აგრარული განათლებააგროტექნოლოგიებიმეცხოველეობა

საკვების დამზადების თანამედროვე მდგომარეობა და შენახვის პერსპექტიული ტექნოლოგიები

საკვებწარმოებას, როგორც სოფლის მეურნეობის ერთ-ერთ ტრადიციულ, პრიორიტეტულ დარგს და აგრონომიული მეცნიერების ერთ-ერთ მნიშვნელოვან ნაწილს, მეტად მაღალი როლი მიეკუთვნება საქართველოს სოფლის მეურნეობის სასურსათო, ეკონომიკური, ეკოლოგიური და სოციალური მრავალი პრობლემის წარმატებით გადაწყვეტაში. უპირველეს ყოვლისა საკვებწარმოება წარმოადგენს მეცხოველეობის განვითარების და მისი პროდუქტების (რძე, ხორცი, კვერცხი, მატყლი, თაფლი), წარმოების გადიდების, აგრეთვე მათი ხარისხის გაუმჯობესების ერთ-ერთ გადამწყვეტ ფაქტორს და საფუძველს.

სოფლის მეურნეობაში ძირეული გარდაქმნების და საბაზრო ეკონომიკაზე გადასვლის პროცესში მნიშვნელოვნად შეიცვალა საკვები ბაზის და საკვებთა ბალანსის სტრუქტურა, მკვეთრად შემცირდა საკვების წარმოება სახნავ მიწებზე, მნიშვნელოვნად გადიდდა ბუნებრივ საკვებ სავარგულებზე წარმოებული საკვების ხვედრითი წილი საკვებთა საერთო ბალანსში.

მეცხოველეობის ეკონომიური მაჩვენებლები პირველ რიგში განისაზღვრება საკვებწარმოების ეფექტურობით. მეცხოველეობის ყველა სახის პროდუქციის თვითღირებულების სტრუქტურაში საშუალოდ 60-75% საკვებზე მოდის. მეცხოველეობის პროდუქტიულობა ამჟამად არ აღემატება პოტენციური შესაძლებლობის 50-60%.

მეცხოველეობის პროდუქციის წარმოებაზე საკვები ერთეულის გადახარჯვა შეადგენს 25-35%-ს.

ძირეული ცვლილებები საერთოდ სოფლის მეურნეობის და მათ შორის საკვებწარმოების წარმართვის საკითხებში, საკუთრების ფორმებსა და გაძღოლის სისტემებში მოითხოვს, მთელ რიგ შემთხვევებში, ახლებურად იქნეს განხილული, შესწავლილი და გადაწყვეტილი მინდვრად და მდელოთსაკვებწარმოების პრაქტიკული საკითხები, დაკონკრეტდეს და დაზუსტდეს სავარგულების ცალკეული მასივების გაუმჯობესების საჭიროება, ადგილი, მასშტაბი, მათი ძირეული და ზედაპირული გაუმჯობესების სისტემები და შემადგენელი ღონისძიებები, უახლოესი ტექნოლოგიების ფართო დანერგვა, სათიბ-საძოვრების რაციონალური გამოყენების სისტემები და სხვ.

საკვების დამზადება და შენახვა ერთ-ერთი ქვაკუთხედია რენტაბელური ფერმერული  მეცხოველეობის განვითარებისათვის, იგი მნიშვნელოვნად მოცულობითი და შრომატევადი წარმოებაა. მაღალმა ფასებმა ენერგორესურსებზე და სხვა მატერიალურ-ტექნიკურ საშუალებებზე გავლენა იქონია საკვების წარმოების მოცულობის სიდიდეზე, პირველ რიგში ეს ეხება ენერგოშემცველ ტექნოლოგიებს, რომლებიც უზრუნველყოფს მცენარეულ მასაში ენერგეტიკული და პროტეინოვანი შემადგენლობის მაღალი შემცველობის შენარჩუნებას. მნიშვნელოვნად შემცირდა დაწნეხილი თივის დამზადება, პრაქტიკულად შეწყდა თივის დამზადება აქტიური ვენტილაციის მეთოდით და კონსერვანტების გამოყენება.იმისათვის, რომ პარკოსანი ბალახებიდან მივიღოთ ენერგეტიკული მაჩვენებლების მაღალპროტეინოვანი სილოსი, მცენარეული მასა აღებული უნდა იქნეს ვეგეტაციის ადრეულ ფაზებში. ტექნოლოგიის დაუცველობით, დაობებისა და სხვა უარყოფითი მაჩვენებლების შედეგად იკარგება ფერმენტაციის შემდეგ დამზადებული საკვების მეოთხედი და მნიშვნელოვნად უარესდება ხარისხი,  ამიაკისა და ცხიმოვანი მჟავების შემცველობით. თივის შესანახად ადრე არსებული ფარდულები და საწყობების მნიშვნელოვანი ნაწილი პრაქტიკულად განადგურებულია, არ ფუნქციონირებს სათივე ადგილები (დერეფნები), რაც ზრდის დამზადებული თივის დანაკარგს 10-12%-ით.

