დარგებიმებოსტნეობამემცენარეობა

რომანესკო/რომაული ბროკოლი

 რომაული ბროკოლი ყვავილოვანი კომბოსტოსა და ბროკოლის შეჯვარების გზით არის მიღებული. ის ერთწლიან კულტურებს მიეკუთვნება, აქვს ძალიან დელიკატური გემო. პირველად კომბოსტოს ეს ჯიში გამოიყვანეს იტალიაში და სახელიც „რომანესკო” იტალიურიდან თარგმანში ნიშნავს „რომაულ კომბოსტოს”.

რომაული კომბოსტო გარეგნულად პატარა, მჭიდროდ შეკრულ პირამიდებს ჰგავს, ყვითელ-მწვანე ელფერით. ფოთლები წვნიანი, ხორციანი, მუქი მწვანე ფერისაა. ხელსაყრელი გარემოსა და სათანადო მოვლის პირობებში, კომბოსტო სიმაღლეში შეიძლება 1 მეტრამდე გაიზარდოს, ხოლო ნაყოფთა წონამ 0,5 კილოგრამს მიაღწიოს.

ჯიშები: მარგალიტი, ზურმუხტის თასი, Amphora F1

რომანესკო ცნობილია არა მხოლოდ გამორჩეული სასაქონლო გარეგნობით, არამედ სასარგებლო თვისებებით. ეს კულტურა, ვიტამინების დიდი რაოდენობით შემცველობის გამო, დიეტურ, ადვილად ასათვისებელ საკვებთა რიცხვს მიეკუთვნება, ამასთან ის გამორჩეულია უჩვეულო სილამაზითაც. ამ კომბოსტოში  გაცილებით მეტია კაროტინი, მინერალური ნივთიერებებით და ანტიოქსიდანტებია, ვიდრე კომბოსტოს სხვა ჯიშებში. ის შეიცავს ისეთ იშვიათ მინერალებს, როგორებიცაა ფტორი და სელენი. რომანესკო ფოლიუმის მჟავის წყაროა.

სწორედ ამიტომ გვირჩევენ სპეციალისტები ის დაამატოთ ბავშვების ულუფაში, განსაკუთრებით ფეხის ადგმის პერიოდში.

ამ კომბოსტოს ბევრი დადებითი თვისებების მიუხედავად, აქვს რამდენიმე უარყოფითი თვისება, რისი ცოდნაც აუცილებელია, რომ ზიანი არ მივაყენოთ  თქვენს ჯანმრთელობას. იმის გამო, რომ ეს კომბოსტო შეიცავს დიდი რაოდენობით ბოჭკოს, მისი მოხმარება არ შეიძლება იმ ადამიანებმა, რომლებსაც გაზების მომატებული დაგროვებისკენ და სხეული შეშუპებისკენ აქვთ მიდრეკილება.

რომაუული კომბოსტო არ უნდა მიირთვათ სოკოსთან, პარკოსან კულტურებთან და ცხიმიან ხორცთან, რადგან ამ პროდუქტების მონელება გაგირთულდებათ.

მოვლა-მოყვანის თავისებურებები

რომანესკოს კომბოსტოს მოყვანა შეიძლება, როგორც ნერგებით, ისე თესლით. თესლი ითესება აპრილის შუა რიცხვებიდან მაის დასაწყისში ზომიერად ტენიან ფხვიერ ნიადაგში 2 სმ. სიღრმეზე. მცენარე ამოსვლას იწყებს  2-3 კვირის შემდეგ.

ჩითილების გამოყვანა შესაძლებელია მარტ-აპრილში. საჩითილეში საჭიროა ტემპერატურა თავიდან  20 ° C. მეტი არ უნდა იყოს, ხოლო აღმოეცენების შემდეგ ტემპერატურა დღისით  10°С   და ღამით  8°С -ზე მეტად არ უნდა დაეცეს.

ჩითილები  ახალგაზრდა ნერგები დროულად უნდა მოირწყას, რომ ნიადაგი არ გამოშრეს, არ უნდა დაიჩრდილოს და განათება  ზომიერად შეინარჩუნოს, ეს ხელს შეუწყობს ღეროების სწრაფი ზრდის (აწოწვა) თავიდან აცილებას. ამ წესების დაცვა დაგეხმარებათ მიიღოთ ჯანმრთელი და ძლიერი ნერგები.

გაზრდილი ნერგები ღია გრუნტში უნდა გადაირგოს მხოლოდ მას შემდეგ, როცა წაყინვების საფრთხე გაივლის.

ღია გრუნტში დარგვის დროს, კვლებს და მცენარეებს შორის, უნდა დარჩეს 60 სმ x 60 სმ მანძილი.

