რეკომენდაციები მესაქონლეობის დარგის ფერმერებს

სოფლის მერნეობაში მეცხოველეობის დარგი ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესია, რომელიც გრძელვადიან და თანმიმდევრულ მიდგომას მოითხოვს. იმისათვის, რომ განვავითაროთ მეცხოველეობის დარგის ერთ-ერთი მიმართულება – მესაქონლეობა, მნიშვნელოვანია მოხდეს ამ სექტორის მოდერნიზაცია.

      სოფლის მეურნეობის სამინისტროს მონაცემებით საქართველოში დაახლოებით 1 300 000 სული მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვი გვყავს, რაც ცუდი მაჩვენებელი არ არის, თუმცა სამწუხაროა, რომ მთლიანი სულადობის 75-80% დაბალპროდუქტიულია. ამასთან ერთად არასახარბიელო სურათი გვაქვს რძის წარმოებაში, სადაც სეზონურობა და დაბალი მწარმოებლობაა. წლის განმავლობაში მხოლოდ 4-5 თვეს გრძელდება სტაბილური რძის წარმოება, ხოლო დანარჩენ პერიოდში მნიშნელოვანი დეფიციტი იქმნება. შესაბამისად რძის ფასიც ცვალებადი და არამდგრადია, არადა ნედლ რძეზე რძის პროდუქტების მწარმოებელი კომპანიებისგან მოთხოვნილება მზარდია. დარგის მოდერნიზაციის პრინციპიც ამაში მდგომარეობს, გადავაწყოთ ფერმერული მეურნეობები ეფექტურ მართვის სისტემებზე, რაც საშუალებას მოგვცემს საგრძნობლად გავზარდოთ წარმოებული პროდუქციის მოცულობა ისე რომ მიწოდება-მოთხოვნა დაბალანსებული იყოს.

რძე და ხორცი წარმოადგენს შეუცვლელ სრულფასოვან, მაღალი კვებითი ღირებულების პროდუქტს, რომლის ანალოგი ბუნებაში არ არსებობს. მისასალმებელია ის, რომ რძისა და ხორცის წარმოებაში ამოქმედებულმა რეგულაციებმა (სურსათის უვნებლობისა და ხარისხის თვალსაზრისით), ასევე სახელმწიფოს მიერ ინიცირებულმა პროექტებმა სტიმული მისცა მესაქონლეობის დარგს. შეიქმნა რამოდენიმე მსხვილი ფერმერული მეურნეობა, რომლებიც სპეციალიზებული მაღალპროდუქტიული ჯიშებითაა დაკომპლექტებული (იმპორტი ევროკავშირის და ბალტიისპირეთის ქვეყნებიდან), თუმცა ეს მცირედია დარგის განვითარებისათვის.

ჩვენს ქვეყანაში სურსათის პირველად წარმოებაში ჩართული მოსახლეობის დიდი ნაწილი მცირე ფერმერია. საოჯახო და მცირე ფერმერული მეურნეობა მაშინ იქნება წარმატებული, თუ მისი მართვა ეფექტიანად მოხდება და ბიზნესზე ორიენტირებული გახდება, რაც საშუალებას მისცემს მას თავისი საქმე იმ პრინციპებზე ააგოს, რომელიც წარმატებული ქვეყნების მესაქონლეობას უდევს საფუძვლად. თანამედროვე ბიზნესზე ორიენტირებული მეურნეობა ის აუცილებელი საშუალებაა, რომელიც ჩვენს ფერმერებს დაეხმარება პროდუქციის მოცულობის გაზრდაში და მაქსიმალური სარგებლის მიღებაში.

მესაქონლეობის, ისევე როგორც ნებისმიერი სხვა დარგის, სიცოცხლისუნარიანობა და წარმატებები მნიშვნელოვან წილად განპირობებულია თითოეული ამ დარგის შესაბამისი მეცნიერების განვითარების დონით, მათ მიერ შესწავლილი და რეკომენდებული ტექნოლოგიების ეფექტიანობით. ამ მიმართულებით დაახლოებით ოცწლიანი წყვეტა გვაქვს. ჩვენდა სამწუხაროდ ამ პერიოდში არ მიმდინარეობდა არც სანაშენე/სასელექციო სამუშაოები და არც მთელი რიგი დაავადებების საწინააღმდეგო კვლევითი საქმიანობა. მეტიც, საქართველოს სახელმწიფო ზოოტექნიკურ-სავეტერინარო უნივერსიტეტში არსებული სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტი გაუქმდა და ლიკვიდირებული იქნა, რაც უდავოდ შავი ლაქაა ჩვენი ქვეყნის უახლეს ისტორიაში. ყოველივე ზემოთაღნიშნულის გათვალისწინებით, დარგის განვითარებისათვის ყველაზე სწრაფი და უალტერნატივო გზა არის გავიზიაროთ და დავნერგოთ წარმატებული ქვეყნების გამოცდილებები, ტექნოლოგიები. მოგეხსენებათ, რომ თანამედროვე ტექნოლოგიები განაპირობებს წარმოების ოპტიმიზაციას. წარმატებულ და მაღალტექნოლოგიურ ქვეყნებში ვგულისხმობთ იმ ქვეყნებს, სადაც დიდი ფულადი სახსრების ინვესტირება ხდება ტექნოლოგიური ინოვაციების კვლევებში.

