საიდან გაჩნდა სუნელებში ტყვია?
სუნელებიდან ტყვიის კატასტროფულად მაღალი შემცველობა -1757 მგ გასულ წელს ყვითელ ყვავილში დაფიქსირდა
სუნელებში ტყვიის მაღალი შემცველობა მათი ფალსიფიცირებით არის განპირობებული და არა გარემო ფაქტორებით, განაცხადა სოფლის მეურნეობის სამეცნიერო კვლევითი ცენტრის რისკის შეფასების სამსახურის მთავარმა სპეციალისტმა ლეილა ტაბატაძემ.
ამ დასკვნის გამოტანა 2017 წელს სუნელებში ტყვიის შემცველობაზე ჩატარებული ლაბორატორული კვლევების საფუძველზე გახდა შესაძლებელი.
„2017 წლის მონაცემების ანალიზის შედეგად დადგინდა, რომ არსებული მაჩვენებელი იყო ფალსიფიცრებით გამოწვეული, რადგან სუნელებში ტყვიის ასეთი კატასტროფულად მაღალი შემცველობა გამორიცხულია, გარემო პირობებიდან იყოს, ეს მხოლოდ ფალსიფიცირების შედეგად არის შესაძლებელი“, – განაცხადა ლეილა ტაბატაძემ.
„სუნელებიდან ტყვიის კატასტროფულად მაღალი შემცველობა – 1757 მგ მხოლოდ ყვითელ ყვავილში დაფიქსირდა და ისიც – ერთეულ შემთხვევებში, რაც იმაზე მიუთითებს, რომ ეს მაჩვენებელი პროდუქტის ფალსიფიკაციის შედეგია“, – აღნიშნა ლეილა ტაბატაძემ.
მისი თქმით, ყვითელ ყვავილში ტყვიის დიდი შემცველობა საღებავების შერევის შედეგად შეიძლება მივიღოთ.
ყვითელი ყვავილის გარდა შარშან ასევე შემოწმდა ხარჩოს სუნელი, ქინძი, სვანური მარილი, უცხო სუნელი, აჯიკა და წითელი წიწაკა, შემოწმებული ნიმუშებიდან ყველაზე მეტი ტყვიის შემცველობა ხარჩოს სუნელში – 1057 მგ დაფიქსირდა, რადგან ისიც შეიცავდა ყვითელ ყვავილს, ხოლო სხვა სუნელებში კი ეს ხშირად 5 მგ-ზე ნაკლები იყო.
სურსათის ეროვნული სააგენტოს სპეციალისტებმა 2017 წელს ლაბორატორიულად შეისწავლეს ქართული სანელებლების 187 ნიმუში, აქედან 33 შემთხვევაში (18%) ტყვიის მაღალი შემცველობა აღმოჩნდა. დარღვევები ძირითადად (88%) დაფიქსირდა ფიზიკური პირების მიერ კუსტარულ პირობებში დამზადებულ სუნელებსა და სანელებლებში. ისინი არ იყვნენ დარეგისტრირებული და, შესაბამისად, მათ არავინ ამოწმებდა.
სახელმწიფო კონტროლის დროს იყო შემთხვევები, როდესაც სანელებლების დამზადებისას იყენებდნენ კომპონენტებს, რომლებიც კვების პროდუქტისთვის არ არის განკუთვნილი.
ხელისუფლებამ პროდუქციის ხარისხის გაკონტროლება გადაწყვიტა და 2018 წლის დასაწყისში საქართველოში ფიზიკურ პირებს სუნელებისა და სანელებლების წარმოება და რეალიზაციაც კი აეკრძალათ.
„ფიზიკურ პირებს სუნელებისა და სანელებლების გაყიდვა მხოლოდ იმ შემთხვევაში შეუძლიათ, თუ მას პირდაპირ მყიდველის თვალწინ დაამზადებენ“, – აღნიშნეს სურსათის ეროვნულ სააგენტოში.
ადამიანის ჯანმრთელობისთვის საშიში სუნელების დამზადების ფაქტზე მიმდინარე წლის თებერვალში საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა ერთი მეწარმეც კი დააკავეს, რომელიც, გამოძიების ინფორმაციით, თბილისში არსებულ ერთ-ერთ საამქროში ამზადებდა სხვადასხვა დასახელების სუნელს, რისთვისაც იყენებდა მცენარეებს და აზო-საღებავს „სუდან 1“-ს, რომელიც საშიშია ადამიანის ჯანმრთელობისთვის.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ ტყვია იმ 10 ქიმიურ ნივთიერებას შორის შეიტანა, რომლებიც საზოგადოებრივი ჯანდაცვის სფეროში ძირითად შეშფოთებას იწვევს და წევრი სახელმწიფოების მხრიდან შესაბამის მოქმედებებს მოითხოვს, რათა დაცული იყოს მშრომელთა, ბავშვებისა და ქალების ჯანმრთელობა.
ტყვიის მაღალი შემცველობა არღვევს ტვინისა და ცენტრალური ნერვული სისტემის ფუნქციონირებას, იწვევს კომას, კრუნჩხვებსა და სიკვდილსაც კი. ის განსაკუთრებით საშიშია ბავშვებისთვის, რადგან მოქმედებს ტვინის განვითარებაზე. ტყვიის ზემოქმედება ასევე იწვევს ანემიას, ჰიპერტენზიას, თირკმელების უკმარისობასა და სხვა.
წყარო; sputnik-georgia.com