აგრარული განათლებადარგებიმეფუტკრეობა

საფუტკრე მეურნეობაში ამერიკული  სიდამპლის აღმოფხვრის სტრატეგია _ როგორ მოვიქცეთ?

ამერიკული სიდამპლის გამოვლენა საფუტკრეში მხოლოდ ერთ ოჯახში ან თუნდაც მეზობელ საფუტკრეში, ფუტკრის ახლომდებარე ოჯახების საფრთხის ქვეშ ყოფნას ნიშნავს და ოჯახების მომვლელისგან პასუხისმგებლობით სავსე დამოკიდებულებას მოითხოვს.
პასუხისმგებლობა მხოლოდ საკუთარ საფუტკრეზე ზრუნვით არ შემოიფარგლება.

უნდა გვახსოვდეს, რომ მეზობელ საფუტკრეებში დაავადების გავრცელების საფრთხე ჩვენი საფუტკრიდან შეიძლება მომდინარეობდეს და პირიქით.

დაავადების არარაციონალური მკურნალობა კიდევ უფრო ამძაფრებს წარმოდგენილ პრობლემას.

პირველ რიგში, გათვალისწინებული უნდა იყოს ამერიკული სიდამპლის მართვის ქვეყანაში მოქმედი რეგულაცია. დროთა განმავლობაში საკანონმდებლო მოთხოვნები იცვლება და მეფუტკრე ვალდებულია თვალყური ადევნოს ამ საკითხს. როგორც წესი, მეფუტკრეებს ევალებათ დაავადების შემთხვევების შეტყობინება შესაბამისი მაკონტროლებელი ორგანოსთვის – სურსათის ეროვნული სააგენტოსთვის და ტერიტორიაზე ტარდება საკარანტინო ღონისძიებები.

ქვემოთ მოყვანილია ამერიკულ სიდამპლესთან ბრძოლის ის ხერხები და სტრატეგია, რომელიც განვითარებულ ქვეყნებში ათწლეულების მანძილზე მიმდინარე დაკვირვებების, სამეცნიერო კვლევის და სხვადასხვა ცვლილების შემდგომ შემუშავდა. ისტორიულ ჭრილში ეს პროცესი მეტად ხანგრძლივი და წინააღმდეგობრივი იყო მთელ მსოფლიოში. დღეისთვის ამ დაავადების მიმართ არსებობს საერთო მიდგომა, რომელიც, უპირველეს ყოვლისა, ფუტკრის ოჯახების ჯანმრთელობის დაცვისკენ არის მიმართული.

ქვემოთ ჩამოთვლილია ის ქმედებები, რომლითაც ებრძვიან უკვე გამოვლენილი დაავადების გავრცელებას.

ამერიკული სიდამპლის ნიშნების მქონე ოჯახის აღმოჩენისას უნდა გამოირიცხოს ასეთ ოჯახთან მუშაობისას გამოყენებული ინვენტარის დეზინფექციის გარეშე სხვა ოჯახებში გამოყენება. ასეთ ვითარებაში დეზინფექციის ხელმისაწვდომი მეთოდია რკინისა და ხის ნაკეთობების ცეცხლის ალზე მსუბუქად გამოწვა. მეფუტკრის სპეცტანსაცმელი და საბოლებლის ზედაპირი შესაძლოა დამუშავდეს საყოფაცხოვრებო სოდის კონცენტრირებული ხსნარით. ერთჯერადი ხელთათმანი უნდა დაიწვას.