სწორედ ამ პრინციპეპზე დაყრდნობით საქმიანობს და მოღვაწეობს კომპანია „ინვეტი“. ჩვენ მუდმივი ურთიერთობა გვაქვს ევროკავშირისა და ამერიკის კონტინენტის მაღალტექნოლოგიურ კომპანიებთან, სისტემატურად ვიღებთ მონაწილეობას საერთაშორისო დონის კონფერენციებში და ფორუმებში, სადაც ვეცნობით მეცნიერულ სიახლეებს, ვეტერინარიაში და მეცხოველეობაში არსებულ აქტუალურ საკითხებს. ჩვენი კომპანიის მისიაა, ყოველდღიური ცოდნის გაღრმავების და არსებული შესაძლებლობების გაფართოების გზით უზრუნველვყოთ ჩვენი ფერმერები ხარისხიანი პროდუქციით, მომსახურებით და ვეტერინარიის სფეროში მაღალკვალიფიციური კონსულტაციებით როგორც თბილისში, ისე მთელი ქვეყნის მასშტაბით.

ზოგადად მეცხოველეობის და მათ შორის მესაქონლეობის დარგის განვითარებას განაპირობებს სამი ძირითადი ფაქტორი. ესენია:

ცხოველის ჯიში (გენოტიპი);

ცხოველთა სრულფასოვანი და ბალანსირებული კვება;

ვეტერინარულ-სანიტარული ღონისძიებები, გადამდები და არაგადამდები დაავადებების საწინააღმდეგო პროფილაქტიკა/პრევენცია.

მე თვითოეულ მათგანზე მოკლედ შევჩერდები და ასევე წარმოგიდგენთ ჩვენი კომპანიის შესაძლებლობებს მოცემულ ფაქტორებთან დაკავშირებით.

ცხოველის ჯიში (გენოტიპი) – ანუ მემკვიდრეობითი ნიშან-თვისებების ერთობლიობა, რომელიც ნამატს მშობლებიდან გადაეცემა. მესაქონლეობა ჩვენი ქვეყნისათვის ტრადიციული დარგია, ჩვენი წინაპრები ამ დარგს საუკუნეების მანძილზე მისდევდნენ და ხალხური სელექციის შედეგად არაერთი უნიკალური ჯიშია შექმნილი როგორც მესაქონლეობაში, ასევე მეცხოველეობის სხვა მიმართულებებში. დარგში ჯიშობრივი თვალსაზრისით შექმნილი მდგომარეობა საჭიროებს ქმედით ნაბიჯებს, რათა გრძელვადიანი სტრატეგიით მივაღწიოთ სასურველ შედეგს. სამწუხაროდ, ჩვენი ფერმერების ნახირებში გაურკვეველი წარმომავლობის კურომწარმოებლები დადიან, რომლებიც არ არიან შემოწმებული შთამომავლობის ხარისხზე და არც პროდუქტიულობის პოტენციალი გააჩნიათ. შესაბამისად, გენეტიკური და პროდუქტიულობის პროგრესი შეუძლებელია. პირუტყვის ჯიშობრივი გაუმჯობესების ყველაზე გავრცელებულ მეთოდს წარმოადგენს საუკეთესო სპეციალიზებული ჯიშების ადგილობრივ ჯიშებთან შთანთქმითი შეჯვარება.

ჩვენი კომპანია ნაყოფიერად თანამშრომლობს კომპანია „კავკასიის გენეტიკა“-სთან, რომელიც მოღვაწეობს სანაშენე საქმისა და ხელოვნური განაყოფიერების სფეროში. „კავკასიის გენეტიკა“ ფერმერებს სთავაზობს ყველა ძირითადი მეხორცული და მერძეული ჯიშის ღრმად გაყინულ სპერმას ცხოველთა ხელოვნური განაყოფიერებისათვის. ამჟამად ერთობლივად ვმუშაობთ სინქრონიზაციის პროექტზე, რაც საშუალებას მოგვცემს ხელოვნური განაყოფიერების პროცესი გავხადოთ უფრო ეფექტური და მაქსიმალურად ვიყოთ დაზღვეული ყველა რისკისაგან. აღნიშნული მეთოდი წარმატებით მუშაობს მაღალგანვითარებულ ქვეყნებში, რომელიც ყველაზე ჯანსაღი მეთოდია ჯიშობრივი გაუმჯობესების საქმეში.

ცხოველთა სრულფასოვანი და ბალანსირებული კვება – კვება ცხოველთა ზრდა-განვითარების მნიშვნელოვანი ფაქტორია, დიდ გავლენას ახდენს მის ჯანმრთელობაზე და პროდუქტიულობის მაქსიმალურად გამოვლენაზე. ცხოველთა ნორმირებული და სრულფასოვანი კვების ორგანიზაცია ხდება ცხოველის ასაკობრივი ჯგუფის, ცოცხალი მასის, პროდუქტიულობის მიმართულების (მერძეულია თუ მეხორცული) და შენახვის პირობების მიხედვით. ბალანსირებული კვება გულისხმობს ორგანიზმისათვის საჭირო ყველა მინერალური ნივთიერებებით და ვიტამინებით ცხოველთა უზრუნველყოფას.

