რუბრიკებისტატიები

სახელმწიფო აგრარულ პოლიტიკაში

სოფლის მეურნეობის დარგი, სადაც მოსახლეობის 50%-ია დასაქმებული, მთლიანი შიდა პროდუქციის მხოლოდ 9%- აწარმოებს, ხოლო გადამმუშავებელი მრეწველობის წილი 4%-ია.

ცნობილია შემდეგი სტატისტიკაც:

ერთი ევროპელი ფერმერი 67 თანამოქალაქეს, ქართველი კი  0,85-, ანუ საკუთარ თავსაც ვერ არჩენს.

ქვეყნის პრობლემებიდან გამომდინარე, სოფლის განვითარება მთავარ გამოწვევად უნდა იქცეს.

2004 წლიდან რვა წლის განმავლობაში სოფლის მეურნეობის მიმართულებით მსოფლიოში თითქმის ყველაზე მცირე დაფინანსება გვქონდა. ბოლო წლებში ხელისუფლებამ დაინახა რა სოფლის განვითარების პრობლემების აქტუალობა, სხვადასხვა პროგრამების დახმარების მეშვეობით ცდილობს საკითხების მოგვარებას, რამაც მდგომარეობის გამოსწორების გარკვეული ტენდენციები გააჩინა. მიუხედავად ამისა, ზოგადად სოფლის მეურნეობაში და კერძოდ, მეცხოველეობაში, არ გვაქვს წინსვლა და ვფიქრობ, ამის უპირველესი მიზეზი ისაა, რომ ღარიბ მოსახლეობას, რომელიც მოსახლეობის დიდი ნაწილი შეადგენს, სახელმწიფოს ჩარევის გარეშე არ შეუძლია დღევანდელი საბაზრო ეკონომიკურ პირობებში შეძლოს რაიმეს შეცვლა და მით უმეტეს, წინსვლა.

ამჟამინდელი თვითუზრუნველყოფის კოეფიციენტები, რომელიც გვაქვს სხვადასხვა მეცხოველეობის პროდუქტების წარმოებაში, მაგალითად: ხორცის წარმოება მიახლოებით 51%-ია, დაიწყებს კლებას და ეს განსაკუთრებით ცუდად გამოვლინდა მთიან რეგიონში, 2002 წლიდან 2014 წლამდე, 220 სოფლამდე დაცარიელდა და კიდევ ბევრი დაემატება მთიანი რეგიონებიდან.

სახელმწიფომ ჯერჯერობით თვითონ უნდა აიღოს პასუხისმგებლობა რეგიონებში გადამმუშავებელი მრეწველობის განვითარებაზე. უზრუნველყოს მათი გამართული მუშაობა და შემდეგ გადასცეს, მოსახლეობას, ფერმერებს. გადამმუშავებელი მრეწველობა მოაგვარებს. სოფლად მცხოვრები მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკური პრობლემებს. საჭიროა სოფლად შეიქმნას მეწარმე, მოტივირებული ფერმერები.

სახელმწიფოს პროტექციონიზმის გარეშე ვერ განვითარდება მერძეული მიმართულება, საფრთხე შეექმნება კვერცხის წარმოებას, მომძლავრებული იმპორტის პირობებში პრობლემური ხდება ფრინველის ხორცის წარმოება.

უახლოეს ხანში მოსალოდნელია ნედლი ხორცის ფასის მატება და 1კგის ფასი 20 ლარს გადააჭარბებს.

ფაქტობრივად, ჩვენი ქვეყნის დღევანდელი ბაზარი წარმოადგენს მეზობელი ქვეყნების სოფლის პროდუქტების მარეგულირებელს, ადვილად ხელმისაწვდომ გასაღების ბაზარს, რასაც ჩვენ ვერასოდეს შევძლებთ, ჭარბი წარმოების შემთხვევაში, რადგან მათი ბაზარი საგულდაგულოდ არის დაცული.

საქართველოს, სახელმწიფო ნების პირობებში, აქვს საშუალება გაამკაცროს მოთხოვნა შემოტანილი სურსათის ხარისხზე, გაამკაცროს იმპორტთან დაკავშირებული პროცედურები, როგორც ამას აკეთებენ ჩვენი უახლოესი მეზობლები.

სახელმწიფოს მეტი ჩარევა, მეტი გამოკვეთილი მიზანი საშუალებას მოგვცემს სწრაფი ტემპით განვავითაროთ სოფლის მეურნეობა. ამჟამად ყველაზე დიდი განძი ჩვენი ხალხის გონებაა, მეცნიერება უნდა წახალისდეს და ქვეყანა შეძლებს არათუ  შიდა წარმოების, არამედ საექსპორტო შესაძლებლობების განვითარებას.

საჭიროა მეცნიერება  და ბიზნესის სინთეზი, რომ ესა თუ ის  დარგი გახდეს ინდუსტრიული. ბიზნესმა იცის მეცნიერული კვლევები როგორ გამოიყენოს რეალობაში და გახადოს მომგებიანი.

სახელმწიფომ უნდა უზრუნველყოს მეცნიერების მხარდაჭერა, პოპულარიზაცია. განსაზღვროს, რომელ დარგში არის ჩავარდნა და ეცადოს მის განვითარებას.

თუ პოლიტიკური ნება დაემთხვევა პოტენციალის ზრდას, ქვეყნისთვის ეს ძალიან მნიშვნელოვანია.

უნდა მოხდეს სოფლის განახლება, რომელიც მიმართული იქნება სოფლად ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებისკენ, ადგილობრივი მოსახლეობის აქტივობისა და მიმდინარე მოვლენებზე პასუხისმგებლობის გაზრდის გზით.

სახელმწიფომ უნდა შეძლოს, შეცვალოს სოფლის მოსახლეობის აზროვნების სტილი და ცხოვრების ხარისხი.

მიხეილ ჭიჭაყუა, „მომავლის ფერმერი“, ბიოლოგიის დოქტორი