აგროსიახლეები

რაც უფრო მეტად გაიზრდება კარგ ღვინოზე მოთხოვნა, სომელეებს მით მეტი სტიმული ექნებათ

„საქართველოში კარგ ღვინოზე მოთხოვნა ნელა, მაგრამ იზრდება. რაც უფრო მეტად გაიზრდება კარგ ღვინოზე მოთხოვნა, სომელიეებს მით მეტი სტიმული ექნებათ და მით მეტი იქნება მათი ანაზღაურება“, – ამის შესახებ სომელიე ზაზა გრიგალაშვილმა რადიო „კომერსანტის“ გადაცემა „კომერსანტის დილაში“ სტუმრობისას განაცხადა.
მისი თქმით, საქართველოში ამ პროფესიას საფუძველი დაახლოებით 20 წელია ჩაეყარა და მუდმივად ვითარდება.

„ამ პროფესიას გარკვეული ცნობადობა უკვე აქვს, რადგან ისეთი ტრადიციული მეღვინეობის ქვეყანა, როგორიც საქართველოა, აპრიორი ითვალისწინებს, რომ უბრალო მომხმარებელი თუ ამ ინდუსტრიაში მომუშავე პროფესიონალი გარკვეულ ცოდნას უნდა ფლობდეს.

ბოლო რამდენიმე ათეული წელია, რაც ამ პროფესიის განვითარება დაიწყო, შეიქმნა საქართველოს სომელიეთა ასოციაცია, რომლის პრეზიდენტიც  გახლავთ ბატონი შალვა. დაახლოებით 20 წელია, რაც ჩვენთან დაიწყო ამ პროფესიის ათვისება. არის ერთი ავსტრიული რესტორანი, სადაც პირველად მოხდა გამოცდის ჩაბარება. სომელიეს პროფესია განვითარებულია ისეთ ქვეყნებში როგორიცაა იტალია, ესპანეთი და საფრანგეთი და სასიხარულოა, რომ საქართველოსაც თავისი წვლილი აქვს.

მისი თქმით, სომელიეს კადრებზე მოთხოვნა მზარდია:

„ვერ ვიტყვი, რომ საქართველოში სომელიეს ანაზღაურება ისეთია, როგორც ევროპის წამყვანი ქვეყნების რესტორნებში, მაგრამ იზრდება მოთხოვნა ამ პროფესიის კადრებზე. ბუნებრივია, შემდეგ მიდის უკვე გამოცდილების მიხედვით შერჩევა. სომელიეს არ გაუჭირდება სამსახურის მოძებნა და რა თქმა უნდა, ის მიიღებს შესაბამის ანაზღაურებას“, – განაცხადა ზაზა გრიგალაშვილმა. 

როგორც მან აღნიშნა, საქართველოში ტარდება სომელიეთა კონკურსი, რომლის გამარჯვებულიც ღვინის ინდუსტრიის წამყვან ქვეყნებში სტაჟირებასა თუ კონკურსზე მიემგზავრება. მისივე თქმით, სომელიესთვის საბაზისო უნარების შესწავლას დაახლოებით 1,5 წელი სჭირდება, რის შემდეგაც მას უკვე შეუძლია ამ მიმართულებით დასაქმდეს.

წყარო: https://commersant.ge