მოცულობითი საკვების ფაქტობრივი ხარისხობრივი მაჩვენებლები გაცვლითი ენერგიის რაოდენობისა და ნედლი პროტეინის კონცენტრაციის მიხედვით (8,5 მგ.ჯოული და 10,5-11% პროტეინი) დაბალია არსებულ შესაძლებელ ტექნოლოგიასთან შედარებით (9 მგ. ჯ. და 11,5-12%). აღნიშნული განპირობებულია საკვების დამზადების, შენახვისა და ეფექტური ტექნოლოგიების არასაკმარისი გამოყენებით.

საკვების ხარისხის მატება შესაძლებელია ძირითადად მცენარეული მასის დაკონსერვების, მისი შენახვის ეფექტური და საიმედო ტექნოლოგიების გამოყენებით, ასევე უმნიშვნელოვანესია დაიხვეწოს საკვები კულტურების ნათესი ფართობის სტრუქტურა და მათი დროულად აღების კულტურა.

თივის დამზადების ამჟამად მოქმედი ტექნოლოგიით ბალახის შრობა წარმოადგენს მისი შენახვის ძირითად ხერხს.ფერმერთა მიერ ამჟამად თივის დამზადება, შედარებით ნაკლები მასშტაბით,ხდება ნათესი მრავალწლოვანი საკვები ბალახებიდან და უმეტესად კი ბუნებრივი  სათიბებიდან.თივის დამზადების შედარებით მიღებული ტექნოლოგია ეფუძნება ბალახის მინდვრად შრობას გაშლილი ფორმით.ტექნოლოგიის ეს პრიმიტიული ხერხი გახდა ყველაზე რაციონალური ტექნოლოგია ამჟამად  საქaრთველოში. ეს ის ტექნოლოგიაა, რომლის დროსაც მიიღება საკვები ნივთიერებების საკმაოდ მაღალი დანაკარგი და იგი უთანაბრდება 33-38%-ს, აღნიშნულის გამო მნიშვნელოვნად ეცემა საკვების ხარისხი. მისი ყუათიანობა, 1 კგ მშრალ ნივთიერებაზე, შეადგენს 0,55-0,57 საკ. ერთ. (8-8,7 მგ.ჯ. გაცვლით ენერგიას), ნედლი პროტეინის 10,4-10,8%-ის შემცველობის დროს. თივის მშრალ ნივთიერებაში გაცვლითი ენერგიის დაბალი კონცენტრაციის გამო არსებითად ეცემა ნედლი პროტეინის ჭამადობა-56-58%-ით.

უახლოეს მომავალში თივაში კვებითი ღირებულების ზრდისა და შენარჩუნების თვალსაზრისით მეტი ყურადღება უნდა მიექცეს მისი დამზადების ტექნოლოგიას დაწნეხვის ფორმით. დაწნეხვის მეთოდით თივის ჭამადობა მინდორში გაშლილი ფორმით შრობასთან შედარებით 6-7%-ით იზრდება. ნედლი პროტეინის ჭამადობა მატულობს 60-62%-მდე, მნიშვნელოვნად იზრდება მისი შენარჩუნება (8-12%-ით). აღნიშნულის გათვალისწინებით მნიშვნელოვნად მცირდება მოსავლიანობასთან დაკავშირებით ენერგიის დანახარჯების ერთობლიობა: პარკოსნებში 5,8-დან 4,8 მგ.ჯ/საკ. ერთეულზე, მარცვლოვნებში-9-დან 7,2 მგ.ჯ/საკ.ერთეულზე​.