დაავადების საწყის სტადიაზე, როდესაც ფუტკრის ოჯახი ჯერ კიდევ ძლიერია, ფუტკრის მასა კარგად ფარავს ბუდის ფიჭებს და ჯერ კიდევ გაზაფხულია ან ადრეული ზაფხული, როცა მეფუტკრეს აქვს ოჯახის გადარჩენის სურვილი, დაავადების აღმოსაფხვრელად დაშვებულია მოქმედების შემდეგი ტაქტიკა:

♦ ფუტკრის დაავადებული ოჯახის ადგილას იდგმება ახალი ან უბრალოდ დეზინფიცირებული სკა, რომელშიც ჩალაგებულია ასაშენებელი ჩარჩოები. დაავადებული ოჯახიდან, რომელიც იქვე ახლოს დროებით თავსდება, ყველა ფიჭიდან ხდება ზრდასრული ფუტკრის ჩაფერთხვა ახალ ბუდეში. მუშა ფუტკრებთან ერთად ახალ ბუდეში გადაგვყავს დედა ფუტკარიც. დედა ფუტკარი შესაძლოა მოთავსდეს იზოლატორ გალიაში ან სკის საფრენზე უნდა დაყენდეს ცხაურა, რომელიც მხოლოდ მუშა ფუტკრების მოძრაობას უზრუნველყოფს, დედა კი ვერ დატოვებს ახალ ბუდეს. ასეთი ოპერაცია თავიდან აგვარიდებს, რომ ოჯახმა ახალი ბუდე დატოვოს;

♦ დაავადებული ოჯახის ფიჭები, თავისი შიგთავსით, ნადგურდება დაწვით. მათგან შესაძლებელია მხოლოდ ცვილის მიღება, თუკი ის არ იქნება გამიზნული მეფუტკრეობაში გამოსაყენებლად, სხვა შემთხვევაში აუცილებელია ეპიდემიური ცვილის გაუვნებლება ცვილის გადამამუშავებელ საამქროში ფიჭის ბეჭდვამდე;

♦ ახლად შექმნილი ოჯახი 12-24 სთ-ის განმავლობაში რჩება მშიერ მდგომარეობაში და მხოლოდ მეორე დღეს ეძლევა საკვებად შაქრის წყალხსნარი;

♦ ოჯახის გადარჩენის ეს მეთოდი ხელოვნური ნაყარის ფორმირების სახელით არის ცნობილი, ის ეკონომიკურად რაციონალურია მხოლოდ ზემოთ ჩამოთვლილ შემთხვევებში;

♦ ასეთ ოჯახზე გრძელდება დაკვირვება, რაც 2 კვირაში ერთხელ მის შემოწმებას გულისხმობს, დაავადების ხელახალი გამოვლენის შემთხვევაში, მანიპულაცია მეორდება ან ოჯახი ნადგურდება.

დიდი ზომის საფუტკრეებში, როგორც წესი, ვერ ხერხდება პრობლემური ოჯახებისთვის ცალკე დროის გამოყოფა და რეკომენდებულია ოჯახის დაუყოვნებლივ განადგურება. დაავადების გენერალიზებული ფორმით მიმდინარეობისას, როდესაც ფუტკრის ოჯახში ბარტყის დიდ ნაწილში შეიმჩნევა დაავადების ნიშნები და ოჯახის დეპოპულაციაც აშკარაა (მუშა ფუტკრის მასა შემცირებულია და მუშა ფუტკრები ვერ ფარავენ ბარტყიან ჩარჩოებს), მეფუტკრე ვალდებულია ოჯახი გაანადგუროს, ღონისძიებების შემდეგი თანამიმდევრობით ჩატარებით:

♦ ფუტკრის ფრენის შეწყვეტისას ან ფრენის განახლებამდე სკაში ხდება გოგირდის ბოლის შეშვება, საფრენი კი იკეტება 1 საათით. უნდა დავრწმუნდეთ, რომ სკაში არსებული ყველა ნაპრალი დახშულია, საფრენი კი – დაკეტილი. მას შემდეგ, რაც ზრდასრული ფუტკრები დაიხოცებიან, ბუდის შიგთავსი ფრთხილად უნდა იქნეს ამოტანილი სკიდან და განადგურებული ცეცხლზე. თუკი სკა ძველია, ბევრი ნაპრალი აქვს და მეფუტკრე მიიჩნევს, რომ მისი დეზინფიცირება არაეფექტური იქნება, სკა შესაძლოა ბუდიანად დაიწვას;

