აგროსიახლეები

რატი როსტომაშვილის ფერმა სოფელ ოდლისში

აშშ-ის ელჩი კელი დეგნანი ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ ოდლისში რატი როსტომაშვილის ფერმას ეწვია, რომელიც ამერიკული ინვესტიციით გაფართოვდება. ელჩი გაეცნო საქართველოში მეცხოველების სექტორში არსებულ შესაძლებლობებს და გამოწვევებს და შპს „ოდლისის“ რძის პროდუქტები დააგემოვნა.

ფერმერ რატი როსტომაშვილს და მის ოჯახს სოფელ ოდლისში 70​ სულიანი, მაღალპროდუქტიული მეწველი ძროხების ფერმა აქვს.

რატიმ მსხვილფეხა პირუტყვის ფერმის მენეჯმენტის პრაქტიკული ცოდნა გერმანიაში მიიღო, რძის გადამუშავების და ყველის წარმოების გამოცდილება კი _ შვეიცარიაში.

საქართველოში დაბრუნების შემდგომ, რატი როსტომაშვილმა მესაქონლეობა ადგილობრივი ჯიშის საქონლით წამოიწყო. ფერმის განვითარების პარალელურად მან თანდათანობით შეუდგა ადგილობრივი ჯიშის საქონლის ჩანაცვლება იმპორტირებული, უკეთესი გენეტიკის მქონე პროდუქტიული ჯიშებით, როგორებიცაა: ჰოლშტეინი, შვიცი და ავსტრიული წითელი.

ფერმაში მიღებულ რძეს რძის გადამმუშავებელ საწარმო შპს „ოდლისში“ ამუშავებს, რომელსაც ფერმერი მის ძმასთან, შოთა როსტომაშვილთან ერთად ფლობს.

შპს „ოდლისი“ 13 სახეობის ბრენდულ და ადგილობრივ ყველს აწარმოებს, რის დისტრიბუციასაც ადგილობრივ ბაზარზე _ სასტუმროებსა და რესტორნებში ახდენს.

ადგილობრივი ნედლი რძისა და ბრენდულ ყველზე დიდი მოთხოვნის გამო რატი მუდმივად ცდილობს რძის წარმოების გაზრდასა და რძის უვნებლობისა და ხარისხის გაუმჯობესებას.

აშშ-ის სოფლის მეურნეობის დეპარტამენტის მიერ დაფინანსებული პროექტის „ინვესტირება უვნებელ და ხარისხიან მესაქონლეობაში“ (SQIL) ხელშეწყობით რატი როსტომაშვილი ფერმას გააფართოებს და განაახლებს, კერძოდ ააშენებს საქონლის გასასეირნებელ მოედანს, სასილოსე ორმოს, ძროხების სადგომს და საწველ დარბაზს. პროექტის „ინვესტირება უვნებელ და ხარისხიან მესაქონლეობაში“ დახმარებით ფერმერი უცხოეთიდან 33 მაღალპროდუქტიულ მაკე ძროხებს შემოიყვანს.

თანადაფინანსების ფარგლებში რატი როსტომაშვილი მიიღებს სასოფლო-სამეურნეო აგრეგატებს და ტექნიკას: სამფრთიან გუთანს, სათიბელას, სილოსის ამღებ დანადგარს და 50 ცხენისძალიან ტრაქტორს.

ინვესტიციის მთლიანი ღირებულება შეადგენს 157,000 აშშ დოლარს, საიდანაც SQIL-ის პროექტის კონტრიბუცია 19,000 აშშ დოლარია.

დოლარი.