თივის დამზადების მოქმედ ტექნოლოგიათა შორის ენერგეტიკული და უფრო ხარისხოვანი საკვების მიღების თვალსაზრისით არის თივის შრობა შეჭკნობის მეთოდით (ტენიანობა 35-45%-ის დროს) აქტიური ვენტილაციით.აღნიშნული ტექნოლოგია უზრუნველყოფს პარკოსნების ბალახი აღებული იქნეს დაკოკრების (ყვავილობის დასაწყის) ფაზაში, ფოთლების მექანიკური ჩამოცვენის მნიშვნელოვანი შემცირების ხარჯზე. მოცემულ შემთხვევაში იონჯისა და სამყურას 1 კგ თივის კვებითი ღირებულება იზრდება 0,7-0,72 საკ. ერთეულამდე (9-9,1 მგ.ჯ. გაცვ.ენერგია), 16-18% ნედლი პროტეინის შემველობით, რომლის ჭამადობა შეადგენს 65-66%-ს. უნდა გავითვალისწინოთ, რომ მცენარეული მასის შრობისათვის გაწეული დანახარჯები მოითხოვს მნიშვნელოვან ელექტროენერგიას (55-60კილოვატ/საათს) 1 ტონა დამზადებულ თივაზე. აღნიშნულიდან გამომდინარე ახლო მომავალში ალბათ არ უნდა ველოდოთ ფართოდ იქნეს გამოყენებული მოცემული ტექნოლოგია. ასეთი ტექნოლოგიით დამზადებული თივა უპირატესად იქნება გამოყენებული მაღალპროდუქტიული ცხოველებისა და მოზარდისათვის.

მეტი ყურადღება უნდა მიექცეს თივის აღებისა და ხარისხოვანი საკვების დამზადებას რაც შესაძლებელია ბალახის დამუშავებით გათიბვისას.იგი გულისხმობს ახლადმოთიბული ბალახის გაუწყლოებას დაჩქარებულად (2-2,5-ჯერ და მეტად) და მინდვრის დანაკარგების შემცირებას 2-ჯერ. მოცემული ტექნოლოგიის არსი მდგომარეობს ღეროს მთლიანობის ღრმად დაშლაში (დაქუცმაცება), მოთიბული მასის 40-50 მმ სიდიდის ნაწილებად დახლეჩა ბოჭკოს მიმართულებით და დაქუცმაცება 100-200 მმ ნაჭრებად. სასურველ ამინდში პარკოსანი ბალახების შრობა  თივად (17-18% ტენიანობა) ტყის ზონაში ხდება 34-42, ხოლო ველის ზონაში – 28-32, სუბალპებში – 20-24 საათში,  დაკოკრების ფაზაში პარკოსანი ბალახებიდან თივის დამზადების დროს საერთო დანაკარგები მცირდება 33-38-დან 12-15%-მდე. აღნიშნულის პარალელურად იზრდება თივის კვებითი ღირებულება, 1 კგ მშრალ ნივთიერებაში, 9,9-10,1 მგ.ჯ-მდე (0,80-0,83 საკ.ერთ.), ხოლო ნედლი პროტეინის შემცველობა 16-17%-მდე, მარცვლოვან-პარკოსნების ნარევში-14-15%. მოცემული ტექნოლოგიით თივის დამზადება (დაკოკრების ფაზაში) პარკოსანი და პარკოსან-მარცვლოვან  ნარევებში პარკოსნების ჩართვა შესაძლებლობას იძლევა გავზარდოთ საკვები ერთეულის გამოსავალი 8-8,5 ც/ჰა-დან, ხოლო ნედლი პროტეინი 1-1,2 ც/ჰა.

