აგრარული განათლებადარგებიმებოსტნეობა

როგორ მოვიყვანოთ პომიდორი ღია გრუნტში?

პომიდორი (Licopersicum esculentum) ერთწლოვანი, ორლებნიანი ბალახოვანი მცენარეა. მიეკუთვნება ძაღლყურძენისებრთა ოჯახს. პომიდვრის კულტურა წარმოშობით სამხრეთ და ცენტრალური ამერიკიდანაა. პომიდვრის, როგორც ბოსტნეული კულტურის გამოყენებამ ფართო მასშტაბი მიიღო XVIII საუკუნეში, ხმელთაშუა ზღვის ქვეყნებში. ამჟამად პომიდორი ფართოდაა გავრცელებული მსოფლიოს ყველა ქვეყანაში. პომიდვრის მთავარი მწარმოებელი ქვეყნებია ჩინეთი, აშშ, თურქეთი, იტალია, ინდოეთი და ეგვიპტე.

პომიდორი განსაკუთრებით ძვირფასი სამეურნეო კულტურაა. მისი ნაყოფი გამოირჩევა მაღალი საგემოვნო თვისებებით და მრავალმხრივი მოხმარებით. მათ გამოიყენებენ როგორც ნედლი, ასევე გადამუშავებული სახითაც (წვენები, ტომატ-პასტა, ტომატ-პიურე, მთლიანად ჩადებული ქილებში (კანგაცლილი), მწნილი და ა.შ.

სიმაღლის მიხედვით პომიდვრის ჯიშები ორ ჯგუფად იყოფა:

♦ დეტერმინანტული (დაბალმზარდი);

♦ ინდეტერმინანტული (მაღალმზარდი).დეტერმინანტული ჯგუფის მცენარის ბუჩქი 50-70 სმ, ზოგჯერ კი უფრო ნაკლები (30-45 სმ) სიმაღლისაა. ინდეტერმინანტული ჯიშები ძლიერი ზრდისაა (70 სმ-დან 500 სმ-მდე), მტევნები მცენარეზე ვითარდება მეორე-მეოთხე, ხოლო არასაკმარისი განათების პირობებში ყოველი მე-4-5 ფოთლის შემდეგ. სანაყოფე მტევნები ჩვეულებრივ დიდია, ზოგჯერ დატოტვილი. აქვთ ძლიერ დანაკვთული ფოთლები, ხანგრძლივი სიმწიფის პერიოდი და იღლიის შიდა ყლორტების – ნამხრევების დიდი რაოდენობით განვითარების უნარი.სავეგეტაციო პერიოდის მიხედვით განასხვავებენ საადრეო (100 დღემდე), საშუალო (105- 120 დღე) და საგვიანო (120 დღეზე მეტი) ჯიშებს და ჰიბრიდებს. პომიდვრის მოსაყვანად მიმართავენ ორ მეთოდს: გამოყვანილი ჩითილების ღია გრუნტში გადარგვას და პირდაპირ დათესვას. პომიდვრის მოსაყვანად უნდა შეირჩეს საშუალო მექანიკური შემადგენლობის, კარგად დრენაჟირებული, ქვების, ნემატოდებისა და პომიდვრის პათოგენური დაავადებებისაგან თავისუფალი ნაკვეთი. პომიდვრისათვის გამოუსადეგარია მძიმე თიხნარი, დაჭაობებული ნიადაგები, აგრეთვე ნაკვეთები სადაც გრუნტის წყლები ნიადაგის ზედაპირთან ახლოსაა.ნაკვეთს ამზადებენ შემოდგომაზე. მოხვნის წინ შეაქვთ კალიუმიანი და ფოსფორიანი სასუქების მთელი დოზა (K2O-100-150 კგ და P2O5 -100-150 კგ/ჰა-ზე). თუმცა რეკომენდებულია ნიადაგის ანალიზის ჩატარება, რათა დადგინდეს PH-ი, NPK, Ca, Mg და S შემცველობა ნიადაგში, ზუსტად განისაზღვროს მასში შესატანი სასუქების რაოდენობა, რაც თავის მხრივ მაღალი მოსავლის მიღების საწინდარია.ნიადაგის მომზადება იწყება წინამორბედი კულტურების მოსავლის აღებისთანავე, მინდვრიდან მცენარეული ნარჩენების გატანითა და ნიადაგის 12-15 სმ სიღრმეზე აჩეჩვით. შემოდგომაზე მზრალი იხვნება. გაზაფხულზე ნიადაგს უტარდება კულტივაცია, მოსწორება მსუბუქი დისკებით ან როტაციული ფრეზით. ბაზოებზე (შემაღლებულ კვლებზე) მოყვანის შემთხვევაში ოპერაციას ატარებენ კომბინირებული დანდგარით, რომელიც ნიადაგის დაფრეზვა – გაფხვიერებასთან ერთად აკეთებს შემაღლებულ კვლებსაც.