♦სკის დეზინფიცირებამდე ის უნდა დასუფთავდეს – ნაპრალებიდან მოხდეს დინდგელისა და ცვილის ამოსუფთავება, კედლის ზედაპირი და საფრენი უნდა გაიფხიკოს და მოგროვილი ნარჩენები დაიწვას;

♦ ხის სკის დეზინფექციის რამდენიმე მეთოდია ცნობილი, მათ შორის ყველაზე ხელმისაწვდომია ბუნებრივ გაზზე მომუშავე სარჩილავით სკის კედლების გამოწვა ფერის ცვლილებამდე. სკის შიდა ზედაპირის გამოსაწვავად ასევე შეიძლება გამოყენებულ იქნეს ხის ბურბუშელა, ნამჯა, ქაღალდი;

♦ დეზინფექციის ეფექტური საშუალებაა აგრეთვე სკის ჩატვირთვა 160°C ტემპერატურის გამდნარ პარაფინში, სულ მცირე, 10 წუთის განმავლობაში;

♦ გეჯები და ფუტკრის სხვა არასტანდარტული საცხოვრებლები, რომელთა დეზინფექციაც შეუძლებელია მათი კონსტრუქციის გამო, უნდა განადგურდეს;

♦არსებობს ასევე სკის გამა ირადიაციით დეზინფიცირების საშუალება, თუმცა საქართველოში ამჟამად ეს მეთოდი არ გამოიყენება. აგრეთვე შესაძლებელია შესაბამისი სადეზინფექციო საშუალებების გამოყენება, თანმხლები ინსტრუქციის დაცვით;

♦ იმის მიუხედავად, გადავარჩენთ თუ არა დაავადებულ ოჯახს, დაუყოვნებლივ, გულდასმით უნდა დათვალიერდეს საფუტკრის დანარჩენი ოჯახები და მათში დაავადების ნიშნების აღმოჩენის შემთხვევაში, უნდა შესრულდეს ზემოთ აღწერილი მანიპულაციები.

ამერიკული სიდამპლის პროფილაქტიკა

დაავადების პროფილაქტიკა გულისხმობს შემდეგ საკითხებს:

  1. მეფუტკრეს უნდა შეეძლოს დაავადების ნიშნების იდენტიფიცირება, რისთვისაც დროდადრო უნდა იახლებდეს ცოდნას შესაბამისი ლიტერატურის გაცნობით, ფუტკრის ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ სემინარებში მონაწილეობით;
  2. საფუტკრეში დაცული უნდა იყოს სანიმუშო ჰიგიენა;
  3. ფუტკრის ოჯახებში ყოველწლიურად ოჯახის ბუდის ფიჭების, სულ მცირე, ერთი მესამედი მაინც უნდა ახლდებოდეს ასაშენებელი ფიჭით;
  4. მაქსიმალურად უნდა შეიზღუდოს ფიჭების გადატანა ერთი ოჯახიდან მეორეში, თუკი არსებობს ეჭვი ამ ოჯახების ჯანმრთელობასთან დაკავშირებით;
  5. უნდა აღიკვეთოს ფუტკრის ოჯახების ერთმანეთზე თავდასხმის შესაძლებლობა;
  6. საფუტკრეში ფუტკრის ახალი ოჯახების, დედა ფუტკრების შემოტანისას მეფუტკრე უნდა დარწმუნდეს, რომ ისინი კეთილსაიმედო საფუტკრიდან არიან;
  7. მეფუტკრემ ასევე უნდა გამორიცხოს დაავადებული ოჯახების გასხვისება ან მეურნეობიდან გადაადგილება ნებისმიერი განზრახვით.