ტექნოლოგიებიდან, რომელიც უზრუნველყოფს მცენარეული მწვანე მასის შენახვას ვეგეტაციის ადრეულ ფაზებში და შესაძლებლობას იძლევა შენარჩუნებული იქნეს მასში მეტი რაოდენობის საკვები ნივთიერებები, წარმოადგენს სენაჟის წარმოება. საკვების დასენაჟება საშუალებას იძლევა საკვებში შენარჩუნებული იქნეს კვებითი ღირებულება 80-84%-ის ფარგლებში. პარკოსანი და მარცვლოვან-პარკოსანთა ნარევების დაკოკრების ფაზაში (ყვავილობი დასაწყისში) დასენაჟება შესაძლებლობას იძლევა, მიღებული იქნეს მაღალპროტეინოვანი (14-17%) და ენერგეტიკულად მაღალხარისხოვანი საკვები. არსებული ტექნოლოგიით შესაძლებელია დასენაჟება მოხდეს ბალახების დაჩქარებული გამოშრობით (შეჭკნობა, შრობა) მინდვრის პირობებში. იგი უზრუნველყოფს მოთიბული მასის 50-55% ტენიანობამდე შეჭკნობის (შრობის) პერიოდის შემცირებას 1,5-2 დღით, 4-6 საათით, საკვები ნივთიერებების საერთო დანაკარგის 16-20%-დან 10-15%-მდე შემცირებას და 1 კგ სენაჟის მშრალი მასის კვებითი ღირებულების მატებას 10-10,2 მგ.ჯოული გაცვლითი ენერგიით (0,82-0,84 საკ.ერთ.), 16-18% ნედლი პროტეინის შემცველობით. შესაბამისად ყოველი ჰექტარი ნათესი ფართობიდან საკვები ერთეულის რაოდენობა იზარდება 3,2 ც-ით და 0,4 ც ნედლი პროტეინით.

სილოსი წარმოადგენს ზამთრის პერიოდში ცხოველთა წვნიანი საკვების ძირითად საშუალებას. მოცულობითი საკვების საერთო რაოდენობაში (ნამჯის გარდა) ზამთრის პერიოდში სილოსის ხვედრითი წილი ცხოველთა საკვების რაციონში საკვები ნივთიერებების 40-45%-ს შეადგენს. აღნიშნულის გათვალისწინებით სილოსის დამზადება წარმოადგენს ერთ-ერთ ძირითად მიმართულებას იმისათვის, რომ გაიზარდოს მოცულობითი საკვების ენერგეტიკული პოტენციალი და ხარისხი. ამჟამად შემუშავებულია სიმინდის სილოსის დამზადების ეფექტური ტექნოლოგია, ერთწლოვანი და მრავალწლოვანი კულტურების როგორც სუფთა ნათესების, ასევე ნარევებისგან მიღებული მწვანე მასის დასილოსების ტექნოლოგია, იგი უზრუნველყოფს 1კგ მშრალ მასაში, 0,78-0,92 საკ. ერთეულს (9,2-10,4 მგ.ჯოულ ენერგეტუკულ ერთეულს), საკვები ნივთიერებების მაღალი შემცველობის შენარჩუნებით (86-92%).

სილოსის შენახვის პერიოდის გაზრდისა და ხარისხის მატების წინაპირობას წარმოადგენს სასილოსე მასაში მშრალი მასის კონცენტრაციის გადიდება არა ნაკლებ 30%-მდე, ასევე ჰაერისაგან გულმოდგინე იზოლირება პოლიმერული მასალით.

სასილოსე მასის აღების ოპტიმალურ ფაზაში, ძირითადი სასილოსე კულტურებისაგან მიღებული საკვების მშრალი მასის 30%-ის და მეტი რაოდენობის შემთხვევაში მაღალიამოსავლიანობა და ენერგეტიკული კვებითი ღირებულების მაჩვენებლებიც. სიმინდისა და სორგოსათვის ეს არის მარცვლის ცვილისებრ სიმწიფეში, ხოლო მარცვლოვან-პარკოსანი ნარევისათვის, ასევე მე-2 და მე-3 იარუსის პარკებში მარცვლის რძისებრ სიმწიფეში, მარცვლოვან კულტურებში კი რძისებრ-ცვილისებრ სიმწიფეში (ფაზაში).

სიმინდის მარცვლის სიმწიფის ფაზაში სილოსის კვებითი ღირებულება, 1კგ მშრალ ნივთიერებაში, შეადგენს 0,90-0,92 საკ. ერთ-ს (10,4-10,6 მგ.ჯ. ენრ. ერთ.), სორგოსათვის 0,82-0,84 საკ. ერთ. (10-10,1 მგ.ჯ.). უნდა აღინიშნოს, რომ სასილოსე კულტურების ადრეულად აღებისას იზრდება დანაკარგები და მცირდება საკვების ხარისხი. მაგალითად, სიმინდის დასილოსებისას რძისებრ ფაზაში (ტენიანობა 78-83%) მშრალი მასის დანაკარგი იზრდება 20%-მდე, ხოლო სილოსის კვებითი ღირებულება 1 კგ მშრალ მასაში მცირდება 0,8 საკ. ერთეულამდე.