პომიდორი თესლბრუნვაში უნდა განთავსდეს მარცვლოვანი და პარკოსანი კულტურების შემდეგ. დაუშვებელია პომიდვრის მოყვანა იმ ნაკვეთზე სადაც წინა წელს მოყვანილ იქნა პომიდორი, წიწაკა, ბადრიჯანი, კარტოფილი ან მარწყვი. პომიდორი სითბოსა და ტენის მოყვარული კულტურაა. თესლი წვრილია, ოდნავ შებუსული. 1 გრამ თესლში 300-350 მარცვალია. თესლი გაღვივებას იწყებს 10°C. ჩითილის გამოყვანისას დაცული უნდა იყოს განათებასთან შეთანაწყობილი ტემპერატურული რეჟიმი. კარგი განათება და ტემპერატურული რეჟიმი_დღისით 20-25°C და ღამით 9-12°C, ხელს უწყობს ფესვთა სისტემის მძლავრ განვითარებას და კომპაქტური, აუწოწავი, კარგად შეფოთლილი ჩითილის მიღებას.

გაზაფხულზე, ჩითილების გადარგვას იწყებენ როგორც კი უკანასკნელი საგაზაფხულო წაყინვების საშიშორება ჩაივლის. მინდორში გადარგვამდე ათი დღით ადრე უნდა განხორციელდეს გაკაჟების პროცესი, რათა მცენარეებმა გამოიმუშაონ არახელსაყრელი ამინდის მიმართ შემგუებლობა. მცენარეების მოსაძლიერებლად უნდა შემცირდეს მორწყვის სიხშირე.

ჩითილის მინდორში გადარგვამდე, ისინი კარგად უნდა მოირწყას, რომ ფესვები არ გაუშრეთ. ჩითილების გამოსაყვანად ერთი ჰექტრისათვის საჭიროა 300-500 გრამი სათესლე მასალა, ჩათესვის სიღრმე 1-2 სმ. თუ ჩითილები კვლებში უნდა გადაირგას, კვლები წინასწარ უნდა მომზადდეს. გადარგვისას შეაქვთ აზოტოვანი სასუქის დოზის 1/3 (30-40 კგ სუფთა ნივთიერება). ჰექტარზე რგავენ 20 000-25 000-მდე მცენარეს. ჩითილის გადარგვამდე გრუნტს ასველებენ 10-15 სმ სიღრმეზე. დასარგავად არჩევენ ნორმალურად განვითარებულ, ჯანმრთელ, მექანიკურად დაუზიანებელ ჩითილებს.

ჩითილის გადარგვა სარგავი აგრეგატით

პომიდორი, ჩვეულებრივ უკეთ ხარობს შემაღლებულ კვლებზე (ბედებზე), რადგან გაზაფხულზე ასეთ კვლებზე ნიადაგი სწრაფად თბება და ხელს უწყობს მცენარის ზრდას. მოვლა მოიცავს რიგთაშორისების გაფხვიერებას და ზომიერ რწყვას (250-350 მ³/ჰა-ზე). უნდა დავაკვირდეთ მცენარისა და ნაყოფის მდგომარეობას შუადღისას. თუ ნაშუადღევს ფოთლები ოდნავ მაინც მომჭკნარია, ნარგავები აუცილებლად უნდა მოვრწყათ.

მორწყვისათვის იყენებენ ორ მეთოდს. მიშვებით მორწყვა, შემაღლებულ კვლებს (ბედებს) შორის, ან წვეთოვან მორწყვის სისტემას, როდესაც სარწყავი მილი გადის უშუალოდ მცენარის სიახლოვეს, მცენარის რიგებს შორის (ორი რიგის შემთხვევაში). მორწყვას მიმართავენ ნიადაგის შეშრობისას. დაუშვებელია ნიადაგის ძლიერი გამოშრობა, ამან შეიძლება გამოიწვიოს ყვავილებისა და ნასკვების ჩამოცვენა, ღეროსა და ნაყოფის დასკდომა, აგრეთვე ნაყოფებზე კენწეროს მშრალი სიდამპლის განვითარება.

