საქართველოდან 2021 წელს 250 მილიონი დოლარის ღირებულების 107 მლნ. ბოთლი ღვინოა ექსპორტირებული
ქართული ღვინის, ბრენდის, ჭაჭის, საბრენდე სპირტისა და ჩამოსასხმელი ბრენდის ექსპორტის შედეგად მიღებულია 400 მლნ აშშ დოლარამდე შემოსავალი, რაც 18%-ით მეტია 2020 წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე და 142%-ით მეტი 2012 წელთან შედარებით
2021 წელს, საქართველოდან მსოფლიოს 62 ქვეყანაში ექსპორტირებულია 107 მილიონი ბოთლი ღვინო, რაც დამოუკიდებელი საქართველოს პერიოდში ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.
გასულ წელს განხორციელებული ღვინის ექსპორტი 359 % აღემატება 2012 წლის ექსპორტის მაჩვენებელს. 2012 წელს, საქართველოდან მხოლოდ 23 მლნ ღვინის ბოთლი იყო ექსპორტირებული, ხოლო ექსპორტით მიღებული შემოსავალი 71 მლნ აშშ დოლარს შეადგენდა, მაშინ როცა, 2021 წელს საქართველოდან ექსპორტირებული 107 მილიონი ბოთლი ღვინით მიღებული შემოსავალი 250 მლნ აშშ დოლარს უტოლდება.
2021 წელს, როგორც ექსპორტირებული ღვინის რაოდენობა, ისე ექსპორტით მიღებული შემოსავალი, 2020 წელთან შედარებით, 16%- ით არის გაზრდილი.
გარდა ღვინისა, 2021 წელს, საქართველოდან მსოფლიოს არაერთ ქვეყანაში ექსპორტირებულია 42,2 მლნ ბოთლი (0,5 ლ) ბრენდი, რაც 30%-ით აღემატება 2020 წლის ანალოგიურ მაჩვენებელს და 554%-ით მეტია 2012 წელთან შედარებით (ექსპორტირებული იყო მხოლოდ 6 მლნ ბოთლი). ბრენდის ექსპორტით მიღებულმა შემოსავალმა 78,3 მლნ აშშ დოლარს მიაღწია (ზრდა 19%). 2012 წელს, ბრენდის ექსპორტით მიღებული შემოსავალი 20 მლნ აშშ დოლარი იყო.
2021 წელს ექსპორტირებულია 1 მილიონი ბოთლი (0,5 ლ) ჭაჭა; ექსპორტის ზრდამ, 2020 წელთან შედარებით, 145% შეადგინა, ხოლო 2012 წელთან შედარებით ზრდა 622%-ია (2012 წელს, 145 ათასი ბოთლი ჭაჭის ექსპორტი განხორციელდა); 2021 წელს ჭაჭის ექსპორტით მიღებული შემოსავალი 2,6 მლნ აშშ დოლარს აღწევს; ზრდამ, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 126% შეადგინა. 2012 წელს, ჭაჭის ექსპორტით მიღებული შემოსავალი კი, 584 ათასი აშშ დოლარი იყო.
ექსპორტის ზრდის დინამიკა შენარჩუნებულია სტრატეგიულ ბაზრებზე, სადაც ქართული ღვინის პოპულარიზაციისა და ცნობადობის გაზრდის მიზნით, ღვინის ეროვნული სააგენტო მარკეტინგულ ღონისძიებებს ახორციელებს: პოლონეთი 34% (7003031), ჩინეთი 29% (5934937), აშშ 19% (1084278), გერმანია 28% (892348), ლატვია 19% (1900519), ლიეტუვა 45% (986740), იაპონია 12% (197638) და დიდი ბრიტანეთი 71% (736391).
ზრდა აღსანიშნავია შემდეგ ქვეყნებში: კანადა 76% (332182), შვედეთი 76% (136786), ჩეხეთი 227% (148002), ნორვეგია 1047% (108086), ისრაელი 50% (480007), ყაზახეთი 47% (4232446), აზერბაიჯანი 35% (246635), თურქეთი 260% (108570), უკრაინა 21% (12921321), რუსეთი 8% (62115759), მონღოლეთი 158% (484902), ბელარუსი 33% (4886393) და ა.შ.
2021 წლის მონაცემებით, განხორციელებული ექსპორტის საერთო რაოდენობაში რუსეთის ბაზარზე ექსპორტის წილმა 57% შეადგინა, რაც ყველაზე დაბალი მაჩვენებელია როგორც ემბარგომდე (როცა 87% რუსეთის ბაზარს ეკავა), ისე ემბარგოს გაუქმების შემდეგი წლების გათვალისწინებით.
აღსანიშნავია, რომ დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში ქართული ღვინის ექსპორტმა ამერიკის შეერთებულ შტატებში პირველად გადააჭარბა 1 მილიონ ბოთლს.
საქართველოდან სხვადასხვა მოცულობის ღვინის ექსპორტი 441-მა კომპანიამ განახორციელა, მაშინ როცა, 2012 წელს, მხოლოდ 120 კომპანიას ჰქონდა შესაძლებლობა ღვინის ექსპორტი განეხორციელებინა.
ღვინის, ბრენდის, ჭაჭის, საბრენდე სპირტისა და ჩამოსასხმელი ბრენდის ექსპორტის შედეგად მიღებულია 400 მლნ აშშ დოლარამდე შემოსავალი, რაც 18%-ით მეტია 2020 წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე და 142%-ით მეტი 2012 წელთან შედარებით, რაც 163 მლნ აშშ დოლარს უტოლდებოდა.