 

რომანესკოს კომბოსტოს მოყვანა ადვილი არ არის. სხვა ჯიშებისგან განსხვავებით ის საგანგებო მოვლას და აგროტექნიკური ღონისძიების  ყველა წესის დაცვას მოითხოვს, წინააღმდეგ შემთხვევაში, კომბოსტოს თავები არ შეიკვრება და სასაქონლო სახეს დაკარგავს.  რომანესკოს კომბოსტოს დარგვისთვის უმჯობესია ტუტე ნიადაგის შერჩევა. ის ვერ იტანს მჟავე ნიადაგს.

ჩითილის დარგვამდე აუცილებელია ნიადაგის საგანგებოდ მომზადება, კარგად განოყიერება. საჭიროა ნიადაგში შევიტანოთ  კირი ან ხის ნაცარი (300 გრამი 1 კვ.მ.). რომაული კომბოსტო  კარგად ხარობს იმ ადგილებში, სადაც ადრე ეთესა: პომიდორი, პარკოსნები, ხახვი და კარტოფილი.

რომაული კომბოსტო არ უნდა დათესოთ, დარგოთ იქ, სადაც მანამდე ეთესა თვის ბოლოკი, თალგამი და ბოლოკის სხვა სახეობები.

რომაული კომბოსტო ერთ და იმავე ადგილზე შეიძლება 2-3 წლის განმავლობაში მოიყვანოთ, ხოლო ამის  შემდეგ იმავე ადგილას იგი 4-5 წლის შემდეგ შეგიძლიათ დააბრუნოთ.

რომანესკოს მოვლა რთული არ არის, მას დროულად სჭირდება მორწყვა. არ უნდა დავუშვათ ნიადაგის გამოშრობა, ან დატბორვა, ზედმეტი ტენის დაგროვება;  პერიოდულად საჭიროა კვლების გაფხვიერება, სარეველებისგან გაწმენდა და მავნებლებისგან დაცვა.

რომაული კომბოსტოს გამოკვება სასურველია სამჯერადად, აგროტექნიკურ წესების სრულად დაცვით, რადგან დაგვიანებულმა ან ზედმეტმა სასუქმა შეიძლება ნაყოფის გამოტანას შეუშალოს ხელი და თავების ნაცვლად სანაყოფე კვირტიდან ხშირი ფოთლები გამოიტანოს.

პირველი გამოკვება უნდა განხორციელდეს ნერგების დარგვიდან 7-10 დღის შემდეგ.

გამოსაკვებად გამოიყენეთ  0,5 კგ. ძროხის ან ფრინველის ნაკელი, რომელსაც უნდა შეურიოთ 1 სუფრი კოვზი კომპლექსური მინერალური სასუქი და ყოველივე ერთად გახსენით 10 ლიტრ წყალში.

მეორე გამოკვება ხორციელდება პირველი გამოკვებიდან 15-20 დღის შემდეგ. ამისათვის 30 გრამი ამონიუმის ნიტრატი, 2 გრ. კალიუმის ქლორიდი, 40 გრ. სუპერფოსფატი და 2 გრ. ბორის მჟავა გახსენით 10 ლიტრ წყალში.

ბოლოს, რომანესკოს კომბოსტო უნდა გამოვკვებოთ იმ პერიოდში, როდესაც თავების წარმოქმნა დაიწყებს.

ამისთვის 0,5 ლიტრი ძროხის ან ფრინველის ნაკელი, 30 გრ. სუპერფოსფატი, 30 გრ. ამონიუმის ნიტრატი და 20 გრ. კალიუმის ქლორიდი გახსენით 10 ლიტრ წყალში.

როდის და როგორ ავიღოთ მოსავალი

სექტემბრის ბოლოს ოქტომბრის დასაწყისში რომანესკოს კომბოსტოს უკვე დასრულებულ აქვს მჭიდრო პირამიდული ყვავილოვანი თავის ჩამოყალიბება. მოსავლის აღება არ უნდა დაგვიანდეს, რადგან მომწიფებულმა თავებმა შეიძლება დაიწყოს ლპობა ან გამოშრობა, რაც მას სასაქონლო სახეს და სასარგებლო თვისებებს დაუკარგავს.

მოსავლის ასაღებად  ყველაზე შესაფერისი დრო დილაა, სანამ მცენარე მზეს გაათბობს. აღებული მოსავალი ინახება მაცივარში დაახლოებით 7 დღის განმავლობაში, შემდეგ ის კარგავს სასარგებლო ნივთიერებებს.

რომანესკო ასევე შეიძლება გაიყინოს და შეინახოს საზამთროდ. ამ დროს იგი სასარგებლო თვისებებს საერთოდ არ დაკარგავს.

რეცეპტები – როგორ მოვამზადოთ რომანესკო

შეგიძლიათ რომანესკოს კომბოსტო ისე მოამზადოთ, როგორც ყვავილოვანი კომბოსტო – გამოაცხვეთ, დაამატეთ სუპებში ან უბრალოდ შეწვით ზეთში. მისი ნაყოფი მწარე არ არის, ბროკოლის კომბოსტოსგან განსხვავებით.