სარწყავი წყლის ტემპერატურა უნდა იყოს 20-25°C, რწყვას ახდენენ დღის პირველ ნახევარში. წვეთოვანი მორწყვით, მორწყვას აწარმოებენ 2-4 დღეში ერთხელ, მიშვებით მორწყვის შემთხვევაში 5-7 დღეში ერთხელ (ნიადაგობრივ-კლიმატური პირობებიდან და მცენარეთა განვითარების ფაზებიდან გამომდინარე). მორწყვას წყვეტენ მოსავლის აღებამდე 7-14 დღით ადრე, (კლიმატურ–ნიადაგობრივი პირობებიდან გამომდინარე). ვეგეტაციის პერიოდში, აუცილებელია ნიადაგის გაფხვიერება როგორც მცენარეთა ირგვლივ, ასევე ბედებს შორისაც.

ბრძოლა სარეველების წინააღმდეგ

ძლიერ დასარეველინების შემთხვევაში, ჩითილების გადარგვამდე ფართობს ამუშავებენ ჰერბიციდით, ან მექანიკურად ანადგურებენ სარეველებს.

დღეისათვის საქართველოს ბაზარზე წარმოდგენილია მსოფლიოში ბოსტნეულის თესლების მწარმოებელი თითქმის ყველა კომპანია. მათ მიერ ნაწარმოები ჰიბრიდები გამოირჩევიან საკმაოდ მაღალი მოსავლიანობით და რიგი დადებით თვისებებით:

  • რიო ფუეგო ორიგინალი;
  • რიო გრანდე;
  • დებიუტი;
  • ფლორიდა;
  • სულთანი;
  • შედი ლედი.

მოსავალი იკრიფება ეტაპობრივად ნაყოფთა სიმწიფის მიღწევისას, ყოველ 5-7 დღეში. კრეფენ დილით და შემდეგ გადააქვთ ჩრდილში. ნაყოფი უნდა მოიკრიფოს ფრთხილად, დაზიანების გარეშე, კალათებსა და ყუთებში არ უნდა იყოს მიწა ან სხვა ნარჩენები. ნაყოფს უნდა მოშორდეს ღეროები. საშუალო მოსავლიანობა მერყეობს 30-40 ტონას შორის. დამწიფებული ნაყოფი ინახება 7-10°C-ზე 90-95 % ფარდობითი ტენიანობის პირობებში.

პომიდვრის მავნებლები

როგორც ღია, ისე დახურულ გრუნტში წარმოებისას პომიდორს აზიანებს მრავალი მავნებელი და დაავადება. მახრა – გავრცელებულია თითქმის ყველგან. იგი აზიანებს მცენარეთა ფესვებს, რაც მას ნიადაგში მოძრაობის დროს ხვდება და ანადგურებს თესლს. ზრდასრული მახრა სხეულის ზედა მხრიდან მუქი ყავისფერია, ქვედა მხრიდან მოყვითალო ყავისფერი, სიგრძით 35-57 მმ.

ბრძოლის ღონისძიებები: საბრძოლველად იყენებენ მისატყუებელ მასალას, როგორიცაა ინსექტიციდ გარეული ხორბალი, დაღერღილი სიმინდი, ქატო, კომბინირებული საკვები და ა.შ. 5 ლიტრ წყალში იხსნება 50 გრამი ბი-58, დაემატება მცენარეული ზეთი და იმდენი კომბინირებული საკვები რამდენსაც მიღებული ხსნარი შეირევს, მიღებულ მასას მოაბნევენ საჩითილის ან ნაკვეთის ზედაპირზე. აღნიშნული ღონისძიება სასურველია, ჩატარდეს 2-3 ჯერ.

პომიდვრის ჟანგა ტკიპა – იგი წუწნით აზიანებს ფოთლებს, ღეროს და ნაყოფს. დაზიანებული ფოთლები ჭკნება, ნაყოფზე ჩნდება კორპის ქსოვილები. ნაყოფი წყვეტს ზრდას და ცვივა. ტკიპა ღია-ყვითელი, ჟანგისფერია, სიგრძით 0,1-0,2 მმ. ზამთრობს სათბურში და მინდორში. მაღალი ტენი მაღალ ტემპერატურასთან ერთად ერთგვარად აფერხებს მის განვითარებას, ხოლო მაღალი ტენი და დაბალი ტემპერატურა ხელს უწყობს ტკიპას განვითარებას. ერთი ტკიპა დებს 50-მდე კვერცხს. ბრძოლის ღონისძიებები: დაზიანებული მცენარეების მოშორება ნაკვეთიდან და მათი განადგურება. ნაკვეთის დროული გაწმენდა ყოველგვარი მცენარეული ნარჩენებისაგან. პომიდვრის ტკიპას წინაამღდეგ შეიძლება გამოყენებულ იქნას აკარიციდები: მასაი 0,5 კგ/ ჰა, ენვიდორი 0,5-0,6 ლ/ჰა; ომაიტი 1,2 ლ/ჰა; ობერონი 0,6 ლ/ჰა; ნეორონი და სხვა.

