აგრარული განათლებააგროტექნოლოგიებიმცენარეთა დაცვარუბრიკები

ნაყოფის წვეროს სიდამპლე (Blossom End Rot)

შეგინიშნავთ პომიდორზე ნაყოფის წვეროს მსგავსი დაზიანება? თუ პასუხი დადებითია, თქვენს მცენარეებს ნაყოფის წვეროს სიდამპლე სჭირს.

ეს არ არის დაავადება, არამედ გარემო ფაქტორებით გამოწვეული ფიზიოლოგიური დარღვევა, რომლის დროსაც ნაყოფის ქვედა ნაწილი (ყვავილის მხარე) მუქ ყავისფერ ან შავ ფერს იღებს.

 პომიდვრის  გარდა ეს პრობლემა ხშირად აზიანებს ბულგარულ წიწაკას, ბადრიჯანს, კიტრი, ნესვსა და გოგრისებრთა ოჯახის კულტურებს.

სიმპტომები

დაავადების პირველი ნიშანია მოუმწიფებელ ნაყოფზე, ყვავილის მხარეს გაჩენილი პატარა, ღია ყავისფერი ლაქები. მწიფობასთან ერთად, დაზიანებული არეალი თანდათან იზრდება და ყალიბდება ჩაღრმავებულ, ტყავისებრ, ყავისფერ ან შავ ლაქად. ხშირად, მყარი ყავისფერი არეები ვითარდება ნაყოფის შიგნითაც, გარეგნული სიმპტომების გამოვლენამდე ან მათთან ერთად.

აღსანიშნავია, რომ ეს დარღვევა არ არის დაკავშირებული ნიადაგთან შეხებასთან ან მცენარის სხვა ნაწილების დაზიანებასთან. დაზიანებული ნაყოფი ხშირად ნაადრევად მწიფდება. სხვადასხვა ჯიში ამ პრობლემისადმი განსხვავებულად არის განწყობილი: განსაკუთრებით მგრძნობიარენი არიან საწებელი (პასტის) ტიპის პომიდვრები, მაშინ როდესაც ჩერი-პომიდორზე ეს სიმპტომი თითქმის არ გვხვდება.

მართვა და პრევენცია

ვინაიდან პრობლემა არ არის ინფექციური ხასიათის, პესტიციდების გამოყენება უშედეგოა. ლპობა გამოწვეულია მცენარეში კალციუმის დეფიციტითა და წყლის ბალანსის დარღვევით. პროცესს ამძაფრებს ნიადაგის მაღალი მარილიანობა, ტენიანობის უკმარისობა და ქვიშიანი ნიადაგები.

რეკომენდაციები:

  • აკონტროლეთ ნიადაგის ტენიანობა ისე, რომ ფესვთა სისტემა არც გამოშრეს და არც დაჭაობდეს. სასურველია მორწყვა იყოს ღრმა, მაგრამ ნაკლებად ხშირი. ყოველდღიური მცირე დოზებით მორწყვის ნაცვლად, უმჯობესია რამდენიმე დღეში ერთხელ მცენარემ მიიღოს წყლის უხვი დოზა (დამოკიდებულია ნიადაგის ტიპსა და ამინდზე);
  • სათანადო მორწყვა ყველაზე მნიშვნელოვანია ნაყოფის ფორმირებისა და განვითარების ეტაპზე;
  • ნიადაგის ზედაპირის დაფარვა 5-7 სმ-იანი მულჩის ფენით (გამხმარი ბალახი, ჩალა, ფოთლები) ხელს უშლის ტენის სწრაფ აორთქლებას და ფესვებს საშუალებას აძლევს, ეფექტურად აითვისონ კალციუმი;
  • დაიცავით სასუქების რეკომენდებული ნორმები. ნაყოფის განვითარების ადრეულ ეტაპზე აზოტის ჭარბი რაოდენობა (განსაკუთრებით ამიაკური აზოტი) აფერხებს ნიადაგიდან კალციუმის ათვისებას.

დაზიანებული ნაყოფი ვარგისია საკვებად, თუ დაზიანებულ ნაწილს მოვაჭრით. თუმცა, თუ ნაყოფის ხარისხი საგრძნობლად გაუარესებულია ან ლპობის პროცესი ღრმად არის წასული, მისი მირთმევა რეკომენდებული არ არის.

წყაროები: UC IPM (California’s Statewide Integrated Pest Management Program); The Connecticut Agricultural Experiment Station