კომპანია „ინვეტ“-მა 2012 წელს საკვების მწარმოებელი მინი-საწარმო გახსნა, რომელიც ქართველ ფერმერებს უზრუნველყოფს ხარისხიანი პროდუქციით. ჩვენი კომპანიის მიზანია ვაწარმოოთ ცხოველთა საკვები მაღალი მონელებით, ცილის და ბიოლოგიურად აქტიური ნაერთების შემცველობით. მინდა აღვნიშნო, რომ ჩვენი კომპანიის მიერ წარმოებული საკვების და საკვები დანამატების რეცეპტურა ეფუძნება მაღალტექნოლოგიური წარმოებების კვების სისტემებს. მოგეხსენებათ, რომ კვების თანამედროვე მეთოდიკის გამოყენება შესანიშნავ შედეგს იძლევა იმის გათვალისწინებით, რომ ეროვნული წარმოების განვითარება ჩვენი კომპანიისათვის უმნიშვნელოვანესი ამოცანაა, ამასთანავე რეალიზებული პროდუქციის გაზრდილმა დინამიკამ და მადლიერი მომხმარებლების რაოდენობამ გვაიძულა გაგვეფართოებინა საწარმოო მასშტაბები. კომპანია უახლოეს მომავალში, სახელმწიფო პროგრამა „აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში, გახსნის უახლესი ტექნოლოგიებით აღჭურვილ საწარმოს, რომელიც ჩვენს ფერმერებს შესთავაზებს მაღალი ხარისხის საკვებს.

ვეტერინარულ-სანიტარული ღონისძიებები, გადამდები და არაგადამდები დაავადებების საწინააღმდეგო პროფილაქტიკა/პრევენცია

ცხოველი თავის ჯიშისათვის დამახასიათებელ პროდუქტიულობას ავლენს სრული ჯანმრთელობის პირობებში. მესაქონლეობის განვითარება შეუძლებელია მდგრადი ეპიზოოტიური სიტუაციისა და მაღალი ვეტერინარიულ-სანიტარიული დონის გარეშე.

ვეტერინარულ-სანიტარულ და ზოოჰიგიენურ ღონისძიებებს გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს ცხოველების გადამდებ და არაგადამდებ დაავადებათა აღმოცენების და გავრცელების საქმეში. ხშირად ფერმერულ მეურნეობებში არსებული მძიმე პირობები წინაპირობა ხდება მრავალი გადამდები და არაგადამდები დაავადებების გაჩენისა. ამიტომ ფერმერებმა ძალისხმევა არ უნდა დაიშურონ, რათა მკაცრად დაიცვან ვეტერინარულ-სანიტარული და ზოოჰიგიენური წესები.

ვაქცინაცია საუკეთესო გზაა, რათა თავიდან ავიცილოთ პირუტყვის დაინფიცირება და დაავადების გავრცელება. სახელმწიფოს შესაბამისი სამსახური პირუტყვს ცრის რამდენიმე დაავადებაზე: თურქული, ჯილეხი, ნოდულარული დერმატიტი, ბრუცელოზი (მოზარდებში, 4-8 თვის ასაკში). დანარჩენ დაავადებაზე ვაქცინაცია უნდა ჩაატაროს ცხოველის მეპატრონემ, ფერმერმა ვეტერინარი ექიმის დახმარებით, როგორიცაა ემკარი, პასტერელოზი. ჩვენი კომპანიის საკონსულტაციო ჯგუფს აქვს შემუშავებული პროფილაქტიკური ვაქცინაციის პროგრამა როგორც, კულტურულ-მაღალპროდუქტიული ჯიშებით დაკომპლექტებული მეურნეობისთვის, ასევე ადგილობრივი ჯიშებით არსებული მეურნეობებისთვის.

ინვაზიურ დაავადებათა შორის ყველაზე გავრცელებული ჰელმინთოზური დაავადებებია, რომლებიც ძირითადად აინვაზირებენ მოზარდ ცხოველებს. მეურნეობების რენტაბელობა დიდად არის დამოკიდებული ჰელმინთოზურ დაავადებათა მიმართ კეთილსაიმედოობაზე.

ჩვენს ფერმერებს მინდა წარმატებები ვუსურვო და მოვუწოდო ორიენტირებულნი/მოტივირებულნი იყვნენ პროგრესისკენ/განვითარებისკენ, დანერგონ მეურნეობის მართვის ეფექტიანი სისტემა და უზრუნველყონ ჯანსაღი და კონკურენტუნარიანი პროდუქციის წარმოება. სწორედ ასეთი ფორმითაა შესაძლებელი ვუპასუხოთ იმ გამოწვევებს, რომელიც დღეს ამ დარგის წინაშე დგას.

გურამ მელქაძე,
კომპანია „ინვეტი
მთ. კონსულტანტი, აკადემიური 
დოქტორი.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.