ხვატარები – დიდი ზიანი მოაქვს ხვატარს და მდელოს ხვატარს. გავრცელებულია როგორც აღმოსავლეთ ასევე დასავლეთ საქართველოში. აზიანებს ბოსტნეულ კულტურებს, ზამთრობს მცენარეულ ნარჩენებში. იძლევა 3 სრულ და ნაწილობრივ მეოთხე თაობას. ბრძოლის ღონისძიებები: მოსავლის აღების შემდეგ ნარჩენების სრული განადგურება. ნიადაგის მზრალად ხვნა. მცენარეთა დაცვის პრეპარატების გამოყენება: კარატე 0,15 ლ/ჰა; პროკლეიმი 0,3 კგ/ჰა; დეცისი 0,3 ლ/ჰა; კორაგენი 0,2 ლ/ჰა.

დაავადებები

პომიდვრის ფიტოფტოროზი-დაავადება აზიანებს ძირითადად ფოთლებს, ზოგჯერ ნაყოფსაც. ფოთლებზე წარმოიქმნება მუქი რუხი უფორმო ლაქები. ტენიან ამინდში დაზიანებული ფოთლების ქვედა მხარეს წარმოიქმნება თეთრი ნაფიფქი. ფოთლის და ნაყოფის დაავადებული ადგილები მუქდება და ლპება. ჰაერის მაღალი ტენიანობა დაავადების გაჩენისა და გავრცელების ძირითადი პირობაა.

ბრძოლის მეთოდები-თესლბრუნვის დაცვა: დაავადების პირველივე ნიშნების გამოჩენისთანავე ქიმიური პრეპარატებით შესხურება: ბორდოულის ხსნარი 1%, სპილენძის ქლორჟანგი 0,5 %, რიდომილი მც ან რიდომილ გოლდი 0,25%, იტერალი 0,4%, კოსაიდი 0,4%, ანტრაკოლი 0,4%, ტატუ 0,5%, კურზატი 2-2,5 კგ/ჰა.

პომიდვრის ალტერნარიოზი – დაავადების დაწყებისას ფოთლების ქვედა მხარეს ჩნდება მუქი რუხი ფერის კონცენტრირებული ლაქები. პატარა, მუქი, წაგრძელებული ლაქები ჩნდება აგრეთვე ახალგაზრდა მცენარის ღეროს ქვედა ნაწილშიც. მუქი ლაქები, შავი ნაფიფქით წარმოიქმნება ნაყოფზეც. სოკო ვრცელდება კონიდიუმებით, როგორც ნიადაგიდან ასევე მცენარეული ნარჩენებიდან.

ბრძოლის მეთოდები-თესლბრუნვის დაცვა: დაავადების პირველივე ნიშნების გამოჩენისთანავე ქიმიური პრეპარატების შესხურება: ბორდოულის ხსნარი 1%, სპილენძის ქლორჟანგი 0,5 %, რიდომილი მც ან რიდომილ გოლდი 0,25%, იტერალი 0.4%, კოსაიდი 0.4%, ანტრაკოლი 0.4%, ტატუ 0.5% და სხვა.

პომიდვრის ფოთლების მურა ლაქიანობა (კლადოსპოროზი) – აღნიშნული სოკო იწვევს ფოთლების დაავადებას. იშვიათად ყლორტებზეც გადადის. ნაყოფის დაავადება ძალზე იშვიათია. სოკო პომიდვრის ქვედა ფოთლებზე ჯერ მოყვითალო ლაქებს აჩენს, როლმებიც შემდეგში ყავისფერი ხავერდოვანი ფიფქით იფარება. სილაქავე ძალზე სწრაფად გადადის მცენარის ახალ ორგანოებზე და ხშირად მცენარის ნაწილის გახმობას იწვევს. სოკოს განვითარება ხდება მაღალი ტენიანობის შემთხვევაში.

ოპტიმალურ ტენიანობად ითვლება – 95 %. 80% სინოტივის ქვევით სოკო განვითარებას ანელებს, ხოლო 50-60% დროს სრულიად არ ვითარდება. დაავადებისთვის ოპტიმალურ ტემპერატურად ითვლება 22-25°C, თუმცა მას შეუძლია გამოიწვიოს დაავადება 6-34°C ფარგლებში.

ბრძოლის მეთოდები-თესლბრუნვის დაცვა: ტარდება შესხურება ფუნგიციდებით: აკრობატი 2 კგ/ჰა; სიგნუმი 1 კგ/ჰა.

ჟურნალი „ახალი აგრარული საქართველო“