სიმინდის, სორგოსა და ერთწლოვანი მარცვლოვან-პარკოსანთა ნარევის ოპტიმალურ ფაზაში აღებისა და 10 მმ სიდიდის დაქუცმაცებისას უზრუნველყოფილია შედარებით ხარისხოვანი სილოსი. ნედლი პროტეინის 15-23% შემცველობის მრავალწლოვანი პარკოსანი და მარცვლოვან-პარკოსანთა ნარევის შემჭკნარი (30-40% მშრალი მასა) მასის დასილოსება კონსერვანტების გამოყენებით წარმოადგენს ყველაზე ეფექტურ ტექნოლოგიას იმისათვის, რომ მიღებული იქნეს მაღალპროტეინოვანი ენერგომატარებელი საკვები. ასეთი მასის დასილოსების დროს იყენებენ 0,4-0,5%-იან თხევად ორგანულ მჟავებს იმისათვის, რომ შენარჩუნებული იქნეს ნედლი პროტეინი 92-95%, ხოლო დამზადებული საკვების ენერგეტიკული კვებითიდონე 1 კგ მშრალ მასაში აღწევს 0,99 საკ. ერთეულს (10,6 მგ.ჯ. გაცვითი ენერგიას).აღნიშნული ტექნოლოგია ეფექტურია პარკოსანი ბალახების მეორე და მესამე ნათიბის შემთხვევაში, სადაც ნედლი პროტეინის შემცველობა შედარებით მაღალია და უთანაბრდება 21-23%-ს.

მნიშვნელოვნადსაგულისხმოა მარცვლოვან-პარკოსანი მასის, ასევე დაკოკრების ფაზაში მდელოს სამყურას დასილოსებისას ბიოლოგიური პრეპარატების – ოსმოსურად ტოლერანტი რძემჟავა-ბაქტერიების გამოყენება. ეს ბაქტერიები არ იწვევს წყლის გარდაქმნას და შემჭკნარი უჯრედიდან საკვები ნივთიერების შეთვისებას, ასევე ეპიფიტური მიკროფლორისათვის შაქრების გამოყენებას (შეთვისებას). აღნიშნულიდან გამომდინარე სასილოსე მასაზე პრეპარატის გამოყენებით (3-4 დღე-ღამის განმავლობაში) ხდება შემჟავდება Ph 4,0-4,1-მდე, რომლის დროსაც აღიკვეთება არასასარგებლო ბაქტერიების ცხოველმყოფელობა. სასილოსე მასის ფერმენტაციის შედეგად საკვებ ნივთიერებათა დანაკარგი მცირდება 5-10%-მდე და უზრუნველყოფს 1კგ მშრალ მასაში მიღებული იქნეს საკვები ენერგეტიკული მაჩვენებელით 10,1-10,3 მგ.ჯ. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ მოცემულ შემთხვევაში შენარჩუნებული იქნება ნედლი პროტეინის ის მოცულობა რაც იყო პირვანდელ მასაში. მიზანშეწონილია უახლოეს მომავალში დაკონსერვების პროცესში გამოყენებული იქნეს ბიოლოგიური პრეპარატები, რომელთა ეფექტურობა უზრუნველყოფს საკვების ეკოლოგიურ სისუფთავეს და ხასიათდება შედარებით დაბალი თვითღირებულებით.

