სამეცნიერო ექსპედიცია-სემინარი ბიორაციონალური ტექნოლოგიების კვლევით ცენტრში
საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის ორგანიზებით ბიორაციონალური ტექნოლოგიების სამეცნიერო-კვლევით ცენტრში გამსვლელი სამეცნიერო ექსპედიცია-სემინარი მოეწყო.
ექსპედიციაში მონაწილეობდნენ: საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდიუმთან არსებული სამეცნიერო საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე აკადემიკოსი ჯემალ გუგუშვილი; სოფლის მეურნეობის დოქტორი, აკადემიკოსი ზაურ ჩანქსელიანი; ტექნიკის მეცნიერების დოქტორი მურმან ქურიძე; ვეტერინარი ექიმი რამაზ თავართქილაძე; პროფესორი გიული გოგოლი; ვეტერინარი ექიმი თეიმურაზ არეშიძე; ვეტერინარიის მეცნიერების დოქტორი, პროფესორი ალექსანდრე ყურაშვილი.
სემინარის მონაწილეებს კომპანია ,,ბიოტექსის’ ისტორიის, საქმიანობისა და სამომავლო გეგმების შესახებ ესაუბრა კომპანიის დირექტორი, სოფლის მეურნეობის დოქტორი ნიკოლოზ ზაზაშვილი, რომელმაც აღნიშნა, რომ შპს „ბიოტექსი“ წარმოადგენს აგრარულ სფეროში, ვეტერინარული მედიკამენტების, ვიტამინურ, მინერალურ საკვებ დანამატების, სადეზინფექციო, სადეზინსექციო, სადერატიზაციო და მცენარეთა დაცვის სხვადასხვა საშუალებების მწარმოებელ კომპანიას. დაარსების წელია 1991 წელი, თავდაპირველი სახელწოდებით „სოდანი“, ხოლო 1996 წლიდან – სამეცნიერო საწარმოო გაერთიანება – „ბიოტექ ეკო სინთეზი“ ანუ შემოკლებით „ბიოტეკსი“. მის სახელს უკავშირდება არამხოლოდ საქართველოში კარგად ცნობილი 180-მდე დასახელების ქართული პროდუქტი, რომელთა შექმნასა და დანერგვაში მონაწილეობს 20-მდე მეცნიერ-თანამშრომელი და 105 მაღალი კვალიფიკაციის სპეციალისტი. „ბიოტექსი“ მისი პროდუქციის სრულ სპექტრს ძირითადად აწარმოებს ადგილობრივი ბაზრის მოთხოვნილებების დაკმაყოფილების მიზნით, ხოლო ნაწილობრივ გარე ბაზრისთვის, რეგიონში, მეზობელი ქვეყნების მოთხოვნების შესაბამისად „ბიოტექსი“ ყოველდღიურად ცდილობს მისი პროდუქცია თანამედროვეობის ზუსტი გამოძახილი იყოს. ბოლო წლებში თანამედროვე სტანდარტების მანქანა-დანადგარებით აღიჭურვა რამდენიმე საწარმოო უბანი. დაიხვეწა წარმოებისა და კონტროლის სისტემები. შპს „ბიოტექსი“ სერთიფიცირებულია TÜV.SÜD–ს მიერ ISO 9001 – 2015 საერთაშორისო სტანდარტის შესაბამისად. აღსანიშნავია ის, რომ დღეისათვის მისი საწარმოო პრაქტიკა სრულ შესაბამისობაშია GMP სტანდარტთან.
დოქტორმა ნიკოლოზ ზაზაშვილმა აღნიშნა აგრეთვე, რომ ბოლო დროს, საქართველოში, თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვასთან და ინოვაციური პროდუქციის წარმოებასთან დაკავშირებული გამოწვევები მეტად აქტუალური გახდა. სწორედ ამ მისიით, კომპანია „ბიოტექსის“ R&D – დეპარტამენტის ბაზაზე ჩამოყალიბდა ბიორაციონალური ტექნოლოგიების კვლევითი ცენტრი – “BrTRC”. მისი მიზანია აგრარულ სფეროში, მედიცინასა და ეკოლოგიაში ინოვაციური პროექტების შემუშავება და განხორციელება, რომლებიც ძირითადად სოციალური ხასიათის პრობლემების გადაჭრას ემსახურება. ცენტრის შექმნამდე ამ საქმიანობას 25 წლის განმავლობაში ეწეოდა სამეცნიერო-საწარმოო გაერთიანება „ბიოტექსი“, რომლის განვითარებამ და სამეცნიერო კვლევების გაფართოვებამ განაპირობა ორგანიზაციის სულ სხვა რელსებზე გადასვლა. ცენტრის ირგვლივ გაერთიანებული არიან ინდუსტრიული პარტნიორები საკუთარი პროფილითა და ფუნქციებით. თუმცა, ის მუშაობს ღია კარის პრინციპით, რაც იმას ნიშნავს, რომ ნებისმიერ მეცნიერსა თუ სამეცნიერო ჯგუფს, საწარმოო ორგანიზაციას და სხვა, შეუძლიათ ცენტრის რესურსების გამოყენება.
პროფესორმა გიული გოგოლმა გამოთქვა აზრი, რომ თანამედროვე მსოფლიოში შეიცვალა გამოგონების, ინტელექტუალური პროდუქტის, შექმნის გზებიც. გამოგონება ეფუძნება არა ერთი პიროვნების, არამედ მეცნიერთა, მკვლევართა და სხვა ჯგუფების ერთობლივი შრომის შედეგს. სწორედ ასეთ საინოვაციო ცენტრს წარმოადგენს დღეს ,,ბიოტექსი’ თავისი საუკეთესო კლინიკური, სადიაგნოსტიკო და საანალიზო ლაბორატორიული ბაზით.
სემინარიის მონაწილეების აზრით წარმოების წინსვლა და განვითარება მეცნიერების კონსულტაციების, რეკომენდაციების, დახმარების და მჭიდრო ურთიერთობების გარეშე შეუძლებელია.
სტუმრებმა დაათვალიერეს კომპანია „ბიოტექსის“ საწარმოო კორპუსი, ლაბორატორიები, ბიორაციონალური ტექნოლოგიების კვლევითი ცენტრი (სადაც განმარტებებს იძლეოდნენ დოქტორი ნიკოლოზ ზაზაშვილი და დოქტორი მიხეილ ჭიჭაყუა), რომელსაც მჭიდრო კავშირი აქვს, როგორც ადგილობრივი, ისე მეზობელი სახელმწიფოების მეცხოველეობის დარგით დაინტერესებულ ფერმერებთან.
შეხვედრის დასასრულს აღინიშნა, რომ კვლავ უნდა გაგრძელდეს საქმიანი ურთიერთობა საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიასა და კომპანიას შორის. აკადემიის სამეცნიერო საბჭოს წევრებმა მადლობა გადაუხადეს კომპანიის თანამშრომლებს საინტერესო ინფორმაციისათვის, მათ მიერ გაწეული მეტად მნიშვნელოვანი საქმიანობისათვის და უსურვეს წარმატებები შემდგომ საქმიანობაში.
ჯემალ გუგუშვილი, აკადემიკოსი,
საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემია