
ქ.ბორდოში, ღვინის ცივილიზაციის მსოფლიო ცენტრში „Cité du Vin“, ღვინის ეროვნული სააგენტოს უშუალო ორგანიზებითა და საფრანგეთის რესპუბლიკაში საქართველო საელჩოს მხარდაჭერით გამართული ქართული ღვინის წარდგენის ღონისძიება ორ ნაწილს მოიცავდა:   ქართული ღვინის პროფესიული დეგუსტაცია, რომელსაც 80-მდე მოწვეული სტუმარი დაესწრო. დეგუსტაციას ღვინის ცივილიზაციის მსოფლიო ცენტრის სომელიე უძღვებოდა, რომელმაც სტუმრებს ბორდოს მუზეუმის მარაგში დაცული ქართულ ღვინოები წარუდგინა; და საზეიმო ვახშამი სტუმრებისთვის, რომელთა შორის იყვნენ მსოფლიო რაგბის, საფრანგეთის სარაგბო ფედერაციის, ფიჯის სარაგბო გაერთიანების, საქართველოს რაგბის კავშირის, საფრანგეთის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოს  და საკონსულოს წარმომადგენლები, ასევე, ქართველი ვეტერანი მორაგბეები, რომლებიც სხვადასხვა დროს თამაშობდნენ საფრანგეთის კლუბებში.

ქალაქ ბორდოში გამართულ ღონისძიებას საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე თენგიზ ნასარიძე და ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარის მოადგილე დავით ტყემალაძე დაესწრნენ.

„სიმბოლურია, რომ ეს ორი ღონისძიება სწორედ აქ, მსოფლიო ღვინის დედაქალაქში, ქალაქ ბორდოში გაიმართა. ღვინის ცივილიზაციის მსოფლიო ცენტრში „Cité du Vin“, 2017 წელს, სწორედ საქართველო იყო ის ქვეყანა, რომელმაც გახსნა ეს მუზეუმი და სწორედ აქედან გაიგო მსოფლიო საზოგადოებამ სამეცნიეროდ დადასტურებული ფაქტის შესახებ, რომ საქართველო, ღვინის წარმოების 8 წლიანი უწყვეტი  ისტორიით არის ღვინის სამშობლო“, – განაცხადა დავით ტყემალაძემ.

საზეიმო ვახშამს მსოფლიო რაგბის პრეზიდენტი ბილ ბომონტი დაესწრო.

„ეს შესანიშნავი ღონისძიებაა, ნომერ პირველი, და ვფიქრობ, საფრანგეთში, ღვინის სამყაროს შუაგულში ჩამოსვლა და ქართული ღვინის დაგემოვნება აბსოლუტურად გამორჩეული რამაა. ის წვლილი, რაც ქართული რაგბის გუნდმა მოუტანა ქვეყანას, რაგბის სამყაროს, განუსაზღვრელია. მოხარული ვარ, რაგბის სფეროს სახელით დავესწარი ამ ღონისძიებას, დავაგემოვნე თქვენი შესანიშნავი ღვინოები და ვნახე თქვენი სტუმართმოყვარეობა“, – აღნიშნა ბილ ბომონტმა.

ბორდოში გამართულ საზეიმო ვახშამს საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საფრანგეთის რესპუბლიკაში გოჩა ჯავახიშვილი უძღვებოდა.

„საქართველო დღეს წარმოდგენილი იყო მსოფლიოში ღვინის მექად აღიარებულ ბორდოს ღვინის მუზეუმში. ძალიან სიმბოლურია, რომ რაგბის ჩემპიონატის ფარგლებში გაიმართა ეს შეკრება და ერთობლივად იყო წარდგენილი ქართული ღვინო და ქართული რაგბი. ღონისძიების სტუმრები აღფრთოვანებულები არიან ქართული ღვინით, პოლიფონიით, სამზარეულოთი და მასპინძლობით“, – განაცხადა გოჩა ჯავახიშვილმა.

ღვინის ეროვნულ სააგენტოსა და საქართველოს რაგბის კავშირს შორის გაფორმებული მემორანდუმის შესაბამისად, რაგბის მსოფლიო ჩემპიონატის დასრულების შემდგომ, მსგავსი ფორმატის ღონისძიებები თანმდევი გახდება ყველა იმ მსხვილი საერთაშორისო ტურნირის, რომელშიც  ქართველი ბორჯღალოსნები მიიღებენ მონაწილეობას.