დარგებიმევენახეობა-მეღვინეობაფერმერი ფერმერს

რომელი უფრო სასარგებლოა ჭაჭაზე თუ უჭაჭოდ დაყენებული ღვინო?

სამედიცინო სტატისტიკით დადასტურებულია, რომ ფრანგები, რომლებიც სადილობისას ყოველთვის მიირთმევენ თითო ჭიქა კარგ ღვინოს, გაცილებით იშვიათად იღუპებიან გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებებით, ვიდრე კონტინენტის ის მკვიდრნი, რომლებიც ალოჰოლურ სასმელებს მაინცდამაინც არ სცემენ პატივს. ღვინის დადებითი ზემოქმედების ეფექტი ამერიკელებმაც დაადასტურეს. გამოკვლევებმა აჩვენა, რომ ისინი, ვინც ყოველდღიურად 200-300 მლ ღვინოს სვამს, უფრო დიდხანს ცოცხლობენ,  ვიდრე პრინციპული არამსმელები.

ენოთერაპიის (ღვინით მკურნალობის) და ამპელოთერაპიის (ყურძნით მკურნალობის) შესახებ დღეს ბევრი იწერება. უნდა გითხრათ, რომ მკურნალობის ამ საინტერესო მეთოდებს დიდი ხნის ისტორია და ღრმა ფესვები აქვთ საქართველოშიც.

საერთოდ სხვადასხვა ტიპის ღვინოში მინერალურ ნივთიერებათა რაოდენობა განსხვავებულია. როდესაც რქაწითელის ტკბილი ორ ნაწილად გაყვეს, პირველი ნაწილი უჭაჭოდ დაადუღეს (ევროპული წესით), ხოლო მეორე კი ჭაჭაზე (კახურად), გამოირკვა, რომ ევროპული წესით დამზადებულ ღვინომასალაში ტკბილთან შედარებით საგრძნობლად შემცირდა ნაცრის ელემენტების რაოდენობა, სახელდობრ კალიუმი – 1,5-ჯერ, კალციუმი – 1,3-ჯერ, ნატრიუმი – 1,1-ჯერ. კახურ ღვინომასალაში კი პირიქით, კალიუმის რაოდენობა გაიზარდა 1,5-ჯერ, კალციუმისა – 2-ჯერ, ნატრიუმისა – 1,5-ჯერ, რაც გამოიწვია ჭაჭიდან აღნიშნული ელემენტების გამოწვლილვამ. დაახლოებით ანალოგიური ცდა ჩაატარეს პ. ბერნარდმა და გ. ჟურეტმა. მათ ერთი და იგივე ტკბილი დაადუღეს სამნაირად: უჭაჭოდ, მთლიან ჭაჭაზე და ჭაჭაზე უკლერტოდ. აღმოჩნდა, რომ რკინა ყველაზე მცირე რაოდენობით დაგროვდა პირველი წესით მიღებულ ღვინომასალაში, შედარებით გაიზარდა მთლიან ჭაჭაზე დადუღებისას, ხოლო ყველაზე დიდი შემცველობით იყო უკლერტოდ დადუღებულში, რაც გამოიწვია კლერტსაცლელ მანქანასთან ტკბილის შეხებამ. ექსპერიმენტული მონაცემებით დადგენილია, რომ მინერალური ნივთიერებების რაოდენობა დიდადაა დამოკიდებული ღვინის ტიპზე.

წითელ ღვინოებს, კახური ღვინოების მსგავსად, ძირითადად ჭაჭაზე ამზადებენ, რის გამოც მათი მინერალური შედგენილობა თითქმის თანაბარია. ევროპულ თეთრ ღვინოებთან შედარებით წითელი ღვინოები 1,5-2-ჯერ მეტი რაოდენობით შეიცავს კალიუმს, ნატრიუმს, მაგნიუმს, ტყვიას, ფოსფორს და სხვა მიკროელემენტებს. კალციუმი პირიქით, წითელ ღვინოებში 30-50%-ით ნაკლებია, ვიდრე თეთრში. შემაგრებული და სადესერტო ღვინოები მშრალ ღვინოებთან შედარებით საშუალოდ 1,5-ჯერ მეტ მინერალურ ნივთიერებებს შეიცავს, რასაც ტკბილის ალკოჰოლური დუღილის ადრე შეწყვეტა განაპირობებს.

წყარო:allwine.ge