ბალახის ფქვილის დამზადება საქართველოში ტრადიციულად მივიწყებულია. უნდა  გვახსოვდეს, რომ საკვების ეს სახეობა უმნიშვნელოვანესია მეფრინველეობასა და მეღორეობაში, რომ არაფერი ვთქვათ მაღალპროდუქტიულ მეძროხეობაზე. ბალახის ფქვილის წარმოების შეწყვეტა მნიშვნელოვნად განაპირობა ტექნოლოგიურ პროცესში საჭირო საწვავსა და ელექტროენერგიაზე ფასების ზრდამ, ასევე ასეთი სახის საკვებზე მოთხოვნილების ნაკლებობამ, რაც ძირითადად განპირობებულია მათი დაბალი ხარისხით (ნედლი პროტეინის შემცველობა 14-17%, ნედლი უჯრედისი-24-28%). იმისათვის, რომ გაიზარდოს ბალახის ფქვილის წარმოების მოცულობა, საჭიროა გაიზარდოს მისი ხარისხი და შემცირდეს საწვავის დანახარჯი (არანაკლებ 2-ჯერ პროტეინის მოცულობაზე გადაანგარიშებით), ეს კი შესაძლებელია ახალი ტექნოლოგიის დანერგვით, რისთვისაც საჭიროა დროულად ამუშავდეს ინტელექტუალური პოტენციალი და წარიმართოს იგი რენტაბელური ტექნოლოგიური სრულყოფისაკენ. მრავალწლოვანი პარკოსანი ბალახებიდან დამზადებულ  ბალახის ფქვილში ნედლი პროტეინის რაოდენობა უნდა მერყეობდეს 23-28%-ის ფარგლებში, ხოლო ნედლი უჯრედისი-12,5-დან 18%-მდე. ბალახის ფქვილში ცილის შემცველობა გამოირჩევა მაღალი ხარისხის ლიზინის (5-6,1) და მეთიონინ-ცისტინის (1,3-1,5%) შემცველობით.

მაღალხარისხოვანი საკვების მიღების უმნიშვნელოვანეს პირობას წარმოადგენს არა მარტო მისი წარმოება, არამდე მიღებული საკვების საჭირო კონდიციით დაბინავება-შენახვა, რისთვისაც იყენებენ მიღებული მასის გულმოდგინე იზოლირებას პოლიეთილენით. პოლიეთილენის მასალის შეძენა და საკვების დაფარვა მრავალჯერად ნაზღაურდება.დაუხურავი მასის შენახვისას საკვების გაფუჭების სახით ზედაპირი ობის სოკოსა თუ სხვათა სახით შეადგენს: სილოსის 220-250 კგ 1 მ², სენაჟის შემთხვევაში-340-360კგ.კიდევ უფრო მაღალია საკვების ხარისხობრივი მაჩვენებლების შემცირება, რაც 15-16%-ის ფარგლებშია. საერთო ჯამში დაუხურავი სილოსის შემთხვევაში დანაკარგები შეადგენს 25%-ს, ხოლო სენაჟის შემთხვევაში კიდევ უფრო მეტია. იმისათვის, რომ დაიფაროს 1 ტონა სილოსი საჭიროა მაქსიმუმ 200 გრ პოლიეთილენი, სენაჟის დროს-250 გრ. ასეთი რაოდენობის პოლიეთილენის შეძენისათვის საჭირო რაოდენობა და მასის დაფარვა 4-5-ჯერ ნაკლებია, ვიდრე დანახარჯები რომელიც საჭიროა საკვების ორმოში შენახვისას.ფერმის ახლოს, ადგილზე მოხმარებისათვის განკუთვნილი თივის შენახვის მოცულობა დამზადებული რაოდენობის 75-80%-ი უნდა იყოს. დაწნეხილი, ანდა ადგილზე გაშლილი ფორმით გამშრალი თივის დაბინავების მიღებული მეთოდია ფარდულში შენახვა. თივის შრობის დასრულება ხდება ძირითადად სათავსოში (საკუჭნაო), რომელიც შედარებით მეტნაკლებად სრულად შეესაბამება მაღალხარისხოვანი საკვების შენახვის პირობებს.

ფერმერული მეცხოველეობის რენტაბელობის მაჩვენებლები მნიშვნელოვანწილად განისაზღვრება საკვების წარმოებით. მინდვრის პირობებში ხარისხოვანი საკვების წარმოება რასაკვირველია ყურადსაღებია, თუმცა არანაკლები მნიშვნელობისაა საკვების დამზადებისა და შენახვის ტექნოლოგიის დაცვა. ხარისხოვანი საკვებით უზრუნველყოფილი მეცხოველეობა უმნიშვნელოვანესი პირობაა იმისათვის, რომ დარგი გახდეს კონკურენტუნარიანი, მაღალი ეკონომიკური მაჩვენებლებით

იოსებ სარჯველაძე,

სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი